ვუძღვნი ჩემს შთაგონებას, თიკო კვალიაშვილს
ეს გამოჩენილი მხატვარი, მინიატურისტი და პასტელით ხატვის დიდოსტატი საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფრანგ პორტრეტისტად რომ აღიარეს, 1749 წლის 11 აპრილს პარიზელი ბურჟუების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.
ნაბოლარა ქალიშვილს ერთმანეთის მიყოლებით დაეღუპა მცირეწლოვანი და-ძმები. მის მამას, კლოდ-ედმე ლაბილს, გალანტერეის მაღაზია ჰქონდა გახსნილი. დასანანია, ისტორიას რომ არ შემორჩა ცნობები ადელაიდის ბავშვობისა და ყმაწვილქალობის შესახებ.
როგორც ცნობილია, ოცი წლისა იყო, როცა ცოლად გაჰყვა ნიკოლა გიარს, თუმცა, მათ საერთოდ არ ესმოდათ ერთმანეთის, რადგან მერკანტილურ ქმარს უაზრობად და დროის ფუჭად კარგვად მიაჩნდა ხელოვნება. არ ესმოდა, რატომ ხატავდა მისი მეუღლე ასე თავდავიწყებით, რად სურდა ხელოვნების ისტორიაში საუკუნო კვალის დატოვება.
1769 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებულ მათ საქორწინო ხელშეკრულებაში წერია, რომ ადელაიდი წმინდა ლუკას სახელობის აკადემიის წევრი იყო. მათ გარემოცვას მეტად უცნაურად ეჩვენებოდა ლაბილის ეს ხელობა და გზნება, რადგან მხატვრობა ქალისთვის შეუფერებელ და სათაკილო საქმიანობად მიიჩნეოდა.
ახალგაზრდა ფერმწერი მალევე გაეყარა ყეყეჩ, ხეპრე, გაუთლელ და რეგვენ ნიკოლას, რომელმაც არ იცოდა ხელოვნების ფასი და ყადრი, მაგრამ ოფიციალურად ვერ გააფორმა განქორწინება, რადგან მონარქისტული კანონმდებლობა ქალს არ აძლევდა უფლებას, საკუთარი ინიციატივით გაშორებოდა ქმარს. მალევე იპოვა ცხოვრების ახალი თანამგზავრი, მხატვარი ფრანსუა-ანდრე ვენსანი, რომელიც „Grand Prix de Rome“-ის ლაურეატი და საფრანგეთის ფერწერისა და სკულპტურის სამეფო აკადემიის წევრი გახლდათ. ჰარმონიული თანხმობა და უტყვი ურთიერთგაგება ჰქონდათ, რამეთუ საერთო ინტერესები, ხელოვნების უდიდესი სიყვარული და დაუშრეტელი შემოქმედებითი მგზნებარება აკავშირებდათ.
ლაბილმა ჯერ კიდევ ყმაწვილქალობაში გაიცნო ჭაბუკი ვენსანი, თუმცა, მაშინ მაინც ნიკოლა გიარი აირჩია ცხოვრების მეგზურად და მწარედ ინანა კიდეც ამ ნაბიჯის გადადგმა. აღსანიშნავია ისიც, რომ, როცა მათი გზები გადაიკვეთა (მათმა სასიყვარულო კავშირმა სიცოცხლის ბოლომდე გასტანა), ქალს უკვე გაეთქვა სახელი ბრწყინვალე პორტრეტებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელოვანმა არცერთი ქორწინებისას არ დათმო საკუთარი გვარი, გიარი, და გადაჭრით თქვა უარი ქმრის გვარის მიღებაზე, რადგან ეს პატრიარქალური იდეოლოგიის კიდევ ერთ მკაფიო გამოხატულებად მიაჩნდა.
ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებით, დიდოსტატურად ფლობდა პასტელითა და ზეთის საღებავით ხატვის ხელოვნებას, ჩინებული მინიატურების შექმნის ტექნიკას. სამწუხაროდ, ისტორიას არ შემორჩა არავითარი ჩანაწერი და მასალა იმის შესახებ, თუ სად მიიღო განათლება, სად გამოიწრთო, როგორც ფერმწერი.
რაკი ქალი იყო, ეკრძალებოდა ფორმალური განათლების მიღება და ცნობილი მხატვრების სახელოსნოებში გამართულ გაკვეთილებზე დასწრება. ქალები სრულიად მოწყვეტილნი იყვნენ აკადემიურ სივრცეს და ვერ იბრძმედებოდნენ ისე, როგორც მათი მამაკაცი კოლეგები. გარდა ამისა, აკრძალული ჰქონდათ შიშველი ნატურიდან ხატვა, რამეთუ მამაკაცის დედიშობილა სხეულის ტილოზე გამოსახვა მეტად უღირს, სათაკილო საქციელად და უზნეობად მიიჩნეოდა ქალისთვის.
ბევრ ქალიშვილს სწყუროდა მხატვრობის სამყაროში შეღწევა, ლაღად განავარდება, ფრთების გაშლა და ხელოვნების საამური სენის შეყრა, მაგრამ თითო-ოროლა მხატვარი თუ იქნებოდა თანახმა, მასწავლებლად დასდგომოდა ქალს. გამონაკლისი აღმოჩნდა ფრანგი მინიატურისტი, პორტრეტისტი და წმინდა ლუკას სახელობის აკადემიის პროფესორი, ფრანსუა-ელი ვენსანი, რომელიც ადელაიდის ოჯახის ახლობელი გახლდათ. შეგირდად მიიბარა ახალგაზრდა ხელოვანი. სწორედ ამ კაცის ვაჟი იყო ფრანსუა-ანდრე.
1774 წელს პირველად გამოფინა თავისი ნახატი წმინდა ლუკას სახელობის აკადემიაში. ამ დაწესებულების ხელმძღვანელობამ წევრის ტიტული მიანიჭა ოცი წლის მხატვარს. ამ ოფიციალურმა სტატუსმა გზა გაუკაფა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებული აკადემია იყო ერთ-ერთი იმ თითზე ჩამოსათვლელ დაწესებულებათა შორის, რომელმაც კარი გაუღო ხელოვან ქალებს. 1777 წელს ას ოცდაათი მხატვარი ქალი იყო მათ წევრთა რიგებში.
როცა ადელაიდმა აკადემიის სალონში გამოფინა თავისი ნამუშევრები, სექსიზმით გონებადასნეულებულმა კრიტიკოსებმა უმალ იწყეს გესლიანი ქირქილი და შხამიანი ისრების ტყორცნა. მიუხედავად ამისა, პირველმა გამოფენამ ბრწყინვალე წარმატება მოუტანა დამწყებ ხელოვანს. მეტოქე აკადემიის ასეთმა პროგრესმა დიდად გაანაწყენა საფრანგეთის სამეფო აკადემიის წარმომადგენელნი. ისე დაიბოღმნენ, საგანგებო ედიქტი გამოსცეს და 1777 წელს დახურეს წმინდა ლუკას აკადემია.
ამ სამწუხარო ამბის შემდეგ ადელაიდი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა როგორმე შეეღო იმ აკადემიის კარი და ამ დაწესებულების წევრთათვისაც დაემტკიცებინა, რომ ქალს, ისევე, როგორც მამაკაცს, შეეძლო, გამხდარიყო დიდი ხელოვანი. პარალელურად ამისა, „Salon de la Correspondance“-ში გამოსაფენად გზავნიდა თავის ტილოებს. იქ სწორედ სამეფო აკადემიისაგან უარყოფილ მხატვრებს მფარველობდნენ და საშუალებას აძლევდნენ, ექსპოზიციები გაემართათ. პატრიარქალური ცრურწმენებისაგან თავისუფალი კრიტიკა ერთხმად ასხამდა ხოტბას მის ნახატებს.
კარგად იცოდა, რაკი ქალი იყო, ძლიერ გაუჭირდებოდა გზის გაკვალვა ხელოვნების სამყაროში. ცხოვრების მეგზური ურჩევდა, დაეხატა იმ ცნობილ ფერმწერთა პორტრეტები, სამეფო აკადემიის წევრნი რომ იყვნენ. თუ ასე მოიქცეოდა, ისინი საკუთარი თვალით იხილავდნენ საკვირველი ტალანტით დაჯილდოებული ქალის შემოქმედებას და მიიღებდნენ იმ დაწესებულებაში. აი, ამგვარად შექმნა გიიომ ვუარიოს, ჟან-ჟაკ ბაშელიეს, ჟოზეფ-ბენუა სიუვეს და სხვა აკადემიკოსთა დაუვიწყარი პორტრეტები. უმალ შენიშნეს მისი ელვარე ნიჭიერება. ნეოკლასიცისტმა სკულპტორმა, ოგიუსტენ პაჟუმ, საკუთარი პორტრეტის დახატვა შეუკვეთა. ახალგაზრდამ დაუზარებლად აიღო ფუნჯი, ჩინებულად დააგვირგვინა წამოწყებული საქმე და კიდევ ერთი უებრო ნამუშევარი უანდერძა მხატვრობის ოქროს ფონდს. ამ ნახატმაც მოუტანა სახელი და დიდება. ქება არ დაიშურეს მისთვის, რამეთუ ზედმიწევნითი სიზუსტით ასახა ტილოზე პაჟუ.
მართლაც თვალსაჩინოა ეს საოცარი მსგავსება. კრიტიკოსები, თავდაპირველად, მხოლოდ სხვა მხატვარი ქალების (მაგალითად, ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენისა და კაპეს) ნამუშევრებს ადარებდნენ მის ნახატებს, თუმცა, შემდგომში, ადელაიდი მორის კანტენ დე ლა ტურის ტოლ-სწორად აღიარეს. პასტელით ხატვაში გაწაფული კანტენი ჟანრის დიდოსტატად იწოდებოდა. გიარი სწორედ მის გვერდით დააყენეს. შემოქმედმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
წარმატების მწვერვალთა დაპყრობას უწყვეტ „რეფრენად“ გასდევდა გამუდმებული სექსისტური თავდასხმები და ქალთმოძულეობის ნიაღვარი. 1783 წელს, ანონიმმა ავტორმა გამოაქვეყნა მიზოგინიით გაჟღენთილი პამფლეტი, სათაურით „Suite de Malborough au Salon 1783“ და დამამცირებელი ეპითეტებით შეამკო ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენი, ან ვალაიე-კოსტერი, ლაბილ-გიარი და სხვა ფერმწერი ქალები. სწორედ მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი იქცნენ მის სამიზნედ. იმდენად დიდი და დაუოკებელი იყო მისი ზიზღი და ბოღმა, პირად შეურაცხყოფასა და დამცირებაზეც კი გადავიდა: განიხილა ამ მხატვარი ქალების პირადი ცხოვრება; ქმრის ღალატი, გარყვნილება, უზნეობა, მორალური გახრწნილება და დაცემა დასწამა; ადელაიდიც გააკრა სამარცხვინო ძელზე; აღნიშნა, რომ ქალს ჰყავდა ურიცხვი საყვარელი და მისი „უკანონო“ კავშირების სიაში მოწინავე ადგილს იკავებდა ფრანსუა-ანდრე ვენსანი; რომ სწორედ ეს კაცი უხატავდა ტილოებს, რადგან უნიჭო იყო; რომ მისი ბრწყინვალე წარმატების მიღმა მამრი იდგა და ა.შ. „სავარაუდოდ, 2000 საყვარელი ჰყავდა. 200 თუ 2000, სულ ერთია!“ – წერდა უცნობი.
ჟაკ-ლუი დავიდმა და მისი სახელოსნოს წევრებმაც აუბეს მხარი ინკოგნიტო მიზოგინს და აღნიშნეს, რომ ქალისთვის სახიფათოც კი იყო ხელოვნება, რამეთუ მოითხოვდა ხანგრძლივ და დაუღალავ სწავლას, ეს კი, მათი თქმით, „სრულიად შეუფერებელი იყო ქალთა სქესის სათნოებისათვის“. ეს ძალზე გავრცელებული პატრიარქალური პრაქტიკა და მარჯვე ტაქტიკა იყო: რაკი მხატვრობა ექსკლუზიურად კაცის ხელობად მიიჩნეოდა, საყვარლების ნუსხის ფრიალი ფერმწერ ქალთა დემონიზების, ხელოვნების სამყაროდან მათი განდევნის, მათდამი სიძულვილის გაღვივების ყველაზე იოლ გზად ეჩვენებოდათ მათ მტრებს.
ვიჟე-ლებრენსა და ლაბილ-გიარს, ქმრებს რომ გაშორდნენ, ვერა და ვერ „აპატიეს“ ოჯახის უღლის გადაგდება, „ქალური მოვალეობის“ უგულებელყოფა და განქორწინების შემდეგ თავისუფალი სასიყვარულო კავშირის გაბმა. როგორც კი ადელაიდმა ამ ტექსტის გამოცემის შესახებ შეიტყო, მისწერა გრაფინია ანჟივილიეს, რათა როგორმე შეეჩერებინა პამფლეტის გავრცელება. ამ უკანასკნელმა პოლიციას შეატყობინა ყოველივე. მისი მეუღლე მეფესთან დაახლოებული გახლდათ და გავლენიან ნაცნობთა ჩარევის წყალობით, პამფლეტის ყველა ეგზემპლარი გაანადგურეს.
ვენსანი, პაჟუ და სხვა ხელოვანები ბოლომდე ამხნევებდნენ და მხარს უჭერდნენ შეურაცხყოფილ ქალს. ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენიც მრავალჯერ გახდა მიზოგინთა თავდასხმის მსხვერპლი. მას შემდეგ, რაც წარმატებული ხელოვანი ქმარს გაეყარა, ამბობდნენ, რომ სასიყვარულო კავშირი გააბა მინისტრ კალონსა და მხატვარ მენაჟოსთან. მტრები ყოველნაირად ცდილობდნენ მისთვის ჩირქის მოცხებას, მისი სახელის შებღალვასა და რეპუტაციის შელახვას. ქალთმოძულენი გამუდმებით უყრიდნენ ბინძურ ჭორებს, ათას სისულელეს სწამებდნენ, მეფესა და დედოფალთან აბეზღებდნენ; ხელმწიფესა და მარი-ანტუანეტს ეუბნებოდნენ, რომ მხატვარი ქალი (სამეფოს ხარჯზე) პრინცესასავით ცხოვრობდა დე კლერის ქუჩაზე, კვირაში ერთხელ მაღალ საზოგადოებას იღებდა თავის საცხოვრებელში და ბერძნული კერძებით უმასპინძლდებოდა დიდებულთ; რომ სამეფო კარის ქონებას ანიავებდა და ქარს ატანდა სახელმწიფოს სიმდიდრეს; რომ ძვირიანი საჩუქრებით, ტანსაცმლითა და ნაირნაირი სუვენირებით ანებივრებდა საყვარელს. იმასაც კი აბრალებდნენ, რომ სახლის კედლები მარმარილოს ლავგარდნებით ჰქონდა მოპირკეთებული, სალაროს ჩეკებით აჩაღებდა ცეცხლს ბუხარში და აურაცხელ, ძნელად მოსაპოვებელ შეშას წვავდა. ამ სულელურმა ჭორებმა ხელმწიფის დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
უდიდესი მიზოგინიური ტალღა მოჰყვა ლაბილ-გიარისა და ვიჟე-ლებრენისათვის სამეფო აკადემიის წევრის ტიტულის მინიჭებას. ფრანგი მხატვარი, ჟან-ბატისტ მარი პიერი, გავეშებით ეწინააღმდეგებოდა მათ მიღებას. ამბობდა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს არაფერი ესაქმებოდათ აკადემიაში. მისი ბრძოლა მარცხით დასრულდა, რადგან საქმეში ჩაერივნენ მეფე ლუი და მარი-ანტუანეტი. სამეფო აკადემიის წევრი კაცები აიძულეს, თავიანთ რიგებში მიეღოთ ეს ორი ნიჭიერი ქალი.
რომ არა სამეფო კარის დიდი მხარდაჭერა, მეფე-დედოფლის გულანთებული თანადგომა და გავლენიანი მხატვრების მხარდაჭერა, ამ ქალებს არავინ გააჭაჭანებდა იმ დაწესებულებაში, რადგან მხოლოდ მამაკაცები სარგებლობდნენ ამ პრივილეგიით და თავდაჯერებული კადნიერებითა და თვითკმაყოფილი უტიფრობით აცხადებდნენ, ქალებს არაფერი გაეგებათ ფერწერისაო.
წესის თანახმად, მხატვარს, რომელსაც ამ დაწესებულების წევრად ირჩევდნენ, ორიგინალური ნამუშევარი უნდა წარმოედგინა მიღების ცერემონიისას. ვიჟე-ლებრენმა აკადემიკოსებს აჩვენა ნახატი, სახელწოდებით „მშვიდობა, რომელსაც მოჰყავს ბარაქა“. ამ თვალწარმტაც ტილოზე გამოსახულია მკერდმოშიშვლებულ ქალში განსხეულებული ბარაქა და მწვანე შესამოსლითა და ზეთისხილის ტოტით შემკული მშვიდობა.
აღმოჩნდა, რომ ქალმა თავისი სქესისათვის დაწესებული კიდევ ერთი აკრძალვის დარღვევა გაბედა: მოშიშვლებული მკერდისა და დედიშობილა სხეულის დახატვა ოდენ კაცების საქმედ მიიჩნეოდა. მდედრობითი სქესის წარმომადგენლის ასეთი ნაბიჯი კი თავხედობად, მეტისმეტ სითამამედ, კადნიერებად, უხამსობად და სიბილწედ შერაცხეს. ადელაიდ ლაბილ-გიარმა მიღებისას წარმოადგინა სახელოვანი სკულპტორისა და თავისი მეგობრის, პაჟუს, პორტრეტი, სახელწოდებით „Le portrait de Pajou sculptant un buste de Lemoyne“.
მიუხედავად იმისა, რომ სექსისტი კრიტიკოსები გამუდმებით ცდილობდნენ ელიზაბეთისა და ადელაიდის მეტოქეებად და მტრებად წარმოჩენას, დღესავით ნათელია ერთი რამ: ეს ორი ქალი მხარდამხარ ებრძოდა დისკრიმინაციას, ჩაგვრას, უთანასწორობას. გმობდა ყოველდღიურ სინამდვილედ ქცეულ მიზოგინიას, ქალთა პირადი ცხოვრების პატრიარქალურ სამსჯავროზე გამოტანას, სამხატვრო აკადემიებში გამეფებულ ფემინოფობიასა და ანდროცენტრიზმს. ვიჟე-ლებრენმა და ლაბილ-გიარმა ერთად იწვნიეს სექსისტური უსამართლობა და იბრძოლეს კიდეც ვითარების შესაცვლელად. ადელაიდი მიესალმა საფრანგეთის რევოლუციას, ახალ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ წყობას, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ამ დიდმა ძვრამ და ძირფესვიანმა გარდაქმნამ ნანატრი ემანსიპაცია ვერ მოუტანა ქალს. მისგან განსხვავებით, ელიზაბეთი სიცოცხლის ბოლომდე მგზნებარე და გულმხურვალე როიალისტად დარჩა. არასოდეს სჯეროდა, რომ საფრანგეთის რევოლუცია ქალის თავისუფლების საწინდარი გახდებოდა. გამართლდა კიდეც მისი ეჭვი. გადატრიალების შემდეგ ხშირად აღნიშნავდა, რომ ბურჟუაზიულმა რევოლუციამ კიდევ უფრო დაჩაგრა ქალი, კიდევ ერთი ბორკილი დაადო, კიდევ უფრო დაამძიმა მისი მონობის (ისედაც მძიმე) უღელი და საბოლოოდ აქცია ქმრის ვასალად. მართალი აღმოჩნდა, რამეთუ რევოლუციურმა მთავრობამ გაუუქმა სამეფო აკადემიის წევრის სტატუსი (ქალებს საერთოდ აეკრძალათ აკადემიებში შესვლა).
1804 წელს შემოიღეს ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა ქალის უფლებები, კიდევ უფრო გაამყარა პატრიარქალური ოჯახი და ქორწინება ქალის დილეგად აქცია. კოდექსის 213-ე მუხლში ეწერა, რომ ქალი ვალდებული იყო, დამორჩილებოდა ქმარს. „ქალი მაშინ (რევოლუციამდელ ხანაში) მეფობდა, რევოლუციამ კი ტახტიდან ჩამოაგდო და გვირგვინი მოხსნა“, – წერს ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენი. ეს უკანასკნელი რევოლუციისას იძულებული გახდა, საფრანგეთიდან გაქცეულიყო და იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გახიზნულიყო.
მართალია, ადელაიდს არ მოუხდა უცხოეთში გადახვეწა, მაგრამ გაიქცა რევოლუციის მორევში ჩაძირული პარიზიდან, პროვინციას შეაფარა თავი და თავისი შედევრის საკუთარი ხელით დაწვაც კი მოუწია იმისათვის, რათა ფანატიკოსებს მონარქიის მხარდამჭერად არ მიეჩნიათ. შეიძლება ითქვას, რომ მოვლენებს გავუსწარით, რადგან ლაბილ-გიარის ცხოვრების ამ პოსტრევოლუციურ, ტრაგიკულ მონაკვეთს ოდნავ ქვემოთ განვიხილავთ, თუმცაღა, ელიზაბეთსა და ადელაიდს შორის გავლებული ამგვარი პარალელი ცხადად მიგვანიშნებს, რომ მათ უფრო მეტი ჰქონდათ საერთო, ვიდრე პატრიარქალური აზროვნების მარწუხებში მომწყვდეულ კრიტიკოსებს ეგონათ; რომ კი არ მტრობდნენ ერთმანეთს, არამედ მათ შორის არსებობდა დიდი სოლიდარობა, რამეთუ ორივე გახდა ქალთმოძულეთა სამიზნე, ორივეს წინააღმდეგ გააჩაღეს ბინძური მიზოგინიური კამპანია, ორივე მრავალჯერ შეეჩეხა გენდერულ დისკრიმინაციასა და უსამართლობას; ორივე იბრძოდა მდგომარეობის რადიკალურად შესაცვლელად.
აკადემიის წევრის სტატუსმა ბევრი რამ შეცვლა მის ცხოვრებაში. შეიცვალა თავად ადელაიდისადმი დამოკიდებულებაც. გავლენიანმა აკადემიკოსებმა იწყეს მისთვის პოზირება. მათ შორის იყვნენ: ჟაკ ვერნე, შარლ-ნიკოლა კოშენი, შარლ-ამადე-ფილიპ ვან-ლო და სხვები. ქალმა სალონში გამოფინა ეს ნამუშევრები, თავისი ავტოპორტრეტი და არისტოკრატ ქალთა პორტრეტები. ამ ექსპოზიციამაც მოუტანა კრიტიკოსთა ხოტბა. მიუხედავად ყველაფრისა, ძლიერ უჭირდა. მისმა გავლენიანმა მეგობრებმა სთხოვეს მეფეს, მუდმივი შემწეობა დაენიშნა ამ დიადი ხელოვანისათვის. საბედნიეროდ, მიზანს მიაღწიეს: ხელმწიფის დადგენილებით გადაწყდა, რომ ქალი 1000 ლივრს მიიღებდა თვეში ერთხელ. ისე სურდა სიდუხჭირის მარწუხებიდან თავის დახსნა, შეგირდები აიყვანა.
სწორედ ადელაიდმა გამოაწრთო და დაახელოვნა სახელმოხვეჭილი ქალები, მარი-გაბიელ კაპე და მარი-მარგერიტ კარო დე როზმონი. ხმა აღიმაღლა აკადემიაში გამეფებული სექსიზმის წინააღმდეგ და ხელმძღვანელობას მოსთხოვა, მოეხსნა ყოველგვარი შეზღუდვა, რადგან მიზოგინი წევრები მრავალ ხერხს იყენებდნენ და ხელოვნურად ამცირებდნენ აკადემიკოს ქალთა რაოდენობას. ადელაიდის თქმით, აკადემიის კარი ღია უნდა ყოფილიყო ყველა იმ მხატვარი ქალისთვის, რომელიც შემოქმედებისა და ნიჭის გამო იმსახურებდა წევრობას.
მის წინადადებას მხარი დაუჭირეს ვენსანმა, პაჟუმ, გუამ, მიჟემ და სხვებმა, თუმცა, აკადემიის მმართველებმა მაინც არ მოხსნეს წევრი ქალების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. მამაკაცები აცხადებდნენ: „დედისა და ცოლის როლი ბევრად უფრო ძვირფასია მათთვის, ვიდრე ხელოვნების სამყაროში მიღწეული წარმატება“. რასაკვირველია, მათ თავად ქალებზე „უკეთ“ იცოდნენ, რა უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო მათთვის.
ლაბილ-გიარი ვერსალის სასახლეში მიიწვიეს და დიდგვაროვანი ქალების, დედოფლისა და ელიზაბეთ ფრანგის (ბურბონთა დინასტიის წარმომადგენლის) პორტრეტთა დახატვა დაავალეს. ისე დიდებულად გააცოცხლა ყველა მათგანის სახე ტილოზე, მთელი სამეფო კარი აღფრთოვანებული დარჩა.
კიდევ უფრო გაითქვა სახელი არისტოკრატთა წრეში. შეკვეთას შეკვეთაზე იღებდა. მადამ ელიზაბეთს, ადელაიდ ფრანგს, ვიქტორია ფრანგსა და სხვა ბანოვანებს ისე მოეწონათ მისი ნამუშევრები, მოითხოვეს, ოფიციალურად მიენიჭებინათ ადელაიდისათვის სამეფო კარის ქალბატონების მხატვრის ტიტული და განსაკუთრებული პატენტი. 1787 წელს დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა.
ეს დიდი წარმატება იყო მისთვის. ხელოვნებათმცოდნენი აღნიშნავენ, რომ მხატვარმა ადელაიდ ფრანგი მთელი თავისი მომნუსხველი ბრწყინვალებით გამოსახა ტილოზე. აღნიშნულ ნახატზე ვხედავთ სამეფო კარის სამოსში გამოწყობილ ამ პრინცესას, განსვენებული მშობლებისა და ძმის პორტრეტების ფონზე რომ დგას. ადელაიდ ფრანგს ერთმანეთის მიყოლებით გამოეცალა ხელიდან საყვარელი ადამიანები. მისმა სეხნიამ, ადელაიდ ლაბილ-გიარმა, დიდი ოსტატობით აღბეჭდა ნახატზე მისი დაუამებელი ტკივილი, გაუნელებელი მწუხარება და გაუქარვებელი ნაღველი.
როცა საფრანგეთში რევოლუციის ქარ-ცეცხლი დატრიალდა და სამეფო ოჯახის წევრები სიკვდილით დასაჯეს (ზოგმა იტალიასა და სხვა ქვეყნებში გახიზვნით უშველა თავს), ადელაიდი მფარველთა გარეშე დარჩა და კვლავ გაუსაძლის სიდუხჭირეში ჩაეფლო. იმისათვის, რათა თავის სარჩენი ფული გამოემუშავებინა, რევოლუციური მთავრობის წარმომადგენელთა პორტრეტების ხატვას მიჰყო ხელი, ორლეანის ჰერცოგის, მადამ დე ჟანლისისა და სხვა გამოჩენილი ადამიანების წრეში გაერია. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის 14 დეპუტატის, რობესპიერისა და ტალეირანის სახე უკვდავჰყო ნახატზე. ამ ნამუშევრებმა რევოლუციის წყალობით ქვეყნის სათავეში მოსული პოლიტიკოსების აღიარება მოუტანა.
კრიტიკამ კვლავ ქება-დიდებით შეამკო. ახალ სოციალურ წყობაში ძალაუფლების მპყრობელნიც წყალობის თვალით უყურებდნენ. მიუხედავად ამისა, როცა გამოირკვა, რომ მეფისაგან დანიშნულ ყოველთვიურ შემწეობას იღებდა, ბევრი რამ შეიცვალა. რაკი არსებობდა საშიშროება, რომ მონარქიის მხარდამჭერად შერაცხდნენ და უბედურებას გადაჰყრიდნენ, ქალი საყვარელ მამაკაცთან ერთად გაერიდა ამ ორომტრიალს, წავიდა პარიზიდან და სენისა და მარნის პროვინციულ სიწყნარეს, აუმღვრეველ სიმშვიდესა და მყუდროებას შეაფარა თავი.
დიდი ტერორის ხანაში იძულებული გახდა, საკუთარი ხელით გაენადგურებინა უზარმაზარი ტილო, სახელწოდებით „Réception par le comte de Provence d’un chevalier des ordres réunis de Saint-Lazare et de Notre-Dame du Mont-Carmel“, რადგან მთავრობას როიალისტურ ნამუშევრად მიაჩნდა. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მასზე და უსაზღვრო ძალა და ენერგია შეალია მის სრულყოფას. ისე განიცადა საკუთარი ნახატის ასე უმოწყალოდ მოშთობა, გული აიცრუა ხატვაზე. ისე გავიდა რამდენიმე წელი, ფუნჯი ხელში არ აუღია. გარდა ამისა, გადაჭრით თქვა უარი 1793 წლის გამოფენაში მონაწილეობაზე. ამ ტილოს დაწვა მის ტრაგედიად იქცა. ამბიციურ ხელოვანს იმედი ჰქონდა, ამ მონუმენტური ნაშრომის წყალობით დაიმკვიდრებდა ისტორიული მხატვრის სახელს, მაგრამ თვალის დახამხამებაში განქარდა მისი ოცნება.
თანამედროვე ეპოქაში მოღვაწე ფერმწერი, გაბრიელა გონსალეს დელოსო, ისე აღავსო შთაგონებით მისი ცხოვრების ამ დრამატულმა ეპიზოდმა, ლაბილ-გიარის ხსოვნას უძღვნა ტილო, სახელწოდებით: „ადელაიდ ლაბილ-გიარის შედევრის დაწვა“. მასზე გამოსახულია ეს მეტად ტრაგიკული სცენა: აგიზგიზებულ ცეცხლში ჩაგდებული ნამუშევარი, მოზეიმე კაცები, სიხარულს რომ ვერ ფარავენ და საკრავს აჭყვირებენ, მწუხარებით გულმოკლული და თითქმის შეღონებული ადელაიდი, რომელიც, სადაცაა, მიწას დაენარცხება. განადგურებულ ხელოვანს სხვა მხატვარი ქალი იკრავს გულში. ნახატის კომპოზიცია იმდენად მკვეთრი და ექსპრესიულია, მნახველი საოცარი სიმძაფრით შეიგრძნობს, რას განიცდიდა ლაბილ-გიარი და როგორ გოდებდა საკუთარი შედევრის ფერფლად ქცევისას. გრძნობს მის გულდამწველ ნაღველს, დარდს, უნუგეშო მწუხარებას.
მართალია, რეპრესიებს გადაურჩა, ყოველთვიური შემწეობა (2000 ლივრი) დაუნიშნეს და სახელოსნოც კი მოუწყვეს „Institut de France“-ის ნაგებობაში, მაგრამ 54 წლის ხელოვანს საბოლოოდ შეერყა ჯანმრთელობა და 1803 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა.
აი, ასეთი ცხოვრება გალია ამ დიდმა ხელოვანმა, რომელიც უებრო ნახატებს ქმნიდა და ამავე დროს, დაუღალავად ებრძოდა აკადემიურ სივრცეში გაბატონებულ სექსიზმს, მხატვარი ქალებისადმი ყოველდღიურად გამოვლენილ მიზოგინიას, მათ შესახებ დაწერილი ფემინოფობიური პამფლეტების გავრცელებას; რომელიც თავისი ცნობილი ავტოპორტრეტითაც კი ხელოვან ქალთა საკადრისად წარმოჩენას ისახავდა მიზნად და აპროტესტებდა, აკადემიები ასეთ დაბრკოლებებსა და ბარიერებს რომ უქმნიდნენ მათ და განგებ ამცირებდნენ წევრ ქალთა რაოდენობას; რომელმაც ბრძოლა გადაიტანა იმისათვის, რათა ლუვრის შენობაში სახელოსნო გამოეყოთ მისთვის, პეტიციაც დაწერა, მაგრამ ხელმძღვანელმა მამაკაცებმა უარი მოახსენეს და უთხრეს, მხატვარი ქალებისა და მათი შეგირდი ყმაწვილქალების აქ ყოფნა დიდ სკანდალს გამოიწვევსო; რომლის შესახებაც მიზოგინები ამბობდნენ, უნიჭოა და საყვარელი კაცი უხატავს ნახატებსო; რომელიც მონარქისტული და რევოლუციური საფრანგეთის ქარ-ცეცხლში გაეხვა და ქება-დიდება დაიმსახურა როგორც გულმხურვალე როიალისტებისაგან, ასევე, რადიკალი რესპუბლიკელებისაგან; რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ არასოდეს აკმაყოფილებდა უდიდესი მიღწევები და წარმატებები, არ ზოგავდა თავს და მუდამ ესწრაფვოდა სრულყოფილებას; რომელიც ფემინისტი იყო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც; რომლის წინაშეც ყველა მხატვარი ქალი ვალშია, რამეთუ სწორედ ადელაიდმა იბრძოლა, რათა გაეუქმებინა ქალთათვის დაწესებული აკრძალვები; რომლის უკვდავი შემოქმედებაც საუკუნოდაა დავანებული ხელოვნების ოქროს ფონდში, მსოფლიოს უთვალავ მუზეუმშია მიმოფანტული და დღესაც აღავსებს შთაგონებით იმ ადამიანებს, რომელთაც ხელოვნების სამყაროში ადგილის დამკვიდრება განუზრახავთ.