…არტ-ჰაუზი, ეკოლოგია, აბორტები და „ბერლინ ალექსანდერპლაცის“ ახალი კინემატოგრაფიული ვერსია
კრიტიკოსები და ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბერლინის კინოფესტივალისთვის 2020 წელი ერთგვარი განახლებისა და ეგზისტენციური ცვლილების თარიღი უნდა გახდეს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ბერლინი საიუბილეო, 70-ე ფესტივალისთვის საგანგებოდ ემზადება, არამედ თავად ფესტივალის დირექციის ცვლილების გამოც. ახალი სამხატვრო ხელმძვანელის, კარლო შატრიანისთვის (იტალია) და აღმასრულებელი დირექტორის, მარიეტა რისენბეკითვის (ჰოლანდია) ეს ერთგვარი ტესტი იქნება: შეძლებენ თუ არა ისინი ერთ-ერთი უძველესი და აღიარებული ფესტივალის ცოტა არ იყოს, შელახული იმიჯის აღდგენას და ახალი იდეებისა თუ კონცეფციის გენერირებას?
წელს ბერლინალე 20 თებერვლიდან 1 მარტამდე გაიმართება. უკვე გამოქვეყნდა საკონკურსო პროგრამაში მონაწილე ფილმების სია, რომელსაც საერთაშორისო ჟიური (რომლის თავმჯდომარეა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯერემი აირონსი) „ოქროსა და ვერცხლის დათვებს“ მიაკუთვნებს. გარკვეული ვნებათა ღელვა უკვე გამოიწვია ამერიკელი რეჟისორის, დენ სკანლონის ანიმაციური ფილმის, Onward-ის მსოფლიო პრემიერამ ფესტივალზე, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ მას კონკურსგარეშე პროგრამაში უჩვენებენ.
ამერიკული პროგრამა წელს ნაკლებად მეინსტრიმული და საავტორო ფილმებითაა წარმოდგენილი. უნდა აღვნიშნოთ კელი რეინჰარდტის „პირველი ძროხა“, რომელსაც ამერიკულ პრესაში უკვე დიდი გამოხმაურება აქვს. ასევ საინტერესოა სანდესის ფესტივალზე უკვე აპრობირებული, ელიზ ჰიტმანის დრამა ამერიკაში აბორტების აკრძალვის შესახებ – „არასოდეს იშვიათად ზოგჯერ მუდამ“ (სხვათა შორის, კარლო შატრიანმა ფილმი მონათლა როგორც „ახალი ფემინისტური კინოს მოდელი“). ამერიკულ პროგრამაშია აღიარებული რეჟისორის, აბელ ფერარას ახალი ფილმი „ციმბირი“, რომელშიც მთავარ როლს უილიამ დეფო ასრულებს.
კრიტიკოსების გარკვეული მოლოდინი უკავშირდება საკონკურსო პროგრამაში მონაწილე სალი პოტერის ფილმსაც „გაუვალი გზები“ (ხავიერ ბარდემის, სელმა ჰაიეკის და ელ ფანინგის მონაწილეობით). ცნობილი კორეელი რეჟისორი ჰონგ სანგ-სო ბერლინალეზე ახალი ფილმით ბრუნდება, რომლის სახელწოდებაა „ქალი, რომელიც გაიქცა“.
მასპინძლებს რაც შეეხებათ: პირველ რიგში აღსანიშნავია გერმანელი რეჟისორის, კრისტიან პეტცოლდის ფილმი „უნდინა“ (მთავარ როლში ახალგაზრდა გერმანელი ვარსკვლავი პაულინა ბირი), რომელიც ანტიკური მითის თანამედროვე ინტერპრეტაციაა. სხვათა შორის, 2018 წელს ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში უჩვენეს სწორედ პეტცოლდის „ტრანზიტი“ (ანა ზეგერსის რომანის ეკრანიზაცია). კრიტიკოსებიც და ჟურნალისტებიც დიდი ინეტერესით ელიან გერმანელი რეჟისორის, ბურხან კურბანის ფილმს „ბერლინი ალექსანდერპლაცი“, რომელიც ცნობილი ექსპრესიონისტი მწერლის, ალფრედ დიობლინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ცხადია, კინოს მოყვარულებისთვის დამაინტრიგებელია შედარება გერმანული კინოს კლასიკოსის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის გენიალურ, მინი-სერიალებად აკინძულ 17 საათიან (!) ფილმთანაც, რომელიც მან 1980 წელს გადაიღო.
ბერლინის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო „ოქროს დათვი“ წელს ბრიტანული კინოსა და თეატრის უბრწყინვალეს მსახიობს, ჰელენ მირენს გადაეცემა. ბერლინის კინოფესტივალის აღმასრულებელი დირექტორმა, მარიეტა რისენბეკმა განაცხადა: „ჰელენ მირენი არის მსახიობი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობით, რომლის მიერ შექმნილი პერსონაჟები და სახეები კინოში ძალზე შთამბეჭდავია. მის მიერ განსახიერებული როლები წარმოაჩენს ძლიერ ქალს, რომელსაც უამრავი რამის გადალახვა უწევს და ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ის მოქმედი, აქტიური ქალის პარადიგმას ქმნის ეკრანზე და ბერლინის ფესტივალისთვის დიდი პატივია ჰელენ მირენისთვის საპატიო „ოქროს დათვის“ გადაცემა“