საქართველოში აღდგენით მართლმსაჯულებას არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს.
ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული ზიანი, საჭიროებები, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ზიანის გამოსწორებისა და ურთიერთობის აღდგენის პროცესი მოიცავს მხარეთა ჩართულობას როგორც კანონდამრღვევისა და დაზარალებულის, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თემის მხრიდან.
რას გულისხმობს აღდგენითი მართლმსაჯულება, რატომაა ის მნიშვნელოვანი, როგორია ქართული პრაქტიკა; რა პერსპექტივა აქვს აღდგენით მართლმსაჯულებას ქვეყანაში და რა გამოწვევებია ამ გზაზე; როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება? – ამის შესახებ დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტის დამფუძნებელი ლადო ჯავახიშვილი გვესაუბრება:
აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფცია მორგებულია დაზარალებულის, დანაშაულის ჩამდენისა და მთლიანობაში საზოგადოების ინტერესებზე, ანუ ვერ მივიღებთ ჩვენ სრულად აღდგენით პროგრამას, თუ ყველა ამ მხარის ინტერესი არ იქნება გათვალისწინებული და მათი ჩართულობა – უზრუნველყოფილი.
პროგრამებამდე რომ დავიყვანოთ, აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი პროგრამების ჯგუფია მედიაციის ჯგუფი, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება, როგორც ალტერნატიული ზომა. არის ქვეყნები, სადაც მედიაცია გამოიყენება სასჯელის პარალელურად. ის არ იწვევს სასჯელისგან გათავისუფლებას და უფრო მეტად დაზარალებულის ინტერესებზეა მორგებული.
მეორე ჯგუფად შეგვიძლია, განვიხილოთ კონფერენციების პროგრამების ჯგუფი, რომელშიც შედის ადამიანების უფრო ფართო წრე. თუ მედიაციაში გვყავს მხოლოდ სამი აქტორი – დაზარალებული, დანაშაულის ჩამდენი და მედიატორი, კონფერენციის შემთხვევაში უკვე გვყავს მხარდამჭერი. ეს შეიძლება, იყოს მართლმსაჯულების ორგანოს, თემის ან რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი და ა.შ.
პროგრამების მესამე ჯგუფი არის წრეების მეთოდი. ესეც კონფერენციის მსგავსია, მაგრამ შესაძლოა, ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდეს.
ამ სამივე ჯგუფის მთავარი მიზანია კონკრეტული დანაშაულის გააზრება მის მიერ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დაზარალებულის ინტერესების დაკმაყოფილება, ანუ უნდა მივაღწიოთ გარკვეულ შეთანხმებას, პროცესის დასრულების შემდეგ.
როგორია აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული პრაქტიკა?
აღდგენითი პროგრამები საქართველოში 2010 წელს დაიწყო, თუმცა ეს იყო უფრო ჩანასახი ამ ღირებულებებისა და კონცეფციის დანერგვისა; ეს იყო არასრულწლოვანთა პროგრამები განრიდების ნაწილში, რომელშიც ასევე შემოვიდა მედიაცია კომპონენტად, შემდეგ კი ნელ–ნელა განვითარდა – 2013 წელს დასრულდა საპილოტე პერიოდი, 2014 წელს გაიარა პირველი რეფორმის ტალღა და უკვე 2016 წელს, როცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამოქმედდა, სრულფასოვნად დაინერგა განრიდების სისტემა.
მათ შორის, უკვე კოდექსშიც გაჩნდა ჩანაწერები, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება მთლიანად აღდგენითი მართლმსაჯულების ღირებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
აღდგენითი მართლმსაჯულება, ზოგადად, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უფრო მეტად არის ხოლმე ორიენტირებული დაზარალებულის ინტერესებზე. საქართველოში ეს ცოტა სხვაგვარად წარიმართა და ჩვენი პროგრამები, უმეტესწილად, ორიენტირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე. რა თქმა უნდა, აქ დაზარალებულის ინტერესებიც არის გათვალისწინებული, ის პროცესში ჩართულია, თუ სურვილი აქვს, მაგრამ მაინც ეს პროცესი წარიმართება, როდესაც არასრულწლოვანი ჩადის დანაშაულს. დაზარალებულს საქართველოში თავად მედიაციის მოთხოვნის საშუალება არ აქვს, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ საპილოტე პროგრამებს.
როგორია აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების პერსპექტივა საქართველოში?
ძალიან დიდი განვითარების პერსპექტივა აქვს ამ პროგრამებს, თუ გახდება საყოველთაო, არ იქნება საცდელ რეჟიმში და ყველა დაზარალებულს ექნება წვდომა, საშუალება და უფლება, ისარგებლოს აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამებით.
პირველი, ალბათ და უპირატესი განვითარების ადგილი ამ სისტემისთვის არის სწორედ დაზარალებულისთვის თვითმიმართვის უფლების მიცემა, ვინაიდან, ვინც მიიჩნევს საჭიროდ, რომ მედიაცია სჭირდება და სურს, დაელაპარაკოს მის მიმართ დანაშაულის ჩამდენ ადამიანს, ეს საშუალება უნდა ჰქონდეს.
მეორე მხრივ, საინტერესო განვითარების პერსპექტივაა პრობაციის სისტემაში, პენიტენციურ სისტემაშიც, სადაც მსჯავრდადებულთა რეაბილიტაციისა და დანაშაულის გააზრების მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროგრამების დანერგვა.
ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვან დაზარალებულთათვისაც აღდგენით სისტემაზე წვდომის საშუალება. ჩვენი ორგანიზაცია – დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტის ფარგლებში სწორედ დაზარალებული ბავშვების უფლებებზე ვმუშაობთ. კერძოდ, იმისთვის, რომ შეიქმნას პოლიტიკის დოკუმენტი დაზარალებული ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივად, რამდენიმე ერთეული საკანონმდებლო ჩანაწერის გარდა, ამ მიმართულებით არაფერი არ არსებობს და, რაც მთავარია, არ არსებობს არანაირი სარეაბილიტაციო სერვისი. ჩვენ თუ ვხედავთ, რომ არასრულწლოვან მსჯავრდადებულს ვაწვდით უამრავ სერვისს, იქნება ეს სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის თუ ა.შ. არასრულწლოვანი დაზარალებულების შემთხვევაში ასეთი რამ, ფაქტობრივად, არ ხდება, გამონაკლისია კონკრეტული დანაშაულის მსხვერპლი ბავშვები.
ამ პროექტის მთავარი მიზანი იქნება, არასრულწლოვანებთან მიმართებაში გამოვავლინოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს და შევთავაზოთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს, არასამთავრობო სექტორს ის შესაძლებლობები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს დაზარალებული ბავშვების უფლებები აღდგენითი მართლმსაჯულების ღირებულებებსა და კონცეფციაზე დაყრდნობით.
რა გამოწვევებს ხედავთ ამ გზაზე?
საზოგადოების მხრიდან მიმღებლობა – აქ გამოწვევები ნამდვილად არის. მთლიანობაში, აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფცია საქართველოში (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში) შეიძლება, ითქვას, ისეთი სისწრაფით ვეღარ ვითარდება, როგორც ეს ვითარდებოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესებში, სადაც ძალიან სწრაფად მივიღეთ ძალიან გამართული, კარგი და საინტერესო პროგრამები, თუმცა შემდეგ უკვე, როცა ზრდასრულებშიც დაიწყო განვითარება, იმდენად დიდი ინტერესი არ გამოუწვევია არც პირობით მსჯავრდადებულებში, არც საპატიმროში და არც საზოგადოების მხრიდან მოჰყოლია ამას განსაკუთრებული ინტერესი.
როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ, გარკვეულწილად, ჩვენი საზოგადოება დასჯისკენ ორიენტირებული საზოგადოებაა, რომელიც ხშირად მკაცრ სასჯელზე ორიენტირდება – ყოველთვის უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი გამოყენებული, მაგრამ რეალურად რომ დავაკვირდეთ, კვლევებს, მათ შორის, ევროპაში წარმოებულ ძალიან ბევრ კვლევას, განსაკუთრებით არასრულწლოვანებთან (მათ შორის, ზრდასრულებთანაც), არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ ბევრ შემთხვევაში, მკაცრი სასჯელი არ არის კონკრეტული შედეგის მომტანი. ამან შეიძლება მოკლევადიანი შედეგი მოგვიტანოს, მაგრამ მას თუ არ ახლავს რესოციალიზაციის პროგრამები, რეაბილიტაციის პროგრამები, თუ არ მუშაობს სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სპეციალური გუნდი მსჯავრდადებულთან, პენიტენციურ დაწესებულებასა და მართლმსაჯულების სისტემაშიც, განმეორებითი დანაშაულის რისკმა შეიძლება მოიმატოს კიდეც, არამცთუ დაიკლოს.
მეორე, რაც შეიძლება იყოს ამის განმაპირობებელი, არის ის, რომ საზოგადოებას ნაკლებად აქვს ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ და ნაკლებად აქვს ინფორმაცია, რამდენად მუშაობს, რამდენად ეფექტიანია და რამდენად საინტერესო მასში ჩართულობა. საქართველოში დაზარალებულების გამოკითხვამ, შესაბამისი უწყებების მიერ, ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს პროცესი არის წარმატებული. ის, ვისაც მიეცა ჩართვის საშუალება, ყველა გამოთქვამს ძალიან დიდ კმაყოფილებას. იქიდან გამომდინარე, რომ, ერთი მხრივ, მიიღო მორალური ზიანის ანაზღაურება, მოისმინა გულწრფელი მონანიება იმის მხრიდან, ვინც დანაშაული ჩაიდინა და, მეორე მხრივ, ზიანის ანაზღაურების პროცესი ბევრად უფრო მარტივად წარიმართა, ვიდრე, ვთქვათ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
როგორია აღდგენითი მართლმსაჯულების საერთაშორისო პრაქტიკა და რა ტიპის გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?
წლების განმავლობაში ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება დაგროვდა ამ მიმართულებით. მთავარი არის ის, რომ სწორად ვიპოვოთ ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები კომპონენტები სხვა ქვეყნებში დანერგილ პროგრამებში და ის კომპონენტები სწორად ავიღოთ. ეს მოხდა სწორედ არასრულწლოვანთა განრიდების შემთხვევაში, ეს არ არის პირდაპირი ასლი, ეს არის შეჯერებული რამდენიმე ქვეყნის წარმატებული გამოცდილებიდან აღებული ყველაზე წარმატებული კომპონენტები და მორგებული ქართულ სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ საჭიროებებზე.
იგივეა, ალბათ, საჭირო, აქაც რომ გაკეთდეს. პირდაპირ მაგალითად ნორვეგიის მოდელს ვერ გადმოვიტანთ – ნორვეგიაში ეს არის დაფუძნებული მოხალისეობრივ კულტურაზე. იქ მედიატორი არ არის გადამზადებული, არ გადის მომზადების განსაკუთრებულ პროგრამას მაშინ, როდესაც ჩვენთან 25 სრული დღე უნდა გაიაროს ტრენინგი საიმისოდ, რომ მედიატორად მუშაობის საშუალება მიეცეს. ნორვეგიაში ეს არის მოხალისეობრივი. შეუძლია, გაიაროს რამდენიმესაათიანი ტრენინგი და ეს არის სათემო კულტურის ნაწილი. ნორვეგიაში მიიჩნევენ, რომ ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იყოს მოდერატორი, რათა იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს კონფლიქტებს და თავადაც, როცა აღმოჩნდება კონფლიქტურ სიტუაციაში, სწორად შეძლოს კონფლიქტის მართვა.
არის ქვეყნები, სადაც მთლიანად სათემო ორგანიზაციები წარმართავენ ამ პროგრამებს და იღებენ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებას. არის ქვეყნები, სადაც ამას ცენტრალიზებულად ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და არის ქვეყნები, სადაც ამას მთლიანად, ცენტრალიზებულად, სახელმწიფოები იღებენ თავზე.