86 წლის სოფი ლორენმა ახალ ფილმში ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელის, მადამ როზას როლი განასახიერა.
ნოემბრის ბოლოს Netflix–ის სატელევიზიო პრემიერამ – Life Ahead („ცხოვრება გრძელდება“), დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მთავარი მიზეზი კი მთავარი როლის შემსრულებელი, ლეგენდარული სოფი ლორენია, რომელმაც 86 წლის ასაკში ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელი მადამ როზას როლი განასახიერა.
ფილმი სოფი ლორენის ვაჟმა, 46 წლის ედუარდო პონტიმ გადაიღო, რომელმაც სცენარი თავად გადააკეთა და მოქმედება ომის შემდგომი პარიზიდან ჩვენს დროში გამოიტანა. შესაბამისად, პრობლემატიკა უფრო აქტუალური და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახადა.
მთელი დეკემბრის განმავლობაში ფილმი მსოფლიოს 45 – მდე ქვეყანაში Netflix-ის ყველაზე პოპულარული პროექტების ათეულში მოხვდა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ-პლატფორმის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს სოფი ლორენი ამ ფილმში შესრულებული როლისთვის „ოსკარის“ ნომინაციაზე წარადგინონ.
ფილმი დაფუძნებულია რევოლუციის დროს რუსეთის იმპერიიდან გაქცეული ებრაელი მწერლის, რომენ გარის ამავე სახელწოდების რომანზე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ „ცხოვრება გრძელდება“ (La Vie devant soi) 1975 წელს გამოქვეყნდა, როცა რომან გარი ტიტულოვანი ავტორი იყო. ამიტომ წიგნი არა საკუთარი სახელით, არამედ ემირ აჟარის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.
რასაკვირველია, ლიტერატურულ წრეებში მისი მნიშვნელობა შესაბამისადაც დააფასეს და საფრანგეთში უაღრესად პრესტიჟული ლიტერატურული პრემია („გონკურების პრემია“) მიანიჭეს.
სიტუაცია პრემიასთან დაკავშირებით იმითაც იყო უცნაური, რომ ეს ლიტერატურული პრემია ყოველთვის ენიჭებოდა მხოლოდ ახალ მწერალს. რომენ გარის უკვე ჰქონდა 1956 წელს მინიჭებული გონკურების პრემია რომანისთვის „ცის ფესვები“. ამდენად, საფრანგეთში ის ერთადერთი მწერალია, ვინც ორჯერ მოიგო გონკურების პრემია. ცხადია, ამანაც შეუწყო ხელი წიგნის პოპულარობას. თუმცა თავად ამბავიც არანაკლებ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური შინაარსისაა:
ომის შემდგომ პარიზში მადამ როზა (ასაკოვანი ებრაელი ქალი, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულად გადაურჩა) ერთგვარ ბავშვთა სახლს გახსნის, სადაც მეძავების მიერ მიტოვებულ შვილებს უვლის. ერთხელ მის სახლს ობოლი, ათი წლის მუჰამედი, ან უბრალოდ მომო მიადგება. სწორედ ეს გულჩათხრობილი, რთული ხასიათის ბიჭი, ყველაფრის მიუხედავად, მადამ როზას ნამდვილად უბრუნებს სიცოცხლის ხალისსა და სიხარულის ჩამქრალ გრძნობას.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში, 1977 წელს, ებრაული წარმოშობის ფრანგმა რეჟისორმა, მოშე მიზრაჰიმ სწორედ ამ რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი „ცხოვრება გრძელდება“ სადაც მთავარი როლის შესასრულებლად განუმეორებელი სიმონე სინიორე მოიწვია. მსახიობისთვის, რომელიც იმ დროს 57 წლის იყო, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო და მანაც გენიალურად ითამაშა მადამ როზას როლი.
შეიძლება ითქვას, სიმონა სინიორეს თითქმის არ სჭირდებოდა თამაში: თავად ებრაელმა ქალმა, რომელიც ასევე გადაურჩა ჰოლოკოსტს, ცხოვრობდა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში და მონაწილეობა მიიღო წინააღმდეგობის მოძრაობაში, მშვენივრად იცოდა და გრძნობდა, რა ემოციებს გამოიწვევდა ომი ნაციზმს გადარჩენილი როზას ცხოვრებაში.
მიზრაჰის ფილმი 70-იან წლებში საერთაშორისო საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, არაბეთ-ისრაელის პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე აღიქვა. მოხუცი ებრაელი ქალისა და არაბი ბიჭუნას ისტორიამ სიყვარულის ყოვლისშემძლე ძალა წარმოაჩინა, რაც ხელს უწყობდა დაძაბული საერთაშორისო პოლიტიკური ფონის განეიტრალეაბასა და მეგობრობის თემის წარმოჩენას. 1978 წელს ფილმმა„ოსკარი“ დაიმსახურა ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, ხოლო მოშე მიზრაჰი გახდა პირველი რეჟისორი ისრაელიდან, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო.
ამდენად, ძალიან საინტერესო იქნება, დაიმსახურებს თუ არა რომან გარის რომანის ახალი კინოადაპტაცია კიდევ ერთ „ოსკარს“. ფილმის რეჟისორმა – ედუარდო პონტიმ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაბი ბიჭის ნაცვლად ფილმში სენეგალელ მომოს ვიხილავთ, რომლის გარდაცვლილი დედა ლტოლვილი იყო იტალიაში.
ფილმში არის ეპიზოდი, როდესაც მომო დიდხანს უყურებს, როგორ არბევს პოლიცია აფრიკელი მიგრანტების ბანაკებს და განურჩევლად ყველას აკავებს. მომო, რომელიც 10 წლისაა, ნარკომაფიის იოლი მსხვერპლია. მას მარიხუანის და ჰაშიშის გაყიდვას აიძულებენ, თუმცა ერთ დღესაც მადამ როზას უცნაურ სახლში მოხვდება. სწორედ აქედან იწყება პატარა მომოსა და მოხუცი ებრაელი ქალის მეგობრობის ისტორია…
სოფი ლორენი ამბობს, რომ კმაყოფილია ფილმზე მუშაობით. 11-წლიანი პაუზის შემდეგ ის კვლავ ეკრანს უბრუნდება. ბოლოს მან ითამაშა დედის როლი დენიელ-დეი ლუისის ფილმში „ცხრა“ (ფედერიკო ფელინის გენიალური „რვანახევრის“ ახალი ვერსია ). კინოვასკვლავმა ასევე განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს პატარა ბავშვი იყო და ეს მოგონებები ყოველთვის ახსოვდა და ეხმარებოდა გადაღებისას.
სხვათა შორის, სოფი ლორენმა კარიერაში პირველი „ოსკარი“ 1961 წელს მიიღო, რეჟისორ ვიტორიო დე სიკას ფილმში „ჩოჩარა” შესრულებული როლისთვის, რომელიც სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროის იტალიაზე მოგვითხრობს.