17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, „თბილისი პრაიდმა” გამართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „17 მაისი: მეხსიერება და პერსპექტივები”.
დისკუსიისას მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის გამოცდილებები და მათი ბრძოლა შეკრებისა და გამოხატვის უფლებისთვის.
გენდერისა და ადამიანის უფლებების მკვლევარმა და აქტივისტმა, ლევან ბერიანიძემ მიმოიხილა აქტივისტების მიერ 17 მაისის აღნიშვნის ისტორია.
ის ჰყვება, რომ პირველ სერიოზულ გამოსვლას 17 მაისს წინ უძღოდა აქტივისტების მიერ 31 მარტის – ტრანსხილვადობის დღის აღნიშვნა, რომელმაც მშვიდად ჩაიარა, რამაც აქტივისტებს აფიქრებინა, რომ 17 მაისის შეკრებაც მშვიდობიან ჩაივლიდა. თუმცა, როგორც ის ჰყვება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ სპონტანურად მოხდა აქციის ორგანიზება, ადგილი ჰქონდა ძალადობის მცირე ინციდენტებს, პოლიციამ ძალადობრივად დაშალა მშვიდობიანი დემონსტრაცია.
მისივე თქმით, ამ აქციას ერთი წლით ადრე წინ უძღოდა პატარა აქცია, რომელიც მედიისთვის საჯარო არ იყო, ვაკის პარკში შეიკრიბა რამდენიმე ადამიანი, თუმცა როგორც ბერიანიძე ამბობს, ამ მხრივ მაინც აღსანიშნავია, რომ 2011 წელსაც რაღაც აქტივობა არსებობდა.
„2012 წელს ხელისუფლება თავს იმით იმართლებდა, რომ ისინი არ იყვნენ საკმარისად ინფორმირებული, იმის მიუხედავად, რომ ინფორმაცია ჰქონდათ, თორემ საკმარისი ძალის მობილიზებას მოახდენდნენ და ის, რაც მოხდა, არ მოხდებოდა. თუმცა 2013 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაც არ უნდა ინფორმირებული იყოს პოლიცია, არ არსებობს პოლიტიკური ნება… პირიქით, არსებობს იმის პოლიტიკური ნება, რომ ეს თემა იქნას გამოყენებული კონკრეტული მიზნებისთვის, და ზოგადად ამომრჩევლების მობილიზებისთვის ნაციონალისტური, ჰომოფობიური და არქაული კონსერვატიული იდეების გარშემო.
ყველას არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ვერ გვთავაზობენ ჩვენ სერიოზული, სიღრმისეული სოციალური პრობლემების მოგვარების გზებს და ამ მარტივი პოპულისტური თემების გამოყენებით ცდილობენ, გადაფარონ სერიოზული სოციალური პრობლემები და სხვა რამეზე გადაიტანონ საზოგადოების ყურადღება შეშინების და მორალური პანიკის დათესვით“.
ბერიანიძე იხსენებს, რომ 2013 წლის 17 მაისი იყო მასშტაბური დაპირისპირების თარიღი.
თუმცა, მისი თქმით, თუ ამ ყველაფერს ხილვადობის პოლიტიკის კონტექსტში განვიხილავთ, მისი შეფასებით, 2013 წლიდან საზოგადოების ნარატივი ნელ-ნელა შეიცვალა. „საზოგადოებამ დაინახა, რომ ქართველებიც არიან სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მატარებლები. ეს იყო პირველი გარდატეხა, არ ვიცი რამდენად კარგი თუ ცუდი, მაგრამ ამან რაღაცა უფრო დიდ და ღრმა პროცესებს მისცა დასაბამი“.
ბერიანიძე იხსენებს, რომ 2014-2015 წლებში სწორედ 2013 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, მასშტაბური აქციები არ გამართულა და ხელისუფლების მხრიდან პატარა აქციების გამართვის ნებართვა აღიქმებოდა, როგორც მათი მცდელობა, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ეჩვენებინათ, რომ მათ აქტივისტებს აქციების ჩატარების საშუალება მისცეს.
მოხსენებისას ბერიანიძემ, ერთი მხრივ, მიმოიხილა მომდევნო წლების განმავლობაში აქტივისტების მიერ აქციების გამართვის მცდელობები, და მეორე მხრივ, ხელისუფლების მხრიდან „ბინძური მეთოდებით ბრძოლა, აქტივისტების გაჩუმება, დაშინება“.
„თანასწორობა 17-ის“ დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ მოხსენებისას მიმოიხილა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები.
მან ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 17 მაისის აქციაზე, როცა დაახლოებით 50-60 ქვიარ-აქტივისტი აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე.
ბოლქვაძე ჰყვება, რომ საქმე ევროპულ სასამართლოში ორი განაცხადით წავიდა. ის იყო ერთ-ერთი ადგილობრივი იურისტი, რომელიც ამზადებდა ამ საქმეს და წარმოადგენდა 20 აპლიკანტს ევროპულ სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება 2021 წლის 16 დეკემბერს მიიღო და თქვა, რომ ნამდვილად დაირღვა ევროპული კონვენციის ის ნაწილი, რომელიც კრძალავს ადამიანების ისეთ მოპყრობას, რომელიც ლახავს მის ღირსებას.
„გამოვყოფ ბოლო გადაწყვეტილებას. ყველას ალბათ გვახსოვს ის ბრუტალური კადრები, როდესაც გავეშებული ბრბო მოსდევს ამ დემონსტრანტებს და ცდილობს მათ ფიზიკურ განადგურებას; ტაბურეტებით მორბენალი სასულიერო პირები, ვინც ლეწავს ავტობუსებს; სხვები იარაღად გამოყენებული ჯოხებით და მძიმე ნივთებით ცდილობენ, ჩვენამდე მოვიდნენ და გაგვანადგურონ; და თითქმის უმოქმედო პოლიცია, რომელიც ბოლო მომენტში აქტიურდება…
სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი ჩავარდნა ჰქონდა სამ დონეზე, ამ ღონისძიების მოსამზადებელ დონეზე, როდესაც ორგანიზატორი ორგანიზაციები წინასწარ მიმართავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ კონტრდემონსტრაცია იგეგმება და არსებობს ეჭვი, რომ იქნება ბევრი ადამიანი. პირადად ჩემი დაწერილი განცხადებაც მახსოვს, სადაც აღვწერდი, რომ შესაძლოა შეკრებილიყო 10 ათასი და მეტი ადამიანი და გვჭირდებოდა იმის ცოდნა, როგორ აპირებს ჩვენს დაცვას სახელმწიფო. სასამართლო ეყრდნობა ჩვენს განცხადებებს და ამბობს, რომ ტელევიზიებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ათასობით ადამიანი იქნებოდა კონტრდემონსტრაციაზე, რომ კონტრდემონსტრაციის ლიდერები ავრცელებდნენ ძალიან აგრესიულ ნარატივს, რომელიც აღვივებდა სიძულვილს“.
მისივე თქმით, სასამართლომ განაცხადა, რომ პოლიცია არ იყო სათანადოდ ეკიპირებული, შესაბამისად, თავადაც დაუცველი იყო მასების მართვისას. აქვე ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსამზადებელ ეტაპზე არ შედგა ევაკუაციის სათანადო გეგმა. არც აქტივისტებმა, არც ევაკუაციისათვის განსაზღვრულმა ავტობუსის მძღოლებმა არ იცოდნენ, სად უნდა წასულიყვნენ. მისივე თქმით, სასამართლო ამბობს იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები მოლაპარაკებებზე მიდიოდნენ სასულიერო პირებთან და კონტრდემონსტრაციის ლიდერებთან და ნებდებოდნენ მათ შანტაჟს.
ბოლქვაძის თქმით, სასამართლომ დაადგინა გამოძიების ეტაპის ჩავარდნა. აღნიშნულ საქმეზე სულ დაჯარიმდა 4 პირი ადმინისტრაციული დარღვევებისთვის – 100-100 ლარით. 4 ადამიანს კი ბრალი წარედგინა.
„ერთ-ერთი იყო სასულიერო პირი. სასამართლომ თქვა, რომ აქაც ჩანს ხელისუფლების ნება. გამოძიებამ არაფერი არ ჩადო საქმის მასალებში, არ არსებობდა საქმის მტკიცებულებები, რასაც სასამართლო დაეყრდნობოდა. ამიტომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოიტანა, გაამართლა ეს ადამიანები და არავინ დასჯილა. არაეფექტური იყო გამოძიება ყველა დანარჩენ ეპიზოდშიც, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა მხოლოდ ორ ადამიანს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამოძიებამ წინ არ წაიწია“.
უფრო მეტიც, ბოლქვაძის თქმით, სასამართლო ამბობს, რომ 2013 წლის 17 მაისი ერთგვარი შედეგია 2012 წლის 17 მაისის საქმის არასათანადო გამოძიების, რადგან იმ საქმეზე არანაირი შედეგი არ დამდგარა, არავინ დასჯილა. ასევე ყურადღებას ამახვილებს აქციის დარბევის შემდგომ 30-მდე დარღვევის ფაქტზე, როცა სიძულვილით მოტივირებული მოქალაქეები ქუჩებში დასდევდნენ ადამიანებს. რაც მისი შეფასებით, კიდევ ერთი შედეგია სახელმწიფოს არაეფექტური მართვის.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ეკატერინე მსხილაძემ მოხსენებისას ლგბტქ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და საზოგადოების დამოკიდებულებები მიმოიხილა.
მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის პრაქტიკა ცალსახად ცხადყოფს, რომ ლგბტ ადამიანები თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია. მისი განმარტებით, უპირველესად ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის თანმიმდევრული, ვერ პასუხობს ამ ადამიანების საჭიროებებს, ხშირ შემთხვევაში არც ასახავს მათ საჭიროებებს. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი საჯარო პირები, არ აკეთებენ თანასწორობის მხარდამჭერ მოწოდებებს, პირიქით, ხშირ შემთხვევაში თავად არიან ძალადობის წამხალისებელი.
„როდესაც სახელმწიფო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები აისახოს არსებულ დოკუმენტებში, რასაც ხშირ შემთხვევაში ასევე ვერ ვხედავთ. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ ჰქონია წვდომა ახალი სტრატეგიის დოკუმენტთან და იმედი მაქვს, რომ იქ არის რაიმე ტიპის ჩანაწერი ამ საკითხებზე, თუმცა ჯერჯერობით პრაქტიკაში არ ვახორციელებთ.
და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი – არსებობს დაუსჯელობის სინდრომი, განცდა იმისა, რომ ლგბტ თემის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტები დარჩება მართლმსაჯულების მიღმა. ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვხედავთ, არამხოლოდ 17 მაისთან ან თბილისი პრაიდთან დაკავშირებულ საქმეებში, არამედ ინდივიდუალურ განკერძოებულ შემთხვევებშიც.
ჩვენ ვიცით ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებენ სოციალურ სივრცეს – საჯარო ადგილებს, ქმნიან მედიასაშუალებებს იმისთვის, რომ სიძულვილი გააღვივონ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მართლმსაჯულების შედეგებს. შედეგად ეს გარკვეულ ჯგუფებში იწვევს წახალისებას იმისა, რომ ჩემი ქმედება არ იქნება დასჯილი, ხოლო ლგბტ ადამიანებში, მათ უფლებადამცველებში,, ცხადია, იწვევს დაუცველობის განცდას, რაც არ არის საფუძველს მოკლებული“.
პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ დისკუსიისას უმცირესობების მდგომარეობაზე, საერთო ჩაგვრებსა და ურთიერთსოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კარგად მახსოვს, 2003 წელს, როცა გამოვედი და ვთქვი, ქართველი მუსლიმი ვარ-მეთქი. მთელი ამბები იყო, როგორ შეიძლება ქართველი იყოს მუსლიმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედარება არის და აქ იყო ნათქვამი, როგორ შეიძლება, რომ ადამიანი იყოს განსხვავებული და თურმე არ შეიძლება, ქართველი იყოს მუსლიმი. ამიტომ მე ვფიქრობ, ამ ბრძოლას აქვს ძალიან სერიოზული შედეგი და ეს ბროლა კარგად უნდა გავითავისოთ უმცირესობების ნაწილში, განსაკუთრებით ურთიერთობების თვალსაზრისით და სოლიდარობის თვალსაზრისით. მე შეიძლება არ მომწონს რაღაცა, მე შეიძლება არ ვეთანხმები რაღაცას, მაგრამ საერთო პრობლემების ირგვლივ საჭიროა გაერთიანება.
ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა ჩემთვისაც. როცა მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი მუსლიმ თემში სწორედ ამ განაცხადზე მემუშავა, რომ ჩვენ განსხვავებულის მიმართ გვქონოდა სოლიდარული დამოკიდებულება ადამიანის უფლებების ჭრილში. თუ გვინდა, რომ ქვეყანა გვქონდეს, რომელიც იქნება სეკულარული, დამოუკიდებელი, განვითარებული, ადამიანის უფლების ღირებულებაზე აგებული მომავლით, ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ, ერთი მთავარი იდეის, მთავარი ობიექტის, ადამიანის ირგვლივ“.
დისკუსიას ესწრებოდნენ ლგბტქ+ თემის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები, დიპლომატიური კორპუსი და პოლიტიკოსები.