ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა ბერლინის კინოთეატრ „არსენალში“.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დასრულების შემდეგ, სადაც „ფორუმის“ პროგრამაში დიდი წარმატებით უჩვენეს ლანა ღოღობერიძის ბოლო ნამუშევარი – „დედა–შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, ბერლინის ცნობილმა კინოთეატრმა „არსენელმა“ მარტის თვეში მისი ფილმების სრული რეტროსპექტივა მოაწყო.
ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან ერთი თვის განმავლობაში, 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, „არსენალის“ მთავარ დარბაზში „ლეგენდად ქცეული ქართველი რეჟისორის“ (ეს გერმანული პრესის შეფასებაა) ყველა ფილმს რამდენჯერმე უჩვენებენ. უნდა ითქვას, რომ ქართველი რეჟისორებიდან ასეთი პატივი მანამდე მხოლოდ ოთარ იოსელიანს ერგო, რომლის დიდი რეტრისპექტივა „არსენალში“ დაახლოებით ათი–თერთმეტი წლის წინ მოეწყო.
მაშინაც და ახლაც, ამ ჩვენების ინიციატორი და მხარდამჭერია ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი, კრიტიკოსი, კინოს თეორეტიკოსი და კინოთეატრ „არსენალის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, ერიკა გრეგორი. მეტწილად, სწორედ მისი და მისი მეუღლის, ულრიხ გრეგორის ძალისხმევით გაიცნო გერმანიამ და ევროპამაც 60-70-იანი წლების ქართული კინო და დღეს უკვე კლასიკოსებად აღიარებული ქართველი რეჟისორების სახელები – რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელია, მერაბ კოკოჩაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი… ახლა კი „არსენალში“ ლანა ღოღობერიძის ფილმების დიდი რექტროსპექტივა მიმდინარეობს.
კინოკრიტიკოსი ანეტ ლინგი სპეციალურად „არსენალის“ ჩვენებისათვის დაწერილ წინასიტყვაობაში აღნიშნავს: „ქართველი რეჟისორი ლანა გოგობერიძე ბერლინისთვის უცხო არ არის – ის მანამდეც არაერთხელ იყო „არსენალის“ სტუმარი და ცოტა ხნის წინ, მისი ფილმი ნაჩვენები იყო ბერლინალეზე, კერძოდ „ფორუმის“ პროგრამაში. თუმცა აქამდე, გერმანიის დედაქალაქში მისი ფილმების სრული და ყოვლისმომცველი პრეზენტაცია არასოდეს გამართულა.
2022 წელ, ქალაქ ვისბადენის კინოფესტივალზე, GoEast – პროგრამის ფარგლებში, პირველად მოეწყო ლანა ღოღობერიძის პირველი დიდი რეტროსპექტივა. ამჯერად, ჩვენ უფრო მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია ბერლინში, კინოს მოყვარულებს ვაჩვენოთ ცნობილი ქართველი რეჟისორის ფილმები, რომელთაგან ბევრი უკვე გაციფრულებულია. ასე რომ, „არსენალის“ მაყურებელს ვთავაზობთ ლანა ღოღობერიძის ფილმებს 1 მარტიდან 31 მარტამდე“.
მარტის დასაწყისში რადიოარხით Deutschlandfunk kultur გადაიცა 15-წუთიანი სიუჟეტი და დიალოგი სწორედ კინოკრიტიკოს ანეტ ლინგთან. გაზეთმა Berliner Zeitung-მა კი გამოაქვეყნა კრიტიკოსის და ჟურნალისტის, კორნელია გაისლერის სტატია, სადაც ლანა ღოღობერიძე დაწვრილებით აღწერს აღმოსავლეთ ბერლინში, 1961 წლის გაზაფხულზე თავისი სადებიუტო ფილმის – „ერთი ცის ქვეშ“ ჩვენების ამბავს, როცა სამი კინონოველიდან ერთ–ერთის ფირი („თავადის ქალი მაია“) მოსკოვიდან აკრძალვის გამო საერთოდ არ ჩამოვიდა ბერლინში. ეს ამბავი კი მხოლოდ ჩვენების დღეს გაიგო…
გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიებიდან, რომლებიც გერმანულ პრესაში გამოქვეყნდა და რომლებიც ლანა ღოღობერიძის შემოქმედებას და მისი ფილმების ბერლინურ რეტროსპექტივას ეძღვნება.
ანეტ ლინგი: „მისი ფილმების სიუჟეტები, როგორც წესი, იმ ქალების გარშემო ტრიალებს, რომლებიც იცავენ თავიანთ საბედისწერო ბედნიერებას მკაცრი პოლიტიკური სისტემის პირობებში და ცდილობენ დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ. თუმცა ფილმებში დასმული აქცენტები მრავალფეროვანია: ცხოვრების სოციალური კონტექსტი და კონკრეტული პირობები, ყოველდღიურობა და საშინაო საქმეები, ოჯახის წევრებისადმი ზრუნვა და გავლილი გზები, რთული გადაწყვეტილებები და მორალური არჩევანი. რეჟისორი ასევე ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა, თანამედროვე ქალის ადგილი საზოგადოებაში, ქართული კულტურის, ისტორიის თუ ტრადიციის ფორმების გათვალისწინებით“.
გერჰარდ მიდინგი, „სიცოცხლესთან შეხების წერტილი“:
„ლანა ღოღობერიძემ თავისი მკვეთრი და ხმაურიანი დებიუტით („ერთი ცის ქვეშ“) საფუძველი ჩაუყარა ქალების ისტორიის შესახებ თხრობას. სამ ეპიზოდში ფოკუსირებულია სხვადასხვა ასაკისა და სოციალური წარმოშობის, ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალების ამბები. ჟანრი მუდმივად ცვალებადია; ტრაგედია ხანდახან კომედიადაც გადაიქცევა (მაგალითად, მეორე ეპიზოდში ომში დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში მოულოდნელად გამოჯანმრთელდებიან), ხოლო სევდა ყოველთვის ხელუხლებელი რჩება – რაც, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია რეჟისორის შემდგომი ნამუშევრებისთვის.
მის ფილმებს საერთო ის აქვთ, რომ მათში ხაზგასმულია არამხოლოდ მთავარი პერსონაჟების ცხოვრება და ახლო ხედითაა აქცენტირებულია მათი სახეები, არამედ მათ გრძელი და სივრცითი კადრების პერსპექტივაშიც ვხედავთ. ლანა ღოღობერიძე თითქოს დარწმუნებულია, რომ ბუნება და ურბანული პეიზაჟები შესაბამის და არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფილმის სტრუქტურაში, ვიდრე გმირების უშუალო თავგადასავალი. კამერა არასოდეს გხვდებათ იქ, სადაც მას მოელით, რადგან მისი ხედვის კუთხე ხშირად უჩვეულოა. ის ხანდახან ტრიალებს, ხანაც სტატიკურია. რეჟისორი ხშირად არღვევს კადრების კომპოზიციას და ბედავს თამამი მონტაჟური სვლების გაკეთებას.
თავის ბოლო ფილმში „დედა–შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, ლანა ღოღობერიძე გვიყვება პირად ისტორიას, რომელიც სინამდვილეში ისტორიულ კატაკლიზმებს და სტალინიზმის ეპოქას ასახავს. სხვა ფილმებში ის ხშირად უბრუნდებოდა დედის თემას. თუმცა ამჯერად, ეს შეხება წარსულთან, დედის ხატთან, ავტორის ადრეულ ბავშვობასთან, მხიარულ და ხმაურიან ოთახთან, რომელიც დედამისმა, ნუცამ ლურჯ ფერებში დახატა და სადაც ავანგარდისტი მხატვრები, პოეტები და მხატვრები იკრიბებოდნენ, აბსოლუტურად დრამატული და შეძლებისდაგვარად თავშეკავებულია.
„ლურჯი ოთახის“ განადგურების შემდეგ დედას გულაგში აგზავნიან, რომელიც პატიმრობის კოშმარულ ათ წელს გაივლის გაყინულ არქტიკაში. წლების შემდეგ დედა ბრუნდება, მაგრამ რთულია ქალიშვილთან და ცხოვრებასთან შერიგება…
ფილმის მთავარი და დრამატული ფანტასმაგორია მაინც ნუცას გარდაცვალებიდან თითქმის 90 წლის შემდეგ იწყება, როცა მისი შვილი, ლანა დედის დაკარგული ფილმების ძიებას იწყებს. 2015 წელს მოსკოვის კინოარქივში იპოვეს დოკუმენტური ფილმი „ბუბა“, 2018 წელს კი ნუცა ღოღობერიძის მხატვრული ფილმი, „უჟმური“ აღმოაჩინეს. ამ ფილმებმა დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს ნიუ–იორკიდან დაწყებული, სამხრეთ კორეათი დამთავრებული. კინოკრიტიკოსებმა „უჟმური“ შეაქეს და მას „ფესტივალების აღმოჩენა““და „კინოშედევრი“ უწოდეს…
ფილმის ფინალში, ქალიშვილი დედის ცხოვრების ახალი განზომილების აღმოჩენით თითქოს, საკუთარ ცხოვრებას უბრუნდება… და ეს არის ავტორის პასუხი პროლოგში დასმულ კითხვაზე: „დედის გამგზავრება ბავშვის ცრემლად ღირდა, რადგან ის მიდიოდა რაღაცის შესაქმნელად, რაც მას დააბრუნებდა“.
ადამიანი სიცოცხლეს უბრუნდება და ბავშვის ცრემლსაც კი აშრობს. როგორც პოლ ელუარი ამბობს: „ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“.
P.S. ლანა ღოღობერიძის ფილმები თანმიმდევრობით, რომელსაც „არსენალში“ უჩვენებენ:
„ვალსი პეჩორაზე“, 1992
„დღეს ღამე უთენებია“, 1984
„როცა აყვავდა ნუში“, 1972
„ფერისცვალება“, 1968
„ერთი ცის ქვეშ“, 1961
„აურზაური სალხინეთში“, 1975
„ოქროს ძაფი“, 2019
„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, 1978
„ორომტრიალი“, 1986
„მე ვხედავ მზეს“, 1965
„დედა–შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, 2023
რეტროსპექტივას დაასრულებს 31 მარტს ნაჩვენები, ნუცა ღოღობერიძის ფილმები – „ბუბა“ და „უჟმური“.