ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები დროებით შემცირებული რაოდენობით აგრძელებენ მუშაობას. სამსახურთან ერთად მათ სავალდებულო სერტიფიცირების პროგრამის გავლაც უწევთ.
ერთ-ერთი სოციალური მუშაკი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ შეუძლებელია კვირაში 4 დღე, მათ შორის შაბათ-კვირა, 5-5-საათიან კურსს დაესწრო, იმეცადინო, გამოცდები წარმატებით ჩააბარო და თან სოციალური მუშაკის საქმე ხარისხიანად შეასრულო. კურსი 5 თვემდე გაგრძელდება.
სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს 2021 წლიდან სოციალური მუშაკის აკადემიური ხარისხი ან ამ ხარისხთან გათანაბრებული სერტიფიკატი უნდა ჰქონდეთ.
ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების პირველი ჯგუფი სერტიფიცირების პროგრამას თებერვლიდან გადის. მათ უმრავლესობას ამ სფეროში რამდენიმეწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. თუმცა, ამჟამად სწავლა კორონავირუსის გამო დროებით შეწყდა.
„რეორგანიზაციის შემდეგ ჩვენს სერვისცენტრში ახლა ნაკლები სოციალური მუშაკია, შესაბამისად, საქმეც მეტი გვაქვს. ამ რეჟიმში 14 გამოცდის ჩაბარებაც წარმოუდგენლად მეჩვენება. ჩვენ, ფაქტობრივად, დასვენების დღეც არ გვაქვს, რადგან ლექციები შაბათ-კვირასაც გვიტარდება“, – ამბობს ერთ-ერთი სოცმუშაკი „პუბლიკასთან“. მისივე თქმით, ასეთ რეჟიმში რთულია 4-წლიანი სასწავლო პროგრამის ტოლფასი კურსის 5 თვეში გავლა. ის ასევე ამბობს, რომ ლექციების გამო მუდმივად გზაშია – სამსახურიდან მასწავლებლის სახლში და უკან.
„კვალიფიკაციის ზრდა არაადამიანური მოპყრობის ხარჯზე“ – ასეთია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ შეფასება.
გაერთიანების განცხადებით, გადატვირთული რეჟიმი საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა ჯანმრთელობას. ასევე გადაჭარბებული სამუშაო დროის პირობებში იკლებს მათი პროდუქტიულობისა და შრომისუნარიანობის ხარისხი, რაც, საერთო ჯამში, უარყოფითად მოქმედებს დამსაქმებლის ეკონომიკურ ინტერესზეც.
„ამასთან, იგი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დასაქმებულთა, არამედ მესამე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც კიდევ უფრო გასათვალისწინებელია აღნიშნულ სფეროში, როდესაც სოციალური მუშაკები პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან ბენეფიციართა სიცოცხლესა და მათ კეთილდღეობაზე“, – აცხადებს გაერთიანება.
სოცმუშაკთა გაერთიანება აცხადებს, რომ დამსაქმებელი ფაქტობრივად აიძულებს სოციალურ მუშაკებს, იმუშაონ თავიანთი ჯანმრთელობის ან სოციალური (პირადი) ცხოვრების ხარჯზე, ან დარჩნენ შემოსავლის გარეშე, რაც არაადამიანური მოპყრობის ტოლფასია.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და სწავლის აღდგენის შემდეგ მასწავლებლის სახლთან ერთად სწავლების ახალ გეგმაზე იმსჯელებს.
თებერვლიდან რეორგანიზების შედეგად სოციალური მომსახურების სააგენტოდან ტრეფიკინგის სააგენტოში 205 სოცმუშაკი გადავიდა. ამ პროცესში კი, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურიდან 28 სოცმუშაკი გაათავისუფლეს. „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ინფორმაციით კი, გათავისუფლებულია 33 მუშაკი.
მერი მაღლაფერიძის თქმით, ამ ეტაპზე ტრეფიკის სააგენტოში 218 სოციალური მუშაკია დასაქმებული (მათი ნაწილი ტრფიკინგის ცენტრში აქამდეც მუშაობდა). მისივე თქმით, ახალი სოციალური მუშაკების მისაღები ვაკანსიები კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება. კანონის გათვალისწინებით, ახალი სოციალური მუშაკების სააგენტოში აყვანის პროცედურა დამატებით თვე-ნახევარს მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური მუშაკები სააგენტოს, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაემატება. მანამდე კი მათ შემცირებული რაოდენობით მოუწევთ მუშაობა.
„ეს საკითხი ჩვენმა სოციალურმა მუშაკებმა დააყენეს და ჩვენც დავინტერსდით. ამაზე მასწავლებლის სახლთანაც გვქონდა შეხვედრა და გავიარეთ ვერსიები – როგორ შეიძლება, სანამ დამატებით სოციალურ მუშაკებს ავიყვანთ, მათთვის ეს გრაფიკი უფრო მოსახერხებელი გავხადოთ და შეთანხმებასაც მივაღწიოთ, თუმცა ამ დროისთვის სასწავლო პროცესი გაჩერდა და დღის წესრიგიდან ეს პრობლემაც მოიხსნა“, – აცხადებს სააგენტოს დირექტორი.
სააგენტოს დირექტორის თქმით, სამომავლოდ სწავლებისთვის უპირატესობას იმ გეგმას მიანიჭებენ, რომელსაც სოციალური მუშაკები აირჩევენ.
„ეს შეთავაზება მათთვის ჯერ არ გაგვიკეთებია, რადგან შეწყდა სამუშაო პროცესი და არც ვიცით, როდის გაგრძელდება, ამიტომ მოგვიანებით განვაახლებთ. პრობლემა ჩვენთვის ცნობილია და ვცდილობთ მის მოგვარებას, თუმცა სერტიფიცირებას გადის არამხოლოდ სააგენტოს სოციალური მუშაკები, არამედ სხვა სტრუქტურებში დასაქმებული სოციალური მუშაკები. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიძლება ყველასთვის რთული იყოს. თუმცა აუცილებელია იმისთვის, რომ ამ სფეროში დარჩნენ“, – აცხადებს სააგენტოს დირექტორი.
მასწავლებლის სახლში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე მათ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სააგენტოს დირექტორთან. მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, სოცმუშაკთა სერტიფიცირების პროგრამის პირველ ნაკადში 30 ადამიანია. ჯამში 2021 წლამდე სერტიფიცირების პროგრამა უნდა გაიაროს ოთხმა ჯგუფმა.
„ცალკეულ ადამიანს შეღავათს ვერ ვუკეთებთ და ვფიქრობთ ამ საკითხის სისტემურად გადაჭრაზე. ეს პროგრამა რომ შევამსუბუქოთ, 8-9 თვე მაინც უნდა გაგრძელდეს და ამ სააგენტოდან პროგრამაში 4 ჯგუფი უნდა ჩაერთოს. დრო 2020 წლის ბოლომდე გვაქვს და ვნახოთ, რაზე მოვილაპარაკებთ“, -აცხადებენ მასწავლებლის სახლში.