ცნობილი ქართველი მეცო–სოპრანო ზედიზედ ორი საპრემიერო წარმოდგენით საოპერო სცენას უბრუნდება: ნეაპოლის „სან კარლოში“ ის შეასრულებს ლაურა ადორნოს პარტიას ამილკარე პონკიელის „ჯოკონდაში“, ხოლო მიუნხენის „შტატსოპერაში“ ამნერისს ვერდის „აიდაში“.
შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ორწლიანი და საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ, როდესაც ანიტა რაჭველიშვილმა რამდენიმე კონცერტი და კონტრაქტით გათვალისწინებული სპექტაკლი გააუქმა, მას ისევ ვიხილავთ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან საოპერო სცენებზე.
15 წლიანი ბრწყინვალე კარიერის ფონზე, ეს პაუზა ცხადია მოულოდნელი იყო მისი თაყვანისმცემლებისთვის, თუმცა არა თავად მომღერლისთვის, რომელმაც შვილის გაჩენის შემდეგ და ხმის გარკვეული პრობლემის გამო, უარი თქვა გასუკლ წელს რამდენიმე სპექტაკლში მონაწილობაზე. ბოლო თვეებში მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მომღერალი კარგ ვოკალურ და ფიზიკურ ფირმაშია და მალე ორ საპრემიერო წარმოდგენაში მიიღებს მონაწილეობას.
7, 10, 13 და 16 აპრილს ის ნეაპოლის „სან კარლოს“ სცენაზე, ამილკარე პონკიელის ოპერის, „ჯიოკონდას“ საპრემიერო სპექტაკლებში იმღერებს. შეიძლება ითქვას, რომ პუბლიკა ამ სპექტაკლში თანამედროვე საოპერო თანავარსკვლავედს იხილავს, რადგან მთავარ პარტიებს ანა ნეტრებკო, იონას კაუფმანი, ანიტა რაჭველიშვილი, ლუდოვიკ ტეზიე შეასრულებენ.
ოდნავ მოგვიანებით, 21, 25 და 28 აპრილს მიუნხენის „შტატსოპერაში“, ანიტა რაჭველიშვილს თავისი საოპერო კარიერის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერსონაჟთან, ამნერისთან კვლავ მოუწევს შეხვედრა ჯუზეპე ვერდის „აიდაში“. აღსანიშნავია, რომ ამ ოპერის ახალი სარეჟისორი ვერსის ავტორია ცნობილი იტალიელი რეჟისორი, დამიანო მიკელეტო, რომლის თამამი და პროვოკაციული დადგმების მიმართ ხშირად პუბლიკაც და პრესაც კრიტიკულადაა განწყობილი.
მიუნხენის ოპერაში ანიტა რაჭველიშვილს ადრეც უმღერია და მედია მას ვერდის რეპერტუარის გამორჩეულ შემსრულებლად მოიხსენიებს. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია მარკო არმილატო, ხოლო მთავარ პარტიებს ასევე თანამედროვე საოპერო სცენის ვარსკვლავები შეასრულებენ: ელენა გუსევა (აიდა), იონას კაუფმანი (რადამესი), ჯორჯ პეტენი (ამონასრო), ვიტალი კოვალიოვი (რამფისი).
რაც შეეხება „ჯოკონდას“ პრემიერას ნეაპოლის ოპერაში, როგორც პრესა აღნიშნავს, „პუბლიკა არ უნდა ელოდოს გამაოგნებელ რეჟისორულ კულბიტებს, ხოლო კლასიკური დადგმების მოყვარულებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან კოსტიუმები სპექტაკლისთვის ცნობილმა ფრანგმა მოდის დიზაინერმა, კრისტიან ლაკრუამ შექმნა“.
ახალი დადგმა ახალგაზრდა ფრანგ რეჟისორს, რომენ ჟილბერს ეკუთნის, რომელსაც ასაკის მიუხედავად, უკვე აქვს პარიზის, ლიონის, ბორდოს, ბრიუსელის საოპერო სცენებზე მუშაობის გამოცდილება. ცალკე უნდა აღინიშნოს მის მიერ დადგმული მოცარტის ოპერა „Cosi fan tutte” ზალცბურგის საოპერო ფესტივალზე. ასევე, მოცარტის „ტიტუსის გულმოწყალების“ ძალიან საინტერესო ვერსია პრაღის საოპერო სცენაზე და გლუკის „ორფეოსი და ევრიდიკე“, რომელიც ჰამბურგის „ელბფილარმონიის“ სივრცეს უჩვეულოდ მოარგო.
ნეაპოლში, პრემიერაზე პუბლიკისა და პრესის გამორჩეული ინტერესი მაინც ანა ნეტრებკოს მიმართ იქნება მიპყრობილი, რომელიც ჯოკონდას პარტიას ასრულებს. თუმცა, მისი არცთუ წარმატებული გამოსვლა „ლა სკალას“ სეზონის გახსნაზე, გასული წლის დეკემბერში (ელისაბედის პარტია ვერდის „დონ კარლოსში“) პრესისა და კრიტიკოსების განხილვის საგნად უკვე იქცა.
ენცო გრიმალდოს პარტიას იტალიელების საყვარელი გერმანელი ტენორი, იონას კაუფმანი იმღერებს, რომელიც ანიტა რაჭველიშვილის სცენური პარტნიორია დიდი ხანია. 2009 წელს, როდესაც ანიტას დებიუტი შედგა „ლა სკალაში“, კარმენის პარტიაში, მისი პარტნიორი სწორედ იონას კაუფმანი იყო. მათ ერთად მოუწევთ ასევე გამოსვლა მიუნხენის „შტატსოპერაში“, სადაც კაუფმანი რადამესს იმღერებს, ხოლო ანიტა რაჭველიშვილი ამნერისს.
ამ საოპერო პრემიერის კიდევ ერთი ვარკვლავია გამოჩენილი ფრანგი ბარიტონი, ლუდოვიკ ტეზიე, რომელიც ბარნაბას პარტიას შეასრულებს. ტეზიე დღეს მსოფლიო საოპრო სცენების ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ბარიტონია. განკუთრებით ფრანგულ და იტალიურ რეპერტუარში. ხშირად მღერის ვენის ოპერაში, ლონდონის „კოვენტ გარდენში“, მადრიდის სამეფო თეატრში, ბავარიის ოპერაში და სხვა ცნობილ თეატრებში. არის მსოფლიოს უდიდესი ფესტივალების რეგულარული მონაწილე.
„ჯოკონდას“ სიუჟეტი ეფუძნება ვიქტორ ჰიუგოს პიესას „ანჯელო, პადუის ტირანი“. სიყვარულის, ინტრიგებისა და შურისძიების ისტორია ამ ოპერაში მე-17 საუკუნის ვენეციის ფონზე ვითარდება, როდესაც მთავარი გმირი – ენცო შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგას. პონკიელის მუსიკა პერსონაჟების რთულ და დრამატულ ემოციებს გამოკვეთს, რაც საშუალებას გაძლევთ იგრძნოთ მათი ბრძოლაც, მარცხიც და ტრიუმფიც. გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პონკიელის „ჯოკონდა“ თვალსაჩინო ადგილს იკავებს მე-19 საუკუნის მრავალფეროვანი იტალიური ოპერების რეპერტუარში. ის ხშირად იდგმებოდა მეოცე საუკუნეში და დღესაც.