გაიხსნება თუ არა თეატრალური დარბაზები აპრილიდან?
კორონავირუსის გამო დაწესებულმა აკრძალვებმა და დაგუბებულმა არაშემოქმედებითმა ენერგიამ, როგორც ჩანს, იძულებითი სიმშვიდის კალაპოტი მაინც გაარღვია. მთელ მსოფლიოში უკვე კარგა ხანია, დაიწყო მსახიობების, რეჟისორების, ფესტივალების დირექტორების, მუსიკოსების, მენეჯერებისა და არტთან დაახლოებული სხვა პერსონების მოქმედება-მოძრაობა აკრძალვებიდან თავის დასაღწევად ან მის გასაუქმებლად. ბევრი თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, აკრძალვებსა და თავისუფლებას შორის რაიმე გამოსავალი მოძებნოს და დარბაზები მაყურებლით ცოტა მაინც შეავსოს.
ამჟამინდელი კრიზისი გვიჩვენებს, თუ რამდენად მოწყვლადი და დაუცველია ჩვენი ეკონომიკური და სოციალური სისტემები, მაგრამ ეს ასევე მოულოდნელად აღვიძებს ხანგრძლივად დავიწყებულ, უტოპიურ დაპირებებსა და შესაძლებლობებს: ვინ არიან არტისტების მოკავშირეები სამართლიანი საზოგადოებისთვის ბრძოლაში? ესმის თუ არა მოქალაქეს და აფასებს თუ არა ამ ბრძოლას? რა სარგებლობა მოაქვს კრიზისის დროს რეფორმებს, თუ სისტემის ჩამონგრევა მაინც გარდუვალია? სად დგას ხელოვანი და სად არის მაყურებელი, როდესაც კრიზისია ანუ ნულოვან წერტილში ვბრუნდებით? როგორ უნდა შეიქმნას ასეთ პირობებში აწმყოს მაუწყებელი ხელოვნება?
ბუნებრივია, ეს ყველაფერი გაცილებით დრამატულად ეხება საქართველოში არსებულ არტგარემოს, სადაც სოციალურად მოწყვლადი არტჯგუფები წარმოუდგენლად მეტია, ვიდრე დასავლეთში. მით უმეტეს, როდესაც იქ სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაცია თითქმის ყველა ჯგუფს შეეხო – როგორც თეატრებს, საგამოფენო სივრცეებს, საკონცერტო დარბაზებს, ისე დამოუკიდებელ არტისტებს, თეატრალურ თუ მუსიკალურ ჯგუფებს.
ახლახან მიღებული სამთავრობო განკარგულების გათვალისწინებით, საქართველოში თეატრები ერთი წლის შესვენების შემდეგ, მუშაობას აპრილიდან განაახლებენ, 15 მარტიდან კი რეპეტიციები ოფიციალურად დასაშვები გახდება. მიუხედავად გახსნის მოლოდინისა, სამთავრობო რეგულაციებისა და რეკომენდაციების გარკვეული ბუნდოვანება შეკითხვებს ბადებს. მით უმეტეს, რომ თავად თეატრებისა თუ საკონცერტო დარბაზების ხელმძღვანელები არ ფლობენ ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას, როდის და რა პირობებით გაიხსნება თეატრები.
კრიზისების, ომებისა თუ ჟამიანობისას თეატრის ტრანსფორმაციის იდეა არახალია. ასე იყო შავი ჭირითა და პანდემიებით გადატვირთულ შუა საუკუნეებში. ასე იყო ელისაბედის დროის ინგლისში, ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში. ომები, კრიზისები და პანდემიები ყოველთვის ისეთ გარემოს ქმნიდა, როცა მუზების დადუმება უფრო ადვილი იყო, ვიდრე მათი მღელვარე ხმაური.
როგორც ჩანს, აკრძალვის „ჯადო“ მალე მოიხსნება და ადამიანები თეატრში, მუზეუმებსა და საკონცერტო დარბაზებში სიარულს, ბოლოს და ბოლოს, შეძლებენ. თუმცა საამისოდ მათაც და ამ სივრცეების მფლობელებსაც შეზღუდვებისა და აკრძალვების ურიცხვი რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ. შეგახსენებთ ჯანდაცვის სამინისტროსა და შრომის პირობების დეპარტამენტის მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში მიღებულ რეკომენდაციებს შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურის ღონისძიებების შესახებ (ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანება № 01-227, კერძოდ, 25-ე დანართი).
- სპექტაკლების, კონცერტებისა თუ სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.
- თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე.
- შიდა სივრცეში ადმინისტრაციამ დაახლოებით 4-5 კვადრატულ მეტრის ფარგლებში ორ ადამიანზე მეტი არ უნდა დაუშვას და სივრცე ისე უნდა მონიშნოს, რომ არ მოხდეს რამდენიმე ადამიანის კონცენტრაცია.
- დახურულ სივრცეში სტუმრები და მაყურებლები მხოლოდ ნიღბებით დაიშვებიან.
- სარეპეტიციო სამუშაო გრაფიკი უნდა შედგეს ისე, რომ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის წევრები არ იმყოფებოდნენ უშუალო კონტაქტში ერთმანეთთან.
- სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არ აღემატებოდეს ორ საათს.
- ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ ცვლებს შორის ინტერვალი – მინიმუმ 1-1,5 საათი. ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2-მეტრიანი დისტანცია.
- გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია. მაქსიმალურად უნდა შემცირდეს რეპეტიციების, კონცერტებისა და სპექტაკლების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა.
ვიდრე რეგულაციები მოიხსნება და თეატრალური დარბაზები გაიხსნება, ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს. პრობლემა უკვე სოციალური ქსელებითაც აქტიურად განიხილება. „ფეისბუკზე“ შეიქმნა საკომუნიკაციო ჯგუფი – „თეატრი, რეგულაციები და რეკომენდაციები“, რომელშიც თეატრის დირექტორები, რეჟისორები, მენეჯერები, მსახიობები, თეატრის კრიტიკოსები თუ ჟურნალისტები გაერთიანდნენ. ალბათ, საინტერესოა რამდენიმე მოსაზრების გაცნობაც.
ეკა მაზმიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის გენერალური დირექტორი: „სანამ რეგულაციების განხილვაზე გადავალთ, კითხვები მაქვს:
1. რომელ საათზე დავნიშნოთ სპექტაკლები – 5-ზე, 6-ზე? თბილისის ტრეფიკი და საცობები ხომ წარმოგიდგენიათ… მოკლედ, კომენდანტის საათი ჩემთვის უმთავრესი საკითხია.
2. ტესტირების საკითხი–ჩვენდა,მგონი, ყველა თეატრს, გადმოგზავნილი გვქონდა სიები მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით, თანაც ჯერ კიდევ სექტემბერში. ხომარიცით, თეატრის გახსნასთან დაკავშირებით ეს საკითხი აღარ განახლდება?
3. ვაქცინა ვერაფრით მივიღეთ, ვერ„ჩამოვასხით“და როგორ ვიხსნებით? რა შეიცვალა ამ მხრივ?“
დათა თავაძე, სამეფო უბნის თეატრის რეჟისორი: ძვირფასო მეგობრებო, თეატრის ხალხო, ფრილანსერებო და დამოუკიდებელო დასებო… რაკი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რთული იყო ინფორმაციის მიღება თეატრისთვის დაწესებული რეგულაციების, ახალი თარიღების, ცვლილებების შესახებ და თითქმის ჭორის დონეზე, თუ ერთმანეთის პოსტებიდან ვიგებდით სიახლეებს, გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა „საკომუნიკაციო ქსელი თეატრებისთვის“, სადაც შევძლებთ კითხვების დასმას და რაღაცების სწრაფად გარკვევას, ყველამ რომ სწრაფად მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ერთმანეთს დავეხმაროთ. იმედი მაქვს, ქსელში თეატრების ხელმძღვანელებიც ჩაერთვებიან, ერთმანეთი რომ დავაკვალიანოთ ამ რთულ და უცნაურ ვითარებაში გასარკვევად“.
სოფო თორთლაძე, ფესტივალ „საჩუქარის“ გენერალური მენეჯერი: „რადგან პოსტკოვიდ ხანა ჯერ არ დამდგარა საქართველოში და საყოველთაო აჟიოტაჟი ჯერ კიდევ უვაქცინოდ დატოვებულ ქვეყანას დამნაშავის ძებნაზე მეტად გამოსავლის ძიებას ავალებს, თეატრალებმა რაციონალური შეკითხვები უნდა დავსვათ. ზუსტად ერთი თვე დარჩა, ვიდრე შემუშავდება მოკლევადიანი სტრატეგია თეატრებისა და მაყურებლის უსაფრთხოების დასაცავად: მთელ მსოფლიოში არსებობს რეგულაციების მკაცრი წესრიგი: ნიღბით თუ უნიღბოდ, გვერდით თუ რამდენიმე სკამის გამოტოვებით უნდა განთავსდეს მაყურებელი? როგორი იქნება დარბაზის დეზინფექციის განსაკუთრებული ზომები?.. როგორ, რამდენად შეძლებს (ფინანსურად) ამ ყველაფრის უზრუნველყოფას და რეგულირებას ერთ თვეში ოპერის და ბალეტის თეატრი, ფილარმონია, მუსიკალური ცენტრები, მუზეუმები, კინოთეატრები და ა.შ. რა პირობით დაიწყებს მუშაობას ფესტივალები, რომლის ვადებიც გაზაფხულ-ზაფხულს ემთხვევა? გაკეთდა თუ არა რაიმე განცხადება ან დაიწყო თუ არა თეატრების პერსონალის დატრენინგება…“