„დაშლის“ ნაცვლად ბრუტალურად დაანგრიეს" | საგანგაშო დასკვნა ქოროღოს კოშკზე

პუბლიკა

„პროექტით ნაგულისხმევი „დაშლის“ ნაცვლად, ქოროღოს კოშკი დაანგრიეს უხეში ძალის გამოყენებით. დღევანდელი მდგომარეობით, ცხადია, რომ დანგრევის შემდეგ დარჩენილი დამტვრეული ქვები გამოუსადეგარი იქნება მისი ოთხივე სართულის „თავიდან აღსადგენად“. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს რაღაცნაირად მოხერხდება, ახლადაშენებული კოშკი ვერ ჩაანაცვლებს X საუკუნის ავთენტურ ძეგლს და ვერ აღადგენს კომპლექსის მთლიანობას”, – გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრი ხადის ხეობაში ძირამდე დანგრეული ზურგიანი კოშკის მდგომარეობას აფასებს.

როგორც შეფასების დოკუმენტშია აღნიშნული, 19 ოქტომბერს ქოროღოს კომპლექსი მოინახულეს გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა. მათი თქმით, ქოროღოს ზურგიანი კოშკის მდგომარეობის ადგილზე გაცნობამ აჩვენა, რომ ბოლოდროინდელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შექმნილი პრობლემები არ შემოიფარგლება მხოლოდ კოშკის დანგრევით. საფრთხეშია უნიკალური რელიეფები, ხოლო თვით ეკლესიაზე სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული.

მათივე შეფასებით, თავისთავად მცდარი გადაწყვეტილება კოშკის დაშლის შესახებ პრაქტიკაში სრულიად ვანდალურად განხორციელდა – პროექტით ნაგულისხმევი „დაშლის“ ნაცვლად მოხდა კოშკის ბრუტალური ნგრევა. არ გაკეთებულა სამშენებლო ქვების სავალდებულო მარკირება. ამჟამად კოშკის ნანგრევები სრულებით უსისტემოდაა მიმოფანტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე, როგორც გალავნის შიგნით, ისე მის გარეთ.

ცენტრი ასევე წერს, რომ:

► კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექციის სხდომაზე 2019 წელს წარმოდგენილმა პროექტმა არგუმენტირებული შენიშვნები მიიღო ზურგიანი კოშკის ძირამდე დაშლასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი არ იქნა გათვალისწინებული. პროექტით განსაზღვრული სამუშაოები მაინც განხორციელდა

► არ იქნა გაწეული სათანადო ძალისხმევა X საუკუნის ზურგიანი კოშკის შესანარჩუნებლად, რომლის სტრუქტურულ სტაბილიზაციას ნახევარი საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი. კოშკი, რომელმაც ათი საუკუნის მანძილზე გაუძლო არახელსაყრელ ბუნებრივ მოვლენებსა და მტრის შემოსევებს, XXI საუკუნეში დაანგრიეს სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში.

► ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის გაუმართლებელი დანგრევის შემდეგ, არ იქნა მიღებული ზომები მასში ჩართული უნიკალური რელიეფების დასაცავად, რამაც გამოცალკევებულ რელიეფიან ქვებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. საპროექტო სამუშაოები არ ითვალისწინებდა ამ რელიეფების სამომავლო ბედის განსაზღვრას და არც მერე, სამუშაოების მიმდინარეობისას შემუშავებულა რაიმე გეგმა მათი დაცვის უზრუნველსაყოფად. ამჟამად ისინი ღია ცის ქვეშ აწყვია.

► ღვთისმშობლის ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა ზერელედ და უხარისხოდ, რამაც გააუარესა შენობის ესთეტიკური იერი. ასევე, ჩატარებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს შენობის სტრუქტურულ მდგრადობას შორეულ პერსპექტივაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების წინაისტორია: პროექტის განხილვა 2019 წელს

ცენტრის ინფორმაციით, ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე დიდი ხარვეზებით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სათავე 2019 წელს შემუშავებულ პროექტშია საძიებელი, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო უხეში ჩარევა ეკლესიის და კოშკის ხუროთმოძღვრულ სტრუქტურაში.

„აღნიშნულმა პროექტმა არაერთი შენიშვნა დაიმსახურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექციის 2019 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე. პროექტის ავტორს მიეცა კონკრეტული რეკომენდაციები ხარვეზების გამოსასწორებლად და პროექტის განმეორებით წარმოსადგენად. განმეორებითი განხილვის შედეგები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით ჩანს, რომ ძალაში დარჩა პროექტის განმარტებითი ბარათით გამიზნული ორი აშკარად მცდარი ქმედება: ზურგიანი კოშკის და ეკლესიის სამხრეთი მინაშენის დაშლა”, – ვკითხულობთ შეფასების დოკუმენტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კოშკის დაშლის და თავიდან აგების გადაწყვეტილების საფუძვლად პროექტში სახელდებოდა ძეგლის არასაიმედო გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგომარეობა. ასევე ცემენტის ხსნარის შემცველი 1970-იანი წლების შეკეთება, რომელიც მასალითაც გამოირჩეოდა კოშკის ძირითადი წყობიდან, რასაც, პროექტის ავტორის მოსაზრებით, შეიძლება შეცდომაში შეეყვანა არაპროფესიონალი მნახველი. ვინაიდან საპროექტო დოკუმენტაციაში ჩართული გეოლოგიური დასკვნა საგანგაშოს არაფერს მოასწავებდა და შესაძლებელი იყო დაზიანებული ნაწილის გადაწყობა, ავტორს მიეცა რეკომენდაცია ამ გზით მომხდარიყო ძეგლის შენარჩუნება და არსებულ მდგომარეობაში დაფიქსირება. რაც შეეხება განახლებული ადგილის განსხვავებული წყობით ხაზგასმას, ეს სწორი მიდგომაა, რომელიც დღესაც სავალდებულოდ არის მიჩნეული.

„ისიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ ზურგიანი კოშკები, რომელსაც მტერიც კი ძნელად აყენებდა ზიანს, დაშლას არ დაექვემდებარებოდა. ახლა კოშკი დანგრეულია და არა დაშლილი, ნგრევის შედეგად დაზიანებული ქვების უმეტესობა გამოუსადეგარი იქნება კოშკის ოთხივე სართულის „იმავე მასალით თავიდან აღსადგენად“, როგორც ეს პროექტითაა გათვალისწინებული”, – ამბობენ სპეციალისტები.

ცენტრის სპეციალისტების შეფასებით, კოშკი დაანგრიეს მოსალოდნელი შედეგების გაუაზრებლად. არ იქნა გათვალისწინებული სამშენებლო მასალის – იოლად შლადი ფლეთილი ქვის სპეციფიკა. კედლებზე ფიზიკური ზემოქმედებისას და შემდეგ სიმაღლიდან ჩამოყრისას დიდრონი ქვები წვრილ ნატეხებად დაიმსხვრა. არსებული გროვების დათვალიერებამ აჩვენა, რომ პრაქტიკულად არც ერთი ქვა თავდაპირველი მოცულობით არ გადარჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოშკის ხელახლა აგებისას სამშენებლო მასალაც კი არ იქნება ავთენტური.

მათივე თქმით, ნგრევის პროცესში არ იზრუნეს კოშკის უმნიშვნელოვანესი ელემენტის – ასომთავრული სამშენებლო წარწერიანი ქვის დაცვაზე. ამჟამად ის სანახევროდ ნანგრევებშია მოყოლილი, ხოლო ნაწილს თუნუქის ნაჭერი ახურავს. ქვა მეორე, უფრო გვიანდელი ნაკაწრი წარწერით, არ იძებნება. ის ნანგრევებშია მოყოლილი და დიდი ალბათობით დამტვრეულია.

ეკლესიის სამხრეთი მინაშენი და რელიეფები ქტიტორთა გამოსახულებებით

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხრეთი კარის წინ ქოროღოს ეკლესიას ჰქონდა გვიანდელი ხანის მცირე მინაშენი, რომელშიც ჩადგმული იყო ორი დიდი რელიეფიანი ქვა – სვეტი ერთი ადამიანის გამოსახულებით და სვეტის კაპიტელი სამი ქტიტორით, რომელთაგან ერთს ხელში ტაძრის გეგმა უჭირავს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს უნიკალურ კომპოზიციას, რაც არაერთხელ აღნიშნულა საერთაშორისო მეცნიერებაში.

„ამჟამად საქტიტორო რელიეფი სამი ადამიანისა და ტაძრის გეგმის გამოსახულებით მოქცეულია კოშკისა და მინაშენის კარიბჭის ნანგრევებში, ტაძრის სამხრეთი შესასვლელის სიახლოვეს. თავდაპირველად ქვა თითქმის მთლიანად ნაყარი ქვებისა და მიწის ქვეშ იყო, ხოლო შემდგომ, საზოგადოებისა და ექსპერტების მწვავე რეაქციის შედეგად, ნაყარი ფენა ნაწილობრივ მოიხსნა. რელიეფიანი ქვა სახელდახელოდ დაიფარა თუნუქის ნაჭრით, რაც, რა თქმა უნდა, მის დაცვას ვერ უზრუნველყოფს – პირიქით, შესაძლოა ქვის ზედაპირი დააზიანოს კიდეც ძლიერი ქარის შემთხვევაში…

ამ საქტიტორო რელიეფის ამჟამინდელი და 2014 წლის ფოტოსურათების ერთმანეთთან შედარება მოწმობს, რომ მინაშენის დანგრევისა თუ შემდგომი გადაადგილების დროს ქვამ გარკვეული ზიანი განიცადა – კერძოდ, მცირედ ჩამოტყდა მისი კუთხე გეგმის გამოსახულების ქვეშ”, – ვკითხულობთ შეფასების დოკუმენტში.

მათივე თქმით, სვეტი ადამიანის რელიეფური გამოსახულებით ასევე ღია სივრცეშია დატოვებული და ნაწილობრივ ნანგრევებშია მოქცეული. ის სახელდახელოდ იქნა შეფუთული დახეული ლურჯი ტენტით, რომელზეც მავთულია შემოხვეული. ასეთი სახელდახელო მეთოდით გამორჩეული ღირებულების სკულპტურული გამოსახულების „დაცვა“, ცხადია, სრულიად გაუმართლებელია.

რა უნდა გაკეთდეს?

ჩუბინაშვილის ცენტრი შეფასების დოკუმენტში მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს იძლევა:

  1. „აუცილებელია შეჩერდეს მიმდინარე პროექტი და მომზადდეს ქოროღოს კომპლექსის რეაბილიტაციის ახალი პროექტი, რომელიც დაეფუძნება დეტალურ მულტიდისციპლინარულ კვლევებს, მათ შორის 1953-1954 და 1976-1977 წლებში ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შესწავლას.
  2. ახალი პროექტის ფარგლებში შეძლებისდაგვარად სრულად უნდა მოხდეს უკვე დაშვებული შეცდომების და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორება, მათ შორის ღვთისმშობლის ეკლესიაზეც (ნათხიპნი ნალესობის მოცილება კედლებსა და კამარაზე, წყლის გადასაყვანი გამართული სისტემის მოწყობა, დაძრული ქვების გასწორება და გამაგრება, ბზარების იდენტიფიცირება და მეთოდოლოგიურად სწორად შევსება და სხვა).
  3. ზურგიანი კოშკის დანგრევისა და მისი სამშენებლო მასალის დამსხვრევის შემდეგ ძეგლმა შეუქცევადი დაზიანება მიიღო, მისი ავთენტურობა სრულად არის დაკარგული. აუცილებელია დაიწყოს მსჯელობა ექსპერტთა ფართო წრის ჩართულობით, თუ რა შეიძლება ვიღონოთ პრობლემის თუნდაც ნაწილობრივ გამოსასწორებლად. გადაწყვეტილება კოშკის მომავალთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნას ამ მსჯელობის საფუძველზე და გახდეს ახალი პროექტის ნაწილი.
  4. სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის დანგრევის შემდეგ ცალკე დარჩენილი ორი რელიეფური ქვის დასაცავად. ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავლად გვესახება მათი გადატანა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება არა მხოლოდ მათი დაცვა და პრეზენტაცია, არამედ დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობაც. სასურველია ქოროღოზე (ალბათ შიგ ეკლესიაში) განთავსდეს რელიეფების მაღალხარისხიანი ასლები (მულაჟები), რათა ადგილზე მისულ მნახველს სრული წარმოდგენა შეექმნას კომპლექსური ძეგლის ყველა კომპონენტზე.
  5. სასწრაფოდ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები კოშკის ცნობილი ასომთავრული წარწერის დასაცავად, ასევე 2014 წელს გამოვლენილი ნაკაწრი წარწერის მოსაძიებლად კოშკის ნანგრევებში. მათი შემდგომი ბედი უნდა გადაწყდეს კოშკის პროექტის კონტექსტში.

გარდა მეთოდოლიგიური რეკომენდაციებისა, ცენტრის სპეციალისტებს რჩევები აქვთ პროექტის მართვასთან და პროცედურებთან დაკავშირებით, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.