2 წელი ისტორიული გაფიცვიდან

2018 წლის ივნისში თბილისის მეტრო მემანქანეების გაფიცვის მიზეზით პირველად გაჩერდა. გაფიცვას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელფასის 45%-ით გაზრდა იყო, სათავეში ედგა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013“. გაფიცვას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა:  სასამართლოს ორი განჩინება, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელსაც ქალაქის მერიც იმეორებდა და შრომის პირობებით უკმაყოფილო დასაქმებულებს ხისტი რიტორიკით პასუხობდა და ა.შ. ამ დაბრკოლებების მიუხედავად, გაფიცვა 3 დღეს გაგრძელდა, რამაც საზოგადოებასაც და დამსაქმებელსაც ცხადად დაანახვა მეტროს თანამშრომელთა შრომის მნიშვნელობა. მეტრომ მუშაობა მას შემდეგ განაახლა, რაც მემანქანეებმა პირობა მიიღეს, რომ 2019 წლის იანვრიდან სახელფასო ტარიფი შეიცვლებოდა.

რამ განაპირობა დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა? რატომ იყო მემანქანეების გაფიცვა ისტორიული? რა შეიცვალა ბოლო ორ წელიწადში? „პუბლიკა“ „ერთობა 2013-ის“ თავმჯდომარეს, რატი კაპანაძესა და EMC-ის აღმასრულებელ დირექტორს, ლინა ღვინიანიძეს ესაუბრა.

„გაფიცვას არ ჰქონდა მოკლე ისტორია“

„ერთობა 2013“ 7 წლის წინ დაარსდა. თავდაპირველად მისი წევრები მხოლოდ მეტროს მემანქანეები იყვნენ. როგორც თავმჯდომარე რატი კაპანაძე იხსენებს, ახალი, დამოუკიდებელი პროფკავშირის ჩამოყალიბება იმან განაპირობა, რომ ძველი პროფესიული კავშირი, რომელიც ახლაც არსებობს სატრანსპორტო კომპანიაში, „ვერ უზრუნველყოფდა იმ საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც მშრომელების წინაშე იდგა“.

„პროფესიული კავშირი სალანძღავ სიტყვად იყო გადაქცეული. მოსმენაც არ უნდოდათ მშრომელებს ამ სიტყვის. ასეთი დამოკიდებულება რომ არსებობდა, ამიტომაც გახდა საჭირო ახალი, გამჭვირვალე დემოკრატიული, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის შექმნა, სადაც თითოეული მშრომელი იქნებოდა ჩართული“.

ფოტო: ერთობა 2013

გაფიცვას არ ჰქონია მოკლე ისტორია, სპონტანურად, ერთ თვეში არ დაგეგმილა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. კაპანაძე გვიყვება, რომ ლარის ინფლაციის გამო ანაზღაურების გაზრდას დასაქმებულები ჯერ კიდევ 2013 წლიდან მოითხოვდნენ. ყოველწლიური შეხვედრების შემდეგ, 2016 წელს, დასაქმებულებმა წინასაგაფიცვო პერიოდი დააანონსეს, თუმცა მაშინ საქმე გაფიცვამდე აღარ მისულა.

„დავამთავრეთ ხელშეკრულებით და მეტრო აღარ გაჩერდა. იქ ერთ-ერთი პუნქტი იყო ზუსტად ხელფასის ტარიფის გადახედვა მომდევნო წელს (2017 წელს), მაგრამ იმ 2016 წელს ჩვენ იმ პერიოდის ხელშეკრულებით მივიღეთ ღამის სამუშაო საათებზე დანამატის სახით 20%, ამავე ხელშეკრულებით დაიწყო წელთა ნამსახურების, ასევე, მე-13 ხელფასის გაცემა და ა.შ.“

ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც 2016 წლის ხელშეკრულებიდან დამსაქმებელმა არ შეასრულა, სწორედ ხელფასის მომატება იყო. 2017 წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასა თუ მერიასთან შეხვედრებმა უშედეგოდ ჩაიარა.

წინააღმდეგობა

2018 წელს „ერთობა 2013-მა“ წინასაგაფიცვო პროცედურები დაიწყო. მედიაციაში ჩართული იყო ჯანდაცვის უწყებაც. ამ ყველაფრის პარალელურად Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე დაიწყო დეზინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს მემანქანეების ხელფასი 1800 ლარამდე აღწევდა. ამ კამპანიას თბილისის მერის განცხადებებმაც შეუწყო ხელი.

ფოტო: სოლიდარობის ქსელი

„თან გვადარებდნენ პატივსაცემ სამსახურებს – ექიმებს, საპატრულოს, რადგან ჩვენი დაქვეითება უნდოდათ საზოგადოების თვალში. ფაქტობრივად, მშრომელების დაყოფას ცდილობდნენ და ეს იყო ძალიან სამწუხარო პირადად ჩვენთვის, მაგრამ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად გაიგო იმიტომ, რომ ჩვენც ვმუშაობდით საზოგადოებასთან, სოციალურ ქსელებთან, მედიასთანაც გვქონდა ურთიერთობა და კარგად გაიგო მოსახლეობამ“

გაფიცვას წინ უძღოდა სასამართლოს ორი განჩინება. პირველ შემთხვევაში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადების საფუძველზე, მოსამართლემ ზეპირი განხილვის გარეშე გაფიცვა 30 დღით გადადო. მეორე შემთხვევაში კი, ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე, მოსამართლემ განჩინებით უვადოდ შეუზღუდა მემანქანეებს  სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება და მიუთითა დასაქმებულების მიერ არასამუშაო საათებში შეკრების ალტერნატიულ შესაძლებლობაზე.

ფოტო: სალომე გორგოძე

როგორც EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, EMC-მ გასული წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ის ნორმატიული შინაარსი და ნორმები, რომლებიც სასამართლოს 2018 წლის განჩნებას დაედო საფუძვლად.

რატი კაპანაძე სასაცილოს და აბსურდულს უწოდებს განჩინებას, რომელიც დასაქმებულებს მხოლოდ არასამუშაო საათებში აძლევდა გაფიცვის უფლებას. პროფკავშირის თავმჯდომარე იხსენებს, როგორ მოახერხეს მემანქანეებმა გაფიცვის კანონის ფარგლებში მოქცევა და განჩნებისთვის გვერდის ავლა: მემანქანეების ჯანმრთელობის მდგომარეობას მუშაობის დაწყებამდე სამედიცინო პუნქტში ამოწმებენ. თუ თანამშრომლის ემოციური ან ფიზიკური მდგომარეობა პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ის სამუშაოზე არ დაიშვება. მემანქანეებმა კი წინა დღით შიმშილობა დაიწყეს. გადაღლილი და დასუსტებული თანამშრომლები სამედიცინო პერსონალმა სამუშაოზე არ დაუშვა, რადგან ისინი ამ მდგომარეობაში მატარებლის მართვას ვერ შეძლებდნენ. ასე დაიწყო გაფიცვა.

შედეგი

3-დღიანი გაფიცვა ზეპირი მოლაპარაკებით დასრულდა. მემანქანეებმა დამსაქმებლისგან პირობა მიიღეს, რომ 2019 წლიდან მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასი გაიზრდებოდა. 2019 წლიდან სატრანპორტო კომპანიაში დასაქმებულების ხელფასი 10, 15 და 30%-ით გაიზარდა. კაპანაძის თქმით, სატრანსპორტი კომპანიაში, საშუალოდ, სახელფასო ბადე 20%-ით გაიზარდა. როგორც ის იხსენებს, გაფიცულთა მოთხოვნაც სწორედ ეს იყო, რომ ხელფასი არა მხოლოდ მემანქანეებს ან პროფკავშირის წევრებს, არამედ კომპანიის ყველა თანამშრომელს უნდა გაზრდოდა.

ფოტო: სალომე გორგოძე

„სამწუხაროა, რომ მშრომელი ადამიანების წუხილი და ტკივილი დროზე არ იყო გაზიარებული და გვაიძულეს, გადავსულიყავით უკიდურეს ზომებზე. შედეგი მისაღებია, რა თქმა უნდა, შევაფასებ დადებითად, და ურთიერთობაც ამის შემდეგ შეიცვალა, იმის შემდგომ, რაც გავიფიცეთ. ისტორიული იყო ეს გაფიცვა, ნამდვილად. ბევრი ასე უწოდებს, რადგან არ მახსენდება, ჩემ გარშემო რომელიმე პოსტსაბჭოურ ან ევროპის ქვეყნებში სრულად პარალიზებული ყოფილიყო მეტრო. ასეთი რამ არ ყოფილა. ეს ჩვენ შევძელით. შევძელით ზუსტად იმ დამოუკიდებელი და მშრომელი ადამიანების გვერდით დგომით, მართლაც, ვინც რეალურად იცოდა, რა არის პროფესიული კავშირი“.

გაფიცვის შემდეგ

თუ გაფიცვის დასაწყისში „ერთობა 2013-ში“ 120-140 ადამიანი იყო გაწევრებული, რატი კაპანაძე ამბობს, რომ, დღეის მონაცემებით, პროფკავშირი 600-700 ადამიანს აერთიანებს და ეს რიცხვი იზრდება.

„მე ვფიქრობ, ზოგადად, თუ ქვეყანაში არ იარსებებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები  და იარსებებს მხოლოდ „ყვითელი“ პროფკავშირები, შეუძლებელი იქნება, ზოგადად, მშრომელი ადამიანების განვითარება, წინსვლა და ჩვენი ოჯახების წინსვლა და ქვეყნის განვითარებაც შეუძლებელი იქნება, რადგანაც საპირწონე ძალა არ იქნება და ამიტომ მშრომელები უნდა ვიდგეთ იქ, სადაც საჭიროა და ამიტომ ჩვენი სათქმელი და საკეთებელი თვითონვე უნდა გავაკეთოთ“.

ფოტო: ლინა ღვინიანიძე

„ერთობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პროტესტი ბევრ სექტორში დასაქმებულთათვის მაგალითის მიმცემიც იყო და სწორედ მემანქანეების გაფიცვის შემდეგ სხვადასხვა სექტორში დაიწყო დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება. მომდევნო წელს ჯანდაცვის სოციალური მუშაკებიც გაიფიცნენ და როგორც რატი კაპანაძე გვიყვება, გამოცდილება მათაც გაუზიარეს. დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი სოცმუშაკებმაც შექმნეს. ასევე, ჩამოყალიბდა აჭარის მაწყებლის პროფესიული გაერთიანებაც, რომელიც დღეს „აჭარის ტელევიზიაში“ დასაქმებულთა უფლებებისთვის იბრძვის.

„ხალხმა დაინახა, რეალურად, ჭეშმარიტი პროფესიული კავშირის ძალა და უკვე სალანძღავ სიტყვად აღარ ეჩვენებათ ეს. ეს, მართლაც, ძალიან კარგი სიტყვაა და ამას გაფრთხილება სჭირდება“, – ამბობს კაპანაძე.

ფოტო: დათო ფარულავა

2020 წლის 20 იანვარს საქართველოში მოქმედმა დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა: „ერთობა 2013-მა“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ და „სოლიდარობის ქსელმა“ დააფუძნეს „პროფკავშირების ახალი გაერთიანება“, რომელიც მოიცავს მშრომელთა მრავალფეროვან სპექტრს: მემანქანეებს, ექთნებს, სოციალურ მუშაკებს, ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტებს, მთარგმნელებს, მოლარეებს, ჟურნალისტებსა და სხვა. რატი კაპანაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე გაერთიანებას კიდევ ორი ორგანიზაცია შეუერთდება.

რატომ იყო მემანქანეების გაფიცვა ისტორიული

EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ მემანქანეების გაფიცვა მშრომელთა წინააღმდეგობის უახლეს ისტორიაში ბევრი თვალსაზრისით იყო უპრეცედენტო. მისი თქმით, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს გაფიცვა სპონტანურად არ დაწყებულა და რომ ეს „ერთობა 2013-ის“ მაღალი თვითორგანიზების შედეგი იყო.

„ეს იყო პრეცედენტი, როცა გაიფიცნენ მეტროპოლიტენის თანამშრომლები და როცა გაფიცვა მოხდა თბილისის ცენტრში, შუაგულში და ასევე, ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის თვითონ მეტროპოლიტენისა და სატრანსპორტო სექტორისთვის იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ასეთი მნიშვნელობისა და შედეგის საგაფიცვო მოქმედება“.

ფოტო: EMC

ლინა ღვინიანიძე ასევე აღნიშნავს, რომ უპრეცედენტო იყო საგაფიცვო სტრატეგიაც, რომლის საშუალებითაც „დარჩნენ სასამართლოს ამ უკანონო გადაწყვეტილების ფარგლებში, რამაც გაფიცვა ცხადად კანონიერი გახადა და მათ მიაღწიეს მიზანს“. EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, ყურადღებას ამახვილებს მეტროპოლიტენის თანამშრომელთა სოლიდარობაზეც. ის იხსენებს, რომ რადგანაც მერია და სატრანსპორტო კომპანია ცდილობდნენ, გაფიცულთა მოთხოვნები საზოგადოების თვალში მერკანტილურად და არასწორად წარმოეჩინათ, არსებობდა შიში,  როდესაც საზოგადოება თავის თავზე იგრძნობდა გაჩერებული მეტროპოლიტენის შედეგებს, როგორი იქნებოდა მათი რეაქცია.

„თუმცა დავინახეთ მოქალაქეების ძალიან მაღალი სოლიდარობა, რომლებიც არათუ წუწუნებდნენ, ქალაქში გართულებულ გადაადგილებაზე, არამედ პირიქით, მათი მხრიდან მოდიოდა სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა და მათ შორის იყო მოწოდება, რომ იგივე უნდა ხდებოდეს ბევრ სამუშაო ადგილზე, რადგან მათ დაინახეს, რომ ეს არ იყო მხოლოდ მემანქანეებისა და მეტროს თანამშრომლების პრობლემა. ისინი ასევე ხედავდნენ, რომ  სამუშაო სივრცეებში მათაც იგივე პრობლემები ექმნებოდათ და ვფიქრობ,  მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ გაფიცვამ ცხადად დაგვანახა შრომის უფლებისა და მისი ყველაზე მთავარი ინსტუმენტის, გაფიცვის უფლების რეალური ძალა და შინაარსი. ალბათ, გემახსოვრებათ თვითონ ქალაქის მერი ამბობდა, რომ მეტრო გაიხსნებოდა თუ არა, ეს დამოკიდებული იყო მერიაზე და არა მემანქანეებზე და ძალიან მალე, ერთ დღეში, თბილისის მერმა და მთელმა ქალაქმა დაინახა, რომ საწარმოო პროცესი არის დამოკიდებული დასაქმებულზე და არა დამსაქმებელზე“.

ლინა ღვინიანიძე ყურადღებას ამახვილებს, აგრეთვე, გაფიცვის შედეგზეც, რომელიც იმათაც შეეხო, ვინც არ ყოფილა გაფიცვის მონაწილე. ის იხსენებს ბოლოდროინდელ გამოცდილებებსაც, როდესაც გაფიცვის შემდგომ პროფესიული კავშირები, როგორც წესი, სუსტდებოდა, რასაც ხან უშედეგობა, წარუმატებლობის განცდა, ხანაც ენერგიის ამოწურვა განაპირობებდა. „ერთობა 2013“ კი, როგორც ის ამბობს, კიდევ უფრო გაძლიერდა, კიდევ უფრო მეტი წევრი ჰყავს და კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ახერხებენ თვითორგანიზებას.