კორონავირუსმა ცნობილი შვედი დრამატურგი ლარს ნურენი იმსხვერპლა.
დღე არ გავა კოვიდპანდემიამ თავისი მსახვრალი ხელი არტის ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ „მსახურებზე“ საბედისწეროდ არ შეიწმინდოს. 26 იანვარს, 76 წლის ასაკში კოვიდით გარდაიცვალა თანამედრვე შვედი დრამატურგი, სცენარისტი, პოეტი და თეატრის რეჟისორი – ლარს ნურენი. კრიტიკოსების აღიარებით, ავგუსტ სტრინდბერგის შემდეგ ის ყველაზე ცნობილი და პოპულარული შვედი დრამატურგია, რომელმაც 60-ზე მეტი პიესა დაწერა.
პირველი, რაც ცნობილი შვედი დრამატურგის ქართული თეატრის კონტექსტში შეიძლება გავიხსენოთ, ეს არის პიესა „დემონები“, რომელიც დავით გაბუნიას შესანიშნავი თარგმანით 2018 წელს სამეფო უბნის თეატრში დაიდგა. რეჟისორი – მიხეილ ჩარკვიანი, სცენოგრაფი და მხატვარი – ქეთი ნადიბაიძე, საუნდი – ერეკლე გეწაძე. მონაწილეობენ: კახა კინწურაშვილი, ნატა კახიძე, თორნიკე გოგრიჭიანი, ქეთა შათირიშვილი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პიესამ მოუტანა ლარს ნურენს საყოველთაო აღიარება და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დრამატურგად აქცია.
ლარს ნურენის დებიუტი 1963 წელს შედგა ლექსების კრებულით Lilac, Snow… („იასამანი, თოვლი…“). სულ კი დაწერა თხუთმეტი პოეტური კრებული, ოთხი რომანი და ექვსი ათეული დრამა. ბევრი მათგანი თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე და აქტიურად იდგმება ევროპასა და ამერიკაში. 80-იან წლებში პიესისთვის „ღამე დღის დედაა“, კრიტიკოსებმა იგი შვედეთის საუკეთესო დრამატურგად დაასახელეს.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დრამატურგი ძირითადად ფოკუსირებულია ოჯახურ, კამერულ დ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. 90-იან წლებში მისი პიესების არეალი ფართოვდება და მარგინალურ სივრცეებსაც მოიცავს, ხოლო გმირები უფრო მეტად ასოციალური და ფსიქოლოგიურად ტრავმირებული ადამიანები არიან. მოგვიანებით, ნურენი ისევ უბრუნდება შიდა ოჯახურ ურთიერთობებს, დრამატულ კონფლიქტებს და ამდიდრებს მათ დაუნდობელი კრიტიკით, სარკაზმითა და ფსიქოანალიტიკური მოტივებით.
1993 წლიდან ლარს ნურენი მუშაობდა რეჟისორად სხვადასხვა თეატრში. ასევე თანამშრომლობდა შვედურ ტელევიზიასთან. განსაკუთრებით საინტერესოა პერიოდი, როდესაც სამეფო დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობდა სტოკჰოლმში (1999 – 2007 წლები), 2009 წლიდან – სახალხო თეატრს გეტებორგში. განსაკუთრებული პუბლიცისტური და პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა 2007 წელს გამოქვეყნებულ პიესას „ანა პოლიტკოვსკია, მეხსიერება“, რომელიც მოგვიანებით დაიდგა შვედეთსა და გერმანიაში.
ავგუსტ სტრინდბერგის მსგავსად, ის აშიშვლებს ადამიანის შინაგან სამყაროს, იკვლევს მათ უცნაურ თუ ახირებულ ბუნებას, მოტივაციებსა და ღრმად იხედება ადამიანის „ფსიქოლოგიურ უფსკრულში“. ამავე დროს, მისი პიესები აბსურდული იუმორითა და მახვილგონივრული დიალოგებით გამოირჩევა. ხშირად მსახიობებისთვის მისი ტექსტები საკუთარი ძალებისა და უნარის ნამდვილ გამოცდად იქცევა! და ეს ყველაფერი, ნურენის თეატრალური ენის წყალობით – მდიდარი, მხიარული, ეროტიკული, სარკასტული, რადიკალური, დაუნდობელი, გულწრფელი… და რაც მთავარია, ყოველ ჯერზე ახალი და ცოცხალია.
2008 წელს გამოიცა ძალიან საინტერესო „დრამატურგის დღიური“, რომელიც თეატრში მის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ეყრდნობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტენსიურად დგამდა ესქილეს, შექსპირის, იბსენის, ჩეხოვის პიესებს. ნურენი, როგორც რეჟისორი, თანამშრომლობდა ისეთ მნიშვნელოვან და ცნობილ თეატრებთან, როგორებიცაა – ბერლინის Deutsches Theater, კოპენჰაგენის სამეფო თეატრი, ბრიუსელის ნაციონალური თეატრი და პარიზის „კომედი ფრანსეზი“.
ლარს ნურენის დრამატურგია მდიდარი საბადოა როგორც რადიკალური რეჟისორული ექსპერიმენტებისთვის“, ისე არტისტული თვითრეალიზაციის თვალსაზრისით. პიესებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „მკვლელობის ნება“, „ღამე შობს დღეს“, „დემონები“, „საავადმყოფო“, „სიცივე“.