სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
რუსეთ-ოსმალეთის ომმა დიდად დააზარალა აჭარა, განსაკუთრებით ქობულეთის და კინტრიშის ხეობა. საზოგადო მოღვაწეები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ომისგან დაზარალებულთა დახმარებას. მათი რწმენით გარემოებებით უსახსროდ დარჩენილი თანამოქალაქეების მხარდაჭერა ეროვნული თანადგომის გამოხატულება იქნებოდა.
გაზეთ „დროებაში”, 1879 წლის 27 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ომით დაზარალებული ქობულეთელების შემწეობისთვის 1538 მანეთი შეგროვებულა. შეგროვებული თანხა გადაუნაწილდა ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციით შეარჩიეს. ფულადი დახმარება გადაეცა 191 ოჯახს. ამავე ნომერში გამოქვეყნებულია პეტერბურგში იურისტ ვასილ წერეთლის წერილი, რომელმაც შეკრიბა რუსეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებისგან თანხა ქობულეთელი ქართველების დასახმარებლად. სტუდენტებმა შეაგროვეს 75 მანეთი, მაჩაბელმა გაიღო 25 მანეთი.
ომით დაზარალებული ქართველი მუსლიმების მხარდასაჭერად განსაკუთრებით აქტიურობდა გაზეთ „დროების” რედაქტორი სერგეი მესხი. მესხი არამხოლოდ სისტემატურად წერდა ომით დაზარალებულთა მდგომარეობაზე, არამედ თავად ჩაუდგა სათავეში მათი დახმარების საქმეს.
1879 წლის თებერვალში დაწერილ წერილში „ძმა ძმისთვისაო – ამ დღისთვისაო!” საზოგადოებას სთხოვდა, რომ კინტრიშის ხეობის მცხოვრებლებისთვის ფულის თუ ტანისამოსის შეგროვებას კაცთმოყვარეობის გარდა ის მნიშვნელობა ექნება, რომ ახლად შემოერთებული საქართველოს მოქალაქეებს აგრძნობინებენ, რომ საქართველოში მათ მხარდამჭერი და გულშემატკივარი ჰყავთ.
ამავე ნომერში გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის სტატია „მიეშველეთ ქობულეთელებს”. მოწოდებას წამძღვარებული აქვს ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის ლექსიდან „რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს, ეგ ვერაფერი სიყვარულია. სიტყვა ის არის, კაცს ის უყვარდეს, ვინც ბედისაგან დაჩაგრულია”. გიორგი წერეთელი იმედოვნებდა, რომ თანადგომით შესაძლებელი გახდებოდა მუსლიმ ქართველებთან გაერთიანება.
„ქართველებო, აბა, ახლა, თქვენ იცით. ბოლოს ბედმა მოგვხედა. ჩვენი დიდი ხნის დაკარგული ძმები ისევ ცოცხლები დაგვიბრუნდნენ; მაგრამ დაგვიბრუნდნენ მშიერ-ტიტვლები… აწ თქვენზეა დამოკიდებული თქვენივე ზურგის გამაგრება”.
ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის” 1879 წლის თებერვლის შინაურ მიმოხილვაში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ქობულეთისა და ბათუმის მხარის მაცხოვრებლების დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს. ილია წერდა, რომ კინტრიშის ხეობა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ რუსეთის მთავრობაც კი იძულებული გახდა, ეუწყებინა ხალხისთვის ამ ხეობის მძიმე მდგომარეობა. ჩვენ გულზე ხელდაკრეფილი ვერ ვუყურებთ გაჭირვებაში ჩავარდნილ ჩვენს მუსლიმ ძმებს, – წერდა ილია.
„შევეწიოთ და ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაც არის, ვაჩვენოთ, რომ ძმათა სიყვარული ჩვენშიაც ისე ყოვლად-შემძლებელია, როგორც სხვაგან, ვაჩვენოთ, რომ ჭირში ჩვენც ვიცით დახმარება, ვაჩვენოთ, რომ ძმობა ერთურთობა, ერთმანეთის შველა და გატანა უქმი სიტყვა არ არის ქართველობისათვის!… ჩვენ გაჭირვებულების ძმები ვართ, ძმები არასდროს და არას შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს ქართველობამ… ღარიბნი ვართო, ვიძახით, მაგრამ ქვეყანაზედ მარტო ღარიბმა იცის – რა არის შველა, რა არის ძმობა გაჭირვებაში… აბა, ქართველობავ, ეხლა შენ იცი, როგორ დაანახვებ თავს შენს ახლად შემოერტებულს ძმებსა! ეხლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპათ ანდერძს: „ძმა ძმისთვისა და შავ დღისთვისაო!” ეხლა გამოჩნდება ეს ანდერძი შენთვის ცარიელი სიტყვაა, თუ სავსე საქმეა!”;
ილია ჭავჭავაძე საზოგადოებას მოუწოდებდა, რომ ახლად შემოერთებულ საქართველოში სახალხო სკოლების გამართვაში ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებოდა. საზოგადოებას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ადგილობრივ მუსლიმ ქართველებში შესაძლოა რუსულ მმართველობას და განათლებას მათში ეჭვები გაეჩინა, ხოლო ქართველების ჩართულობა ამ საქმეში უფრო მეტად ნდობით განაწყობდა მუსლიმ ქართველებს. ილია ჭავჭავაძემ ამ წერილშიც აღმსარებლობაზე დიდი მნიშვნელობა საერთო ენასა და ისტორიას მიანიჭა.
„… დღეს სწავლის ხელთმძღვანელნი ჩვენშიაც და იქაც, მარტო მთავრობაა, მერე რუსისა, ესე იგი იმ ხალხისა, რომელიც სარწმუნოებით და ენით მათ უნდა ეუცხოებოდეს უსათუოდ, ამის გამო რუსთაგან ყოველ ცდას განათლებისათვის სხვა თვალით დაუწყებენ ყურებას. შესაძლოა აფიქრებინონ, რომ შკოლების მეოხებით ეცდებიანო ჩვენი ზნეობითი და გონებითი ხედვა შესცვალონო ჩვენის რჯულის არსების შერყევისთვისო”.
ილია ჭავჭავაძე იმედოვნებდა, რომ მთავრობის ბიუროკრატიული აპარატი მოქალაქეების ინიციატივას ხელს არ შეუშლიდა და ახალი სკოლების დირექტორებად დანიშნავდა ქართული ენის მცოდნე პირებს. აჭარის შემოერთების შემდეგ მნიშვნელოვანი საკითხი ბათუმის სკოლის გახსნა და ფუნქციონირებაა.
წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ბათუმში დაეარსებინა სკოლა ქართველი მუსლიმებისთვის. სკოლის საქმის გასამართავად საზოგადოებამ მინდობილობა სერგეი მესხს 1882 წელს მიანიჭა. სერგეი მესხს დაევალა, ჩასულიყო ბათუმში და იქ სკოლის გამართვაზე მოლაპარაკებები ეწარმოებინა. მესხი ბათუმში შეხვდა ყველა გავლენიან ბეგს და აგრეთვე ქალაქის მმართველობას. როგორც ჩანს, ზღვის სანაპირო ზოლში, ოსმალეთის იმპერიის დროს ბათუმის მცხოვრებლებს ჰქონდათ სასწავლებელი, თუმცა რუსეთის მთავრობას ჩამოურთმევია ნაგებობა და იქ საბაჟოს შენობა აუშენებია. ბეგები თანახმა იყვნენ თუ წართმეული შენობის სანაცვლოდ მთავრობა მათ მიწას მისცემდა, ისინი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირავდნენ სკოლის ასაშენებლად. ასევე,დამატებით გაიღებდნენ სამას მანეთს და სხვა საჭირო მასალას სკოლის ასაშენებლად.
საინტერესო დისკუსიაა გაშლილი გაზეთ „დროების” ფურცლებზე 1882 წლის 20 ნოემბრის ნომერში, სადაც საუბარია ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გახსნილ სკოლაზე. სკოლის შესახებ დისკუსია გამოუწვევია უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაარსებულ სკოლაში ნაკლებად დადიოდნენ ქართველი მუსლიმები და უფრო მეტად გურიიდან და იმერეთიდან დროებით ბათუმში დასახლებულთა შვილები სწავლობენ. ამიტომ, როგორც ჩანს, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა ამ სკოლის დახურვის საკითხი აღძრა. თუმცა, საზოგადოების გადაწყვეტილებით, არა თუ დახურეს ბათუმის სკოლა, არამედ ბათუმის მაზრაში კიდევ ერთი სკოლის გახსნაზე დაიწყეს მსჯელობა.
„წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” წლიურ კრებაზე აღმოჩნდნენ პირები, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ბათომის სკოლას არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო, შინ რომ მიცვალებული გყავდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო (თითქოს ბათომის ქართველები ისეთივე ქართველები არ არიან, როგორც ქართლ-კახეთისა, იმერეთისა და სხვა) უმჯობესია, სადმე ჩვენში გავხსნათ სკოლა”, – წერდა სერგეი მესხი.
ამავე ნომერში გამოქვეყნებულია, ბათუმელი ქართველი მუსლიმების პეტიცია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი, სადაც ადასტურებენ, რომ საზოგადოების სკოლაში შეიყვანდნენ თავიანთ შვილებს განათლების მისაღებად. ქართველი მუსლიმებისთვის გახსნილ ბათუმის სკოლაზე ზრუნვა შემდეგ წლებშიც გრძელდება. იაკობ გოგებაშვილის წერილში „ბათუმის სკოლის შესახებ” ვკითხულობთ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდად ზრუნავდა ბათუმის სკოლაზე.
როგორც ჩანს, სკოლის ფუნქციონირებისთვის ათი წლის განმავლობაში საზოგადოებამ დახარჯა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა – 20 000 მანეთი, ეს თანხა მოხმარდა სახლის შენობის დაქირავებას, მასწავლებლის ჰონორარს, სკოლის აღჭურვას წიგნებითა და სხვა საშუალებებით.
საზოგადოებამ დაიქირავა მოლა, რომელიც მოსწავლეებს ყურანს ასწავლიდა. საზოგადოებამ ასევე დაიქირავა შენობა, სადაც მოსწავლეები ცხოვრობდნენ, რადგან გარშემო სოფლებიდან ბათუმში ყოველდღიურად სიარული მოსწავლეებისთვის რთული იყო.