სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
1880-იანი წლებიდან სისხლის ცილისწამების შემთხვევების გაშუქებისას აღარ ჩანს ხალხის უარყოფითი განწყობები და მას ცვლის ინფორმაცია, რომ ხალხი არ აღელვებულა ქრისტიანი ბავშვის დაკარგვის გამო; რომ ებრაელებს არ ადანაშაულებენ და რომ ხალხის აღელვების ამბები „მოსამსახურე პირების” მოგონილია. ანტისემიტური განწყობების არსებობა ქართველთა შორის ეწინააღმდეგებოდა, იმ დროისათვის უკვე დამკვიდრებულ შეხედულებას ქართველთა ტოლერანტობის შესახებ, რის გამოც, შესაძლოა, ყურადღების მიღმა დაეტოვებინათ სისხლის ცილისწამებისა და ებრაელების დარბევის ფაქტები.
ზაქარია ჭიჭინაძე, რომელსაც ღრმად სწამდა ებრაელების საქართველოში მშვიდობიანი ცხოვრებისა, წერდა, რომ ქრისტიანობის განმტკიცების შემდეგ საქართველოში ევროპის მსგავსად, დაიწყეს ებრაელების დევნა. თუმცა საქართველოში ამ მოძრაობას ფესვი არ გაუდგამს, რადგანაც ებრაელებს მფარველობას უწევდნენ ბაგრატიონები, რითიც ებრაელები ბევრი ცილისწამებისა და დევნისაგან თავისუფლდებოდნენ.
„ამათ ასე დარჩენა და ძველი წესების არ დაკარგვის უმთავრეს მიზეზათ ქართველ სამეფოს ჰუმანური მხარეც უნდა მივიღოთ… ეს კითხვა ერთ დროს ბ. ანტონ ფურცელაძემაც განმარტა მშვენივრად. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ საქართველოში ერთი ებრაელიც ვერ შეინახავდა თავს”.
გრიგოლ ვოლსკი რწმენის თავისუფლების ღირებულებასა და ქართველი ებრაელებისა და ქართველების საერთო კულტურულ გამოცდილებას დაეყრდნო და ენა, ტრადიციები და საერთო ზნე-ჩვეულებები ებრაელების და ქართველების ერთიანობისა და მომავალში სოლიდარობის საფუძვლად მიიჩნია.
„საქართველომ, რაც უნდა იყოს, შეიფარა და იშვილა ურიები. მათ იპოვეს აქ ახალი სამშობლო, დასახლ-კარდნენ, სცხოვრებენ აგერ რამდენიმე საუკუნეა, შეითვისეს ქართული ენა, ტანსაცმელი, ბევრი ზნე და ჩვეულება, ერთის სიტყვით გაქართველდნენ და წმინდად შეინახეს მხოლოდ თავისი სარწმუნოება. ჩვენს დროში სარწმუნოება სინიდისის საქმედ მიაჩნიათ. სხვის სინიდისის სამღვთო საგანთან არავის ხელი არა აქვს”.
ლუკა კოსტავას დაღუპვის გამო მოწყობილი პოგრომის შემდეგ დაწერილ წერილში აღშფოთებული ანტონ ფურცელაძე ახსენებს მკითხველებს, რომ ქართველების უდიდესი ღირსება საქრთველოში მცხოვრები ერებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება იყო. ფურცელაძე აღნიშნავს იმას, რომ ევროპისგან განსხვავებით, სადაც იდევნებოდნენ ერები, და განსაკუთრებით ებრაელები, ქართველები თავს იწონებდნენ შემწყნარებლობით.
„დღეს, ჩვენს განათლებულს, აწონილი გონით საქმის დამნახველს ქართველს კაცს, ამითი, ამ ნაციონალური მაღალის თვისებით მოსწონდა თავი წინაშე მთელი ევროპისა, მთელი კაცობრიობისა. იმ დროს, როდესაც საყოველთაო გახდა თითქმის მთელს ევროპაში დევნა ნაციათა და მეტადრე ებრაელთა, ჩვენ თავმომწონედ შევყურებდით ჩვენს ხალხს, რომელიც სრულიად არ გასდევდა ამ საზოგადო ფეხის ხმას და ისევ ძველებურად, ძმურად, ამხანაგურად შესცქეროდა მასთან შემოხიზნულთ ხალხთ და მათ შორის ებრაელთა…. ქუთაისის ქართველობამ… ქუთაისის ქართველმა მოსწავლე ახალგაზრდობამ (თუ ეს დასაჯერებელია!) შებღალეს ის ტრადიციული სიწმინდე ძველად მამა-პაპათაგან დაცული და შვილითი-შვილად შენახულ გადმოცემული ანდერძი. იჩინეს სიმძულვარე იმ ხალხისა, რომელიც ქართველი ერისგან განირჩევა მხოლოდ სარწმუნოებით… უგდებ ნაამბობს ყურს და კითხულობ, ნუ-თუ იმ დროს, როდესაც ჰუმანურს სწავლა-განათლებას უნდა ჩვენს გონებაში უფრო და უფრო გაეღვიძებინა და შთაენერგა კაცთ-მოყვარეობა, კაცთა შეთვისება, კაცთა თანა თანასწორობა და ძმობა – სწორედ ამ დროს დავდექით ჩვენ „გზასა წარმართთასა” და ვუღალატეთ ჩვენს დიდებულს ტრადიციას, მამა-პაპათა საქებურს ქცევას, ძმათა გატანას… გადვუდექით ქართველთა ვაჟკაცურს ქცევას და მივესიენით უიარაღო, უპატრონო ხალხს”.
ნიკოლოზ ხიზანიშვილი წერდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ებრაელებისადმი განსხვავებულ მდგომარეობას: ევროპაში ანტისემიტიზმი მძვინვარებდა, ხოლო საქართველოში ებრაელები ოდითგანვე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.
ხიზანიშვილი ბევრ სიკეთეს მოელოდა ქართველ ებრაელთა შორის განათლების გავრცელებისგან. ამის საფუძველს ისევ ქართველების გამორჩეულ დამოკიდებულებაში ხედავდა. თავის მხრივ, ებრაელებს მოუწოდებდა, რომ „მეგობრულად და კაცობრიულად” ემოქმედათ იმ ხალხში, სადაც „რამდენიმე საუკუნოების განმავლობაში ცხოვრებენ მშვიდობიანად და შეუძენიათ დიდი შეძლება… ურიებს ჩვენში საფუძველი არა აქვსთ, რომ მტრებად გვიქცეროდნენ და ჩაგვთვალონ მათი მოქმედება ჩვენში არას გზით არ გამართლდება. ეს ნიშნავს ნამდვილ ებრაულს ფანატიკოსობას და ზნეობითს სიმახინჯეს”.
საქართველოში რუსეთის იმპერიის დისკრიმინაციული კანონები ებრაელების ცხოვრებას განსაზღვრავდა. ქართველი ინტელექტუალებისთვის ქართული ტრადიციული შემწყნარებლობისა და ევროპული თანასწორობის იდეა იყო ის მთავარი საყრდენი, რის საფუძველზეც ისინი მიჯნავდნენ ქართულ რეალობას რუსეთის იმპერიის დისკრიმინაციულ კანონებისგან.
ნიკო ნიკოლაძე სახავს ალტერნატიულ გზას, რომელიც განსხვავდება რუსული მოცემულობისგან, და რომელიც აირჩია ევროპამ, აშშ-მ, ყველა განათლებულმა ქვეყანამ, სადაც ებრაელებს მისცეს კანონის წინაშე თანასწორობა, იქ მათ გამოიჩინეს დიდი ნიჭი ყველა სფეროში და ახლა ვინ გაბედავს თქვას, რომ ებრაელები ვინმეზე ნაკლები არიან. ამგვარად, ნიკოლაძე დასავლურ მოდელს გვთავაზობს: თანასწორობა კანონის წინაშე და თანაბარი ხელმისაწვდომობა საჯარო სიკეთეზე.
„…და მაშინ ნახავთ, რომ ერთი ორი თაობის შემდეგ ურიები იმნაირივე ქართველები გახდებიან, როგორიც ჩვენი შვილები იქნებიან, რომ ისინი ხეირიანად და ძმურად გამოგვადგებიან ჩვენ ჭირში და ლხინში და ეხლანდელი შეურაცხყოფის და მტრობის მაგიერ, ეხლანდელი შევიწროების და გამოხსნის მაგიერ, ძმურათ შეგვიდგებიან ჩვენ საზოგადო უღელში, თუ ჩვენ იმათ ძმურათ წილს დავუდებთ საზოგადო სიკეთეებით სარგებლობაში”.
ანალოგიური სულისკვეთება გამოსჭვივის სერგეი მესხის სტატიაში, სადაც იგი აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს ებრაელების ეკონომიკური საქმიანობა ზიანის მომტანად მიაჩნია, უნდა იზრუნოს, რომ ისინი ისეთივე სრულფასოვანი და თანასწორუფლებიანი მოქალაქეები გახნდნენ, როგორც ყველა დანარჩენი. სერგეი მესხს მაგალითად მოაქვს საფრანგეთი, სადაც ებრაელები სახელმწიფოსგან არ არიან დევნილნი, ისინი სრული სამოქალაქო უფლებებით სარგებლობენ და, ამის გამო, საფრანგეთის სახელმწიფოსა და ფრანგი ერის სოლიდარულები არიან.
„ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები და შვილის-შვილები მაინც მოესწრებიან იმ დროს, როდესაც ურიები ისეთივე თანამოქალაქენი და მოძმენი შეიქნებიან ქრისტიანებისა, როგორც ჩვენ ერთმანეთში ვართ. და ეს მოხდება, უეჭველია, მხოლოდ მაშინ, როცა კანონი და ხალხი ნამდვილ ადამიანად იცნობს, როცა არავინ მოსთხოვს, რომ მაინცა და მაინც თავიანთი ხალხოსნობა და სარწმუნოება დააგდონ და სხვა რომელიმე მიიღონ, ერთის სიტყვით, როცა იმათაც ყველა ის უფლებანი მიენიჭებათ, რაც სხვა მოქალაქეებს აქვსთ. მაშინ „ურია” საგინებელ სიტყვათ აღარ იქნება“.
ანტისემიტიზმთან ბრძოლა როგორც დაპირისპირება რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან
სახელმწიფოებრიობის არქონამ საშუალება მისცა საქართველოს, რომ პასუხისმგებლობა აერიდებინა რუსული იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე შოვინისტური და აგრესიული ანტისემიტიზმისგან. მკვლევრები მიუთითებენ, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილა პოლიტიკური მოძრაობა ებრაელების წინააღმდეგ. რუსეთის იმპერიაში ბინადრობის ზონაში მცხოვრები აშკენაზი ებრაელები რუსული სახელმწიფოს პირდაპირი სუბიექტები იყვნენ და აღიქმებოდნენ როგორც ერი ერში. ქართველმა ებრაელებმა საქართველოში შუალედური, სამშობლოს დაცული სივრცე იპოვეს.
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კიდევ უფრო მკვეთრი ხდება ქართველი ინტელექტუალების უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის იმპერიის მიმართ. რუსეთის შავრაზმელების მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით მწვავე ხდება ე.წ. ბეილისის პროცესის დროს. ამ საქმის გაშუქებისასაც ხშირად ვნახავთ ქართულ გაზეთებში იმის განმარტებას, რომ სისხლის ხმარება ცილისწამებაა, ხოლო ასეთი საქმეები სირცხვილია მეოცე საუკუნისა და შებღალვაა ქრისტიანობისა. ბეილისის საქმის დროს რუსეთის შავრაზმელების წინააღმდეგ რუსეთის საზოგადოებასთან ერთად საქართველოს ინტელიგენციაც აქტიურად მონაწილეობდა.
ბეილისის პროცესის გაშუქებისას გაზეთ „იმერეთში” თითქმის იმავეს იმეორებენ, რასაც იმეორებდა გაზეთი „დროება” სარა მოდებაძის საქმის გაშუქებისას დაახლოებით 30 წლის წინ, რომ განსასჯელის სკამზე ზის არა ერთი ბეილისი, არამედ მთელი ებრაელობა, თუმცა, ავტორის აზრით, ერთი არსებითი გარემოება არის სახეცვლილი: თუ ბრალდების მხარე ბეილისის საქმეს სისხლის ცილისწამებად აფასებს, სარა მოდებაძის შემთხვევაში, ბრალდება ამ მოტივს დაუპირისპირდა.
„ჯერ ამ 30 წლის წინათ, როდესაც ამავე საქმის გამო ქუთაისში სარა მოდებაძის ასულის პროცესი ირჩეოდა, ბრალმდებელმა სამარცხვინოთ ჩათვალა ამგვარ ნიადაგზე ბრალდება და განაცხადა, რომ ჩემთვის, როგორც ინტელიგენტისთვის, სამარცხვინოა ასეთი ცრუმორწმუნეობა ვიწამოო და ბრალდებისგან ხელი აიღო, ახლა კი ახლანდელი ბრალმდებლები თვით ქმნიან ასეთ ცრუმორწმუნეობას, თვით ქადაგებენ მას და სურთ საზოგადოებრივი აზრიც დაარწმუნონ, რომ ასეთი ცრუმორწმუნეობა არსებობს, როგორც ამ 30 წლის წინათ, ისე ახლაც”.
საკმარისია, რომ „დროებას” გადავხედოთ და გავიხსენოთ „ივერიის” კრიტიკა, ვნახავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ან ბრალდების ოქმში სადმე უარ-ეყოთ სარა მოდებაძის საქმეში სისხლის გამოყენების ფაქტი, ან თავად ბრალმდებელს ეთქვას, რომ „ჩემთვის, როგორც ინტელიგენტისთვის, სამარცხვინოა ასეთი ცრუმორწმუნეობა ვიწამოო”. ფაქტის სახეცვლილების შემთხვევას ვაწყდებით აკაკი წერეთლის მიერ ქუთაისის 1895 წლის პოგრომის (ლუკა კოსტავას საქმე) წერილში, რომელიც მომხდარიდან რამდენიმე დღეში დაიწერა. მწერალი გაზეთ „ივერიის” მიერ მოცემული ინფორმაციის საპირისპიროს ამტკიცებს: იმერლები თავს არ დასხმიან ებრაელებს, მათ მხოლოდ გუბერნატორს საქმის გამოძიება სთხოვეს. მწერალი იშველიებს თვითმხილველის, რუსი მწერლის ჩვენებას, რომ ამდენ შეკრებილ ადამიანს არაფერი უკანონობა არ უქნია, რუსეთში რომ ამდენი ადამიანი შეკრებილიყო, საპირისპირო მოხდებოდაო.
საინტერესოა, რა ფაქტორი განაპირობებდა ქართველი ინტელექტუალების ამგვარ „გულმავიწყობას”? ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს, გამორჩეულად შემწყნარებლური კულტურის ხაზგასმას, განსაკუთრებული ობერტონებით იფერება ეს საკითხი, როდესაც იგი რუსეთთან არის შედარებული:
„ის ფაკტი კი, რომ თანამედროვე რუსეთში მოიპოვება ისეთი ხალხი, მოიპოვებიან ისეთი ინტელიგენტებიც კი, რომელნიც ათასწილ მეტ ცრუმორწმუნეობასა და გონებრივ-ზნეობრივ დაქვეითებას იჩენენ, ვიდრე ისინი, რომელთაც არავითარი სწავლა-განათლება არ მიუღიათ, მარტო აი ეს ფაქტი, ეს მოვლენა ბევრად აქვეითებს რუსეთს თანამედროვე ევროპისა და განათლებული ქვეყნების თვალში და მის კულტურულ მსვლელობას ამოუშლელი, წარუხოცელი სირცხვილის დაღს ასვამს”.
გრიგოლ ფარქოსაძე ქართველებისა და ებრაელების მშვიდობიან და მეგობრულ თანაცხოვრებას იყენებს იმის მაგალითად, რომ საქართველო რუსეთზე უფრო მაღლა დგას. კერძოდ, საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ვერ ამოიკითხავთ ერთ პწკარს, – წერს იგი, სადაც კიშინოვში ან ბელასტოკში მომხდარი პოგრომების მსგავსი რამ განმეორებულიყოს. მაშინ როდესაც, საქართველოს „სახელმწიფოებრივი ისტორია” ქრისტეს შობამდე იწყება, რუსეთის კი მეცხრე საუკუნიდან, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრებას პოგრომული მიზნით დანთხეული „სისხლის ზოლი” არ დამჩნევია.
„არ უარვყოფთ, რომ წამქეზებელი და ჩვენი ამ გზაზე დაყენების მსურველი არა ერთი და ორი ყოფილა, როგორ გარეთ, ისე შიგნით, მაგრამ ქართველთა გრძნობას ასეთი მეტამორფოზა არ განუცდია და მით უმეტეს მოულოდნელია მზგავსი რამ შემდეგში. ახლა, როდესაც კულტურა წინ მიიწევს და ცივილიზაციის მსვლელობას არც ქართველნი არიან მოკლებული. დღეს საკმაოდაა გამოკვლეული – რუსეთში მცხოვრებ ებრაელთა პაგრომები უმეტეს შემთხვევაში რა რიგათ ხდებოდა და რაღა ჩვენში უღალატეს ამ პრინციპს? პირიქით, ბევრჯერ სცადეს ქართველი ერი შოვინიზმის აბებით დაეთროთ, გაებრუებიათ, მაგრამ ყოველთვის მოტყუებული გამოდიოდენ, რადგან ქართველთა თვითშეგნება, მათ ამაყი სული და მათში გამეფებული ჰუმანიური ტენდენციები ყოველთვის ამგვარ ქვეგანზრახვაზე მაღლა იდგენ და ამნაირათ, თუ ჩვენში ჩვენ ქართველებს ჯერ არავინ დაგვიჭამია და უმიზეზოთ არავინ ამოგვიხოცია, აქ რუსეთის ადმინისტრაციას და სახელმწიფოებრივ ძალა-ძლიერებას იმდენი სამსახური მიუძღვის, რამდენიც იმ მეტხორც მწერს, რომელიც ხარს რქებზე აჯდა და გაიძახოდა: „შეხედეთ, რამდენი ვიშრომეთო”.
ამ მიმართულებით ძალიან ფრთხილად ავითარებს მსჯელობას იაკობ გოგებაშვილი. იგი ეწევა წარსულის იდეალიზებას – თავისუფალი, რუსეთამდელი საქართველო მას წარმოდგენილი ჰყავს, როგორც უფრო მეტად მდიდარი და უფრო მეტად ძლიერი საზოგადოების მქონე, რომელსაც შეეძლო დაეცვა საკუთარი თავი და ისეთივე ბრძოლისუნარიანი მხედრობა ჰყოლოდა, როგორც რუსეთს ან ფრიდრიხ მეორის პრუსიას ჰყავდა. რუსეთის ირიბ კრიტიკად უნდა მივიღოთ გოგებაშვილის სიტყვები რომ ახლანდელმა გარემოებებმა საქართველო ჩამორჩენის გზაზე დააყენა:
„… ჩვენ კი იმ აზრისანი ვართ, რომ უწინ ჩვენც რანიმე ვყოფილვართ, ჩვენც გვქონია მნიშვნელობა, ჩვენცა ვრეულვართ ერთა დასში, და თუ ახლა ძლიერ უკანა ვართ ჩამორჩომილნი და დავრდომილნი, რაიმე მნიშვნელობას მოკლებული, ამის დამნაშავენი არიან ახალნი გარემოებანი, რომელთა ცვლილების შემდეგ, ჩვენი მდგომარეობაც შეიცვლება და მტკიცედ დავადგებით პროგრესის გზასა. ამ ცვლილებაზედ არის დამოკიდებული, როგორც ეროვნული წარმატება, ისე სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესობა”.
ქართულ ებრაული საუკუნოვანი თანაცხოვრების ნარატივი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს ავტონომიისა და არჩევნების კონტექსტში. 1912 წლის 17 ოქტომბრის ქალაქის არჩევნების წინა პერიოდში გაზეთი „იმერეთი” არწმუნებდა ქუთაისელ ებრაელებს, რომ მათ ხმა უნდა მიეცათ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისათვის, რომელიც მხარს უჭერდა ეროვნულ ავტონომიას საქართველოსთვის. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით გასაგები უნდა ყოფილიყო ებრაელებისთვის, რომლებიც შეწუხებული არიან ეროვნული დევნით და ამისთვის ისინი ქმნიან გაერთიანებებს ეროვნული სახის შესანარჩუნებლად. ცხადია, ავტორს არ ავიწყდება გაახსენოს ებრაელებს „საუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობა”.
„ჩვენი ეროვნული პროგრამის უკუგდება ებრაელის მიერ – ეს დანაშაულია ებრაელისა ებრაელი ერის წინაშე და ზიანია იმ დიდი ხნიდან გაჭედილ კეთილ მეზობლურ განწყობილებისათვის, რომელიც აგერ რამდენი საუკუნეა სუფევს ქართველთა და ებრაელთა შორის და რომელიც აწიც, იმედია, არ დაირღვევა… ის ებრაელი, რომელიც თავისი ერის ინტერესებს არ ღალატობს, ჩვენთან უნდა იყვეს, ჩვენს პროგრამას და ჩვენს კანდიდატურას უნდა იცავდეს”.
ეროვნულ დემოკრატიული მიმართულების გაზეთს, „იმერეთს” არ სიამოვნებს, რომ სოციალ-დემოკრატები ახსენებენ „ქუთათურებს”, ებრაელების აწიოკებას. ამაზე პასუხი გაზეთს მზად აქვს: განა შეიძლება ქართველი ერი შემოხიზნულ ერებს, როგორც მტრებს ისე უყურებდეს?
„ებრაელები [საქართველოში] ქრისტე შობამდი მეექვსე საუკუნიდან ცხოვრობენ და, თუ კი ქართველები ამ ხნის განმავლობაში არ ერჩოდენ, მეცხრამეტე საუკუნის გასულს რატომ გადაირეოდნენ?! და კიდევ ვიტყვი, რაც ბევრჯერ მითქვამს: ისტორიას არ ახსოვს, რომ ქართველებს აეწიოკებიოთ ან ებრაელები ან სომხები”.
ამავე პოლემიკის ნაწილია, ებრაელის სახელით გამოქვეყნებული წერილი, სადაც ავტორი აცხადებს, რომ ქართველებმა და ქართველმა ებრაელებმა ერთად, ძმურად უნდა იმუშაონ „საერთო სამშობლოს ბედნიერებისათვის”. წერილში ჩანს, რომ მას აწუხებს ერთი მხრივ ქართველი ებრაელების წართმეული შესაძლებლობა, რომ ქალაქის მართვა-გამგეობაში მონაწილეობა მიიღონ და ჩანს იმის შიშიც, რომ ის შევიწროება, რასაც ებრაელები რუსეთში განიცდიან საქართველოს ებრაელებზეც შესაძლოა გავრცელდეს.
ნიკოლოზ ავალიშვილი თავის მიმართვაში, რომელიც არწმუნებს სომხებსა და ებრაელებს, რომ საქართველოს ავტონომია და საშინაო საქმეების დამოუკიდებლად მართვა არ შეავიწროებს მცირე ერებს, ახსენებს ებრაელებს, რომ ისინი ქართველებთან ერთად იბრძოდნენ საქართველოსთვის. მეფეები მათ მფარველობდნენ, ხალხიც მეგობრულად ეპყრობოდა და არ ახსოვს ისტორიას, რომ ებრაელებს საქართველოში განეცადოთ მასიური დევნა და შევიწროება, რასაც განიცდიდნენ და განიცდიან „სხვა ქვეყნებში”. შესაბამისად, ის ჭირი და ვაება რაც საქართველოს გადახდომია, საქართველოში ოდითგანვე მცხოვრებ ებრაელებს უწვნევიათ საკუთარ თავზე.
„ასეთმა უკუღმართობამ, რა თქმა უნდა ქართველ ქრისტიანთა და ქართველ ებრაელთ შორის რამდენათმე უკმაყოფილება და უნდობლობა ჩამოაგდო, და თხუთმეტი წლის წინათ პროვოკაციის საშუალებით ზოგნი კიდეც ეცადენ მოეხდინათ ამ ორ მოძმე ჯგუფთა შორის შეტაკება, მაგრამ, საბედნიეროთ, პროვოკაციამ სავსებით მიზანს ვერ მიაღწია და უაზრო და საშინელი სისხლის ღვრა ძმათა შორის აცილებულ იქნა”.