„დევნა პოლიტიკური ნიშნით“ | ხარიტონ ჩხატარაშვილის ამბავი

თათია ხალიანი

განსხვავებული აზრის გამო ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე მდევნის და მავიწროებს“, – გვეუბნება ხარიტონ ჩხატარაშვილი, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სამ სკოლაში ჰქონდა მცდელობა მუშაობა დაეწყო, მაგრამ გასაუბრების შემდეგ სამივე სკოლაში უარი უთხრეს. ის ამ დრომდე უმუშევარია.

არ მოსწონხარ ავთანდილ თალაკვაძეს და რა ვქნათო“.

64 წლის ხარიტონ ჩხატარაშვილი სოფელ შემოქმედში დაიბადა. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი. პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. შემდეგ საფეხბურთო კლუბ „მერცხლის“ ბავშვთა გუნდის მწვრთნელი იყო.

ხარიტონ ჩხატარაშვილი  სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც საჯარო სკოლებში საფეხბურთო გუნდების მწვრთნელად, ისე კლუბებში. 2006 წლიდან 2013 წლამდე კი ოზურგეთის „მერცხლის“ მთავარი მწვრთნელი და დირექტორი იყო.

როგორც ის გვიყვება, 2012 წელს ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისა და ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. 2014 წლიდან კი ოზურგეთის „მერცხლის“ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობდა. ასევე, იყო მწვრთნელი ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში.

მისი 40-წლიანი კარიერა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იცვლება. ოზურგეთში მერის არჩევნებში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისა და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმამ, ავთანდილ თალაკვაძემ გაიმარჯვა.

ხარიტონ ჩხატარაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ღიად უჭერდა მხარს იმ დროისთვის დამოუკიდებელ კანდიდატსა და ოზურგეთის ყოფილ მერს – კონსტანტინე შარაშენიძეს.

ის ამბობს, რომ როგორც კი ავთანდილ თალაკვაძე მერად დაინიშნა, ორივე სამსახურიდან გაათავისუფლეს, მიზეზად კი რეორგანიზაცია დაასახელეს.

„ამდენი წელია, ვემსახურები ფეხბურთს. შენიშვნაც კი არ მქონია არასოდეს. ვემსახურებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას. საზოგადოებაში კარგად მიცნობს ყველა, ოზურგეთში – მით უმეტეს. მაქვს უმაღლესი კატეგორია ფეხბურთში, უეფას A კატეგორიის მწვრთნელი ვარ.

ეს კაცი რომ მოვიდა, დამიწყო დევნა. არანაირი კონფლიქტი და არანაირი შეხება არ მქონია მასთან, მაგრამ როგორც კი გახდა მერი, „მერცხლის“ დირექტორმა დამიბარა და მითხრა, გათავისუფლებული ხარო. მიზეზი რა არის-მეთქი რომ ვკითხე – არ მოსწონხარ ამ ავთო თალაკვაძეს და რა ვქნა მეო, ასე მიპასუხა. დაარქვეს რეორგანიზაცია და შემცირება, მაგრამ 18 კაცი აიყვანეს შემდეგ, მათი ხალხი“, – გვეუბნება ხარიტონ ჩხატარაშვილი.

როგორც ხარიტონ ჩხატარაშვილი ამბობს, ოზურგეთი პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს და მას პირად საუბრებში უდასტურებენ, რომ ავთანდილ თალაკვაძე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო „ბლოკავს“. ღიად საუბარს კი ერიდებიან, რადგან რაიონში ისედაც მწირი სამუშაო ადგილებისა თუ სიღარიბის გამო, სამსახურის დაკარგვის ყველას ეშინია.

ხარიტონ ჩხატარაშვილმა გათავისუფლების შემდეგ სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აჭარისა და გურიის რეგიონული იურისტი, მეგი ბაკურიძე გვეუბნება, რომ „სამართლიანი არჩევნები”, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

ხარიტონ ჩხატარაშვილი მათ ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა. ორგანიზაციის იურისტები აპირებენ, დაიცვან ხარიტონ ჩხატარაშვილის ინტერესები სასამართლოში სამსახურიდან სავარაუდო უკანონო გათავისუფლების საქმეზე. ასევე, სწავლობენ საჯარო სკოლებში ხარიტონ ჩხატარაშვილის გასაუბრების ოქმებს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

„კითხვის ნიშანი არის იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სამსახურიდან გათავისუფლების ორივე შემთხვევაში რეალური რეორგანიზაცია. შრომის დავებში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მოწინააღმდეგე მხარემ (დამსაქმებელმა) უნდა დაადასტუროს, რომ რეორგანიზაციის პროცესში ობიექტურად არსებობდა ამ დასაქმებულის გათავისუფლების აუცილებლობა.

მოცემულ შემთხვევაში არ ჩანს ეს, პირიქით, თუ შევისწავლით მათ მიერვე წარმოდგენილ, დამტკიცებულ ახალ საშტატო ნუსხებს, ორივე შემთხვევაში საგრძნობლად გაზრდილია სახელფასო ფონდი და ასევე შტატების რიცხოვნობაც. აქედან გამომდინარე, ეს ორი გარემოება ცალსახად, მიუთითებს იმაზე, რომ რეორგანიზაცია, ჩვენი შეფასებით, რეალურ მიზნებს არ ემსახურებოდა“, – ამბობს იურისტი მეგი ბაკურიძე.

იურისტის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, განსხვავდება ორივე დამსაქმებლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ბიუჯეტი რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ.

მაგალითად, ხარიტონ  ჩხატარაშვილის გათავისუფლების შემდეგ, თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „მერცხლის“ საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგო 2022 წლის 1 ივნისიდან შეადგენდა 34 თანამშრომელსა და 17 650 ლარს, 2023 წლის 1 იანვრიდან გაზრდილია და შეადგენს 39 თანამშრომელსა და თანამდებობრივ სარგოს ჯამში 23 080 ლარს.

ხარიტონ ჩხატარაშვილის საქმე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოშია, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. სარჩელები ორივე სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე (დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით) სასამართლოს 2023 წლის თებერვალში წარედგინა.

უარი სკოლებში

„გათავისუფლების შემდეგ მშიერ-მწყურვალი რომ არ დავრჩენილიყავი, გადავწყვიტე, სკოლებში მეცადა ბედი. განათლების სამინისტრომ გამოაცხადა, თუ ჩააბარებთ გამოცდას მობრძანდით სკოლაში, სპეციალისტები გვჭირდებაო“, – გვიყვება ხარიტონ ჩხატარაშვილი.

მან მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტის საგანში წარმატებით ჩააბარა. ასევე, ჰქონდა მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლაში მუშაობის.

ფოტო: Facebook/ხარიტონ ჩხატარაშვილი

ამის შემდეგ, ახალი სასწავლოს წლის დაწყებისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადები შეიტანა, სულ 4 სკოლაში. ოთხივე სკოლაში კანდიდატების გადარჩევის ეტაპი გაიარა და მეორე, გასაუბრების ეტაპზე გადავიდა.

„სამ სკოლაში იმყოფებოდა გასაუბრებაზე, თუმცა სამივე სკოლიდან მას მიუვიდა უარი. ამ სკოლებიდან არცერთი კომისიის წევრმა მას არ დაუჭირა მხარი, რაც ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს ბადებს.

მეოთხე სკოლის გასაუბრებაზე კი ხარიტონ ჩხატარაშვილი აღარ გამოცხადდა, ამავე გადაწყვეტილების მიღების მოლოდინით. მისთვის უკვე ღირსების შემლახავი და უიმედო იყო წინასწარ გადაწყვეტილ გასაუბრებეზე გამოცხადება“, – გვეუბნება იურისტი მეგი ბაკურიძე.

იურისტი მიუთითებს, რომ მათ სამივე სკოლიდან გამოითხოვეს და შეისწავლეს დოკუმენტაცია, ბრძანებები და ოქმები, სადაც ძირითადად, ერთმანეთის მსგავსი ხარვეზები იკვეთება, მაგალითად –  ოქმზე ხელმომწერი კომისიის წევრები, რომლებიც, სავარაუდოდ, არ ესწრებოდნენ სხდომას; ასევე, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რატომ უთხრეს უარი კონკრეტულ კანდიდატს და რატომ მიანიჭეს უპირატესობა სხვას; სამი სკოლის ოქმიდან კომისიის არცერთი წევრი არ აღმოჩნდა, რომელსაც განსხვავებული პოზიცია ექნებოდა.

პირველი სკოლა, სადაც ხარიტონ ჩხატარაშვილმა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლა იყო. დირექტორიირმა გაგნიძე.

ოქმის მიხედვით, ირმა გაგნიძეა მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შესავსებად გამოცხადებული საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეც. გასაუბრება 8 სექტემბერს 12 საათზე გაიმართა. კომისიის 11 წევრიდან ხარიტონ ჩხატარაშვილს ხმა კომისიის არცერთმა წევრმა არ მისცა.

„ჩემმა კონკურენტმა მამუკა ესაძემ, რომელმაც საგნის გამოცდა – სპორტი ვერ ჩააბარა (ერთად ვიყავით გამოცდაზე) და შესაბამისი განათლება არა აქვს, მიიღო 10 ხმა და სკოლაში მიიღეს“, – ამბობს ხარიტონ ჩხატარაშვილი.

ფოტო: Facebook/ხარიტონ ჩხატარაშვილი

ის გვეუბნება, რომ მეორე დღესვე შეხვდა ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს, რომელიც დაჰპირდა, რომ გაერკვეოდა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, რომელიც ჩვენს ზარზე და ხარიტონ ჩხატარაშვილის ხსენებაზე გაღიზიანდა, გვითხრა, რომ არავის არ მიუმართავს მისთვის, „ის არაფერს შუაშია“ და ისე გაგვითიშა ტელეფონი, რომ კითხვის დასმის საშუალებაც არ მოგვეცა. ამის შემდეგ კვლავ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა აღარ გვიპასუხა.

იურისტი მეგი ბაკურიძე გვეუბნება, რომ ოქმს ხელს აწერს კომისიის 11-ვე წევრი, თუმცა, როგორც ხარიტონ ჩხატარაშვილი იხსენებს, გასაუბრებას დაახლოებით 8 ადამიანი ესწრებოდა.

„კანონი გვეუბნება – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 174/ნ ბრძანება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” , რომ სკოლამ აუცილებლად გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომ საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიოს კონკურსის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება ასევე უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რატომ მიენიჭა კონკრეტულ კანდიდატს უპირატესობა, რატომ არა და ა.შ.

დასაბუთებას მოითხოვს ცალსახად ეს ბრძანება, მაგრამ სხდომის ოქმებში არსად არ არის მსგავსი დასაბუთება და ფაქტობრივი გარემოებებიც მოწმობს იმას, რომ საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზანი, ჩვენი შეფასებით, არ ჰქონდათ ამ სკოლებს“, – ამბობს იურისტი.

პუბლიკასოფელ ცხემლისხიდის დირექტორს, ირმა გაგნიძესაც დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ყველაფერი ოქმში წერია და სხვა არაფერზე გვიპასუხებდა, შემდეგ მანაც ტელეფონი გაგვითიშა.

„ოზურგეთი პატარაა და ყველა ყველას იცნობს, მოგეხსენებათ. მეუბნებიან პირად საუბრებში, რა ვქნა დავალება იყო ასეთიო“, – ამბობს ხარიტონ ჩხატარაშვილი.

მეორე სკოლა, სადაც ასევე გასაუბრების შემდეგ ხარიტონ ჩხატარაშვილმა კომისიის ვერცერთი წევრის ხმა ვერ მიიღო, ქვედა ბახვის საჯარო სკოლაა. დირექტორი – დოდო გოთუა. გასაუბრება 13 სექტემბერს ჩატარდა.

კომისიის ოქმიდან ირკვევა, რომ 8 კომისიის წევრიდან მან 0 ხმა მიიღო. ხარიტონ ჩხატარაშვილი იხსენებს, რომ გასაუბრებას არ ესწრებოდა კომისიის ორი წევრი, ოქმში კი მათი ხელმოწერაცაა.

ფოტო: Facebook/ხარიტონ ჩხატარაშვილი

„კომისიის სხდომას არ ესწრებოდნენ სარდიონ ანდღულაძე და  როზა გოგუაძე. როგორ შემაფასეს  საინტერესოა, როცა სხდომას არ ესწრებოდნენ და ოქმში მათი ხელმოწერაა“, – ამბობს ის.

იურისტი გვეუბნება, რომ ეს გარემოება მათთვისაც ცნობილია და ხარიტონ ჩხატარაშვილმა მათ ამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ამ ადამიანებს იცნობს მხარე, ამიტომ ამბობს, რომ ისინი გასაუბრებაზე არ იყვნენ, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, თან ბატონი ხარიტონის წინააღმდეგ და ოქმს ხელს აწერენ“, – გვეუბნება მეგი ბაკურიძე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა სარდიონ ანდღულაძეს, რომელიც ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში სპორტის მასწავლებელია. მან გვითხრა, რომ ფიზიკურად არ ესწრებოდა, მაგრამ ონლაინ ისმენდა გასაუბრებას. კითხვაზე პასუხი, იცოდა თუ არა ხარიტონ ჩხატარაშვილმა, რომ კომისიის წევრი ონლაინ ისმენდა მის გასაუბრებას, არ აქვს.

„მე რა ვიცი ბატონმა ხარიტონმა იცოდა თუ არ იცოდა. ჰო, აი, ინტერნეტით, როგორც ესწრებიან ისე ვიყავი მეც. რაღაც პრობლემები შეიქმნა ინტერნეტზე, ხარვეზებით მოდიოდა, წყვეტებით…

… ხელი მოვაწერე იმიტომ, რომ ახალგაზრდა კადრი იყო და ახალგაზრდა ვარჩიე. ეს ძველია, პენსიაშია უკვე. სკოლასაც ეს უნდოდა, ახალგაზრდა კადრზე იყო საუბარი და საქმის კურსში ვიყავი“, – გვითხრა მან. აქვე გვიდასტურებს, რომ მას შეკითხვა არ დაუსვამს კანდიდატებისთვის.

„ტყუილია, არ ესწრებოდა. თან ეს უარესი დისკრიმინაციაა, თუ ასაკის გამო მითხრეს უარი, კანონი ამას არ ითვალისწინებს“,  – გვეუბნება ხარიტონ ჩხატარაშვილი. როგორც ამბობს, გასაუბრებაზე მისთვის არავის უთქვამს, რომ კომისიის რომელიმე წევრი ონლაინ ესწრებოდა.

„პუბლიკა“ ცდილობდა ქვემო ბახვის სკოლის დირექტორთან, დოდო გოთუასთან დაკავშირებასაც, მაგრამ ამ დრომდე მას ტელეფონი გათიშული აქვს.

მესამე გასაუბრება ხარიტონ ჩხატარაშვილს ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში ჰქონდა, სადაც ასევე ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. გამარჯვებულმა კანდიდატმა კი ხუთივე ხმა მიიღო. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც სხდომის ოქმზე არის იმ ადამიანის ხელმოწერა, რომელიც არ ესწრებოდა გასაუბრებას. ასევე, როგორც გვეუბნება, სხდომის გახსნის საათი, ოქმის მიხედვით, 12 საათია, გასაუბრება კი რეალურად 16:00 საათზე დაიწყო.

„აქ პრობლემას ვხედავთ იმაში, რომ კომისიის შექმნის ბრძანებაში 20 ადამიანია მითითებული, ანუ ამდენწევრიანი კომისიის შემადგენლობა იყო, მაგრამ სხდომის ოქმზე 5 ადამიანი აწერს ხელს. მინისტრის ბრძანება, რომელიც ვახსენე უკვე, განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს შერჩეული მასწავლებელი სკოლაში, როდის არის კომისია უფლებამოსილი ჩაატაროს ზოგადად კონკურსი.

კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება თუ სრულად ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არა ნაკლებ 3 წევრისა, ანუ პირველ რიგში უნდა იყოს ნახევარზე მეტი. ჩვენს შემთხვევაში თუ ოცი კომისიის წევრი იყო ბრძანებით განსაზღვრული და ასე იყო კიდევაც, ოქმიდან ვიგებთ, რომ 5 ადამიანი ესწრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარზე მეტი არ იყო კონკურსზე,  შესაბამისად, სამართლებრივი შეფასებით, ეს კომისია არ იყო უფლებამოსილი, რომ გაეგრძელებინა გასაუბრება, მიეღო გადაწყვეტილება და ა.შ.”, – გვეუბნება „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი მეგი ბაკურიძე.

„პუბლიკა“ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორს ფატიმა სიორიძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილისთვის და მისი იურისტისთვის ყველა დოკუმენტი მიწოდებული აქვს. მასთანაც კითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა, ისე გაგვითიშა ტელეფონი.

„საიდან მოიტანეთ, რომ ოცი წევრი იყო. მას [ხარიტონ ჩხატარაშვილს] ყველაფერი დეტალურად ეცნობა და გასაგებია მისთვის… ჩვენ ყველა პასუხი გაცემული გვაქვს“, – გვითხრა მან.

დირექტორ ფატიმა სიორიძის ბრძანება კომისიის შექმნაზე, ასევე, სხდომის ოქმი „პუბლიკას“ ხარიტონ ჩხარტიშვილის დაცვის მხარემ მიაწოდა.


რას აპირებს ხარიტონ ჩხატარაშვილი 

იურისტი მეგი ბაკურიძე გვეუბნება, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილის საქმეზე აპირებენ მიმართონ სახალხო დამცველს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, ასევე გეგმავენ შრომითი ინსპექციისთვისაც მიმართვას, რადგან, მათი შეფასებით, ხედავენ არსებით დარღვევებს უშუალოდ წინასახელშეკრულებო ეტაპზე.

„შრომის კოდექსით პირდაპირ დადგენილია, რომ დაუშვებელი და აკრძალულია დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ანუ გასაუბრების, კანდიდატების გადარჩევის პროცესში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ამ დარღვევების ფონზე, როგორც სახალხო დამცველი, ისე შრომის ინსპექცია რეალურად მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – ამბობს იურისტი მეგი ბაკურიძე.

ასევე, როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ხარიტონ ჩხატარაშვილის გათავისუფლების საქმეზე სარჩელები უკვე შესულია და არსებით განხილვას ელოდება.

ვინ არის ავთანდილ თალაკვაძე

„რა უნდა ამ კაცს, რას მერჩის, თუ ვაჟკაცობა აქვს შემხვდეს და ამიხსნას, რა უნდა. დაბლოკილი ვარ ყველგან და სანამ ის იქნება, საჯარო სამსახურში ვერ დავიწყებ მუშაობას“, – გვეუბნება ხარიტონ ჩხატარაშვილი. მას სჯერა, რომ უშუალოდ ოზურგეთის მერის დავალებით არ ეძლევა საშუალება, მუშაობა დაიწყოს მუნიციპალიტეტში სპორტის მასწავლებლად თუ მწვრთნელად.

„პუბლიკა“ ცდილობდა ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან დაკავშირებას, მაგრამ მასთან პირადად გასაუბრება ვერ შევძელით. მოგვიანებით მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის დახმარებით, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სიცრუეა მის მიმართ ხარიტონ ჩხატარაშვილის ბრალდებები და ამ საკითხზე არ ისაუბრებდა.

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ოზურგეთის ახალი მერი, „ქართული ოცნების“ წარდგენილი კანდიდატი, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე გახდა.

მანამდე ავთანდილ თალაკვაძე  ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი იყო. მან ეს თანამდებობა 2020 წლის 28 ნოემბერს დატოვა.

ოზურგეთის მერად ავთანდილ თალაკვაძის დანიშვნის შემდეგ, ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის სამსახურებში დასაქმებული ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2022 წლის 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია. 

„დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკის მიხედვით, ოზურგეთის მერიაშიც დაიწყო რეორგანიზაციად შეფუთული თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი, რამაც, საბოლოოდ, საკადრო წმენდის სახე მიიღო. მერიის სამსახურებიდან 31 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო ათეულობით ადამიანი გათავისუფლების შიშით აგრძელებს მუშაობას“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მათი შეფასებით, ოზურგეთის მერიიდან თანამშრომელთა გაშვება უკანონოა, დაუსაბუთებელი და შეიცავს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს.