„ჩემი ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება მართლა იყოს მაგალითი გოგოებისთვის… რომ დაფიქრდნენ და არა მხოლოდ მათთვის“, – გვეუბნება სევდა ხალილოვა-მუზაშვილი, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზისა და ნახიდურის საშუალო სკოლების მასწავლებელი. ის ამ სკოლებში აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ასევე, დაწყებითი კლასების პედაგოგიცაა.
სევდა ხალილოვა-მუზაშვილი იმ აზერბაიჯანელ ქალებს შორის იყო, რომლებიც 10 ოქტომბერს, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში შეიკრიბნენ და 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აზერბაიჯანელი ქალების სათქმელი იყო, რომ ადრეული ქორწინება და ფემიციდი ქვეყანაში არსებული პრობლემაა, ის არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ეთნიკურ ჯგუფს და მას არანაირი კავშირი არ აქვს აზრებაიჯანულ ტრადიციებთან თუ ადათ-წესებთან.
რა როლი და პასუხისმგებლობა აქვს ოჯახს, სკოლას, საზოგადოებას? რა არის აზერბაიჯანელი ქალების სათქმელი? როგორ შეუძლია შეცვალოს ერთმა მასწავლებელმაც კი გარემო? – ამ ყველაფერზე საუბარი სევდა ხალილოვა-მუზაშვილმა „პუბლიკასთან“ თავისი ამბის მოყოლით დაიწყო.
„ბრძოლა განათლებისთვის“
სევდა ხალილოვა-მუზაშვილი თბილისში, აბანოთუბანში გაიზარდა. იქ, სადაც რამდენიმე ეროვნების ოჯახი ერთად, მეგობრულად ცხოვრობდა. კარგი ბავშვობა ჰქონდა, რამდენადაც ეს საბჭოთა კავშირში შეიძლებოდა, სწავლობდა აზერბაიჯანულ სკოლაში და მასწავლებლობაზე ოცნებობდა. თუმცა, სკოლის დასრულების შემდეგ, მაშინდელ პროფესიულ სასწავლებელში, მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში მოხვდა.
სევდა ხალილოვა 20 წლის იყო, ბოლო კურსზე, როდესაც დაქორწინდა. როგორც გვიყვება, შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა ქართველ ბიჭს, მალულად. ამის გამო ოჯახის წევრები დიდხანს არ ელაპარაკებოდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა გავატარე და გავიზარდე მაიდანში, ებრაელებთან, სომხებთან, ქართველებთან ერთად, მაინც ყველამ თითქოს უსიტყვოდ იცოდა, რომ თუ აზერბაიჯანელი იყავი, აზერბაიჯანელზე უნდა დაქორწინებულიყავი, ქურთი ქურთზე და ა.შ. ამიტომ, მე რომ გავბედე და სხვა ეროვნების ბიჭს გავყევი ცოლად, ეს იყო ტრაგედია ჩემი ოჯახისთვის. თუმცა, კიდევ ერთი ტრაგედია ის იყო, რომ დაქორწინების შემდეგ სწორედ ქართველმა ქმარმა არ მომცა საშუალება, სწავლა დამესრულებინა. ამიტომ ტექნიკუმი ვერ დავამთავრე“, – ამბობს სევდა ხალილოვა.
როდესაც შვილები ეყოლა, ოჯახის წევრებიც მაშინ შეურიგდნენ. მისთვის დედის თანადგომა და მხარდაჭერა ბევრს ნიშნავდა. ამიტომაც მას გაუზიარა, რომ სწავლა უნდოდა და აპირებდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაბარებას. ჩუმად გავიდა გამოცდებზე. მიუხედავად ქმრის წინააღმდეგობისა, საბოლოოდ, მაინც მოახერხა და სასწავლებელში ჩაირიცხა.
„ხუთი წელი ვისწავლე და სასწავლებელი დავამთავრე, ბავშვები ბაგა-ბაღში წავიყვანე. დედაჩემი მეხმარებოდა, მაინც ვისწავლე და ჩემი გავიტანე, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. ქმარი მეუბნებოდა, კარგი დაამთავრე, მაგრამ სამსახურში არ წახვალ. რა თქმა უნდა, სამსახურშიც წავედი, ჩემი ხასიათის ადამიანი ისე ვერ გავჩერდებოდი. რომ დავამთავრე ვაკანსია იყო 64-ე სკოლაში, ჩემთან ახლოს და იქ დავიწყე მუშაობა“, – ჰყვება სევდა ხალილოვა-მუზაშვილი.
ამ სკოლაში ერთი წელი იმუშავა, შემდეგ აზერბაიჯანულ სკოლაშიც ასწავლიდა ცოტა ხანი. მას შემდეგ კი, რაც მესამე შვილი ეყოლა, მასწავლებლობისთვის თავის დანებება მოუწია.
პედაგოგობას წლების მერე, 2016 წელს დაუბრუნდა. თავისი ოცნებისთვის უარი არასდროს უთქვამს და შესაბამის დროს ელოდებოდა. მუდმივად ამოწმებდა სკოლებში ვაკანსიებს. ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარბაზის საშუალო სკოლაში პედაგოგს ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო სოფელი, მაინც წავიდა. რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლისა და გრძელი გზის შემდეგ სოფლის სკოლასაც მიადგა. სწორედ აქედან შეიცვალა მისი და როგორც ამბობს, დარბაზის სკოლის ცხოვრებაც.
„ბავშვები ოცნებების გარეშე“
სევდა ხალილოვას დარბაზის საშუალო სკოლაში 23 კაცი და 3 ქალი მასწავლებელი დახვდა. ქალი პედაგოგები ადგილობრივები არ იყვნენ, ამიტომ ერთი მანქანით დადიოდნენ სკოლაში და მგზავრობის ხარჯებს ინაწილებდნენ. მას შემდეგ დღემდე სევდა ხალილოვა ყოველდღე დილის 6 საათზე დგება და დარბაზის სკოლაში მიდის.
დარბაზის სკოლაში მუშაობის დაწყებისას ეგონა, რომ ისევ საბჭოთა კავშირში მოხვდა, რადგან დრო ამ სოფლის სკოლაში არ იგრძნობოდა, არც გარემოს და არც ბავშვებს არაფერი ეტყობოდათ.
ისედაც პატარა სკოლაში, ძირითადად, ბიჭები სწავლობდნენ. სევდა ხალილოვა დასაწყისში ზედა კლასებს ასწავლიდა, მე-12 კლასში სულ 6 მოსწავლე ჰყავდა. არცერთი გოგო.
„მეორე კლასში სულ 1 გოგო იყო, ერთ-ერთი ბიჭის და. იმ გოგომ დაამთავრა სკოლა. მერე აღმოვაჩინე, რომ მშობლები ცდილობდნენ მეცხრე კლასის შემდეგ ბავშვები სკოლაში არ გაეშვათ, გოგოები უფრო, რადგან სახლში დამხმარედ სჭირდებოდათ”, – ამბობს ის.
სევდა ხალილოვა-მუზაშვილი მიხვდა, რომ ენის სწავლებასთან ერთად მეტი ენერგია და დრო აღზრდაში უნდა დაეხარჯა. მოსწავლეების მეგობარი გახდა. თბილისიდან მიჰქონდა დარბაზის სკოლაში რვეულები, წიგნები, კალმები, ფანქრები, რადგან იხსენებს, რომ ზოგიერთმა პირველკლასელმა საწერკალამი პირველად სკოლაში ნახა.
„მახსოვს, როცა მივედი, ერთ-ერთი პირველი, რაც კლასში გავაკეთე, იყო ის, რომ ვთხოვე ბავშვებს, დაეწერათ, რაზე ოცნებობდნენ, რა სურვილები ჰქონდათ. ისინი ჩუმად ისხდნენ, მერე ერთმა მითხრა – არ ვიცი ,რა დავწერო, არაფერზე ვოცნებობო. ახლაც მეტირება რომ მახსენდება. ბავშვი ზედა კლასიდან გეუბნება, რომ ოცნება არ აქვს. როგორ უნდა უყურო ამ ბავშვს თვალებში ან შენ, ან შენმა ქვეყანამ. ერთადერთი, რაც ამ ბავშვმა იცის, არის ის, რომ უნდა დაეხმაროს მშობელს. ძალიან ღარიბად ცხოვრობენ და არანაირი საშუალება არ აქვთ. პატარა ბავშვები მუშაობენ მიწაზე, საქონელს უვლიან და ა.შ. გოგოც და ბიჭიც. ბავშვობიდან იციან და მიჩვეულნი არიან მხოლოდ შრომას. სულ შრომობენ, აი, სულ“, – ამბობს მასწავლებელი.
ის ჰყვება, რომ ბავშვები ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მისი ყველა სიტყვა და ქცევა. ის ამბობს, რომ მოკლე კაბითაც მისულა სკოლაში, შარვლითაც, თავშალიც არასდროს ეფარა, ხმაც არასდროს აუწევია გაკვეთილზე, ბევრ საკითხზე უთქვამს, რომ არ იცოდა და ბავშვებთან ერთად ისიც „გუგლში“ ეძებდა. ამ ურთიერთობამ კი ბავშვები მასთან ძალიან დააახლოვა.
მასწავლებელი ამბობს, რომ ხშირად არ წაწყდომია ისეთ შემთხვევას, როდესაც ადრეული ქორწინების რისკის ქვეშ იყო მოსწავლე, თუმცა, იხსენებს ორ ამბავს, როცა მოსწავლემ პედაგოგებს გაუმხილა, რომ ოჯახი დაქორწინებაზე ესაუბრებოდა. ორივე შემთხვევაში პედაგოგები ჩაერივნენ. გოგოებმა სკოლაც დაამთავრეს და სწავლაც გააგრძელეს. როგორც ამბობს, კარგმა პედაგოგმა ყოველთვის იცის ან გრძნობს მისი მოსწავლეების მდგომარეობას.
„სამწუხაროდ, ხშირად არა მხოლოდ მასწავლებელი ხუჭავს თვალს, როცა რამე პრობლემაა, არამედ პოლიციელიც, მეზობელიც, ოჯახის წევრიც. გულგრილი დამოკიდებულებაა თითქოს ყველას მხრიდან… სინამდვილეში ამ ბავშვებს სჭირდებათ, რომ დაანახო ალტერნატიული გზა, აჩვენო, რომ, აი, ეს შეიძლება იყოს შენი მომავალი, ეს არის გზა, რომელიც შეგიძლია გაიარო. ეს შენი, საკუთარი ცხოვრებაა და შეგიძლია ისე შეცვალო და მოაწყო, როგორც შენ გინდა. პრობლემაა, რომ ეს არ იციან, არავინ ელაპარაკება ამაზე, არავინ ასწავლით. რა უნდათ, ხშირად ესეც არ იციან”, – ამბობს ის.
ამ პერიოდის განმავლობაში დარბაზის საშუალო სკოლაში, პედაგოგების მიწვევით, უფლებადამცველებიც იყვნენ, რომლებიც ბავშვებს და მათ მშობლებს ადრეულ ქორწინებაზე ესაუბრნენ. სკოლაში მოსულან 112-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც მოსწავლეებს უხსნიდნენ, როგორ მიემართათ პოლიციისთვის ანონიმურად, როგორ ეთხოვათ და მიეღოთ დახმარება. ასევე, სკოლიდან ერთ-ერთი გოგო მოსწავლე პირველად წავიდა ბანაკში.
სევდა მუზაშვილი ამბობს, რომ დარბაზის სკოლის მეათე კლასში დღეს უკვე 6 გოგო და 2 ბიჭი სწავლობს: „2016 წლიდან დღემდე არაა დიდი დრო, მაგრამ იმხელა განსხვავებაა – ცა და დედამიწა. არათუ გაკვეთილზე დადიან ჩემი გოგოები, არამედ გაკვეთილების მერე ჩადიან ბოლნისში და იქ ესწრებიან სხვადასხვა კურსს, უფრო ინგლისურ ენას, ქართულს და ვისაც უნდა, მათემატიკას. უკვე იციან, რა უნდათ. სკოლამ შეცვალა მიდგომა. მაგალითად, დღეს უკვე სოფელში მცხოვრები ქალები სხვანაირად ფიქრობენ, ვიდრე ფიქრობდნენ წლების წინ და ამაში სკოლას დიდი როლი აქვს. სკოლაშიც ახლა 17 პედაგოგი ასწავლის, აქედან 13 ქალია”.
„ქალი მასწავლებლის სათქმელი“
პედაგოგი სევდა ხალილოვა-მუზაშვილი იმ დღეს იხსენებს, როდესაც ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლისა და ფილოსოფოსის, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის მუზეუმში აზერბაიჯანელი ქალები ქვემო ქართლიდან – აქტივისტები, მასწავლებლები, სტუდენტები შეიკრიბნენ. ის ჰყვება, რომ ქალებმა საზოგადოებას გაუზიარეს მოსაზრებები და მათი ხმა საჯაროდ მკაფიოდ გაისმა.
სევდა ხალილოვას თქმით, მათი მთავარი წუხილი ეხება იმას, რომ ადრეული ქორწინების პრობლემა ღრმაა, ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე სტერეოტიპების გავრცელებით ამ პასუხისმგებლობის გადაფარვა ხდება.
ყველაზე მეტს მაინც საგანმანათლებლო სისტემის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მიიჩნევს, რომ პედაგოგების მხარდაჭრა სისტემაში მეტადაა საჭირო, რადგან ძლიერი პედაგოგი და სკოლა ცვლის საზოგადოებას. ის ამბობს, რომ არ შეიძლება იარლიყების მიწებება რომელიმე ჯგუფისთვის. როგორც იხსენებს, მაგალითად, ბოლოს ორი წლის განმავლობაში, სამასზე მეტი აზერბაიჯანელი გოგო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა.
„ამაზე ვისაუბრეთ სწორედ, რომ ყველამ თავისი საქმე კარგად უნდა აკეთოს, ქვემოდან ზემოთ და ხშირად პირიქით – ზემოთ ვინც არის, ისიც უნდა ჩამოვიდეს თავისი თბილი კაბინეტიდან და ნახოს, სინამდვილეში რა ხდება. ერთია, რას წერს პედაგოგი თავის პორტფოლიოში; მეორეა, რას აკეთებს სინამდვილეში კლასში. ამიტომ, ჩაატარე მონიტირინგი. მე ჩემი სახსრებით და ჯიბის ფულით დავდივარ შორ გზაზე, შენ სახელმწიფო გაფინანსებს, სახელმწიფოს მანქანა გყავს, ადექი და ჩამოდი, ნახე რა პირობებში სწავლობენ ბავშვები, როგორ მუშაობენ პედაგოგები“, – ამბობს ის.
სოფელ დარბაზისა და ნახიდურის სკოლების მასწავლებელი, სევდა ხალილოვა-მუზაშვილი აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებით, სამი მთავარი საკითხია, რომლებიც განაპირობებს მასწავლებლის ეფექტიან საქმინობას.
პირველი, მისი აზრით, ეს არის საქმის სიყვარული და „შინაგანად მასწავლებლად“ ყოფნა. ის მიიჩნევს, რომ საკლასო ოთახის კარი არ უნდა შეაღოს იმ მასწავლებელმა, რომელსაც ეს საქმე თავდაუზოგავად არ უყვარს და არ იაზრებს უზომო პასუხისმგებლობას ბავშების წინაშე.
მეორე – ის ფიქრობს, რომ კლასში არ უნდა იჯდეს ბევრი მოსწავლე, რადგან პედაგოგს ყველა მოსწავლისთვის დარჩეს დრო, 45 წუთი კი 40-მოსწავლიან კლასში არაა საკმარისი: „თუ გვინდა განათლებული თაობა გავზარდოთ, მაშინ ეს უნდა შეიცვალოს. ვერაფერს იზამს მასწავლებელი, გინდ ჩემნაირი იყოს, გინდ სხვანაირი, ვერ ასწრებ ფიზიკურად ყველა მოსწავლესისთვის ყურადღების განაწილებას”.
მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი კი სევდა ხალილოვასთვის არის „კლასის გარეთ გასვლა“, რაშიც გულისხმობს მოსწავლეების მოტივაციის გასაზრდელად სხვადასხვა კლასგარეშე საქმიანობას – ბავშვების სხვადასხვა ღონისძიებაზე წაყვანა, კულტურული ძეგლების მონახულება, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსზე და ა.შ.
„დღეს შემიძლია თამამად დავტოვო სკოლა და წამოვიდე, რადგან უკვე ბევრი რამ შევცვალე. თუმცა, მარტო ვერაფერს ვიზამდი, მე და ჩემი კოლეგები გუნდურად ვმუშაობდით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რამე შეგვეცვალა დარბაზის სკოლაში, ასეც მოხდა“, – ამბობს ის.
სევდა ხალილოვა გვეუბნება, რომ პედაგოგების მონდომებით, სოფელს უკვე სკოლამდელი აღზრდის ოთახიც აქვს. სკოლის ბაზაზე მცირე ინვენტარითა და რესურსით აღჭურვილი ოთახით სოფელში მცხოვრები 3-5 წლის ბავშვები სარგებლობენ.