ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი არტ–ტრავმები
ბერლინის კინოფესტივალის გახსნის ცერემონია და წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავთა პოზირება ცხადია, ქალაქ ჰანაუში მომხდარმა ტრაგედიამ გადაფარა. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც ბად–ვიუტენბერგის მხარის ამ პატარა ქალაქში ჩავიდა, სროლების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა: „ყველა ადამიანს ვუჭერთ მხარს, ვისაც რასობრივი სიძულვილი ემუქრება. თქვენ მარტო არ ხართ. ვიცი, რომ გერმანიაში ადამიანების უმრავლესობა გმობს ამ საქციელს და საერთოდ, დაგმობს რასიზმის ნებისმიერ ფორმას, სიძულვილსა და ძალადობას“.
სევდით გაჯერებული პაუზები, ნაკლები მუსიკა და მოდერატორისა და ცნობილი თეატრალური მსახიობის, სამუელ ფინცის დაძაბულ–პოლიტიკური ხუმრობები სხვადასხვა ენებზე – დაახლოებით ასეთი იყო „ბერლინალე პალასტში“ ფესტივალის გახსნის ატმოსფერო. ახალმა დირექტორატმა (კარლო შატრიანი და მარიეტა რისენბეკი) დარბაზში შეკრებილ პუბლიკას მიმართა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის.
ცერემონია უჩვეულოდ სერიოზული გამოდგა იმის გამოც, რომ ტერაქტის გარდა, ვიღაცამ ბერლინალეს დამფუძნებლისა და ყოფილი დირექტორის, ალფრედ ბაუერის სახელიც გაიხსენა, რომლის ნაცისტური წარსული სულ რაღაც ორიოდე თვის წინ გახდა ცნობილი. ეს ყველაფერი გერმანიის კულტურის მინისტრის, მონიკა გროტერის გამოსვლას უძღოდა წინ, რომელსაც ოპტიმისტურს ნამდვილად ვერ დავარქმევდით.
ამგვარი პოლიტიკური „ტრავმების“ ფონზე უცნაურად საამო გამოდგა არტ–ტრავმა, რომელიც საკონკურსო პროგრამის პირველმა ფილმმა მოულოდნელად მიაყენა ჟურნალისტებსა და კრიტიკოსებს. ნაკლებად ცნობილი რეჟისორის, ჯორჯო დირიტის ფილმი „მინდოდა დავმალულიყავი“ (ორიგინალური სახელწოდებაა volevo nascondermi) მეოცე საუკუნის უცნაური და გამორჩეული ხელწერის მქონე თვითნასწავლი მხატვარის, ანტონიო ლიგაბუეს (1899-1965) დრამატული ბიოგრაფიის არტისტულ–ფსიქოლოგიური ანარეკლია.
შვეიცარიიდან იტალიაში იძულებით განდევნილი პატარა ანტონიო წლების განმავლობაში მდინარე პოს სანაპიროზე, უკიდურეს სიღატაკესა და მარტოობაში ცხოვრობს. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეშე. ხატვისადმი მიდრეკილებას, იმპულსებსა და ვნებას მასში მოქანდაკე მარინო მაძაკურატი გამოაღვიძებს, რომელიც შემთხვევით ტყეში აღმოაჩენს… და ანტონიოს დაუხარჯავი ენერგია, შინაგანი და გამძაფრებული სიშლეგე, სრული მარტოობა თანადათან გადმოიღვრება მის საოცარ, ენერგიულ, გულუბრყვილო, უცნაური ვიტალიზმით გაჯერებულ ქრომატულ ხატებში.
მხატვრობის ისტორიაში როგორც წესი, დრამატულია მარტოხელა ან თვითნაბადი რევოლუციონერების ბედი. ორსაათიანი ფილმის განმავლობაში ალბათ, ხშირად გაგახსენდებათ მხატვრების შესახებ გადაღებული სხვა ბიოგრაფიული ფილმებიც: ვან გოგის, ფიროსმანის, ლოტრეკის, პოლაკის შესახებ… თუმცა ჯორჯო დირიტის ფილმში ზუსტად არის ნაჩვენებიც და მინიშნებულიც, თუ რა განსვხვავებაა თანამედროვე, გაკეთებულ, ნასწავლ, სოციალურ, გასაყიდ არტსა და თვითნაბად, ბუნებრივ, უხეშ, ბნელსა და სტიქიურ ხელოვნებას შორის.
ანტონიო ლიგაბუეს რთული ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ცხოვრება ტრასფორმირდება მის გასაოცარ ანიმალისტურ ფერწერაში. ვეფხვების, ლომებისა თუ მამლების ექსპრესიულ სამყაროში, საიდანაც ადამიანები განდევნილნი არიან როგორც მხატვრის პირველადი ფსიქიკური ტრავმების მაუწყებლები… და ლიგაბუეს ცხოველთა სამყაროს უნებლიედ, ანგარიშმიუცემლად დაუკავშირებთ თუ გაურითმავთ ფოროსმანის დათვის ბელებსაც, რუსოს მაიმუნებსაც და შაგალის მფრინავ ძროხებსაც.
სცენები დუჩეს ეპოქის ფსიქიატრიულ საავდმყოფოში, სადაც მხატვარმა რამდენიმე წელი გაატარა, ზუსტად გვიჩვენებს იმ დამანგრეველ ძალას რასაც სახელწიფო მანქანა განდევნილი და რეპრესირებული ადამიანების წინააღმდეგ იყენებს. მაშინაც კი, როცა აღიარების დრო დგება და ლიგაბუეს ნახატები კარგად იყიდება, მხატვარი მხოლოდ წითელ მოტოციკლეტს შეარჩევს და მისი გიჟური ქროლვა ბუნებაში, ბეთჰოვენის მეცხრე სომფონიის ფონზე აღიქმება როგორც ნონკომფორმისტი ხელოვანის ნამდვილი გზა.
მარტოობა, სიგიჟე და ხატვის სურვილი – ეს იყო ანტონიო ლოგაბუეს ცხოვრების წესი, რომელიც ვერც დრომ და ვერ დაგვიანებულმა აღიარებამ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი მხოლოდ ახლა დაიწყო და წინ არაერთი საინტერესო მსახიობური ნამუშევარი გველოდება, უკვე შეიძლება ითქვას, 39 წლის იტალიელი მსახიობი ელიო ჯერმანო (ვიტყოდი, ლამის ფიზიოლოგიური ხარისხის გარდასხვით) მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის „ვერცხლის დათვს“ იმსახურებს.