წლების განმავლობაში თიბისის კრეატიული ჯგუფი ცდილობს, საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის ამსახველი ეპიზოდების შესახებ ახალგაზრდა თაობას სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ფორმებით მოუთხროს.
2021 წელს თიბისიმ ნაკლებად პოპულარული და ცოტა მივიწყებული, რადიოპლატფორმა გაიხსენა და გამოიყენა. ეს არის დაახლოებით 45-წუთიანი რადიოსპექტაკლი, სახელწოდებით, „პირველი აქტი“, რომელიც თეატრში წარმატებით მომუშავე ახალგაზრდა რეჟისორებმა – მიხეილ ჩარკვიანმა და დავით ხორბალაძემ დადგეს.
რადიოსპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლისთავის აღსანიშნავად გავიდა ეთერში. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი სხდომის დამთავრებისთანავე, 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მიიღო. სიმბოლურია, რომ რადიოსპექტაკლ „პირველი აქტის“ პრემიერაც თიბისის ფეისბუკპლატფორმაზე სწორედ 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე დაიწყო…
სპექტაკლში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები: მერაბ ნინიძე (ალბათ, ყველაზე წარმატებული და აღიარებული ქართველი მსახიობი ევროპაში), ნინო კასრაძე (გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რუსთაველის თეატრის საუკეთესო მსახიობი ქალი ბოლო ოცი წლის განმავლობაში) და კახა კინწურაშვილი (ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული ახალგაზრდა მსახიობი).
„პირველი აქტის“ რამდენიმე ტექსტი აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ მასში საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ვითარება, მისი დრამატულ წარსული გადაჯაჭვულია პირად განცდებსა და დამოუკიდებლობის თანამედროვე გააზრებასთან. მსახიობთა სრულიად განსხვავებული ხმები, მათი ტემბრი თითქოს უხილავად მიგვიძღვებიან წარსულის ინტროსპექტივის გააზრებიდან ქვეყნის დღევანდელობისკენ.
შემოქმედებითი ჯგუფი ეყრდნობოდა დოკუმენტურ მასალებს გაზეთებიდან: „ქართველო“, „სახალხო საქმე“, „ალიონი“, „ერთობა“. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურ-ინტიმური განცდა მოაქვს ფრაგმენტებს ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის წიგნიდან „ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი“… და ეს ყველაფერი გაზავებულია შემოქმედებითი ჯგუფისა და რეჟისორების ტექსტებსა და რეპრიზებში, რომლებსაც სპექტაკლში ერთგვარი ჩართვა-ამორთვის ეფექტი შემოაქვს. გარდა ამისა, პოლიტიკურ-სოციალურისა და პუბლიცისტურ-პირადი ტექსტების დაპირისპირებით იქმნება ახალი მთლიანობა, ერთგვარი „გეშტალტი“, რომელიც უფრო ემოციური და დამაჯერებელიცაა.
შთამბეჭდავია დოკუმენტური მასალის გამოყენების ზომიერი და კარგად მიგნებული ფორმა: მაგალითად, ნოე ჟორდანიას გამოსვლის ტექსტი დამფუძნებელ კრებაზე, 1918 წლის 26 მაისს ან საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის წარმომადგენელთა გამოსვლები, რომელთა პათოსი და კონტექსტი დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდანაც ძალიან აქტუალურია. დანაწევრებული და განსხვავებული შინაარსის ტექსტები რამდენიმე ქვეთავად არის წარმოდგენილი: „ზეიმი“, „დამოუკიდებლობის აქტი“, „ძაღლი“, „ხალიჩას ფეხსაცმლის ქუსლები ატყვია“, „იასამანი“.
სამი ცნობილი მსახიობის ხმა დამოუკიდებლობის დღის გააზრების შესახებ აწმყოშიც შეგვახსენებს. სწორედ ამას უკავშირდება რადიოსპექტაკლის სახელწოდებაც – „პირველი აქტი“ ეს მხოლოდ დამოუკიდებლობის შესახებ სიმბოლური შეხსენებაა, რომელსაც გაგრძელება ექნება და მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა მუდმივ და ყოველდღიურ ძალისხმევას უკავშირდება.
რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის თქმით, ისტორიული მნიშვნელობის პარალელურად, მნიშვნელოვანია ამბის დღევანდელი გააზრებაც. შესაბამისად, მსახიობებისა და სამუშაო ჯგუფის გამოცდილება ეყრდნობოდა პირად გამოცდილებასაც: „ისტორიული მოვლენა და შესაბამისად, დამოუკიდებლობის დღე ჩვენს გრძნობასა და განცდებში ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ. სწორედ ასე ვეძებდით დღევანდელ კონტექსტს და ეს მსმენელზე უფრო დიდ ემოციურ ზეგავლენას ახდენს; მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას შესაძლოა ფრაგმენტაციის გამო ამ რადიოსპექტაკლის ზუსტი შინაარსი არც დაამახსოვრდეს“.
მოკლედ, „პირველი აქტი“ თიბისის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად შექმნილი სპექტაკლი-პროექტია, რომელიც ისტორიული ფაქტებისა და პირადი შთაბეჭდილებების ემოციური კავშირის შესახებ შეგვახსენებს… და ეს კავშირი არასოდეს გაწყდება, თუ „მეორე აქტისთვის“ ბეჯითად, გულმოდგინედ მოვემზადებით და წარსულის შეცდომებს აღარ გავიმეორებთ.