7 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიულ ოპუსს „დოვინ–დოვენ–დოვლი…“, რომელიც შთაგონებულია გალაკტიონის პოეზიით.
ეს არის განახლებული დადგმა, რომელშიც ქორეოგრაფიაში ჯერ კიდევ გამოუცდელმა მარიამ ალექსიძემ წლების წინ, სახელოვანი მამის, გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიული იდეები და საკუთარი კომპოზიციები ერთ მთლიან წარმოდგენად აქცია. ახალ წარმოდგენას კი „დოვინ–დოვენ–დოვლი…“ უწოდა. საინტერესოა, რომ ამ ბალეტის დადგმიდან დაახლოებით 14 წლის შემდეგ, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში ლამის ოცამდე სრულმეტრაჟიან თანამედროვე ბალეტსა თუ თანამედროვე ცეკვის ოპუსს გამოვარჩევთ.
გოგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“, რომელიც თბილისის მერიის თანადგომით 2016 წელს დაარსდა, უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი. დღეს ის საქართველოში, ფაქტობრივად, კავკასიის რეგიონშიც ერთადერთი დასია, რომელიც თანამედროვე დასავლური ცეკვის თეატრის (contemporary dance) ტენდენციებს ასახავს და განსაზღრავს.
„თბილისის თანამედროვე ბალეტის“ რეპერტუარში, რომელიც კალეიდოსკოპივით ჭრელ, მრავალფეროვან და ზოგჯერ ფრაგმენტულ შთაბეჭდილებას ტოვებს, უდავოდ გამოირჩევა სწორედ „დოვინ–დოვენ–დოვლი…“. ეს არითმიული, უფრო ექსპერიმენტული და ნეოკლასიკური ქორეოგრაფიული ენით გაჯერებული წარმოდგენაა, რომელიც ერთგვარად ირეკლავს თანამედროვე ბალეტის ელემენტებსა და პოეზიის სიმსუბუქესა თუ სიმძიმეს.
საბალეტო დასის შემადგენლობა 2016 წლიდან რამდენჯერმე შეიცვალა. ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები, რომლებიც მრავალრიცხოვან და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ წარმოდგენებში შეიძლება ამოვიკითხოთ. ესენია: „დოვინ–დოვენ–დოვლი…“, „აჭარპანი“, „ალვა“, „ჰარირა“, „ქუჩა“, „ფანტაზია აკვნის ნანებზე“, „გურჯი–ხათუნი“, „შექსოირი, სიყვარული“, „ხამსე“. „მეტამორფოზები“, „ფოლია“, „საბალეტო მინიატიურები“, „ფსალმუნი“,„ბეატრიჩე“, „გოლდბერგის ვარიაციები“, „12 პაემანი“.
მთავარი ტენდენციები:
–ლტოლვა ნეოკლასიკური საბალეტო ენისადმი (მორის ბეჟარის, ირჟი კილიანის, უილიამ ფორსაიტის, პოლ ტეილორის, და სხვათა შემოქმედების ანარეკლები), რაც როგორც სიუჟეტურ, ისე აბსტრაქტულ საბალეტო წარმოდგენებში მოიაზრება და წარმოჩინდება;
–მინიმალისტური ხაზების, პირველქმნილი ჟესტებისა და სისადავისკენ სწრაფვა, რაც გამოხატულ კამერულ–ფსიქოლოგიურ ატმოსფეროშია მოქცეული (ალბათ, უფრო სახელოვანი მამის, გოგი ალექსიძის გავლენით);
–ერთიანი არტისტული პლატფორმის შექმნის მცდელობა, როდესაც ქორეოგრაფიული წარმოდგენა ეყრდნობა მოწვეული კომპოზიტორის, დრამატურგისა თუ მხატვრის ერთიან ნამუშევარს (ბალეტი „გურჯი ხათუნი“ ამის კარგი ნიმუშია, სადაც გაერთიანდა იოსებ ბარდანაშვილის მუსიკა, დავით ტურაშვილის ლიბრეტო და ანკა კალატოზიშვილის მხატვრობა და კოსტიუმები);
–ფოლკლორული და ეთნოგრაფიული საწყისების ძიება და თანამედროვე ქორეოგრაფიასთან მათი დაკავშირება (ბალეტები „აჭარპანი“, „ჰარირა“, „ხამსე“). ქართული ბალეტის ფოლკლორულ ტრადიციას თავის დროზე ვახტანგ ჭაბუკიანმა ჩაუყარა საფუძველი („მთების გული“, „გორდა“), შემდეგ ის გიორგი ალექსიძემ განავრცო, დღეს, უკვე ამ ტრადიციად ჩამოყალიბებული ისტორიის გაგრძელებას მარიამ ალექსიძე ცდილობს;
– მკვეთრად განსხვავებული და ლამის ანტაგონისტური – ელექტრონული და ბაროკოს მუსიკის გამოყენება, საბალეტო წარმოდგენებში „ალვა“, „მეტამორფოზები“, „ქუჩა”;
–თანამედროვე ცეკვის საზღვრების გაფართოების მცდელობა და თანამედროვე ცეკვაში სოციალური თემატიკის შემოტანის მცდელობა („12 პაემანი“, რომელიც გასულ წელს ორთაჭალის გაუქმებულ, N12 გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორიაზე გაიმართა);
–თეატრის მსახიობების თანამონაწილეობა და ჩართვა და საბალეტო პროექტებში („ჰარირა“ და „შექსპირი, სიყვარული“ რუსთაველის თეატრის სცენაზე). ამ პროექტებში გაერთიანებულია თეატრი, ცეკვა, მუსიკა და პოეზია; ასევე შექსპირის სონეტების აუდიოჩანაწერი დიდი ბრიტანელი მსახიობების – ჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის მონაწილეობით.
საინტერესოა, გალაკტიონით შთაგონებულ და ახლად აღდგენილ წარმოდგენაში როგორ აირეკლავს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია ჩვენი დროის სუნთქვას, უახლეს ტენდენციებსა და შემოქმედებითი ძიების გზას. თანამედროვე ქორეოგრაფიის მოყვარულთ ამის უშუალო შეგრძნება თუ შემოწმება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე შეეძლებათ.