შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-4 და მე-6 კლასელებს სასწავლო წლის ბოლოს დიაგნოსტიკურ ტესტირებას შესთავაზებს. „შეფასება განვითარებისთვის“ ასე ჰქვია პროექტს, რომელზეც ცენტრი პილოტირების რეჟიმში ბოლო სამი წელია მუშაობს.
„პუბლიკის“ შეკითხვებს პროექტთან დაკავშირებით, პროექტის ხელმძღვანელმა, ეკა ჯელაძემ წერილობით უპასუხა.
მისი განმარტებით, „შეფასება განვითარებისთვის“ დიაგნოსტიკურ შეფასებას სთავაზობს მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე – მათემატიკაში. ცენტრში ამბობენ, რომ პროექტის კიდევ ერთი პილოტირება თებერვალში იგეგმება, ამის შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებით გადაწყდება კონკრეტული თარიღი, როდის შესთავაზებენ ქვეყნის მასშტაბით ტესტის ჩატარებას ყველა სკოლას.
პროექტის ხელმძღვანელის განმარტებით დიაგნოსტიკური ტესტის მიზანია მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა, რათა ყველა ჩართულ მხარეს: მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს და დირექტორს ჰქონდეს ინფორმაცია თუ რა ტიპის დახმარება ან წახალისება სჭირდება მოსწავლეს, პროექტმა უნდა მისცეს სკოლას შესაძლებლობა, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე.
ტესტირება ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება. ტესტირება მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის დავალებებს. დახურული დავალებები გასწორდება კომპიუტერის მეშვეობით, ღია დავალებების შესწორებაში კი პედაგოგები ჩაერთვებიან.
როგორც ცენტრში განმარტავენ, ეს არ იქნება „ტიპური გამოცდა“, არამედ ისეთი ტიპის შეფასება, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლის საჭიროებების დანახვა და მისი შემდგომი განვითარებაა. შესაბამისად, დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები გავლენას არ მოახდენს მოსწავლის საბოლოო ქულაზე.
კონკრეტულად რა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული ტესტის შედეგად მიღებული მონაცემები?
ჯელაძე განმარტავს, რომ პროექტის მიზანია იქცეს დამხმარე საშუალებად სკოლისთვის, რათა მას ჰქონდეს ინფორმაცია და მონაცემები ყოველი მოსწავლის შესახებ, კერძოდ, როგორია მისი ზოგადი მიღწევები კონკრეტულ საგანში ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებების მიხედვით, დეტალური ინფორმაცია დავალებების მიხედვით – რა კომპეტენციას ფლობს ან არ ფლობს მოსწავლე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაში და ა. შ.
„ამგვარად, ყველა მოსწავლეს ექნება შეფასებები მე-4 და მე-6 კლასის ბოლოს, რაც დაეხმარება მშობელს, მასწავლებელსა და სკოლას, რომ დროულად დაეხმარონ მოსწავლეს, თუ ასეთი საჭიროება არსებობს. ვფიქრობთ, შეფასების შედეგების ასეთი ფორმით მიწოდება ხელს შეუწყობს სკოლის სხვადასხვა პოზიტიურ პროცესს, მაგალითად: მოსწავლეს დაეხმარება მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში.
მოსწავლეს შეუძლია ნახოს, რა ტიპისა და შინაარსის დავალებების გაკეთება გაუჭირდა ან გაუმარტივდა, რომ თავადაც მოინდომოს საკუთარი მიღწევების გაუმჯობესება. შეფასების შედეგები მასწავლებელს დაეხმარება დიფერენცირებული სწავლის დაგეგმვის პროცესში. მასწავლებელს შეუძლია გაითვალისწინოს ამა თუ იმ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები; სკოლის ადმინისტრაციას კი შეეძლება დაინახოს, რა მიმართულებით სჭირდება დამატებითი რესურსის მიმართვა“, – განმარტავს ჯელაძე.
გამოყენებული იქნება თუ არა ტესტირების შედეგად მიღებული მონაცემები სკოლისა და მასწავლებლების მონიტორინგისთვის?
ჯელაძე განმარტავს, რომ შეფასების შედეგებზე წვდომა აქვს შეფასებაში მონაწილე მოსწავლეს, მის მშობელს, მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს. სკოლამ ეს ინფორმაცია „უნდა გამოიყენოს უწყვეტი განვითარებისთვის“.
„სკოლამ და მასწავლებელმა უნდა ირწმუნონ, რომ პროექტის მიზანია – ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაზე და არა იმისათვის, რომ ცალკეული სკოლისა თუ მასწავლებლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს… თუკი სკოლა ნახავს, რომ პირველივე წელს სხვა სკოლებთან შედარებით დაბალი შედეგები აქვს, ეს მისი გააქტიურების საფუძველი უნდა გახდეს და მას უნდა ჰქონდეს სრული მხარდაჭერა, რომ გამოიკვლიოს ამის მიზეზები და გააუმჯობესოს შეფასების შედეგები მომავალ წელს“, – განმარტავს ჯელაძე.
შეკითხვაზე – სავალდებულო იქნება თუ არა სკოლებისთვის ტესტირებაში მონაწილეობა – ცენტრში განმარტავენ, რომ აქამდე ტესტირებები საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა და სკოლები სურვილის მიხედვით ერთვებოდნენ პროექტში. როგორც ამბობენ, სკოლების მხრიდან ინტერესი დიდია, ამიტომ აქვთ მოლოდინი, რომ „როდესაც პროგრამა სრულად გაიმართება ყველა სკოლა მოინდომებს ჩართვას“.
ცენტრში განმარტავენ, რომ პანდემიის გამო პროექტი ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეფერხდა და ამ ეტაპამდე ცენტრის მიზანი იყო შეფასების შინაარსის, ტესტის ფორმატისა და ტესტური დავალებების შექმნა და გამოცდა, ასევე შეფასების ელექტრონული პლატფორმის შექმნა და გამართვა.
დაეხმარება თუ არა დიაგნოსტიკური შეფასება სკოლებს განვითარებაში?
განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ არსებობს არაერთი რისკი იმისა, რომ ტესტირებამ „ძალიან ბევრ არაჯანსაღ პროცესს დაუდოს საფუძველი.“
როგორც ჯანაშია განმარტავს, თავისთავად დიაგნოსტიკური ტესტის არსებობა პრობლემა არ არის, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც დიაგნოსტიკურ შეფასებას სახელმწიფო ცენტრალიზებულად ატარებს. სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით იმ რისკებზე საუბრობს, რომლებიც სტანდარტიზებულ ტესტირებას თან ახლავს ხოლმე:
„პირველი – ეს არის სწავლების მიზნებისა და ინსტრუმენტების სტანდარტიზაცია. ანუ, თუ სახელმწიფო ამბობს, რომ, მაგალითად, მათემატიკის სწავლა გულისხმობს კონკრეტულად თავისივე შემოთავაზებული გზით შემოწმებას, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ეუბნება მასწავლებლებს, რომ ის კონკრეტული დავალებები, რომლებიც გამოიყენება დიაგნოსტიკური შეფასებისას მნიშვნელოვანია თავად მასწავლებლების შეფასებისთვისაც.
მაგალითად, თუ მე-6 კლასში ვამოწმებთ მოსწავლეს და ვხედავთ, რომ მათ გარკვეული პრობლემა აქვთ მათემატიკის სწავლაში, მაშინ ეჭვის ქვეშ დგება დაწყებითების მასწავლებლების მიდგომები. იმისათვის, რომ მასწავლებელმა ეს გამოასწოროს, ხშირად ისინი იწყებენ არა ბავშვის საჭიროებებზე ფიქრს, არამედ ამ ბავშვების საჭიროებების მორგებას იმ ინსტრუმენტებზე, რომლებითაც ისინი გამოიცდებიან“, – ამბობს ჯანაშია და განმარტავს, რომ შედეგად, იმის ნაცვლად, რომ მასწავლებელი ორიენტირებული იყოს მოსწავლის გარკვეული კომპეტენციების განვითარებაზე, ორიენტირებული ხდება მხოლოდ ტესტზე და იმ დავალებებზე, რაც ტესტშია მოცემული, რადგან მათი ზედმიწევნით შესრულება მოსწავლის წარმატების საზომია.
დღესდღეობით განათლების სისტემაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჯანაშიას შეფასებით, პრობლემაა ისიც, „თუ როგორ ითარგმნება სპეციალისტების თავდაპირველი ჩანაფიქრი“ სხვადასხვა მხარისთვის; როგორ გაიაზრებს სასკოლო საზოგადოება პროექტის მიზანს – ის განკუთვნილია ნამდვილად მათი განვითარებისთვის, თუ იმისთვის, რომ სახელმწიფომ აკონტროლოს სკოლები:
„ამ პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მონაცემებზე წვდომა ექნება მხოლოდ სკოლას, მაგალითად, დირექტორს, მასწავლებელს, მშობელს, მაგრამ როგორ უზრუნველყოფენ იმას, რომ წვდომა არ ექნება სახელმწიფოს? ვერანაირად ვერ დააჯერებ სასკოლო საზოგადოებას, რომ ამ მონაცემებს მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ, იმიტომ, რომ გამოცდილება სწორედ ამას უჩვენებთ.
როცა შემოდის ახალი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა არამხოლოდ სკოლის დონეზე, არამედ მასწავლებლის დონეზეც კი ვიცოდეთ რა მდგომარეობაა, რამდენად აღწევენ მოსწავლეები შედეგებს, დღესდღეობით როცა წახალისების მექანიზმები ბევრად ნაკლებია, ვიდრე დასჯის მექანიზმები. თავისთავად ცხადია, სისტემაში მომუშავეებს ეჭვი გაუჩნდებათ, რომ ეს არის კონტროლის მექანიზმი და არა მაინცდამაინც მხარდაჭერის მექანიზმი“.
სიმონ ჯანაშიას თქმით, პრობლემა ის კი არ არის, რომ სისტემაში შემოდის ახალი დიაგნოსტიკური შეფასება, პრობლემაა – ვის და რა ფორმით შემოაქვს ეს შეფასება. მისივე განმარტებით, ტესტს რომ სკოლებს სთავაზობდნენ, მაგალითად, უნივერსიტეტები და არა სახელმწიფო, ნაკლებად იარსებებდა რისკი იმისა, რომ სკოლების მხრიდან ეს ტესტირება აღქმული იქნება, როგორც კონტროლის მექანიზმი.
„სამწუხაროდ, სახელმწიფო იმის ნაცვლად, რომ, მაგალითად, უნივერსიტეტებს გადასცეს ეს დავალებები, ამას ისევ თვითონ აკეთებს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია და მიიჩნევს, რომ თუკი მსგავსი პროექტი ეროვნულ დონეზე განხორციელდება, სასარგებლო იქნებოდა ორი რამ, პირველი – ეს გააკეთოს არა სახელმწიფომ, არამედ უნივერსიტეტებმა; და მეორე – იმ დავალებების შექმნაში, რომლებითაც ბავშვებს შეამოწმებენ, ჩართული უნდა იყვნენ თავად სკოლები. ვინაიდან, თუკი მასწავლებელი თავად არ ქმნის საკუთარი მოსწავლისთვის დავალებას და „გარედან მოტანილ“ დავალებას აძლევს ბავშვებს, ეს ავტომატურად იწვევს იმას, რომ მასწავლებელი გადაერთვება სხვის დაგეგმილ მიზნებზე, სხვისი დაგეგმილი ინსტრუმენტებით შემოწმებაზე, რაც საბოლოო ჯამში არამხოლოდ მასწავლებლის ავტონომიისათვის არის ცუდი, არამედ პრობლემურია სკოლისთვის, გადაჭრას თავისი მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებები.
სიმონ ჯანაშია არ გამორიცხავს იმასაც, რომ შეფასებები სკოლებმა შესაძლოა გამოიყენონ საკუთარი რეპუტაციის ასამაღლებლად, – გამოჩნდებიან სკოლები, რომლებიც შედეგებს გამოაქვეყნებენ და იტყვიან, რომ მოსწავლეთა რაღაც პროცენტმა მიაღწია გარკვეულ დონეს, რაც აიძულებს სხვა სკოლებს, ჩაერთონ ამ შეჯიბრში. სკოლებს შორის არაჯანსაღი კონკურენცია დააზარალებს პროცესს, მაგალითად, ხელს შეუშლის მასწავლებელთა თანამშრომლობას და ა.შ.
ჯანაშია მიიჩნევს, რომ დიაგნოსტიკური ტესტირების სკოლებში დანერგვა საინტერესო ინიციატივაა, მაგრამ თუ ის არ გარდაიქმნა იმგვარად, რომ ზემოთ ხსენებული რისკები შემცირდეს, ეს უფრო „სკოლების კონტროლის მექანიზმი იქნება, ვიდრე მათი განვითარების მექანიზმი“.
მისვე შეფასებით, ამ რისკების დაზღვევისთვის კი მინიმუმ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება იქნება საჭირო, – ტესტირება არ ჩაატაროს ცენტრალიზებულად სახელმწიფომ; გამოირიცხოს სკოლების მონაცემთა ერთმანეთთან შედარება და ამის თანმდევი არაჯანსაღი კონკურენცია; საშუალება მიეცეს სკოლის მასწავლებლებს, თავადვე შეადგინონ დავალებები და შეაფასონ მოსწავლეები.