სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი, ჯერჯერობით, არ დასრულებულა და ეს საქართველოსთვის კიდევ ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. 2020 წლის ომი ჩვენს ქვეყანას ასცდა, მაგრამ, სანამ კონფლიქტი ბოლომდე არ დასრულდება, არ არსებობს გარანტია, რომ არ შეგვეხება.
ბოლოდროინდელი გამწვავება, რომელმაც ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა, იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ კონფლიქტში ირანის ჩაბმის ალბათობაც გაზარდა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (ირანის ყველაზე დიდი და ელიტარული სამხედრო ძალა) მობილიზაცია გამოაცხადა. ეს მოხდა რუსეთის პასიურობის ფონზე.
როგორც ცნობილია, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდეკაბე) წევრია და როცა უშუალოდ მას ებრძვიან (არა ყარაბაღის ტერიტორიაზე), წესით, სამხედრო დახმარება უნდა მიიღოს, მაგრამ ასე არ მოხდა. რუსეთს, ოდეკაბეს უპირობო ლიდერსა და ბურჯს, კავკასიური საქმეებისათვის არ სცალია, უკრაინასთან არც ისე წარმატებულად მიმდინარე ომის ფონზე.
არის სხვა ფაქტორებიც, რომელთა გამოც რუსეთმა თავი არ შეიწუხა – აზერბაიჯანსა და მის უკან მდგარ თურქეთთან დაპირისპირება იოლი არ იქნება. გარდა ამისა, მოსკოვში არასოდეს მოსწონდათ პაშინიანი და მისდამი განწყობა, ცხადია, არ შეცვლილა.
მაგრამ, თუკი რუსეთს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ სურს (და არ შეუძლია) ჩარევა, ეს შეიძლება, ირანმა გააკეთოს, რომელთანაც დასავლეთისგან იზოლირებულ რუსეთს მეტად კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. მით უმეტეს, რომ ირანს აქვს ინტერესი რეგიონში – მას არ აწყობს არც თავისი ისტორიული მეტოქის (თურქეთის) გაძლიერება და არც თუნდაც მხოლოდ აზერბაიჯანის შემდგომი წარმატებები, რადგანაც ამან შეიძლება, ირანში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების სეპარატისტული განწყობა გააღვივოს.
ამ ფონზე შედგა ნენსი პელოსის საკმაოდ მოულოდნელი ვიზიტი ერევანში. ვაშინგტონში, ცხადია, ნამდვილად არ აწყობთ კავკასიაში ირანელთა გამოჩენის პერსპექტივა. მართალია, ბოლო სომხურ-აზერბაიჯანული გამწვავება მალე დაცხრა, მაგრამ არავინ იცის, როდის იფეთქებს ის ხელახლა. აზერბაიჯანი ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს და სრულიად ლოგიკურია, რომ ყარაბაღის სრულიად დაბრუნების საქმის ბოლომდე მიყვანა სცადოს.
ვიზიტმა გააჩინა იმედები ერევანში (და მის გარეთაც), რომ ამერიკამ ბოლოს და ბოლოს მოიცალა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისათვის და ახლა როცა რუსეთს არ სცალია, შეიძლება, ახლად წარმოქმნილი ვაკუუმი შეავსოს. მით უმეტეს, რომ სომხური საზოგადოება რუსეთით იმედგაცრუებულია და ასეთ პერსპექტივას ნამდვილად მიესალმება.
სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. რამდენად რეალისტურია ერევნის დასავლეთისაკენ გადახრა იმ პირობებში, როცა სომხეთის ტერიტორიაზე კვლავაც დგას რუსული სამხედრო ბაზა და როცა რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა სომხეთზე კვლავაც ძალიან დიდია (რად ღირს მხოლოდ ის ფაქტი, რომ სომხეთის მთელი ენერგოსისტემა მოსკოვის ხელშია).
ეს სერიოზული ფაქტორებია, მაგრამ ამავე დროს ისიც ცხადია, რომ რუსეთი სუსტდება. გარდა ამისა, კვლავაც არსებული რუსული გავლენის მიუხედავად ამერიკას აქვს ერთი დიდი ბერკეტი. ეს არის მისი რბილი ძალა, რომლის მეშვეობითაც შეუძლია სომხური საზოგადოების მობილიზება რუსეთის წინააღმდეგ და, სულ ცოტა, მოსკოვისთვის აქ სერიოზული დისკომფორტის შექმნა.
ამ საკმაოდ რთულ სურათში დიდი მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანის მომავალ გეგმებს. როგორც უკვე ვთქვით, ბაქოს ექნება ცდუნება, საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მაგრამ ამავე დროს აზერბაიჯანის მთავრობა, წესით, უნდა აცნობიერებდეს, რომ სომხეთზე ზედმეტმა დაწოლამ შეიძლება საქმე გააფუჭოს. ამ ეტაპზე ერევანს ამერიკული პირდაპირი სამხედრო დახმარების იმედი ვერ ექნება და აზერბაიჯანის მხრიდან მორიგი დიდი შეტევა ერევანს მხოლოდ უფრო მეტად უბიძგებს მოსკოვისა და თეირანისკენ. არაა გამორიცხული, ამას პაშინიანის დამხობაც მოჰყვეს. მასზე უფრო კონსტრუქციული ლიდერი კი ერევანში, ალბათ, რთულად მოიძებნება.
ბაქოში, წესით, იმასაც მშვენივრად უნდა ხვდებოდნენ, რომ, თუკი უკრაინაში ომი მიმდინარე სცენარით გაგრძელდა, რუსეთი ახლო მომავალში კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს. ეს უფრო გაუხსნის ხელ-ფეხს ბაქო-ანკარას ტანდემსაც და ამერიკულ რბილ ძალასაც სომხეთში. ასე რომ, სიჩქარე საჭირო არ არის. აჯობებს დალოდება, ერევანთან მოლაპარაკებები და რაიმე კომპრომისის გამოძებნა. სწორედ აქ უნდა ჩაერთოს უფრო აქტიურად ვაშინგტონი. თუკი მას ამ ეტაპზე კავკასიაში სამხედრო ჩარევა არ შეუძლია, ეს დიპლომატიითა და (ისევ და ისევ) რბილი ძალით უნდა დააკომპენსიროს.
თუკი ყველაფერი ამ ოპტიმისტური სცენარით წავა, სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებებისათვის ყველასთვის მისაღებ ადგილად, ცხადია, თბილისი რჩება. საქართველო ის მოთამაშეა, რომელიც თავიდანვე მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა ამ კონფლიქტში და არანაირი ინტერესი არ აქვს, რეგიონში მშვიდობის დამყარების გარდა.