ჩვენ ვაჩვენეთ მაგალითი | ფეხბურთელები ლანჩხუთიდან

ქრისტინე მუჯირი

„ამბობდნენ, ქალს რა უნდა სტადიონზე, წადით სახლში ხაჭაპური გამოაცხვეთ“;

„გაკვირვებას ვგრძნობდი ხოლმე, ხალხისგან, იმის გამო, რომ გოგო ვარ და ფეხბურთს ვთამაშობდი“;

„ჩვენ ვაჩვენეთ მაგალითი, რომ ქალებს ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ და ამაზე ლაპარაკი აღარ უნდა მიდიოდეს“;

ია, თეონა და ნინი საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ გუნდის წევრები არიან. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოიგო.

ია ალელიშვილი 24 წლისაა და გუნდის კაპიტანია. ის კლუბ „ლანჩხუთში“ 10 წელია თამაშობს. ფეხბურთით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. ამბობს, რომ ოჯახის წევრები მის სურვილს – გამხდარიყო ფეხბურთელი – ყოველთვის პატივს სცემდნენ და მხარში ედგნენ.

ოჯახისგან განსხვავებით, ია საზოგადოების მხრიდან ხშირად გრძნობდა, რომ  – რადგან გოგო იყო, ფეხბურთი მისი საქმე და ინტერესი არ უნდა ყოფილიყო და ეს მას არ შეეფერებოდა.

„მე ვერ დავუჯერებ იმ გოგოს, რომელიც იტყვის, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დამოკიდებულებები ადრე განსაკუთრებით იგრძნობოდა, დღეს კი ცოტა შეიცვალა“, – ამბობს ის.

ია ამბობს, რომ მისთვის მთავარი ყოველთვის ფეხბურთი იყო და მასთან დაკავშირებული მიზნების სისრულეში მოყვანა. მისთვის საზოგადოების მხრიდან წამოსულ უარყოფითი კომენტარები მეორეხარისხოვანი იყო, ის დარწმუნებული იყო თავის შესაძლებლობებში.

„მე ვიცოდი, რა მინდოდა და ვიცოდი, რა გამომივიდოდა. მინდა, მივმართო ყველა გოგოს, ვისაც სურს არამარტო ფეხბურთის თამაში, ეს იქნება კალათბურთი, რაგბი თუ ნებისმიერი სხვა სპორტი, გააკეთოს ყველაფერი მიზნის მისაღწევად. იშრომოს ბევრი და არავის მოუსმინოს, თუნდაც ეს იყოს მშობელი, მეგობარი, თუ ვინმე სხვა. ყოველთვის ის გააკეთოს, რაც მას უნდა“, – ამბობს ია.

ია ალელიშვილი გვიყვება, რომ მისი პირველი მწვრთნელი, ავთო ორმოცაძე სკოლებში დადიოდა და ეძებდა გოგოებს, რომლებსაც ფეხბურთის თამაშის სურვილი ჰქონდათ.

„შეკრიბა მსურველი გოგოები, შემდეგ გააკეთა პატარა გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებდა მინი-ტურნირებზე. ძალიან დაბალი დონის ტურნირებზე. მაშინ საქართველოში არც იყო განვითარებული ქალთა ფეხბურთი. მეხუთე წელია, ტარდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი“, – ამბობს ია.

როგორც ია იხსენებს, ამ გამარჯვებების უკან ბევრი პრობლემა და გაჭირვება იდგა. ფეხბურთელებს არ ჰქონდათ გასახდელები, საშხაპეები. გოგოები სავარჯიშოდ სოფლებიდან ფეხით დადიოდნენ, რადგან არ დადიოდა ტრანსპორტი.

„გასახდელიც კი არ გვქონია, სადაც ვვარჯიშობდით იმ მოედანზე. მეზობელს ვთხოვდით, რომ მასთან სახლში გამოგვეცვალა“. – ამბობს ის. 

ამბობს, რომ ლანჩხუთში ბოლო გამარჯვებამდეც კარგად იცნობდნენ და გულშემატკივრობდნენ. თამაშებზე ბევრი ადამიანი დადიოდა. მოსახლეობისგან მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდნენ. გამარჯვებამ გურიის ამ პატარა ქალაქში განსაკუთრებული არაფერი შეცვალა, მაგრამ, მისი თქმით, შეცვალა საქართველოში, შეიცვალა განწყობები მათ მიმართ. მისი თქით, გოგონების ეს გამარჯვება ისტორიაში შევიდა, რადგან აქამდე მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა.

„ლანჩხუთის გარეთ საზოგადოებას შეეცვალა დამოკიდებულება და წარმოდგენები. ამას ვხედავთ სოციალური ქსელითაც. ბევრჯერ შემხვდა კომენტარი, რომ „კაცი ვიცი კუხნაში“. ვფიქრობ, რომ ამ გამარჯვებამ მოგვიტანა ის, რომ საზოგადოებამ დაინახა, ქალებს ყველაფერის გაკეთება შეგვიძლია, სპორტი იქნება ეს, თუ განათლება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში დაიწერა ისტორია, მნიშვნელობა არ აქვს ქალებმა მოახერხა ეს თუ კაცებმა, მთავარია ისტორია დაიწერა“, – ამბობს ის.

***

ნინი ჩხარტიშვილი გუნდის ვიცე-კაპიტანია. 12-13 წლიდან ფეხბურთს თამაშობს. ამბობს, რომ სკოლაშიც ფიზკულტურის გაკვეთილზე სხვა სპორტს ფეხბურთის თამაშს არჩევდა.

თავიდან დედა და ბებია ეწინაამღდეგებოდა მის გადაწყვეტილებას, ეთამაშა ფეხბურთი. თუმცა, მალევე მიხვდნენ, რომ ნინის მთავარი ინტერესი ფეხბურთი იყო და მიიღეს.

„მამაჩემი იყო ჩემ გვერდით, მან მითხრა – თუ შენ გინდა ფეხბურთი ითამაშო, მე წინააღმდეგი არ ვარ, შეგიძლია წახვიდე ვარჯიშზეო. მოგვიანებით უკვე დედაჩემი და ბებიაჩემიც შეეგუენ ამ აზრს და ისინიც მხარს მიჭერდნენ“, – ამბობს ნინი.

იას მსგავსად ნინიც ამბობს, რომ საზოგადოება არ იღებდა „გოგოების ფეხბურთს“.

„ძალიან ცუდად უყურებდნენ. იძახდნენ – „ქალს რა უნდა სტადიონზე“, „წადით სახლში ხაჭაპური გამოაცხვეთ“. ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი იყო. უკვირდათ რატომ ვთამაშობდით. თავიდან ვიყავით ძალიან ცოტანი, 3-4 გოგო და ბიჭებთან ერთად ვარჯიში გვიწევდა. ხშირად ძალიან დამცინავად გვიყურებდნენ. რა უნდათ გოგოებს ფეხბურთში და ა.შ. მერე ეს ყველაფერი თანდათან შეიცვალა და ახლა ყველაფერი პირიქითაა. ყველა ჩვენ გვერდითაა და მხარს გვიჭერს“, – ამბობს ნინი.

ნინის თქმით, მეგობრები დღესაც ძალიან ეხმარებიან მას. რამდენიმე მათგანი დამატებით ავარჯიშებს.

ამბობს, რომ ცუდ პირობებში უწევდათ ვარჯიში, რადგან ლანჩხუთში იდეალური მოედნები არ არის. ხანდახან ცენტრალურ სტადიონზე ვარჯიშობდენენ, თუმცა ყოველთვის არ რთავდნენ ამ მოედანზე ვარჯიშის უფლებას.

„კიდევ ერთი სათადარიგო მოედანი იყო, რომელსაც ძალიან ცუდი საფარი აქვს. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში ძალიან რთული იყო ვარჯიში, ასევე არ არის მოწესრიგებული გასახდელი და საშხაპეები. ხან წყალი არ იყო, ვერ შევდიოდით, რომ დაგვებანა. ახლა აპირებენ, რომ ეს ყველაფერი შეცვალონ და გააუმჯობესონ სიტუაცია. უკვე იმდენი დადებითი ემოცია წამოვიდა, რომ ამის იმედი გაგვიჩნდა“, – ამბობს ის.

***

გუნდის კიდევ ერთი მოთამაშეა თეონა თოდაძე. მაშინ, როცა სკოლაში სიარული დაიწყო, დედამ ცეკვის გაკვეთილებზე შეიყვანა. ცეკვის გაკვეთილიდან როცა ბრუნდებოდა, გზად სტადიონი ხვდებოდა. 6 წლის თეონამ დედას უთხრა, რომ მას ფეხბურთის თამაში სურდა.

„თავიდან მითხრა – არაო. მერე თვალებში შემომხედა და იმწუთასვე მივიდა, გააღო სტადიონის კარები, მითხრა, რომ გავყოლოდი. მივედით მწვრთნელთან. დედაჩემმა მწვრთნელს სთხოვა, რომ მივეღე. მაშინ ეს არავის წამოედგინა“, – იხსენებს თეონა.

ამის შემდეგ თეონას ფეხბურთის თამაშისთვის არასდროს დაუნებებია თავი, რამაც ოჯახის წევრები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ თეონას მხოლოდ ფეხბურთის თამაში სურდა.

„1993 წლიანი ვარ და წარმოიდგინეთ მაშინ ეს რა იყო, როცა დღესაც კი როგორ დამოკიდებულებებს ვხვდებით. მამაჩემი ყველა ჩემს თამაშზე დადიოდა“, – ამბობს თეონა.

თეონა თავიდან ბიჭების გუნდში თამაშობდა, რადგან მაშინ გოგონების გუნდი არ არსებობდა. შემდეგ ერთ-ერთ თამაშზე მსაჯმა უთხრა, რომ ხაშურში გოგოების გუნდი იყო.

„თემურ კობერიძე იყო მწვრთნელი. მერე გადავედი გოგოების გუნდში, მაგრამ ამხანაგური თამაშები თუ იქნებოდა, ბიჭებთანაც ვთამაშობდი. რამდენიმე ოფიციალურ თამაშშიც მიმიღია მონაწილეობა. კობერიძის დახმარებით ასაკობრივ ნაკრებშიც მივედი და შემდეგ უკვე ეროვნულ ნაკრებშიც“, – გვიყვება თეონა.

თეონა თურქეთში თამაშობდა 3-4 წელი და უნდა წასულიყო იტალიაშიც, რომ არა ტრავმა. მკურნალობის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა და 2 წელია, რაც ლანჩხუთში თამაშობს.

ის, რომ გოგო ფეხბურთელია, მისი თქმით, ხშირად გაკვირვებას იწვევდა ადამიანებში. ხშირად ეკითხებოდნენ – რატომ? ის კი ამბობს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს, უბრალოდ ფიქრობს, რომ ფეხბურთისთვის დაიბადა.

მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ გარკვეულ ცვლილებებს გრძნობს, უამრავი ადამიანი ამატებს სოციალურ ქსელში, უმეტესად კი ბიჭები.

„Facebook-ზე უამრავი ადამიანი გვიმატებს, უფრო მეტად კი ბიჭები და ალბათ მათგან ბევრია ისეთი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ გოგოს ადგილი ფეხბურთში არ არის. ჩვენ ამ ხალხს დავუმტკიცეთ ის, რომ ქალებს არამარტო ფეხბურთი, არამედ ყველაფრის კეთება შეუძლიათ და ყველაფერში წარმატებული იქნებიან“, – ამბობს თეონა.

***

 „არავის სჯეროდა ჩემი, ჩემზე ამბობდნენ გააფრინა ამ სიბერეშიო, რა დროს გოგოების ფეხბურთიაო“,  – იუმორით იხსენებს წარსულს კლუბის პრეზიდენტი დურუ ჩხაიძე.

დურუ ჩხაიძე 12 წელი მუშაობდა იმისთვის, რომ გოგოები შეეკრიბა და გუნდი ჩამოეყალიბებინა.

„12 წელია, ამ კლუბს ვაშენებ, 12 წელია ვიბრძვი დიდი წვალების ფასად. რა გოგოების ფეხბურთიო. ასეთია ქართული მენტალიტეტი, ვითომ ვაჟკაცური, რომ თითქოს გოგოებმა ფეხბურთი არ უნდა ითამაშონ. არადა, გოგოებმა ეს ყველგან დაამტკიცეს. ერთადერთი მე ვიყავი, ვინც ვიძახდი, რომ შეუძლიათ თამაში. გაამართლა ჩემმა სიტყვებმა. ეს გოგოები 12 წელია ჩემთან არიან. 8-10 წლის იყვენენ, ბავშვები. დღეს უკვე დიდები არიან“, – ამბობს ის.

მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში გუნდში იყო ცვლილებები, ზოგიერთი გოგო თავს ანებებდა ფეხბურთს, ზოგი სწავლას ამბჯობინებდა, ზოგი კი ქორწინდებოდა და ამ მიზეზით ტოვებდა გუნდს. ის აღნიშნავს, რომ ამ წლების განმავლობაში უმარავი ნიჭიერი გოგო მისულა მის კლუბში ფეხბურთის სათამაშოდ.

მისი თქმით, კლუბს მართლაც ბევრი პრობლემა ჰქონდა, ფინანსებთან მიმართებაში, ინფრასტრუქტურის ნაწილში. თუმცა იმედოვნებს, რომ ეს მოცემულობა ამ გამარჯვების შემდეგ შეიცვლება. გამოჩნდნენ სპონსორებიც, რომლებიც აქამდე არ ჩანდნენ. ასევე მიიღეს დაპირებები, რომ კლუბს გადასცემენ მოედანს. დურუ ჩხაიძის თქმით, მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე ფეხბურთელების ვარჯიში და შემდეგი თამაშებისთვის სათანადოდ მომზადებაა.

ფოტო: ქსკ ლანჩხუთი

უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლანჩხუთმა“ რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 0:1 დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქსკ „ლანჩხუთის“ გატანილი გოლი თამაშგარედ ჩაითვალა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად გუნდი უეფას ჩემპიონატზე 1/16 ფინალში ითამაშებს. კორონავირუსის გამო ქალთა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება ჯგუფური ეტაპის გარეშე გაიმართება და გუნდები თამაშს პლეი-ოფიდან დაიწყებენ.

ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „ლანჩხუთი“ ორმატჩიან დუელში შვედეთის „როსენგარდს“ დაუპირისპირდება. პირველი თამაში 9 ან 10 დეკემბერს საქართველოში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელ სტადიონზე უმასპინძლებს „ლანჩხუთი“ შვედებს. სტუმრად გასამართი მატჩის თარიღი კი 15 ან 16 დეკემბერი იქნება.