ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღესდღეობით ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევადაა მიჩნეული. აღნიშნული პრობლემის გაღრმავებას ხელს უწყობს მედიცინასა და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არამიზანმიმართული და არარაციონალური გამოყენება.
როგორც დარგის სპეციალისტები განმარტავენ, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ეწოდება მოვლენას, როდესაც ესა თუ ის ბაქტერია განსაზღვრული პრეპარატის მიმართ გამძლე ხდება და, შესაბამისად, ანტიბიოტიკი მასზე აღარ მოქმედებს.
ანტიმიკრობული პრეპარატები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვისაც კი გამოიყენება. უფრო მეტიც, მსოფლიო მასშტაბით მოხმარებული ანტიბიოტიკების 73% მოდის სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის სექტორზე.
დარგის სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება იწვევს რეზისტენტობის ჩამოყალიბებას, რომელიც ადამიანს შეიძლება გადაეცეს კვებითი ჯაჭვის ან თუნდაც ცხოველებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად.
ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა და კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელია დაავადების სამკურნალოდ, შედეგი უკვე აღარ მოაქვთ.
„ეს პრობლემა, მეცხოველეობასაც ეხება, მეფრინველეობას, მეფუტკრეობასაც, თევზის რეწვასაც…“
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ფარგლებში, უკვე წლებია, აკვირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტპრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევის შედეგებს.
პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე „პუბლიკასთან“ საუბარში სწორედ ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
როგორც ვახტანგ კობალაძე ამბობს, პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს სწორედ სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყების – სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევები.
მაგალითისთვის მას 2017 წლის კვლევის შედეგები მოაქვს, რომლის მიხედვითაც, აკრძალული ანტიმიკრობული საშუალებები აღმოჩნდა გამოკვლეული ცოცხალი ცხოველების (320 ცხოველი) 100%-ში.
მისივე თქმით, ოფიციალური მონაცემებით, მომდევნო წლებში ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემა კვლავ დღის წესრიგშია.
„ჩვენთვის, ფართო საზოგადოებისთვის მთავარი ინფორმაციის წყარო არის სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული კვლევები. სააგენტო იღებს ნიმუშებს და ამოწმებს როგორც ცოცხალი ცხოველებიდან, ასევე მზა პროდუქციიდან. ამ კვლევებით 2017 წელს გამოვლინდა კატასტროფული სურათი.
მომდევნო წლებში რასაც ვხედავთ, ხაზს ვუსვამ – სააგენტოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ პრობლემა მაინც მწვავედ დგას. ზოგადად, სააგენტო კი აკეთებს სხვადასხვა ტიპის კვლევას, მაგრამ ისინი მაინც არ არის საკმარისი, ანუ მისი რესურსი შეზღუდულია, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე.
ოფიციალური ინფორმაციით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ვერ გეტყვით, რეალობა როგორია. ჯერ ერთი, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები რამდენად ზუსტია, ამის გადამოწმების საშუალება არ გაგვაჩნია, მეორე – რისი გადამოწმების საშუალებაც გვაქვს, გვქონდა შმთხვევა, რომ ნაწილი მონაცემებისა საერთოდ არ ყოფილა გამოქვეყნებული, რისი გამოქვეყნებაც შემდგომში მოვთხოვეთ სააგენტოს.“
ვახტანგ კობალაძის თქმით, პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ დღესდღეობით „გლეხური მეურნეობები, მეტწილად, სახელმწიფოს კონტროლს მიღმაა“. მათზე ვრცელდება ელემენტარული, საბაზისო მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესრულების გადამოწმებაც კი ძალიან რთულია.
„ვერცერთი სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს ამდენ გლეხურ მეურნეობას. გლეხური მეურნეობის პროდუქცია კი დიდწილად იმავე ოჯახებში მოიხმარება, ვისაც ცხოველი ჰყავს, თუმცა ასევე გადის ქვეყნის მასშტაბით – ბაზარზე გადის, სავაჭრო ქსელებშიც, მაღაზიებშიც შეიძლება შეხვდე და ბაზარშიც, თვითონაც ყიდიან. ამიტომ ერთი მხრივ მათი ინფორმირებულობა და მეორე მხრივ, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შესაბამისი გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია.“
ვახტანგ კობალაძე მიიჩნევს, რომ არსებულ რეალობაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და სამართლიანი პოლიტიკის წარმოება, ასევე კვლევის მასშტაბების გაზრდა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირება, თუ რა დროს, რომელი და რა რაოდენობით ანტიმიკრობული ნივთიერებები შეუძლიათ გამოიყენონ.
2022 წელს ორგანიზაციამ მოსახლეობის ჩართულობით კამპანიაც დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა თანხის შეგროვებას მაღაზიებში გაყიდული კვერცხის ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობაზე შესამოწმებლად.
თბილისის მაღაზიებში შეძენილი კვერცხის 8 ნიმუშში შემოწმდა სამი, სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკის შემცველობაზე. ამ ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლენილა, თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულის მიუხედავად, ანტიმიკრობული პრეპარატებით (მათ შორის, ანტიბიოტიკებით) სურსათის დაბინძურება პრობლემად რჩება და ამ საკითხის მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია.
„კვლევის შედეგები გაუმჯობესებულია, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი…“
სეს-ის ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, ვეტერინარი თეა ოშხერელი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ბოლო წლებში უწყების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია.
„თუმცა ცხადია, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი და ჯერ კიდევ შეიმჩნევა ანტიმიკრობული პრეპარატების არასწორი გამოყენების ტენდენციები“,- ამბობს თეა ოშხერელი.
სტატისტიკურად რამდენად სარწმუნოა, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე უწყების მიერ მიღებული კვლევის შედეგები? თეა ოშხერელი გვპასუხობს, რომ კვლევის შედეგები სტატისტიკურად სარწმუნო მონაცემია. კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებს. მთავრობის 22-ე დადგენილება განსაზღვრავს ფორმულას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა, უფრო კონკრეტულად კი – გამოსაკვლევი ნიმუშების რაოდენობას, რაც გამომდინარეობს წინა წელს დაკლული ცხოველების ან წარმოებული პროდუქციიდან.
მაგალითისთვის, გასულ წელს სააგენტომ გამოიკვლია 1296 ნიმუში, რომელთაგანაც ნარჩენი ნივთიერება აღმოჩნდა 35-ში.
ის ყურადღებას ამახვილებს სააგენტოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, რომელთა გამოც, მისი შეფასებით, წლების განმავლობაში კვლევებმა უკეთესი შედეგები აჩვენა,- ბოლო წლების კვლევის შედეგებში ჩანს ტენდენცია, რომ იკლებს ანტიბაქტერიული ნარჩენების გამოვლენის სიხშირე.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ფერმერებს, და ზოგადად მოსახლეობასაც, არ აქვთ სრული წარმოდგენა, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ანტიმიკრობული პრეპარატების არარაციონალურად გამოყენებამ, რა მასშტაბური პრობლემა შეიძლება იყოს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გაღრმავება.
სამწუხაროდ, დღემდე პრობლემურია ის მიდგომა, რომ მეცხოველეები, ვეტერინარები და ჯანდაცვის სპეციალისტებიც კი ანტიმიკრობულ საშუალებებს იყენებენ ასეთი ლოზუნგებით: „რამე არ გამოგვეპაროს“, „რამე არ გამოგვრჩეს“, „სჯობს გავუკეთოთ, ვიდრე რაღაც დაავადება გაგეპაროს“; სწორედ ეს დამოკიდებულება და მიდგომა აღრმავებს ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემას.“
თეა ოშხერელის თქმით, უწყების მხრიდან არსებული გამოწვევის საპასუხოდ არაერთი შედეგიანი ნაბიჯი გადაიდგა, როგორიცაა, მაგალითად, ცნობიერების ამაღლების კვირეულები და ხშირი საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებსა და ვეტერინარებთან, რათა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით განისაზღვრა აკრძალული ნივთიერებები, რაც დიდწილად მოიცავს სწორედ ანტიმიკრობულ საშუალებებს და 2017 წლიდან სურსათის სააგენტო მთავრობის 22-ე დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად ყოველწლიურად მიმართავს ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ამ აკრძალული ნივთიერებების ნარჩენების კონტროლს.
თეა ოშხერელის თქმით, მონიტორინგი გარკვეულწილად უზრუნველყოფს, რომ არასწორად, არარაციონალურად არ გამოიყენონ ფერმერებმა ეს ნივთიერებები, მიღებული შედეგების შესაბამისად კი, უწყება კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას მიმართავს.
ის ყურადღებას ამახვილებს ასევე ვაქცინაციის პროგრამაზე, რაც, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი საწინდარია საიმისოდ, რომ ფერმერებმა ცხოველებში დაავადების პრევენცია ვაქცინაციის გზით უზრუნველყონ და არა ანტიბიოტიკების არაჯეროვანი გამოყენებით.
ვის ამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ „პუბლიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის მონაცემებით, ეკონომიური საქმიანობის რეესტრში რეგისტრირებულია 1323 პირველადი წარმოების ობიექტი, სადაც, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყოველწლიურად მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი – ინსპექტირება და მონიტორინგი.
მაგალითისთვის 2023 წელს სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა 32%-მდე პირველადი წარმოების ობიექტი. უწყებაში ამბობენ, რომ ბიზნესოპერატორებსა და კერძო ვეტერინარებთან სისტემატურად მართავენ შეხვედრებს ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, 2020-2021 წელს ტრენინგი გაიარა 100 კერძო და სახელმწიფო ვეტერინარმა. ფერმერებთან იმართება საინფორმაციო შეხვედრები.
უწყებაში ამბობენ, რომ ცოცხალ ცხოველებში აკრძალული ნივთიერებების მონიტორინგი ეხება ოჯახურ წარმოებასაც, თუმცა პირველადი წარმოების ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნები არ ვრცელდება ოჯახურ წარმოებაზე.
პირველადი წარმოებები ვალდებულნი არიან, აწარმოონ ჩანაწერები გამოყენებული ვეტერინარული პრეპარატების შესახებ, რომლებშიც მითითებული იქნება: ვეტერინარული პრეპარატის დასახელება და რაოდენობა, სერიის №, გამოშვების თარიღი, ძირითადი შემადგენელი ნივთიერებები, დაყოვნების პერიოდი, მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღი.
რა მიზანი აქვს ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნულ სტრატეგიას
რამდენიმე თვის წინ მთავრობამ ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა.
სტრატეგიაში ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობას.
დოკუმენტის აღნიშნულ ნაწილში აღწერილია ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით დგას დღის წესრიგში.
დოკუმენტში პრობლემურ საკითხადაა დასახელებული ის ფაქტი, რომ ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების მოხმარება და რეზისტენტობა კიდევ უფრო ნაკლებადაა შესწავლილი ვეტერინარიაში, ვიდრე ჯანდაცვის სექტორში.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პრობლემურია ისიც, რომ რომ ქვეყანაში ჯერჯერობით არ გროვდება მონაცემები ვეტერინარიაში გამოყენებული ანტიბიოტიკებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ.
2015 წლიდან დაიწყო ანტიმიკრობული მოქმედების მქონე ნივთიერებების შემცველი ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენების კვლევა ცხოველური წარმოშობის სურსათში, ხოლო 2017 წელს – ცოცხალ ცხოველებში.
2017 წლიდან 2022 წლამდე გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა 2.5-ჯერ გაიზარდა, ხოლო გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა თითქმის 10-ჯერ შემცირდა.
სტრატეგიის მიხედვით, მომდევნო წლებში მთავრობის მიზანია ვეტერინარიასა და სურსათის საწარმოო ჯაჭვში ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციის უზრუნველყოფა და გაძლიერება.
ასევე მთავრობის მიზნაია, დარღვევების ხვედრითი წილი გამოკვლეულ ნიმუშებში დროთა განმავლობაში პროცენტულად შემცირდეს.
უფრო კონკრეტულად კი, თუკი დარღვევების ხვედრითი წილი გამოკვლეულ ნიმუშებში 2022 წელს თითქმის 10%-მდე იყო, 2027 წლისთვის მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი 7%-მდე შემცირდეს, საბოლოოდ კი 2030 წლისთვის კი 5%-მდე.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სტრატეგიის შესრულება რეგულარული მონიტორინგით გაკონტროლდება; გამოქვეყნდება როგორც 6 თვის პროგრესის ანგარიშები, ასევე – ყოველწლიური, შემაჯამებელი. თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა სტრატეგიაში გაწერილი კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად სავარაუდოდ, სწორედ ამ ანგარიშებიდან გახდება ცნობილი.