ოთარ იოსელიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
პოლიტიკური სიგიჟისა და მარათონული აქციების დღეებში ბევრს ალბათ არც ახსოვს, რომ ოთარ იოსელიანი ზუსტად ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ახლა ამგვარი მიძღვნა (ტრიბიუტ)-ტექსტების დრო და მომენტი თითქოს არ არის, თუმცა, აუცილებელია ახალ თაობებს ხშირად გავუმეოროთ, რომ სავალდებულო პოლიტკორექტულობისა და აუცილებელი სოციალური კომპრომისების ეპოქაში, განსაკუთრებით ფასეულია ოთარ იოსელიანის მსგავსი ხელოვანების შემოქმედება.
დიახ, იოსელიანი ეკუთვნის იმ მცირერიცხოვან კინორეჟისორთა რიცხვს, რომლებიც პოლიტიკურ და მხატვრულ კომპრომისებზე არასოდეს წასულან. პირველქმნადი ბუნების, ცივილიზაციის, ადამიანური ურთიერთობების და სოციალური წესრიგის განადგურება მომძლავრებული კორუფციისა და ნუვოროშების ფონზე, „ქართული პერიოდის“ ფილმების მთავარი თემებია („აპრილი“, „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“).
მოგვიანებით მის შემოქმედებაში ჩნდება შინაგანი, სულიერი არისტოკრატიზმის განადგურების სევდა. ასევე, კულტურის დეგრადაციისა და მომძლავრებულ მასობრივ კულტურად მისი ტრანსფორმაციის საკითხებიც („მთვარის ფავორიტები“, „პეპლებზე ნადირობა“, „ღვინოშია ჭეშმარიტება“, „შემოდგომის ბაღები“, „ორშაბათ დილით“). ამ პროცესებს რეჟისორი ათწლეულების მანძილზე აკვირდებოდა და სწავლობდა ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი ემიგრაციაში, საფრანგეთში. მის ფილმებში თავიდან ფხიზელი, მაგრამ პოეტური კრიტიკა და ირონიული სევდა მონაცვლეობენ, შემდეგ კი სამყაროსადმი ერთგვარი ესკაპისტური დამოკიდებულობა სჭარბობს. ხოლო ყველაზე ბოლო პერიოდის ფილმებში, შედარებით რბილი ირონია ლამის სრულყოფილი ცინიზმის მათემატიკურ ფორმებს იღებს.
ოთარ იოსელიანის პირველივე სრულმეტრაჟიანი ფილმი „გიორგობისთვე“, (1967) გვიჩვენებს, თუ როგორ ილახება ფალსიფიკაციით ყოველთა ქართველთა „წმინდა სასმელი“ – ღვინო, სწორედ ღვინის ქარხანაში. მაშინ საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ფილმი აღიქვა, როგორც საქართველოს რეპუტაციის შემლახავი ფაქტი. მაგრამ „გიორგობისთვის“ პარიზული პრემიერის შემდეგ (ფილმი დაჯილდოვდა ჟორჟ სადულის პრემიით), ფრანგულმა პრესამ აღნიშნა, რომ „რაღაც ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი კინემატოგრაფი ძიებას უნდა ველოდოთ შავი ზღვის სანაპიროზე“. კრიტიკოსებმა ეს ფაქტი „ახალი ქართული კინოს“ აღორძინების დასაწყისად გამოაცხადეს, ხოლო ოთარ იოსელიანი – ამ მომცრო, ქართული რენესანსის აღიარებულ ლიდერად.
მისი ადრეული, ნახევრად დოკუმენტური ფილმების სიმკაცრე, ამავე დროს პოეტურობა და იგავების სტილი მთელს საბჭოთა კინოს ლამის აპოკრიფებად მოედო. „იყო შაშვი მგალობელი“ (1970) ლამის საკულტო ფილმად შერაცხეს, რომელიც ფარულად, აშკარად თუ დისტანციურად, მთელ საბჭოთა ინტელიგენციას მაინც მოსწონდა. „ფილმის მთავარი გმირი მომხიბვლელია, მისი სიცოცხლის ნაკადი არ შრება და „ბორჯომივით“ ქაფდება ჭიქაში“ (ესაა ციტატა აღფრთოვანებული საბჭოთა კრიტიკოსის რეცენზიიდან). თუმცა ქართულ მინერალურ „ბორჯომს“ მოგვიანებით, „ფრანგული ღვინის“ სასიამოვნო, მაგრამ ოდნავ მომწკლარტო გემო შეცვლის.
ფალსიფიცირებული ღვინის შემდეგ, რეჟისორის ირონიული, თუმცა ლირიკული ხედვის ობიექტი სამეგრელოს ერთ–ერთი სოფელი გახდა („პასტორალი“). ეს ალბათ, საუკეთესო ფილმია, რაც იოსელიანს საქართველოში გადაუღია და რითაც ის საბოლოოდ დაშორდა „პატრიოტიზმის“ მითს. მაგრამ ეს სიშორე, ეს კრიტიკული დისტანცია საკუთარი ქვეყნის მითოლოგიური წარსულისა და აწმყოს გააზრებასთან თანაც საბჭოთა ცენზურის პირობებში, მას საბოლოოდ ემიგრაციის ფასად დაუჯდა.
ოთარ იოსელიანის ემიგრაცია საფრანგეთში, 80-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების გარკვეული მფარველობის შედეგიც იყო, თუმცა უმთავრესი მაინც საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ჩარევა იყო… იოსელიანი პირველი საბჭოთა რეჟისორია, ვინც „რკინის ფარდა“ შედარებით უმტკივნეულოდ გაიარა (მომდევნო ანდრეი ტარკოვსკი იყო, ვისაც პოლიტიკური ქარიშხალი გაცილებით მკაცრად დაატყდა). შეიძლება ითქვას, რომ მან იპოვა თავისი ქვეყანა – საფრანგეთი, სადაც მისი ესთეტიკა დაფასდა ელეგანტური, დამცინავი და მელანქოლიური იუმორით გაჯერებული ფილმებით. თუმცა ცხადია, ემიგრანტის ცხოვრების გარკვეული სიმწარის თანხლებითაც.
თბილისში, სამეგრელოს სოფელში, პარიზის ცენტრში, აფრიკაში, ტოსკანაში თუ პროვანსში (მნიშვნელობა არა აქვს სად), იოსელიანი იღებს ერთსა და იმავე იმპულსებით სავსე ფილმს – ეს არის სოციალური სისტემის კრიზისი, არისტოკრატული წესებისა და ბურჟუაზიული ტრადიციების დაშლა, ნუვორიშების შემოჭრა და ყველაფრის დაპატრონების სურვილი. დაახლოებით ამ თემატური ვარიაციებით იღებს ფილმებს, რომელშიც სევდისა და ნაღვლის სპეციფიკური ნაზავი ირონიულ და პოეტურ ხატებს უპირისპირდება და ასევე ავსებს მათ.
ტრადიციები – ქართული იქნება აფრიკული, ფრანგული, რუსული თუ იაპონური, ნადგურდება, მაგრამ ამის მიღმა ყოველთვის იგულისხმება ირონიულად გაცნობიერებული პასუხისმგებლობა და წარსულის სიცხადე; რომ „პეპლებზე ნადირობა“ ყველაფრის მიუხედავად მაინც გაგრძელდება… რომ საბჭოთა „ყაჩაღებს“ მრავალჯერადი გამოყენებითაც შეიძლება შევხედოთ, რომ „შემოდგომის ბაღებს“ სხვა, გამრჯე მებაღეებიც მიხედავენ და მოუვლიან, რომ ნამდვილ კინემატოგრაფს უტყუარი კინემატოგრაფიული ნათელი მოსავს.