21 ივნისს, სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ტეატრო მასიმო ბელინის“ ცნობილ საოპერო სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ პირველად შესრულდება იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მონაწილეობით… თანაც იტალიურ ენაზე!
დამდგმელ ჯგუფში შედიან: რეჟისორი – გოჩა კაპანაძე, დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფი, მხატვარი და კოსტიუმების ავტორი – გოგი ალექსი–მესხიშვილი. ქართულ–იტალიური მუსიკალური პროექტის ინიციატორი და ავტორია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ბადრი მაისურაძე.
მთავარ პარტიებს იტალიელი მომღერლები შეასრულებენ. მალხაზის პარტიას ტენორი მატეო ფალციერი იმღერებს, კიაზოს – დომენიკო ბალზარი (ბარიტონი), მაროს – ევა კორბეტა (სოპრანო), ნანოს – ანასტასია ბოლდირევა (მეცო–სოპრანო). აღსანიშნავია, რომ იტალიურ „დაისში“ ერთადერთი ქართველი მომღერალი იქნება – ქართველი ბანი, გიორგი ანდღულაძე, რომელიც ცანგალას პარტიას შეასრულებს.
მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოპერა „დაისი“ თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდება და მას რეგულარულად წარმოადგენენ კატანიის საოპერო სცენაზე. ეს უდავოდ, ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის დღევანდელი, საკმაოდ რთული კონტექსტის გათვალისწინებით.
„დაისის“ იტალიური ვერსია ფაქტობრივად, ქართული პრემიერის რეკონსტრუქციაა. ამ ოპერის საიუბილეო პრემიერა დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე გაიმართა, იმავე სადადგმო ჯგუფის მიერ.
1923 წლის პირველი დადგმა კოტე მარჯანიშვილს ეკუთვნოდა. „დაისის“ პრემიერის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის პარტიას მღეროდა და რომლისთვისაც ფალიაშვილმა ოპერის პირველი აქტის ბოლოს ჩაამატა ცნობილი არია „თავო ჩემო“, აკაკის ლექსზე. ასე რომ, „დაისის“ პირველივე შესრულებიდან დაიწყო ოპერის ტრიუმფი, რომელიც მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდა.
რეჟისორი გოჩა კაპანაძე ამბობს, რომ მისთვის „დაისის“ დადგმა უაღრესად საპასუხისმგებლო ამოცანა იყო: „ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ფალიაშვილის ეს ოპერა დიდი ხანია, არ დადგმულა, მეორე – საიუბილეო თარიღს ეძღვნება და მესამე – ჩემს პედაგოგს, გიზო ჟორდანიას უნდა დაედგა ეს ოპერა და ახლა მე მომიწია მისი დადგმა“.
„დაისის“ პრემიერამ თბილისის საოპერო სცენაზე, დიდი ინტერესი და მოლოდინი გააჩინა მუსიკოსთა საზოგადოებაში და ამაზე მეტყველებდა სრული ანშლაგი რამდენიმე საპრემიერო წარმოდგენაზე. თითქმის ერთი თვის განმავლობაში რვა სპექტაკლი გაიმართა და მასში მონაწილეობა ყველა თაობის მომღერლებმა მიიღეს.
რა შეიძლება ითქვას ახალ „დაისზე“? რითაა ის გამორჩეული და როგორ უნდა გავიაზროთ დღეს ოპერა, რომელიც ბედის ირონიით, ისევ ოკუპაციაზე შეგვახსენებს და არ კარგავს თავის აქტუალურობას. რეჟისორს თავიდან სურდა ახალი და თანამედროვე ვერსია შეეთავაზებინა ოპერის დირექციისათვის, თუმცა ხელმძღვანელობამ არ გაიზიარა ეს კონცეფცია და სადადგმო ჯგუფი კლასიკურ, თუმცა ოდნავ მოდერნისტულ ვერსიას მიუბრუნდა.
პირველი და უმთავრესი, რაც თვალში საცემია, ესაა სცენური სივრცის სრული გათავისუფლება ეთნოგრაფიული დეტალებისა და ეროვნული კოსტიუმებისგან. ის მხოლოდ ილიკო სუხიშვილის მიერ დადგმულ საცეკვავო ნომრებშია შემორჩენილი. მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების კოსტიუმებიც ნაწილობრივ აბსტრაქტული და გათანამედროვებულია.
მნიშვნელოვანია მასიური და აბსტრაქტული სცენოგრაფის ეფექტი. სცენას ორი გიგანტური კედელი კვეთს, რომლებიც დროდადრო ერთდება და მიგვანიშნებს საფორტიფიკაციო ნაგებობასა თუ სვანური კოშკის ქონგურებზე. ამ კედელს მიღმა, სცენის სიღრმეში კი სახალხო მასობრივი სცენები თამაშდება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აბსტრაქციისა და სიმბოლიზმის ელემენტების შემოტანა დადგმაში. სცენაზე ჩნდება თეთრებში შემოსილი მაროს ორეული თუ ოცნება, რომელიც გარკვეულწილად აერთებს და ამთლიანებს სცენურ ეპიზოდებს. თეთრი მანდილი გათამაშდება ფინალშიც, როდესაც მალხაზის სიკვდილის სცენაში ის ზევიდან ვარდება და ეს ძალიან ეფექტურია.
გუნდი წარმოჩინდება როგორც აქტიური ქმედების ცენტრი, ხან სახალხო ლხინის ეპიცენტრი, ხანაც პატრიოტული შემართებით აღსავსე ადამიანების ერთობა. საინტერესოა ნანოსა და ცანგალას ურთიერთობის დრამატული ხაზიც, რომელიც აქამდე ნაკლებად იყო დადგმებში გამოკვეთილი.
ლირიკულ–ფსიქოლოგიური სიუჟეტის მიუხედავად (სასიყვარულო სამკუთხედი: კიაზო–მარო–მალხაზი), „დაისი“ უფრო ეპიკურ–ვაგნერული კონცეფციით გააზრების მცდელობაა. სცენის სიღრმეში გიგანტური ბეჭდის ფორმის წრე ეშვება, რომელშიც ნატვრის ხის სიმბოლიკაა დატანილი.
ეფექტურია ვიდეოპროექციის გამოყენება (ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი). უვერტიურის შესრულებისას ეკრანზე ჩნდება ჩამავალი მზე, ხოლო მეორე აქტში, როცა კიაზო ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებს, ციდან გიგანტური ფორმის, შავად განათებული მახვილი ეშვება. რაც უდავოდ ეფექტური სანახავია.
მომღერლების საერთო დონე, ზოგადად, ნორმალურია, თუმცა ზოგიერთი ნამდვილად გამორჩეულია. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს თემურ გუგუშვილი, რომელიც ასაკის მიუხედავად კარგ ვოკალურ ფორმაშია.
ქების ღირსია გუნდი, რომლის მომზადება და მუსიკალური ხარისხი არ ჩამოუვარდება ევროპული საოპერო თეატრების დონეს (კომპლიმენტები ავთანდილ ჩხენკელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია). მაესტრო რევაზ ტაკიძემ ოსტატურად გაუძლო საორკესტრო პარტიტურაში ტემპო–რიტმების ცვლას და რთულად „მოსარჯულებელი“ ორკესტრი მაინც გაიყვანა სამშვიდობოს… ეს ქართული პრემიერის შესახებ. 2023 წლის 21 ივნისიდან კი ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ იტალიურ საოპერო სცენაზე ახალ ცხოვრებასა და წელთაღრიცხვას აითვლის.