„ჩემო სახელო, ამქვეყნად დიდხანსამც იხსენებოდე“

თინათინ მოსიაშვილი

„მიხაობა“ – მიხა ხელაშვილის დღე ჩარგალში

ბოლო წლებია, ყოველ 25 იანვარს, ზამთრის თოვლისა თუ სუსხის მიუხედავად, უამრავი ადამიანი დადის ჩარგალში. ამ დღეს პატივს მიაგებენ თავისუფლებისთვის მებრძოლი პოეტის – მიხა ხელაშვილის ხსოვნას. ის ჩარგლის სასაფლაოზე, ტაძრის გვერდით არის დაკრძალული.

წელსაც, ტრადიციულად, ბევრი ხალხი იყო ფშავში, სადაც სახალხო ზეიმით აღინიშნა მიხა ხელაშვილის დაბადების 120 და გარდაცვალების 95 წლისთავი.

ამჯერად უთოვლო, თუმცა მზიან-სუსხიანი დღით დახვდა ჩარგალი სტუმრებს.

***

„ლექსო, ამოგთხომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე

და შენ კი ჩემად სამსახსოვროდ სააქაოდა რჩებოდე…

გიმღერდნენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდე.

ქვეყანა მხიარულობდეს, მე კი საფლავში ვლპებოდე.

ჩემო ნათქმომნო სიტყვანო, ნეტავი გაჰქვეყნდებოდე,

და ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე…“.

ეს  ყველაზე ცნობილი ლექსია, რომელიც მიხა ხელაშვილისგან დაგვრჩა. კომუნისტების პერიოდში მიხას ლექსების შენახვა და შემდეგ გამოქვეყნებაც უდიდესი გმირობა იყო, რადგან მკაცრად იკრძალებოდა სისტემასთან მებრძოლი პოეტის ხსენებაც კი.

***

ცოტა რამ მიხა ხელაშვილის ბიოგრაფიიდან:

უკანა ფშავში, ფშავის მთავარი სალოცავის – ლაშარის მოპირდაპირე მხარეს, მთაზე, არის სოფელი, უფრო სწორად ახლა უკვე ნასოფლარი – ახადი.

სოფლამდე დღესაც არ მიდის სამანქანე გზა და ახლაც, ისევე როგორც საუკუნის წინ, ტყის ბილიკს უნდა აუყვე. ზაფხულობით მწყემსები და ძალიან იშვიათი მოლაშქრეები თუ ახმაურებენ ახადს, სხვა დროს სიჩუმე და მდუმარებაა. ალბათ ამიტომაც არის, რომ მიხა ხელაშვილის დაბადების დღე ახადში კი არა, მის მეორე მშობლიურ სოფლად ქცეულ ჩარგალში აღინიშნება.

1900 წლის 25 იანვარს (ზოგიერთი მონაცემით, ცოტა ადრეც) სწორედ ახადში, ზურაბ ხელაშვილის ოჯახში დაბადებულა მიხა ხელაშვილი. მიხას წინაპრები გოდერძაულნი ყოფილან. გვარიდან გამორჩეული ყოფილა ბეწუნა – თიკუნად ხელაი, რომლის  შთამომავალთ ხელაიშვილებად მოიხსენიებდნენ, მიხას მამა კი უკვე ხელაშვილად დაწერილა.

ახადში მდგარა ხელაშვილების ორსართულიანი ქვითკირის სახლიც, რომელის ადგილას დღეს ნასახლარია…

 

„სახლო, არ დაიშლებოდე (ან ზოგი ვერსიით, დაინგრეოდე)“, – ამბობს პოეტი თავის ყველაზე პოპულარულ ლექსში „ლექსო, ამოგთქომ“. დღეს ხელაანთ სახლი დანგრეულია და ცალკეული ადამიანების გარდა, ჯერ ხელისუფალთაგან არავინ დაფიქრებულა, რომ მის აღდგენაზე იზრუნოს. ალბათ კარგი იქნებოდა სახლ-მუზეუმის გახსნაც.

ახადში გაუტარებია მიხას ბავშვობა. ბიოგრაფთა გადმოცემით, აქვე, თავის სოფელთან ახლოს, გამოღმა მისრიათ მხარეს, თამარ-მეფის (თამარ-ღელის) სალოცავში მიუღია  მიხა ხელაშვილს დაწყებითი განათლება. საყდარში მოღვაწე მღვდელ ილარიონ მოსანთლიშვილს (თუ მოსანთლიაშვილს) უსწავლებია წერა-კითხვა ბიჭუნასთვის. ყმაწვილისთვის ნიჭიერება რომ შეუნიშნავს, მასწავლებელს მამისთვის რჩევა მიუცია, შვილი სასწავლებლად გაეგზავნა და თბილისის ორწლიანი სადიაკვნო სასწავლებელი მიუსწავლებია.

სწავლის ფული რომ სჭირდებოდა, ზურაბს ხარები „პატიოსანა“ და „თვირთვილა“ გაუყიდია,  რასაც იმდროინდელ ფშავ-ხევსურეთში იშვიათად თუ ვინმე გააკეთებდა, რადგან ბალღის „ქაღალდისაც ჩახედვა“ დედაჭუაობად მიაჩნდათ.

1915 წელს სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მიხა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში გაუნაწილებიათ დიაკვნად, სადაც, ბიოგრაფთა მოგონებით, დიდი სიყვარული დაუმსახურებია.

1919 თუ 1920 წელს ჩარგლის ეკლესიაში მღვდლად უკურთხებიათ მიხა ხელაშვილის დის ქმარი, სოფელ აფხუშოში (ჩარგლის ფუძე სოფელი) მცხოვრები თევდორე ჟამიაშვილი, რომელსაც ცოლის ძმა თავისთან გადაუყვანია.

ჩარგალში მეგობრებიც გაუჩენია: ნიკო მაკალათია (სერგი მაკალათიას ძმა, რომელიც შემდეგ თავის ცოლის ძმა ლადო ბალიაურთან ერთად ყარაგანდაში გადაასახლეს ათი წლით), რომელიც მასწავლებლად მუშაობდა. ვაჟა-ფშაველას შვილი ვახტანგი,  ვანო ხორნაული (მეზობელ კაწალხევიდან), ასევე ლუკა მარცვალაშვილი, ლევან გარსევანაშვილი.

აქვე, ჩარგალში,  იპოვა მიხამ სიყვარულიც – დედუნა ბაჩიაშვილი, რომელთანაც 1922 წელს ქალიშვილი – თამარი შეეძინა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიხა ხელაშვილი იძულებული გახდა, მიეტოვებინა ტაძარი და ცხენზე ამხედრებულიყო. ის ქაქუცა  ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი გახდა. ჩოლოყაშვილი განსაკუთრებით ენდობოდა თურმე ფშაველ ახალგაზრდას. „კარის პოეტი ხარო“, – ეუბნებოდა თურმე ქაქუცა და გამარჯვების შემთხვევაში კარგი სწავლა-განათლების მიღებასაც ჰპირდებოდა…

„კარის კი არა, ველის პოეტი ვარო“, – პასუხობდა თურმე მიხა, რომელიც ხან ფშავში იყო, ხან ხევსურეთში, ალავერდსა თუ ხაშმში.

1924 წელს აჯანყების დამარცხების შემდეგ შეფიცულთა უმეტესობა ემიგრაციაში მიდის. მიხა ხელაშვილი ლევან ხავაზურაშვილთან ერთად რჩება საქართველოში. და ეს დარჩენა, ცხადია, საბედისწერო ხდება…

როგორც ერთ-ერთ „მიხაობა“ ზე პოეტმა კახა შალამბერიძემ თქვა:

„გმირი არა მწამს მე გაქცეული! დე, მაპატიონ ყველა წასულთა…

ხარ პირნათელი და ღირსეული მომავალთან თუ გმირულ წარსულთან“

მიხა დარჩა კომუნისტური ხელისუფლების პირისპირ. დარჩა და, გადმოცემის მიხედვით,   თავსატეხად ექცა მაშინდელ მილიციელებს. მას რომ ვერაფერი დააკლეს, აფხუშოდან ახადში მიმავალ დედამისს დაუხვდნენ, ჯერ ხანჯლის წვერებით დაჩხვლიტეს, მერე ტყვია ჰკრეს და მოკლეს.

როგორც ამბობენ, მიხა ხელაშვილი სულ ცოტა ხნით მივიდა დედის გასვენებაში. თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი, მზად იყო, თუ რამეს დაუპირებდნენ, თავად მოეკლა თავი. ამბობენ, პოლიციელებით იყოო სავსე ჩარგლის მიდამოებიც, მაგრამ გასვენებისას ვეღარავინ შებედაო სროლა.

ცოლ-შვილის დაწიოკებასაც ერიდებოდა და მათთან მისვლას ვერ ბედავდა და ისე შორიდან თუ დახედავდაო…

  • არ გათხოვდეო! – ეს ყოფილა უკანასკნელი თხოვნა სატრფოსადმი.

თუმცა „სახლო, არ დაიშლებოდე და, ცოლო, არ გასთხოვდებოდე“, – ვერც ეს თხოვნა აუსრულდა.

მაინც ჩარგალში სტუმრობა აღმოჩნდა საბედისწერო. „გულღიად“ დახვედრიან „მეგობრები“ –   ლუკა მარცვალაშვილი და ლევან გარსევანაშვილი: ხინკალიც ჩაუყრიათ, არაყიც დაულევიათ, ღამით სტუმარი  თითქოს უსაფრთხოებისთვის საბძელში დაუძინებიათ…. შუაღამისას კი თავად დასდგომიან იარაღით და ღალატით მოუკლავთ.

ბიოგრაფთა თქმით, ამ დროს სახლში ელოდა ვერაგი განაჩენის აღსრულებას მესამე „მეგობარი” – ვახტანგ რაზიკაშვილი, ვახტანგი, რომელმაც მერე მიხას ცოლი შეირთო.

პოლიციას სროლა აუტეხავს, ვითომ მათ მოკლეს მიხა ხელაშვილი, შემდეგ გვამი დუშეთში გადაუტანიათ და პოლიციის ეზოში მიუგდიათ სხვების დასაშინებლად.

მიხას დას, სალომეს ჯერ საბძელში შეუგროვებია ძმის ტვინი, მერე  ნაცნობი პოლიციელის დახმარებით მისი გვამი მოუპარავს, ნაწილ-ნაწილ ჩაუწყია ხურჯინში და ბევრი კაცი რომ ვერ იზამდა, თავად წაუღია ჩარგალში. დედის საფლავის გვერდით დაუკრძალავს ველად გაჭრილი პოეტი.

მიხა ხელაშვილის „ლექსო, ამოგთქომ“ პირველად ვახტანგ კოტეტიშვილმა შეიტანა 1934 წელს გამოცემულ „ხალხურ პოეზიაში“. მისთვის ლექსი ვანო ხორნაულს მოუწოდებია. ეს ორივესგან დიდი გმირობა იყო, რადგან მიხასნაირების სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა. ალბათ „ხალხურობამ“  შემოგვინახა ბევრი რამ…

„იკრძალებოდა, მაგრამ ფშავში არასოდეს ჩამკვდარა მიხა ხელაშვილის სახელი და მისი ლექსი” – მითხრა ერთხელ ჯარჯი ფხოველმა.

***

„მახსოვს, 1989 წელი იყო და უნივერსიტეტში ერთ ლიტერატურულ საღამოზე ედიშერ გიორგაძემ მიხა ხელაშვილზე ისაუბრა. ედიშერ გიორგაძემ იმავე წელს, პირველი პატარა კრებული გამოსცა „ლექსი და ცხოვრება მიხა ხელაშვილისა“. დღესაც კარგად მახსოვს ის საღამო. მახსოვს, ზვიად გამსახურდიაც ესწრებოდა. იმ დღეს გავიგე, რომ ბევრი ლექსი, რომელიც მე ხალხური მეგონა,  მიხა ხელაშვილის ყოფილა. ამ ამბავმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მერე საკურსოც, სადიპლომოც და საკანდიდატო ნაშრომებიც სწორედ მიხა ხელაშვილის შემოქმედებაზე დავწერე“,  – იგონებს პოეტი და ლიტერატორი მიშა ღანიშაშვილი.

მისი თქმით, დაახლოებით იმ პერიოდიდან დაიწყეს მან და მისმა მეგობრებმა ჩარგალში, მიხა ხელაშვილის საფლავზე სიარული.

ასე, 2010 წლიდან კი ამ დღემ უკვე სახალხო ზეიმის სახე მიიღო.

***

„ეს ადგილი, მიხას საფლავი, მხოლოდ ოჯახის წევრებმა ვიცოდით. ახლა კი მიხარია, რომ ამ დღეს ჩარგალში ამდენი ხალხი ამოდის“, – თქვა საფლავთან ლელა რაზიკაშვილმა.

მეორე წელია, ზეიმის აღნიშვნა დუშეთიდან იწყება. იმ შენობიდან, სადაც ოდესღაც, მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში სასამართლო იყო და ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა. მერე კი მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში პოლიცია იყო განთავსებული და  თავისუფლებისათვის მებრძოლი არაერთი ადამიანი გასამართლდა და დაისაჯა.

„სწორედ ამ ეზოში ეგდო მიხა ხელაშვილის ცხედარი და მერე, მიხა ხელაშვილის დამ, ბებოჩემმა, სალომემ, ბევრი კაცი რომ ვერ შეძლებდა, ისეთი რამ გააკეთა, მოიპარა ძმის ცხედარი და ჩარგალში წაიღო, დედის გვერდით დაკრძალა, – ამბობს ლელა რაზიკაშვილი – ძალიან მინდა მთის ტრადიციისამებრ, ამ ეზოში თავისუფლებისთვის მებრძოლთა წყარო გავაკეთოთ და „მიხაობის“ აღნიშვნაც სწორედ აქედან დავიწყოთ ხოლმე“.

დღეს ილიას დროინდელი სასამართლოს შენობა დანგრეულია. ოდესღაც ილიას ბიუსტიც მოიპარეს და კვარცხლბეკიც ისე, უძეგლოდ არის შერჩენილი. გონიერი ხელისუფალი აქაც გააკეთებდა მუზეუმს, მაგრამ…

სწორედ იქედან დაიწყო 2020-წლის 25 იანვარიც, თუმცა დუშეთის ყოფილ პოცილიასთან მხოლოდ მცირე ჯგუფი მივიდა, უმეტესობა – ფშავლები თუ საქართველოს სხვა კუთხის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, პოეტები თუ ლიტერატორები, ისტორიკოსები, ჟურნალისტები, ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები პირდაპირ ჩარგლის სასაფლაოს ეწვივნენ და გვიანობამდე ისმოდა ქართული ლექსი, სიმღერა.

„მიხა ხელაშვილი არის ვაჟკაცობის, გაუტეხლობის, დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო. მან აჩვენა, რომ მარტო კაცსაც შეუძლია უზარმაზარ იმპერიასთან ბრძოლა. მარტო კაცსაც შეუძლია, არ დამარცხდეს, როცა ყველა შეეგუება და თავს წაუხრის, ახალ დროებას მოერგება. ერთ კაცსაც შეუძლია, არ გატყდეს და მარტომ იბრძოლოს საქართველოსთვის…

მიხა კაი ყმა იყო და ჩვენ მოვდივართ აქ იმიტომ, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, კაი ყმის სახელი არ იკარგება“, – გვითხრა ერთხელ ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტმა ნუკრი მჭედლიშვილმა. ის თავის თბილისელ თუ ფშაველ შეგირდებთან ერთად ყოველ წელს ადის ჩარგალში. ხრიდოლიონები შავის 12 თემის დროშებით ადიან, ფერხისას ასრულებენ და საკაიყმოს სვამენ.

***

„პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა, აგრე იტყოდით, დიდება ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა ჩვენს მიხა ხელაშვილ“, – კარგ ფშაველ კაცს, ილო ფხოველს უთქვამს ერთხელ მიხას შესანდობარი.

თავისუფლებისთვის მებრძოლი პოეტის არდავიწყების, კაი ყმის გახსენების ზეიმია სწორედ „მიხაობა“.