სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
მეცხრამეტე საუკუნის ქართულ პრესაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების განხილვასა და კრიტიკას. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაკობ გოგებაშვილისა და სერგეი მესხის პუბლიცისტიკა. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის კონტინენტური ევროპის ნაწილი, თუმცა იგი მაშინაც მოაზრებული იყო გლობალური დასავლეთის მოწინავე სახელმწიფოდ.
იაკობ გოგებაშვილის პირველი პუბლიცისტური წერილი, რომელიც გაზეთ „დროებაში” 1866 წელს გამოქვეყნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას მიმოიხილავდა. იაკობ გოგებაშვილს სწამდა, რომ „მომავალი აღყვავება და სიძლიერე ამერიკის შეერთებული შტატების ბევრის მხრით დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართვის და გარდაწყდება ზანგების საქმე”.
წერილში იაკობ გოგებაშვილი განიხილავს აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონსა და კონგრესს შორის დაპირისპირებას აფროამერიკელებისთვის უფლებების მინიჭების საკითხზე. კონგრესი მოითხოვდა, რომ სამხრეთის შტატებს მას შემდეგ უნდა მისცემოდათ არჩევნებში მონაწილეობისა და კონგრესში წარმომადგენლის ყოლის უფლება, რაც ისინი სრულ სამოქალაქო უფლებებს მიანიჭებდნენ აფროამერიკელებს მისცემოდათ. ჯონსონი კი ითხოვდა, რომ კონგრესს ამ პირობის გარეშე მიეცა სამხრეთის შტატებისთვის ზემოხსენებული უფლება, რადგან მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ამერიკის გაერთიანება, ვიდრე აფროამერიკელების უფლებრივი მდგომარეობის გამოსწორება.
იაკობ გოგებაშვილი რასიზმს, მონობასა და სეგრეგაციას, რამაც აფროამერიკელები „უადამიანო მდგომარეობაში” ჩააგდო, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევდა. ავტორი აღფრთოვანებული იყო აბრაამ ლინკოლნის მოღვაწეობით, მისი კაცთმოყვარეობითა და მებრძოლი ხასიათით, რომლის წინამძღოლობითაც ჩრდილოეთის შტატებმა კონფედერაციის დამარცხებით „მთელი კაცობრიობა გააოცა და გაახარა”.
იაკობ გოგებაშვილი საზოგადოებრივ ასპარეზზე ლიბერალ-დემოკრატიული შინაარსის პროგრამით გამოვიდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი ერის მიერ მეორე ერის ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა. იგი ასევე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადოების სწრაფვას საკუთარი მოქალაქეების გათავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების მიღწევისაკენ. მაგალითები კი ამ იდეების განსავითარებლად დასავლეთის გამოცდილებიდან მოჰყავდა.
სერგეი მესხს ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ღირსებად მიაჩნდა ის, რომ შტატების მოქალაქეებს სწამდათ – ადამიანის კეთილდღეობა განათლებით იწყებოდა. ამიტომ, რაც არ უნდა გაჭირვებული ყოფილიყო ადამიანი, შვილს მაინც მისცემდა განათლებას. არსად იმდენი დაწყებითი და სახელობო სკოლა, იმდენი განათლებული, წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი არ ეგულებოდა, რამდენიც ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„[რაც აშშ-მ დამოუკიდებლობა მოიპოვა], მას აქეთ დაიწყო ამერიკის კეთილდღეობა, წარმატება და სიმდიდრე; მას აქეთ გარდასახლებულების რიცხვი კიდევ უფრო გამრავლდა. ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები დაწინავებულია სხვა განათლებულ ევროპის ხალხზე, როგორც საზოგადო განათლებით ისე სიმდიდრით, შინაური დაწყობილებით და სხვა. ასე, რომ ყოველი ევროპის ხალხი იმას ჰბაძავს ხოლმე საპოლიტიკო და საერო საქმეებში”.
სერგეი მესხი შენიშნავდა, რომ ეს სკოლები, ამერიკელი მოქალაქეების ფულითაა გახსნილი. ისინი აშენებენ სკოლისთვის შენობას, ქირაობენ მასწავლებელს.
მესხის წარმოდგენით, დასავლური განათლება გენდერულ თანასწორობას ეფუძნებოდა, იგი ქალებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად. წერილში „რა დაუკარგავთ ქალებს და რას დაეძებენ ისინი?” სერგეი მესხი გამოეხმაურა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ქალთა მოძრაობას, რომელიც იბრძვის ქალების უფლებების, მდგომარეობის და სოციალური ყოფის გასაუმჯობესებლად.
„არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ქალს საზოგადოთ იმდენი პატივისცემა და იმდენი უფლება, როგორც ამერიკაში; ისინი როგორც კაცები, სწავლობენ უმაღლესს სასწავლებლებში – უნივერსიტეტში და ზოგნი იმათგანი პროფესორებათაც არიან… დამტკიცებულია, რომ ქალი მარტო შვილოსნობისთვის, ტკბილი გრძნობებისათვის და ქვეყნიერების დასამშვენებლათ არ არის გაჩენილი, დამტკიცებულია ათასი მაგალითებით, რომ ქალის ტვინსა და ხშირათ ხელსაც, ისეთნაირათ შეუძლიათ კაცობრიობის სასიკეთო მოქმედება და მუშაობა, როგორც კაცებისას”.
სერგეი მესხი მკითხველს აცნობს იმ ღონისძიებებს, რომლითაც ქალებისთვის სამოქალაქო უფლებების მოპოვებას, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველჰყოფდნენ. უფლებების მოპოვება განათლების გაუმჯობესების და თავად ქალების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იყო. ქალთა მოძრაობამ ფეხი აიდგა წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემით. ყველაზე გაცხარებული ლიტერატურული საქმიანობა ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში დაიწყო. ნელ-ნელა მრავალი კაცი დარწმუნდა, რომ ქალებს აქვთ განათლების მიღების უფლება, თუმცა, მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობა არ იყო საკმარისი, ამიტომ ქალებმა დაიწყეს საზოგადოებებისა და გაერთიანებების შექმნა.
სანიმუშო ქვეყნად სერგეი მესხს მოჰყავს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ქალები სამაგალითო ენერგიითა და ჭკუით მოჰკიდებიან თავიანთ საქმიანობას, ამიტომაც ბევრი უფლება მოიპოვეს, რასაც არაერთი მაგალითი მოწმობდა: ქალების წილი სასოფლო სკოლების მასწავლებლებს შორის 50%-ზე მეტი იყო; არსებობდა შერეული სკოლები, სადაც ქალები და ვაჟები ერთად სწავლობდნენ და ყურადღებით უსმენდნენ ლექციებს ისე, რომ არ მომხდარა მათ შორის „არავითარი უზნეობა”. ქალები მუშაობდნენ მომრიგებელ მოსამართლეებად, პროფესორებად, ფოსტაში და ტელეგრაფში.
სერგეი მესხის შეხედულებით, ამერიკის განვითარებულობა ნაწილობრივ ქალებისთვის სამოქალაქო უფლებების მინიჭებამ განაპირობა; სადაც განათლების მაღალი დონეა, იქ ქალების უფლებრივი მდგომარეობაც გაუმჯობესებულია, ხოლო ოჯახის შექმნა სიყვარულზეა დამოკიდებული და არა მზითვის ოდენობაზე. ოჯახის საქმეებს მეუღლეები შეთანხმების საფუძველზე წყვეტდნენ და არა ერთპიროვნულად.
საქართველოსთვის მისაბაძ მაგალითად სერგეი მესხი დიდ ბრიტანეთ წარმოაჩენდა : არც ერთ „განათლებულ ქვეყანაში” ქალების მდგომარეობა ისეთი მძიმე არ იყო, როგორც ინგლისში. საქართველოს მსგავსად ბრიტანეთში წინად ფიქრობდნენ, რომ ქალების მდგომარეობა არ უნდა გაუმჯობესებულიყო, თუმცა 30 წლის წინ ჯონ სტიუარტ მილმა და ჰარიეტ ტეილორ მილმა საფუძველი ჩაუყარეს ქალთა მოძრაობას. ისინი აარსებდნენ ჟურნალებს, გამოსცემდნენ წიგნებს, იბრძოდნენ პოლიტიკური უფლებების მოპოვებისთვის. წელი არ გავიდოდა, რომ პარლამენტში თხოვნა ან განცხადება არ შეეტანათ პოლიტიკური ხმის უფლების მოპოვებისთვის. ქალების მცდელობებმა უნაყოფოდ არ ჩაიარა: მათ შეიძინეს უნივერსიტეტში სწავლის უფლება. ანალოგიურად, გერმანიაში მთავრობის და ქალთა გაერთიანებების მიერ დაარსებული უამრავი სკოლა ფუნქციონირებდა ქალებისთვის. გერმანელები მუდამ ზრუნავდნენ ამ სკოლების გამართვასა და სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებაზე.
სერგეი მესხის პუბლიცისტიკაში წინ წამოწეულია სახალხო სკოლების დაარსებისა და მოქალაქეებს შორის, გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებული, საყოველთაო განათლების მნიშვნელობა, რისი მაგალითებიც დასავლეთ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოაქვს. სერგეი მესხი და იაკობ გოგებაშვილი თვალს არ არიდებდნენ დასავლეთ ევროპაში, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ პრობლემებს, მაგრამ აქცენტს დასმულია ამ საზოგადოებების წევრების აქტიურობაზე, თვითმოქმედებაზე, რომლითაც დაძლევადია ყველა გამოწვევა.