იმპრესიონიზმის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლის შემოქმედების ეტაპთა ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯვნა, მათი „დახარისხება“ და ჩარჩოში მოქცევა თითქმის შეუძლებელია, რამეთუ ამ ხელოვანმა ახალგაზრდობისდროინდელი ნამუშევრები საკუთარი ხელით გაანადგურა, თუმცაღა, წარუშლელი კვალი დატოვა თავისი ეპოქისა და შემდგომი თაობების ხელოვნებაზე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ მიმდინარეობას მიეკუთვნებოდა, ძალზე ორიგინალური ხელწერით, ინდივიდუალური სტილითა და საუცხოო თავისებურებებით გამოირჩეოდა. ყმაწვილქალობაშივე ჰქონდა მეამბოხე სული და მეტად ბუნტარული ბუნება. სწორედ ამ გაუნელებელი შინაგანი ჯანყის გამო შეაქცია ზურგი ტრადიციულ მხატვრობას, დრომოჭმული, უღიმღამო აკადემიზმისა და ყავლგასული დოგმატიზმის ჩარჩოებს. ახალგაზრდა მხატვარმა ქალმა იპოვა თანამოაზრენი და მათთან ერთად დააარსა ავანგარდისტული მოძრაობა, რომელსაც „ანონიმურ ხელოვანთა გაერთიანება“ უწოდეს. ამ ახალშობილი მოძრაობის წევრები იყვნენ: კლოდ მონე, ალფრედ სისლეი, ოგიუსტ რენუარი, კამილ პისარო, ედგარ დეგა, თავად ბერტა მორიზო და სხვები. დაარსებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ისე მოძლიერდნენ, სხვებიც მოიმხრეს, მეტად მრავალრიცხოვანნი გახდნენ და დაირქვეს „ხელოვანთა, მხატვართა, სკულპტორთა და გრავიორთა ანონიმური საზოგადოება“. იმიტომ ამჯობინებდნენ ანონიმურობას, რომ გავეშებული დოგმატიკოსები, დამყაყებული ნორმების გააფთრებით დამცველნი ებრძოდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ ხელოვნების სამყაროდან მათ გაძევებას, საჯარო სივრციდან განდევნას, მასხრად აგდებასა და მათი შემოქმედების დაკნინებას. ახალგაზრდა მხატვარმა ქალმა გაბედულად და ხელაღებით გაწყვიტა ის ძაფი, ტრადიციულ მხატვრობასთან რომ აკავშირებდა, ტრანსცენდენტალურ იდეალთაკენ იწყო სწრაფვა, სრულიად გამორჩეული სტილი შექმნა, სავსებით ახალი მხატვრული ქარგა გამოიგონა და თავისი გვირისტი ოსტატურად დაამშვენა თვალწარმტაცი სირმებით. ამ ბრწყინვალე ნიჭის, შეუდარებელი დიდოსტატობისა და განსხვავებული ხელწერის გამო უწოდეს მხატვრობის დიადი ბანოვანი.
იმპრესიონიზმის ეს მოწინავე ფიგურა 1841 წლის 14 იანვარს დაიბადა ბურჟში, ტრადიციულ, ბურჟუაზიულ ოჯახში. მისი მამა შერის დეპარტამენტის პრეფექტი გახლდათ, დედა, მარი ჟოზეფინ კორნელი თომა კი იმით იწონებდა თავს, რომ სახელმოხვეჭილი მხატვრის, ჟან ონორე ფრაგონარის, შთამომავალი იყო. ბერტას დამ, ედმამ, ბავშვობიდანვე გამოავლინა მხატვრობის ნიჭი. ორივემ ერთად იწყო მუშაობა და 1864 წელს, ერთ-ერთ ელიტარულ სალონში გამოფინა ნახატები. ლიონელმა მხატვარმა, ჟოზეფ გიშარმა, მალევე შეამჩნია გოგონათა ნიჭი, გულმხურვალედ შეასხა ხოტბა ნორჩ ტალანტს და ბერტასა და ედმას მამას ახარა, რომ მის ქალიშვილებს საოცარი შინაგანი ბუნება ჰქონდათ; რომ მათს ნახატებს არ ეტყობოდათ „საშუალო“ მხატვრის ხელწერა. „ისინი ჭეშმარიტი მხატვრები გახდებიან. კარგად ხვდებით, რას ნიშნავს ეს სიტყვები? მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენელი ხართ და თქვენი გოგონები რომ ხატვას მიჰყოფენ ხელს, ეს ნამდვილი რევოლუცია იქნება თქვენს გარემოცვაში; იმის თქმასაც კი გავბედავ, რომ კატასტროფის ტოლფასიც კი… ნამდვილად ხართ დარწმუნებული, რომ ერთ დღეს საუკუნო წყევლა-კრულვას არ შემომითვლით?“
დებ მორიზოებს დედა უტარებდა მხატვრობის გაკვეთილებს. ამან დიდად გააოცა მათი მამა, რამეთუ კაცი ხელოვნების დიდი მოყვარული იყო და არქიტექტურაც საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი, მის ცოლს კი, საკუთარი სქესის გამო, არასოდეს მიეღო უმაღლესი განათლება. მშობლებმა გადაწყვიტეს, ბერტა და ედმა მიებარებინათ ჟოფრი-ალფონს შოკარნისათვის, რათა ორივენი ზიარებოდნენ ფორმალურ, აკადემიურ განათლებას. მიუხედავად ამისა, დებს სულაც არ მოსწონდათ იმ მხატვრისა და გრავიორის შემოქმედება, მისი დიდაქტიკური მეთოდიც ათვალწუნებული ჰქონდათ, რამეთუ ნეოკლასიკურ სტილს ამჯობინებდა. მორიზოების ქალიშვილები დაუღალავად ეძიებდნენ ახალ გამომსახველობით საშუალებებს და არ სურდათ იმ მასწავლებლის შეგირდობა, რომელიც გაშმაგებით ებღაუჭებოდა წარსულის გადმონაშთებს. რაკი ქალებს არ ჰქონდათ პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში სწავლის უფლება, მადამ მორიზომ თავისი ორი ქალიშვილი მიაბარა მხატვარსა და პროფესორს, ჟოზეფ გიშარს, რომელმაც დიდი წარმატება, სახელის მოხვეჭა და დიდება უწინასწარმეტყველა ამ ნორჩ მხატვრებს. ბერტასა და ედმას დიდად მოეწონათ გიშარის სტილი და სწავლების მეთოდი, რამეთუ ამ კაცს სამუდამოდ დაეღწია თავი დამყაყებული ნორმებისა და გაცვეთილი აკადემიური კლიშეების ტყვეობიდან. სწავლების მეთოდი იმდენად თავისუფალი იყო დოგმატიზმისაგან, რომ მხატვარი ღია ცის ქვეშ ატარებდა გაკვეთილებს. მათი შემდეგი მასწავლებელი გახდა საყოველთაოდ ცნობილი მხატვარი და გრავიორი, ჟან-ბატისტ კამილ კორო. მორიზოების ოჯახი ზაფხულობით ქირაობდა სახლს ვილ-დავრეს კომუნაში, რათა გოგონებს შესძლებოდათ სრულ სიწყნარესა და მყუდროებაში ხატვა, სუფთა ჰაერზე მუშაობა, კოროს გაკვეთილებზე დასწრება. ეს უკანასკნელი მალევე გახდა მათი ოჯახის ახლობელი. მასწავლებელიც, ბერტაც და ედმაც მხატვრობის ტრადიციული სტილის დაუძინებელი მტრები იყვნენ. დებმა მალევე გაიცნეს ემილ ზოლა, შარლ-ფრანსუა დობინი, ონორე დომიე და სხვა გამოჩენილი ადამიანები. ერთ-ერთმა ელიტურმა სალონმა მიიღო მორიზოების ორი ნამუშევარი: „Souvenir des bords de l’Oise“ და „Un vieux chemin à Auvers“. პირველი ეკუთვნოდა ბერტას, მეორე კი ედმას დახატული ტილო იყო. 1865 წელს, ახალგაზრდა ბერტას ნამუშევრებმა მიიპყრო ხელოვნების ისტორიკოსის, პოლ მანცის ყურადღება. ამ გამოჩენილმა სპეციალისტმა და ჩინებულმა კრიტიკოსმა გაზეთ „Gazette des beaux-arts“-ის ერთ-ერთ ნომერში დაწერა, რომ ამ მხატვრის ტილოებში დაინახა დიდი სიწრფელე, სენტიმენტალობა და შუქ-ჩრდილის გამძაფრებული აღქმა. ახალგაზრდობისდროინდელ შედევრთა ნუსხაშია ტილო, სახელწოდებით „Chaumière en Normandie“, რომელიც ერთთავად დახაზულ-დაქსელილია ხის ტოტებით, უკანა ფონზე კი იკვეთება ისლით გადახურული ქოხები. სწორედ ამ ნამუშევარში გამოვლინდა ყველაზე თვალსაჩინოდ იმ ახალგაზრდა ქალის ტალანტი, რომელიც მალე ფრთებს გაშლიდა. დებმა მორიზოებმა ლუვრის მუზეუმში გაიცნეს სახელგანთქმული ედუარდ მანე. ეს მხატვარი და მისი თანამოაზრენი მალევე გახდნენ მორიზოების ოჯახის ხშირი სტუმრები. დეგა ედმა მორიზოს გაუმიჯნურდა კიდეც. მანე აღფრთოვანებული იყო მისი შემოქმედებით და დიდად აფასებდა მხატვარი ქალის ნიჭს. მორიოზოების სალონში თავს იყრიდა იმდროინდელი ინტელექტუალური ელიტა.
აკადემიური სექსიზმი იმდენად იყო ფესვგადგმული იმ ეპოქაში (ქალებს არ ჰქონდათ უმაღლესი განათლების მიღებისა და ხელოვნების უმაღლეს სკოლაში სწავლის გაგრძელების უფლება), რომ მანეს თქმით, მხატვარი ქალებისადმი სიძულვილი „მწვერვალებს იპყრობდა“. მიზოგინმა კრიტიკოსებმა არად ჩააგდეს დები მორიზოების ნახატები, ხოლო ემილ ზოლამ, რომელიც თავისუფალი იყო ასეთი დრომოჭმული და პატრიარქალური კლიშეებისაგან, დიდად დააფასა მათი ორიგინალური სტილი. კრიტიკოსთა რეაქციით განაწყენებულმა მანემ ანრი ფანტენ-ლატურს მისწერა: „სავსებით გეთანხმებით; ორივე მადმუაზელ მორიზო თვალწარმტაცია; დიდად საწყენია, რომ იოლად ვერ გაიკაფავენ გზას, რადგან კაცებად არ დაიბადნენ. მიუხედავად ამისა, მათ, როგორც ქალებს, შეუძლიათ, დიდი სამსახური გაუწიონ ხელოვნებას: ორივენი ცოლად უნდა გაჰყვნენ აკადემიკოსებს და ყველაფერი არივ-დარიონ ყეყეჩ, გამოტვინებულ ბეხრეკთა ბანაკში“.
1869 წელს ბერტამ დახატა ტილო, სახელწოდებით ,,ხედი ლორიანის პატარა პორტიდან” და ამ ნამუშევარმა თვალისმომჭრელი სიცხადით გამოამჟღავნა მისი ოსტატობა და არატრადიციული გამომსახველობითი საშუალებებისადმი ლტოლვა. ამ სურათზე ბერტას და, ედმაა გამოსახული და მის ყველა დეტალს აშკარად ეტყობა იმპრესიონიზმის თითქმის ყველა თავისებურება. ბერტა მორიზო და ედუარდ მანე ერთმანეთის შემოქმედებიდან იღებდნენ ინტელექტუალურ და სულიერ საზრდოს. ისიც ცხადზე უცხადესია, რომ ერთიმეორის გავლენაც ეტყობათ. ეს გავლენა განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა ზურგშექცევით მდგარი ბავშვების ხატვაში. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბერტა გათავისუფლდა მანეს გავლენისაგან, ხელი აიღო ედუარდისეულ შავბნელ ფერებზე და უფრო და უფრო ნათელი ფერებით ხატვას მიჰყო ხელი. იყო ერთი მითქმა-მოთქმა მანესა და მორიზოს სასიყვარულო კავშირის შესახებაც, თუმცა, ამის დამადასტურებელი უტყუარი წყარო არ არსებობს.
ბერტას დიდოსტატობა ნუსხავდა მის ამხანგებს. იმპრესიონისტი და არა მხოლოდ იმპრესიონისტი მხატვრები ქედს იდრეკდნენ მის წინაშე, უებრო, სწორუპოვარ შემოქმედად აღიარებდნენ და მოწიწებით ეპყრობოდნენ. მის სახლში თავს იყრიდნენ სახელოვანი ინტელექტუალები, მწერლები, კომპოზიტორები, ფილოსოფოსები, სწავლულები. მისი ყველაზე გულანთებული და მგზნებარე თაყვანისმცემელი მაინც ედგარ დეგა გახლდათ. მისი ტალანტით აღფრთოვანებულნი იყვნენ პიერ ოგიუსტ რენუარი, კლოდ მონე, სტეფან მალარმე და სხვები. ფრანგი სიმბოლისტი მხატვარი, პიერ სესილ დე შავანი, მოხიბლული იყო მისით; ამიტომაც, აღშფოთება და გულისწყრომა ვერ დამალა, როცა ერთ-ერთმა სალონმა უარი თქვა ბერტას ნახატის, „ინტერიერის“, გამოფენაზე. შავანის თქმით, კრიტიკოსებს თავი ვერ დაეღწიათ ყავლგასული ნორმებისათვის; ამიტომაც, ვერაფერი გაუგეს მორიზოს თამამ ექსპერიმენტს და დაიწუნეს მეტისმეტად მკვეთრი და თვალისმომჭრელი ფერებით შემკული ნახატი. როგორც უკვე ითქვა, მანე მუდამ დაკვირვებით ადევნებდა თვალს ბერტას შემოქმედებით ზრდა-განვითარებას და მისი გავლენით მიჰყო ხელი შედარებით ნათელი ტონით ხატვას. მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლების დამდეგს დაიწყო ბერტას შემოქმედებითი აღმასვლა, ნიჭის საბოლოო გაფურჩქნა და აყვავება. „მისი საკვირველი არისტული მგრძნობელობა გამოიხატება უსაზღვრო სინატიფით… ფუნჯის სწრაფი მოსმა სჩვევია; მისი ეს ხელოვნება უნდა შევადაროთ მრავალხმიან მუსიკალურ ნაწარმოებს, ფუგას… ასეთი ხელოვნება თითქოს სინათლისაგან შობს თვით იმ პერსონაჟებსაც კი, პეიზაჟს რომ ერწყმიან“,_აღნიშნავდნენ სწავლულები და ხელოვნების ისტორიკოსები.
იმპრესიონისტ მხატვართა პირველ გამოფენას დიდი აურზაური, კრიტიკის ქარ-ცეცხლი, შფოთი და კრიტიკოსთა ბორგვა მოჰყვა. მართალია, კრიტიკოსთა ურიცხვმა არმიამ ყველა მათგანი უხამსი ეპითეტებით შეამკო, თუმცა, მორიზო, კრიტიკის გარდა, სექსისტური თავდასხმებისა და მიზოგინიური ტალღის მსხვერპლი გახდა. აბუჩად აიგდეს „მთხაპნელი“ ქალი, რომელმაც ფუნჯის ხელში აღება გაბედა. როგორც რენუარი იხსენებს, ერთ-ერთმა გავეშებულმა კრიტიკოსმა მეძავი უწოდა ბერტას, ამის გამო კი პირსარომ მუშტი ჩასცხო სახეში. ეჟენ მანეს სურდა, დუელში გამოეწვია ჟურნალისტი ალბერტ ვოლფი, რომელმაც, სხვების დარად, არ დაიშურა მიზოგინიური ეპითეტები მისი საყვარელი ქალისადმი, თუმცა, თვით მორიზომ და სხვა ამხანაგებმა ხელი ააღებინეს ამ განზრახვაზე. სტეფან მალარმემ ჩვეული ენთუზიაზმითა და შემართებით დაიცვა გაბედული მხატვარი ქალთმოძულეთა შხამიანი ისრებისაგან. პოლ მანცის შეფასებით, რევოლუციონერ მხატვართა ამ ჯგუფში იყო ერთადერთი ჭეშმარიტი იმპრესიონისტი, რომელსაც ერქვა მადამ ბერტა მორიზო. სხვა სწავლულებმა ხოტბა შეასხეს მორიზოს, რადგან ტილოზე ფერთა ჰარმონიულად შერწყმა შეეძლო. ფრანგი მწერალი, ხელოვნების კრიტიკოსი და ჟურნალისტი, თეოდორ დიურე, იმპრესიონისტთა მოწინავე რიგებში აყენებდა ახალგაზრდა ქალს. მსგავსი შეფასებები მიიღეს სხვა იმპრესიონისტმა მხატვრებმა: მარი ბრაკემონმა და მერი კესეტმა. ხელოვნების ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ ქალები აღიარეს მიმდინარეობის მოწინავე წარმომადგენლებად. ხელოვნების ისტორიკოსმა, კრიტიკოსმა, მწერალმა და ჟურნალისტმა, გუსტავ ჟეფრუამ, აღნიშნა: „სხვადასხვა ფერები: ვარდისფერი, მკრთალი მწვანე, ოქროსფრად შეფერილი ნათელი ენით გამოუთქმელი ჰარმონიით ერწყმიან ერთმანეთს და საგალობელს აღავლენენ. ვერც ერთი მხატვარი ვერ გამოხატავს იმპრესიონიზმის არსს ისეთი ნატიფი ტალანტით და თან, ისე ავტორიტეტულად, როგორც მადამ მორიზო“. აი, ასე იქცა იგი იმპრესიონიზმის ნამდვილ „figure de proue“-დ.
წარმატებით თავბრუდახვეულ ქალს დიდი უბედურება დაატყდა თავს: მის საყვარელ მამაკაცს, 59 წლის ეჟენ მანეს, ჯანმრთელობა შეერყა და 1892 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა. ქალს დეპრესიამ დარია ხელი და საკუთარ გრძნობათა ნაჭუჭში გამოიკეტა. ტკბილი ნოსტალგიითა და კაეშნით განმსჭვალული იგონებდა გარდასულ დღეებს და გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას… ეჟენის მიცვალების შემდეგ, მისი და ბერტას ქალიშვილის, ჟიულის, მეურვე სტეფან მალარმე გახდა. ეჟენ მანემ სიკვდილის წინ დაუბარა ცოლს, ინდივიდუალური გამოფენა მოეწყდა. დაქვრივებულ, გულმოკლულ და მწუხარებით განაწამებ ქალს არ სურდა კიდევ ერთი ექსპოზიცია, თუმცა, მაინც აუსრულა უკანასკნელი სურვილი. თითქმის ყველა კრიტიკოსმა ხოტბა შეასხა მის ნამუშევრებს. გუსტავ ჟეფრუამ არც მაშინ არ დაიშურა ქება-დიდება და „La Vie artistique“-ის ერთ-ერთი ნომრის მრავალი გვერდი უძღვნა მორიზოს შემოქმედების განხილვას.
იმპრესიონიზმის ეს დიადი ბანოვანი მძიმედ გახდა ავად, ლოგინად ჩავარდა და 1895 წლის ორ მარტს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ დაწერილი ანდერძით დასტურდება, რომ თითქმის ყველა ნახატი დაუტოვა თავის მეგობრებს: რენუარს, დეგას, მონეს, მანეს… მიუხედავად იმისა, რომ აურაცხელი შემოქმედებითი სიმდიდრე დაუტოვა კაცობრიობას, მისი გარდაცვალების მოწმობაში ჩაწერეს: „პროფესიის გარეშე“. სექსიზმმა და მიზოგინიამ მისი სიკვდილის შემდეგაც კი იჩინა თავი. როცა ქალი პასის სასაფლაოზე დაკრძალეს, საფლავის ქვაზე ასეთი სიტყვები ამოკვეთეს: „ბერტა მორიზო – ეჟენ მანეს ქვრივი“ (!) აი, ასე დააკნინეს მისი ბრწყინვალე ნიჭი, ასე დაამცრეს მხატვრული აღმაფრენა და გაქანება და კაცის ქვრივის ტიტული აკმარეს. ამ უსამართლობით აღშფოთებულ მის მეგობრებს სურდათ ბერტას ჩრდილიდან გამოყვანა და მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების სათანადოდ დაფასება. ამიტომაც, მისი ნახატების კიდევ ერთი გამოფენა მოაწყვეს. პოლ ვალერიმ კი ესე დაწერა ბერტას შესახებ, ხოტბა შეასხა და ხაზი გაუსვა მის გამორჩეულ სტილს. პოლ დიურან-რიუელის სახელობის გალერეამ მისი ნაშრომების რეტროსპექტივა მოაწყო. სწორედ იქ გამოფინეს მისი ნახატები, სკულპტურები, პასტელითა და აკვარელით დახატული ტილოები და ა.შ. საბოლოოდ, საზოგადოებამ ოთხასზე მეტი ნამუშევარი იხილა.
იმპრესიონიზმის ამ დიადმა ბანოვანმა, მიუხედავად ამაზრზენი მიზოგინიური ტალღისა, საუკუნოდ დაიმკვიდრა ადგილი ხელოვნების ისტორიაში