„მაგალითად, მარტის აქციებზე დაკავებული ადამიანებიდან სრულად არცერთი არ გაუმართლებია სასამართლოს, რაც კატასტროფაა. ფაქტობრივად, 100%-იანი გამტყუნების მაჩვენებელი გვაქვს ასეთ საქმეებზე. ამ პირობებში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, “- გვეუბნება ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) იურისტი გიორგი ტაბატაძე.
იურისტები მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წარმოებული დაკავებები და სასამართლო პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უწყობს ხელს. აქციებზე დაკავებულ ადამიანებს სასამართლო უმეტესად სამართალდამრღვევად ცნობს და სანქციის სახით ჯარიმას აკისრებს.
„სასამართლო თითქმის არასდროს იღებს გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ“
2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ბანერებზე წარწერა „ირაყლის“ და ასევე, ცარიელი ფურცლის დაჭერის გამო უფლებადამცველები და აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის შეურაცხყოფა/დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
GDI-ის თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის, რომელიც ამბობს, რომ ცარიელი ფურცელი ეჭირა, „ფონდ ღია საზოგადოების“ იურისტის, საბა ბრაჭველის, აქტივისტების – ნიკა რომანიძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა 27 სექტემბერს გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, 4 მათგანის მიმართ პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა, სამართალდამრღვევად ცნეს მხოლოდ წვრილმან ხულიგნობაში და 500 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ერთი აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნეს წარდგენილ ორივე ბრალდებაში და 2 000 ლარით დააჯარიმეს.
8 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი. სოციალურ ქსელში მაშინვე გავრცელდა და დღემდე იძებნება დაკავების ვიდეომასალა. დაკავებისას ზურა ჯაფარიძემ მიიღო დაზიანებები.
ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული წესით პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით დააკავეს. სასამართლო პროცესები ხმაურით მიმდინარეობდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება 28 ივნისს გამოაცხადა და ორივე ბრალდებული სამართალდამრღვევად ცნო წარდგენილ ბრალდებებში. ისინი 2 500 – 2 500 ლარით დააჯარიმეს.
19 მაისს აეროპორტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ, მოსკოვი-თბილისის პირველ რეისს აპროტესტებდნენ, ადმინისტრაციული წესით 6 ადამიანი დააკავეს. მათ შორის აქტივისტი ნატა ფერაძე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ სოცმედია მენეჯერი გელა ხასაია, „დროას“ წევრები შუშანა მაცაბერიძე და თათა ხუნდაძე, ასევე, პოლიტიკოსი ლევან თარხნიშვილი.
ამ შემთხვევაშიც საპროტესტო აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ დაკავებულები სამართალდამრღვევად ცნო. მაგალითად, აეროპორტთან „ფეისბუქლაივის“ დროს დაკავებულ ნატა ფერაძეს 30 მაისს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. 23 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილებით კი მოსამართლემ ლევან თარხნიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა, გელა ხასაიას კი სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
ყველა ამ საქმეს კარგად იცნობს იურისტი გიორგი ტაბატაძე. ის სხვადასხვა დროს აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების, პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა თუ მედიის წარმომადგენლების ადვოკატი იყო. განსაკუთრებით აქტიურადაა ჩართული ამ ტიპის საქმეებში 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ.
ის ამბობს, რომ აქციაზე უკანონო დაკავებების პრაქტიკა და შემდეგ სასამართლოს ე.წ. კონვეირული წესით გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები, სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებას, როგორც კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას, მოსამართლეები არ იცავენ, იზიარებენ მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას და აჯარიმებენ აქტიურ მოქალაქეებს.
„გავიხსენებ ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის საქმეს. ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში ოთხი კამერით გადაღებული ვიდეოჩანაწერები, ასევე, პარლამენტის შენობიდან გადაღებული კადრები. ჩანს, რომ ეს ადამიანები რეალურად არაფერს არ აშავებდნენ. ასევე, ის პოლიციელები, რომლებიც მერე აცხადებდნენ, რომ ჩვენ დავაკავეთ, გვაგინებდნენო, საერთოდ არ იდგნენ იქ, ყველა მხრიდან გადაღებული კამერის ჩანაწერებით ფიქსირდებოდა, რომ ეს ადამიანები იქ არ იყვნენ იმ დროს. მაგრამ ამის მიუხედავად მოსამართლემ თქვა, რომ უმისამართოდ იგინებოდნენ, პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენო და დააჯარიმა ორივე. ეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფაა,”- ამბობს ის.
ადვოკატი იხსენებს, რომ თითქმის ყველა შემთხვევა ასეთია, მათ მიაქვთ პროცესზე ვიდეოჩანაწერები, სხვადასხვა მედიიდან ამოღებული კადრები, ჰყავთ მოწმეები, მეორე მხარეს კი, ამის საპირწონედ, მხოლოდ პოლიციელის ჩვენებაა. პოლიციელებს სამხრე კამერის ჩანაწერებიც კი არ აქვთ და ამ მანკიერ პრაქტიკაზე იურისტები დიდი ხანია აქტიურად საუბრობენ.
როგორც გიორგი ტაბატაძე აღნიშნავს, სასამართლოს შეუძლია და ვალდებულიცაა კონსტიტუცია და ევროპული კონვენციის პრაქტიკა ადმინისტრაციულ კოდექსზე მაღლა დააყენოს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეუწყოს ხელი.
„შვიდი მარტის შემდეგ რა საქმეებიც მქონია მე, და არა მხოლოდ მე, არამედ ადვოკატებს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, არც ერთი მოგებული საქმე არ გვაქვს სრულად. ერთი გადაწყვეტილებაც არ არის, სადაც მოსამართლემ სრულად გაამართლა დაკავებული. ხანდახან არის შემთხვევა, როდესაც შენიშვნას აკისრებენ, თუ მაგალითად ადამიანი სოციალურად დაუცველია ან ა.შ. მაგრამ ეს რეალურად მაინც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგაა, რადგან შენიშვნა არ არის საქმის მოგება, “- ამბობს ის.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ კონტროლირებადი სასამართლოსა და პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგია, რაც ამ საქმეებთან დაკავშირებით ხდება, რადგან სხვა შემთხვევაში აუხსნელია ამგვარი ტენდენცია და ყველა საქმის წაგება.
საიაც ბოლო ანგარიშში მიუთითებს, რომ მარტის აქციების დროს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მომეტებულ შეზღუდვას ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა უწყობდა ხელს.
ორგანიზაციამ შეისწავლა და გააანალიზა 2-3 და 7-9 მარტს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 47 მოქალაქის საქმე, რომელთა ინტერესებსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარმოადგენდნენ. გაირკვა, რომ ყველა მათგანს შსს ედავებოდა ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
ამ საქმეებიდან ორივე მუხლთან მიმართებით სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა 15 ადამიანს, 4 შემთხვევაში გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა და ერთ-ერთ მუხლზე შეწყვიტა საქმის წარმოება, ხოლო ჯარიმა დააკისრა 28 ადამიანს. ჯარიმის ოდენობა, ძირითადად, მერყეობდა 2000-2300 ლარის ფარგლებში. სასამართლომ მხოლოდ 1 შემთხვევაში გამოიყენა 700-ლარიანი ჯარიმა.
„თუ გამოხატვის თავისუფლება არაა დაცული, სხვა უფლებების დაცვაც რთულდება“
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) კიდევ ერთი იურისტი და მკვლევარი, ვასილ ჟიჟიაშვილი გვეუბნება, რომ ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს ორი მთავარი სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციის ფარგლებში ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაა, მეორე – კანონები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“.
როგორც ის ამბობს, ეს კანონმდებლობა კონსტიტუციასთან ერთად საკმაოდ კარგ სტანდარტს ადგენს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ, თუმცა მათთან წინააღმდეგობაში მოდის ხოლმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი, კერძოდ, მისი ორი ნორმა, რომელიც ყველა საპროტესტო აქციაზე გამოიყენება, ეს არის 166-ე მუხლი (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლი (პოლიციელის შეურაცხყოფა/დაუმორჩილებლობა).
მიუხედავად კანონმდებლობისა, იურისტის შეფასებით, აქტივისტებისა თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქეების სამართალდარღვევების საქმეებზე გამოხატვის თავისუფლების ღირებულების დაცვა არ არის უპირატესი, რადგან ეს არ არის მიზანი და ნება ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც იწყებს ამ სამართალწარმოებას და მეორე მხრივ, მოსამართლეების, რომლებიც განიხილავენ და აჯარიმებენ აქტივისტებს.
იურისტი მიუთითებს, რომ 2021 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა და ამ ორი ტიპის სამართალდარღვევაზე ჯარიმები უფრო გაზარდა.
„ეს კი იმით განმარტეს, რომ ბევრი შემთხვევაა, როდესაც ამ მუხლებს ვიყენებთ, სტატისტიკა იზრდება, შესაბამისად, სანქციების გამკაცრებაც არის საჭიროო. ამ სანქციების გაზრდას ზოგადად შემაკავებელი ეფექტი აქვს ხოლმე ადამიანებზე, რომლებსაც სურთ გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლება. ზუსტად ეს არის მიზანი. ადამიანები, რომლებიც აქციებზე გამოდიან დაფიქრდნენ ღირს თუ არა აქციაზე გასვლა, საპროტესტო ბანერის გაშლა, სადაც შეიძლება ისეთი რამე ეწეროს, რაც არ მოეწონოს რომელიმე პოლიციელს, ან პოლიტიკურ ფიგურას და მერე პოლიციელზე მითითებით დააჯარიმონ ეს ადამიანი, “- ამბობს ვასილ ჟიჟიაშვილი.
როგორც იურისტი აღნიშნავს, ამ მუხლებს გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იყენებენ ონლაინსივრცეშიც და ამის მაგალითები საიას ანგარიშშია მოცემული.
საიას მიმოხილვაში ნათქვამია, რომ TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოსა და Facebook-ზე განთავსებული პოსტის გამო მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნეს. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 მარტის გადაწყვეტილებით, კურიერი TikTok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
საიას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს.
„რასაც ვუყურებთ, გამოხატვის თავისუფლება არის ალბათ ერთ-ერთი ის სიკეთე რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს. რადგან ამ ღირებულებას ვერ მოუხერხეს ვერაფერი, ასე საკანონმდებლო ინიციატივებით და ამის პრაქტიკაში აღსრულებით, სადაც სასამართლოც არის ჩართული, ცდილობენ, რომ ეს სიკეთე წაართვან მოქალაქეებს, “- ამბობს იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი.
ამის მაგალითად კი ბოლოს მიღებულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივას ასახელებს. 5 ოქტომბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამ ინიციატივას შეკრების თავისუფლების დარღვევისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიის ახალ იარაღად მიიჩნევენ.
რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა გამოქვეყნებულ დასკვნაში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები არ უნდა მიიღოს პარლამენტმა. როგორც ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მითითებული, შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად.
„გამოხატვის თავისუფლება ხომ ისეთ უფლებაა, რომ თუ ეს უფლება არ გაქვს სხვა უფლებების დაცვაც გიჭირს, შეუძლებელი ხდება სხვა უფლების დაცვაც. თუ არ შეგიძლია საჯაროდ თქვა რა გაწუხებს, ან რა გჭირდება, მაშინ ის საჭიროებები, რომელიც გამოხატვის თავისუფლებისგან განსხვავებულია, მათი დაცვის და მიღების შესაძლებლობაც არ გაქვს. ის ტენდენციები, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, განსაკუთრებით საფრთხილო და საშიშია, “- ამბობს GDI-ის იურისტი და მკვლევარი ვასილ ჟიჟიაშვილი.
აქციაზე დაკავებული ადამიანების აქტიური დაჯარიმების პრაქტიკის გამო შექმნა სწორედ ორგანიზაციამ მარტში გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდი (FESF), რომლის მიზანიცაა დაეხმაროს მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლების არაძალადობრივი რეალიზების გამო მათზე დაკისრებული ფინანსური ტვირთის დაძლევაში.