ლადო მხეიძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც დედას თავისი ორიენტაციის შესახებ გაუმხილა. მისთვის რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გაუმართლა – დედამ ის მიიღო და დღემდე მისი მხარდამჭერია. ლადო ახლა 22 წლისაა.
„აღარ შემეძლო დამალვა. დედაჩემთან იმდენად ახლო ურთიერთობა მქონდა, რომ ყოველთვის იცოდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. არაფერს ვუმალავდი, ამ ერთის გარდა. მალე ყელში ამომივიდა დამალვა და გადავწყვიტე, მეთქვა. თავიდან დაიბნა. მითხრა, რომ ფსიქოლოგთან უნდა მევლო, რათა ჩემს ორიენტაციაში დარწმუნებულიყო“, – ჰყვება ლადო.
მას შემდეგ, რაც დედა დარწმუნდა, რომ ლადო გეია და არაფერი სჭირს, იმაზე დაიწყო ფიქრი და ნერვიულობა, როგორი მომავალი ექნებოდა შვილს საქართველოში.
„ბავშვობაში მეგონა, რომ ვერ მიმიღო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რეალურად ჩემზე ზრუნავდა. განიცდიდა, რომ ამ გარემოში მომიწევდა ცხოვრება და ნერვიულობდა ჩემს მომავალზე, იმაზეც, რამდენი პრობლემა და დაბრკოლება შეიძლებოდა შემქნოდა“, – ამბობს ლადო.
მან საკუთარ ორიენტაციასთან დაკავშირებული დაბრკოლებები სწორედ დედის მხარდაჭერით გადალახა. შემდეგი გამოწვევა მისი აქტივიზმში ჩართვა იყო.
„ეშინოდა, მეუბნებოდა, აღარაფერი გაწუხებს, ჰომოფობია აღარ გეხება და რატომ გინდა, შენი აქტივიზმით ისევ შეგეხოსო. მე ამაზე სულ მქონდა პასუხი: მე გამიმართლა, რომ კარგ გარემოში ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადამიანები არ იჩაგრებიან. არ მინდა, ამ ადამიანებმა იგივე განიცადონ, რაც მე – მოზარდობისას. მინდა, დავეხმარო მათ და ჩემი სახით დავანახო ჰომოსექსუალი ადამიანი, ვინც ბედნიერია ამ ქვეყანაში, ოჯახიც იღებს და მეგობრებიც. რომ ავუხსენი, რისთვის ვიბრძვი და რატომ ვაკეთებ, მერე ეგეც გაიგო. მაგრამ სულ ნერვიულობს და განიცდის. უკვე იმდენ გადაცემაში ვიყავი, ყველა მცნობს. ამიტომ ნერვიულობს, რამე არ დამემართოს. პრაიდზეც მეუბნებოდა, მეც წამოვალ, შენ მარტო არ გაგიშვებო. ძალიან საყვარელია, ყოველთვის ცდილობს, გვერდში დამიდგეს“, – ამბობს ლადო დედაზე.
ნოემბერში კინოთეატრ „ამირანთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართული ჰომოფობიური აქცია ლადომ დედასთან ერთად გააპროტესტა. Facebook-ზე ერთობილივი ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით – „ფილმის ყურება მაინც დაგვაცადეთ“.
სხვა მშობლებთან ერთად ლადოს დედა მარტიდან ჩაერთვება „თბილისი პრაიდის“ ახალ პროექტში – „ამაყი ოჯახები“. ის ამბობს, რომ დედის 6-წლიანი გამოცდილება პროექტის სხვა მონაწილეებსაც დაეხმარება საკუთარი ოჯახის წევრების მიღებაში.
„სხვა მშობლებსაც დაელაპარაკება, აუხსნის, როგორ უყვარდეთ თავიანთი შვილები. დარწმუნებული ვარ, დედაჩემის გამოცდილება ბევრ რაღაცას შეცვლის მათში. მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ადეკვატურია, განათლებულია და თან ლექტორია, მისი ხმა მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველაფერი შეიცვალოს“, – ამბობს ლადო.
„ამაყი ოჯახები“ – იმისთვის, რომ გვქონდეს სახლი, სადაც გველოდებიან
საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების ოჯახების გაძლიერების მიზნით „თბილისი პრაიდმა“ ახალი პროექტი, „ამაყი ოჯახები“ დაიწყო. თუ თქვენი ოჯახის წევრი ლგბტქი თემის წევრია, განაცხადის შევსების შემთხვევაში პროექტში მონაწილეობას კონფიდენციალობის უზრუნველყოფით შეძლებთ.
„ამაყი ოჯახების“ წევრებისთვის შეიქმნება უსაფრთხო სივრცე, სადაც ლგბტქი ადამიანების მშობლები, დები და ძმები, ბებია-ბაბუები შეძლებენ ერთმანეთის გაცნობას, საკუთარი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებას და მეტ ინფორმაციას მიიღებენ საკუთარი ოჯახის წევრებზე. კონსულტაციის მიღება პროექტის მონაწილეებს შეეძლებათ ჯგუფურადაც და ინდივიდუალურადაც.
„ეს პროექტი დაეხმარება თითოეულ ადამიანს, გახდეს უკეთესი ოჯახის წევრი, თავიანთ ქვიარ ოჯახის წევრისთვის“, – ამბობს „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი თამაზ სოზაშვილო.
ლგბტქი ადამიანებს ქამინგაუთის შემდეგ ოჯახები ხშირად რიყავენ, თუმცა პირიქითაც ხდება ხოლმე – ოჯახი მხარს უჭერს და აძლიერებს მათ. საწყის ეტაპზე პროექტის სამიზნე ჯგუფს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებმაც ეს პროცესი გადალახეს და ოჯახის წევრი მიიღეს. პროექტის დახმარებით გაძლიერებული ოჯახები კი მათ დაეხმარებას შეეცდებიან, ვისაც მიმღებლობის პრობლემა აქვთ. პროექტში ჩართვას შეძლებენ ისინიც, ვინც ქამინგაუთის რთულ პროცესს ახლა გადის.
პროექტის ავტორები საერთაშორისო გამოცდილების შესწავლის აქტიურ ფაზაში არიან. სურთ, ოჯახების ისეთივე ძლიერი მოძრაობა ჩამოაყალიბონ, როგორიც თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – პოლონეთსა და უკრაინაშია. ცდილობენ, ამ ქვეყნების გამოცდილება ქართულ რეალობას მოარგონ. პროექტის აქტივობებიც სწორედ ჯგუფის საჭიროებებზე იქნება მორგებული. ამიტომ ორგანიზატორები წინასწარ არ აკონკრეტებენ, რა სახის აქტივობები იქნება გათვალისწინებული „ამაყი ოჯახების“ ფარგლებში.
თამაზ სოზაშვილის თქმით, საზოგადოების დამოკიდებულებების ცვლილებაში უდიდესი ადგილი უკავია მშობელთა მოძრაობას.
„სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები ერთსა და იმავეზე მოწმობს, რომ იმ ლგბტ ახალგაზრდებში, რომლებსაც ოჯახის მხარდაჭერა აქვთ, ბევრად მაღალია ბედნიერებისა და კეთილდღეობის მაჩვენებელი და ბევრად დაბალია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკი, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, იმათთან შედარებით, ვისაც ასეთი მხარდაჭერა არ აქვთ. ოჯახის მხარდაჭერის შემთხვევაში მინიმუმ 3-ჯერ დაბალია სუიციდური ფიქრები და მცდელობები. ასევე აივ-ინფექციასთან დაკავშირებული რისკები და მავნე ნივთიერებების მოხმარება. ეს რისკები რამდენჯერმე დაბალია, თუ ოჯახის მხარდაჭერა არსებობს; როცა ეს მხარდაჭერა არ არის, ეს რიცხვი იზრდება“, – ამბობს სოზაშვილი.
„ამაყი ოჯახების“ მონაწილეების პირველი შეხვედრა მარტში გაიმართება. ორგანიზატორებს სურთ, ჯგუფში 30-მდე მონაწილე იყოს. პროექტის პირველი ფაზა სექტემბერში დასრულდება. მეორე ეტაპიდან ორგანიზატორები ტექნიკური მხარდამჭერის ფუნქციას შეითავსებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მონაწილეები გაერთიანდებიან და გააგრძელებენ სხვა ადამიანების მხარდაჭერას.
„იმ ბარიერების პირობებში, რომლებსაც გარეთ ვხვდებით – სხვადასხვა ინსტიტუციაში, დაწესებულებაში, საჯარო სივრცეში… მნიშნელოვანია, რომ ოჯახი იყოს ძლიერი, რათა ამ ბარიერების მიუხედავად, ჩვენ ყველას გვქონდეს სახლი, სადაც გველოდებიან და ვუყვარვართ“, – ამბობს თამაზ სოზაშვილი.