ცეკვა გალაკტიონის პოეზიის თანხლებით

დავით ბუხრიკიძე

7 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, გიორგი ალექსიძის სახელობისთბილისის თანამედროვე ბალეტიწარმოადგენს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიულ ოპუსსდოვინდოვენდოვლი…“, რომელიც შთაგონებულია გალაკტიონის პოეზიით. 

ეს არის განახლებული დადგმა, რომელშიც ქორეოგრაფიაში ჯერ კიდევ გამოუცდელმა მარიამ ალექსიძემ წლების წინ, სახელოვანი მამის, გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიული იდეები და საკუთარი კომპოზიციები ერთ მთლიან წარმოდგენად აქცია. ახალ წარმოდგენას კი დოვინდოვენდოვლი…“ უწოდა. საინტერესოა, რომ ამ ბალეტის დადგმიდან დაახლოებით 14 წლის შემდეგ, მარიამ ალექსიძის შემოქმედებაში ლამის ოცამდე სრულმეტრაჟიან თანამედროვე ბალეტსა თუ თანამედროვე ცეკვის ოპუსს გამოვარჩევთ.

გოგი ალექსიძის სახელობისთბილისის თანამედროვე ბალეტმა“, რომელიც თბილისის მერიის თანადგომით 2016 წელს დაარსდა, უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი. დღეს ის საქართველოში, ფაქტობრივად, კავკასიის რეგიონშიც ერთადერთი დასია, რომელიც თანამედროვე დასავლური ცეკვის თეატრის (contemporary dance) ტენდენციებს ასახავს და განსაზღრავს.

თბილისის თანამედროვე ბალეტისრეპერტუარში, რომელიც  კალეიდოსკოპივით ჭრელ, მრავალფეროვან და ზოგჯერ ფრაგმენტულ შთაბეჭდილებას ტოვებს, უდავოდ გამოირჩევა სწორედდოვინდოვენდოვლი…“. ეს არითმიული, უფრო ექსპერიმენტული და ნეოკლასიკური ქორეოგრაფიული ენით გაჯერებული წარმოდგენაა, რომელიც ერთგვარად ირეკლავს თანამედროვე ბალეტის ელემენტებსა და პოეზიის სიმსუბუქესა თუ სიმძიმეს.

საბალეტო დასის შემადგენლობა 2016 წლიდან რამდენჯერმე შეიცვალა. ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები, რომლებიც მრავალრიცხოვან და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ წარმოდგენებში შეიძლება ამოვიკითხოთ. ესენია: „დოვინდოვენდოვლი…“, „აჭარპანი“, „ალვა“, „ჰარირა“, „ქუჩა“, „ფანტაზია აკვნის ნანებზე“, „გურჯიხათუნი“, „შექსოირი, სიყვარული“, „ხამსე“. „მეტამორფოზები“, „ფოლია“, „საბალეტო მინიატიურები“, „ფსალმუნი“,„ბეატრიჩე“, „გოლდბერგის ვარიაციები“, „12 პაემანი“.

მარიამ ალექსიძე

მთავარი ტენდენციები: 

ლტოლვა ნეოკლასიკური საბალეტო ენისადმი (მორის ბეჟარის, ირჟი კილიანის, უილიამ ფორსაიტის, პოლ ტეილორის, და სხვათა შემოქმედების ანარეკლები), რაც როგორც სიუჟეტურ, ისე აბსტრაქტულ საბალეტო წარმოდგენებში მოიაზრება და წარმოჩინდება;

მინიმალისტური ხაზების, პირველქმნილი ჟესტებისა და სისადავისკენ სწრაფვა, რაც გამოხატულ კამერულფსიქოლოგიურ ატმოსფეროშია მოქცეული (ალბათ, უფრო სახელოვანი მამის, გოგი ალექსიძის გავლენით);

ერთიანი არტისტული პლატფორმის შექმნის მცდელობა, როდესაც ქორეოგრაფიული წარმოდგენა ეყრდნობა მოწვეული კომპოზიტორის, დრამატურგისა თუ მხატვრის ერთიან ნამუშევარს (ბალეტიგურჯი ხათუნიამის კარგი ნიმუშია, სადაც გაერთიანდა იოსებ ბარდანაშვილის მუსიკა, დავით ტურაშვილის ლიბრეტო და ანკა კალატოზიშვილის მხატვრობა და კოსტიუმები);

ფოლკლორული და ეთნოგრაფიული საწყისების ძიება და თანამედროვე ქორეოგრაფიასთან მათი დაკავშირება (ბალეტებიაჭარპანი“, „ჰარირა“, „ხამსე“). ქართული ბალეტის ფოლკლორულ ტრადიციას თავის დროზე ვახტანგ ჭაბუკიანმა ჩაუყარა საფუძველი („მთების გული“, „გორდა“), შემდეგ ის გიორგი ალექსიძემ განავრცო, დღეს, უკვე ამ ტრადიციად ჩამოყალიბებული ისტორიის გაგრძელებას მარიამ ალექსიძე ცდილობს;

მკვეთრად განსხვავებული და ლამის ანტაგონისტურიელექტრონული და ბაროკოს მუსიკის გამოყენება, საბალეტო წარმოდგენებშიალვა“, „მეტამორფოზები“, „ქუჩა;

თანამედროვე ცეკვის საზღვრების გაფართოების მცდელობა და თანამედროვე ცეკვაში სოციალური თემატიკის შემოტანის მცდელობა („12 პაემანი“, რომელიც გასულ წელს ორთაჭალის გაუქმებულ, N12 გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორიაზე გაიმართა);

თეატრის მსახიობების თანამონაწილეობა და ჩართვა და  საბალეტო პროექტებში („ჰარირადაშექსპირი, სიყვარულირუსთაველის თეატრის სცენაზე). ამ პროექტებში გაერთიანებულია თეატრი, ცეკვა, მუსიკა და პოეზია; ასევე  შექსპირის სონეტების აუდიოჩანაწერი დიდი ბრიტანელი მსახიობებისჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის მონაწილეობით. 

საინტერესოა, გალაკტიონით შთაგონებულ და ახლად აღდგენილ წარმოდგენაში როგორ აირეკლავს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია ჩვენი დროის სუნთქვას, უახლეს ტენდენციებსა და შემოქმედებითი ძიების გზას. თანამედროვე ქორეოგრაფიის მოყვარულთ ამის უშუალო შეგრძნება თუ შემოწმება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე შეეძლებათ.