14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე | რას ამბობს სკოლა

სალომე გორგოძე

6 ოქტომბერს 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. გოგონას მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, შსს-მ 10 ოქტომბერს დააკავა.

მკვლელობამდე კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. აითაჯის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცმა მისი შვილი, ქორწინების მოტივით, ორი თვის წინ დმანისის სოფლიდან, „საძოვრებიდან გაიტაცა“ და კახეთში, სოფელ ლამბალოში წაიყვანა.

დედა ჰყვებოდა, რომ ბავშვს კაცთან დარჩენა არ სურდა და მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. მისივე თქმით, შვილის წამოსაყვანად ვერ მიდიოდა, რადგან კაცი მასაც მოკვლით ემუქრებოდა.

გოგოს დედამ ასევე თქვა, რომ გატაცებისას კაცმა მოზარდი აწამა. თუმცა საჩივრით გოგონას მშობლებსა და ახლობლებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

ბავშვთა უფლებადამცველები, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ყურადღებას ამახვილებენ სკოლის ადმინისტრაციის როლსა და პასუხისმგებლობაზე.

რა ინფორმაციას ფლობდა სკოლა მომხდარის შესახებ? რა უნდა სცოდნოდა სკოლას? რა პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის დირექტორს? რა გააკეთა სკოლის ადმინისტრაციამ, როცა ბავშვი კვირების განმავლობაში სკოლაში არ გამოცხადდა? რატომ არ აცნობა მან პოლიციას და სოციალურ სამსახურს?

განათლების სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით სამინისტროს შიდა აუდიტმა მოკვლევა უკვე დაიწყო. 

აითაჯ შახმაროვა ზემო კარაბულახის საჯარო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვია, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ პარტიული სიით დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

„პუბლიკა“ შეეცადა სკოლის დირექტორს დაჰკავშირებოდა, რათა პასუხი მიეღო შეკითხვებზე: რა იცოდა სკოლამ მომხდარის შესახებ? და რა კონკრეტული ზომები გაატარა, როცა მათი მოსწავლე კვირების განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა? „პუბლიკამ“ ვერ შეძლო ისმაილოვთან დაკავშირება, სკოლაში განგვიცხადეს, რომ დირექტორი იქ არ იმყოფებოდა და მასთან ვერ დაგვაკავშირებდნენ.

მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით „პუბლიკა“ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს,რომ სკოლას არ ჰქონდა ინფორმაცია ბავშვის ქორწინების მოტივით გატაცებასთან დაკავშირებით.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ხმალაძე სკოლის დირექტორზე დაყრდნობით ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდა, სკოლამ კანონის შესაბამისი ზომებით იმოქმედა.

კერძოდ, როგორც მაია ხმალაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი განახლდა და აითაჯ შახმაროვა სკოლაში არ გამოცხადდა, 21 სექტემბერს სკოლის ადმინისტრაციამ მიზეზის გასარკვევად მშობელთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა ვერ დაუკავშირდა და ამიტომ დაღუპულის ძმას, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლეა, დააბარეს, რომ მშობელი სკოლაში უნდა გამოცხადებულიყო.

ხმალაძე ამბობს, რომ დედა სკოლაში 5 ოქტომბერს მივიდა, და განაცხადა, რომ 2-3 დღეში ბავშვი სკოლაში აუცილებლად დაბრუნდებოდა, თუმცა ბავშვის გატაცების თაობაზე მას სკოლის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„არანაირი ფორმით არ უთქვამს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თორემ მე არ გამომრჩებოდა, სკოლის დირექტორი აუცილებლად ჩამაყენებდა საქმის კურსში. რამე ფორმით რომ ეთქვა ან დახმარება ეთხოვა, ვინ დაიხევდა უკან, რომ  მის დასახმარებლად არ წასულიყო?! ნებისმიერ ფორმას გამოვიყენებდით, რომ ბავშვს დავხმარებოდით, დედას რომ რაიმე ფორმით მაინც ეთქვა, რომ ასეთი რამე ხდება და მიშველეთო“, – უთხრა „პუბლიკას“ მაია ხმალაძემ.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ არადამაჯერებელია სკოლის ადმინისტრაციისა და რესურსცენტრის განმარტება, რომ მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია ბავშვის გატაცების თაობაზე.

იურისტი მიიჩნევს, რომ ისეთ პატარა თემში, როგორიც ზემო კარაბულახია, სადაც სკოლის თანამშრომელთა და მოსწავლეთა უმრავლესობა იმავე ან მეზობელი სოფლიდანაა, საეჭვოა ინფორმაცია არ ჰქონოდათ მომხდარის შესახებ.

სწორედ ამიტომ, თავხელიძე მიიჩნევს, რომ რესურსცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შესაბამისი ორგანოების მიერ უნდა გადამოწმდეს.

„კვირების განმავლობაში, როცა ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, სად იყო სკოლის ადმინისტრაცია? რატომ არ დასვა კითხვა, რა იყო ამ გაცდენების მიზეზი? რა ზომები მიიღო იმ გარემოებების დასადგენად, სად ან რა მდგომარეობაში იყო ბავშვი?

სკოლის ადმინისტრაციას ევალებოდა, რომ გადაემოწმებინათ ეს ინფორმაცია. მარტო დედის განმარტება არ ჩაეთვალათ საკმარისად და საქმეში ჩაერთოთ, მაგალითად, სოციალური მუშაკი, რომელიც შეხვდებოდა ბავშვს, გაარკვევდა და დაადგენდა გარემოებებს და ამ შედეგს თავიდან ავიცილებდით, თუმცა ასეთი ზომები სკოლას არ მიუღია.

გარდა იმისა, რომ ეს კანონით ევალებოდა, ეჭვი მაინც უნდა გასჩენოდა ბავშვის უფლების შესაძლო დარღვევაზე, რომც დავუშვათ, რომ არაფერი იცოდა სკოლამ. თუმცა გამორიცხულია, რომ სკოლას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდა“, – უთხრა „პუბლიკას“ ანა თავხელიძემ.

იურისტი მიიჩნევს, რომ გამოძიების მიზანი უნდა გახდეს სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის დადგენაც, რა ინფორმაციას ფლობდა სკოლა; თუ არ ჰქონდა მას ინფორმაცია საკუთარი მოსწავლის შესახებ – რატომ არ ჰქონდა.

„შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს მომხდარს. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ სკოლის დირექტორმა იცოდა ბავშვის მიმართ მომხდარი ამ უმძიმესი დანაშაულის შესახებ, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო უნდა მოხდეს ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა.

მათ სათანადო რეაგირება რომ გამოეჩინათ და შეესწავლათ ფაქტები – რატომ არ დადიოდა 14 წლის ბავშვი რამდენიმე კვირის განმავლობაში სკოლაში, აუცილებლად მოიპოვებდნენ ამ ინფორმაციას, მათთვის ცნობილი გახდებოდა ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ და ამის შემდეგ მიმართავდნენ პოლიციას, რასაც ალბათ მოჰყვებოდა რეაგირება.

ისიც გასარკვევია, იცნობდა თუ არა ადგილობრივი პოლიცია ამ საკითხს. როგორი ვარაუდიც გვაქვს, რომ სკოლას აუცილებლად ეცოდინებოდა, ასეთივე ვარაუდი გვაქვს პოლიციასთან მიმართებითაც, რომ ეს ფაქტი მხედველობის მიღმა არ დარჩებოდათ“, – ამბობს ანა თავხელიძე.

თავხელიძე მიიჩნევს, რომ ახლა მტკიცებულებების მოპოვებისთვის, მნიშვნელოვანია გამოკითხვების ჩატარება სკოლის თანამშრომლებთან, ოჯახის წევრებთან, მნიშვნელოვანია გამოიკითხონ მასწავლებლები და ბავშვები, რომლებსაც, სავარაუდოდ, უნდა ჰქონოდათ კომუნიკაცია მოკლულთან.

ამდენად, თავხელიძე ყურადღებას ამახვილებს აქტივისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომლის მიხედვითაც სკოლის დირექტორმა სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დააშინა და ზეწოლას ცდილობს გამოსაკითხ პირებზე.

„მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სკოლის დირექტორი, გავრცელებული ინფორმაციით, ზეწოლას ახდენს გამოსაკითხ პირებზე, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ერთი ვერსია განავითაროს სკოლასთან დაკავშირებულმა ყველა პირმა. ეს საკითხი ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს, რომ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისკენ უბიძგებს ადამიანებს“, – ამბობს თავხელიძე.

 

რა ვერსია აქვს გამოძიებას და ვინ არიან დაკავებულები

აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული კაცი 10 ოქტომბერს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ „თ“ და „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. 

11 ოქტომბერს კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათ არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის საქმეზე, ბრალი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვთ წარდგენილი.

პროკურატურის ვერსიით:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვანის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიიჩნიეს, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა“.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.