ქეთი ვაშაკიძე ერთ-ერთია იმ 269 პაციენტთაგან, რომლებიც საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.
მან საავადმყოფო ხუთკვირიანი მკურნალობის მერე დატოვა და ახლა თვითიზოლაციაშია. ის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ერთ-ერთია იმ რამდენიმე თანამშრომლიდან, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
ყველაფერი 20 მარტს დაიწყო. პარასკევი დღე იყო. სამსახურიდან დაბრუნებულმა თავი სუსტად იგრძნო, მოგვიანებით კი, როცა სიცხე 38-ს გადასცდა, სასწრაფო გამოიძახა. ჰყვება, რომ სასწრაფოს ექიმებმა გასინჯეს, მაგრამ თხოვნის მიუხედავად, საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, „ცოტა გამლანძღეს კიდეც, რამდენი სიცხე აუწევთ, ყველა რომ საავადმყოფოში გადავიყვანოთ, ამდენი ადგილი სად არისო.“
თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ გადაწყვიტა, კერძო დაზღვევის სასწრაფოთი ესარგებლა, რომელმაც ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ჰყვება, რომ კლინიკაში 4 დღე დაჰყო. გადაუღეს რენტგენი, გაუკეთეს გადასხმები და სახლში გაწერეს. თუმცა, იმავე საღამოს ცუდად გახდა და კვლავ გამოიძახა სასწრაფო, რომელმაც ბოჭორიშვილის კლინიკაში დააბრუნა.
ამბობს, რომ მაშინ არც კი ეჭვობდა, რომ შესაძლო იყო, კორონავირუსი ჰქონოდა. ამ პერიოდში მის თანამშრომლებს ვირუსი დადასტურებული ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, არ ჰქონია საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია და არც საზღვარგარეთიდან ჩამოსულთან კონტაქტი. ამიტომ ამბობს, რომ ვირუსზე შემოწმების მიზნით ტესტი არ აუღიათ და ეს არც თვითონ მოუთხოვია.
„არც კი ვეჭვობდი ვირუსზე. საავადმყოფოში მითხრეს, რომ ცხელება და თუნდაც ყელის ტკივილი, რომელსაც მე ვერ ვგრძნობდი, მაგრამ, ექიმების თქმით, ყელი წითელი მქონდა, არ ნიშნავდა იმას, რომ მაინცდამაინც კოვიდინფექცია მექნებოდა. მე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ბუნებრივია, იმდენად ღრმად არ ვარ მედიცინაში გარკვეული, რომ რაღაც კონკრეტული მომეთხოვა. ვენდობოდი ექიმებს. თვითონ უკეთ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ ამ შემთხვევაში. მე სიმართლე გითხრათ, არანაირი მოთხოვნა არ გამჩენია. ეჭვიც არ მქონია. ჩემ გარშემო არავის ჰქონდა დადასტურებული და მოგზაურობითაც არსად ვყოფილვარ“.
ჰყვება, რომ უკვე მეორეჯერ კლინიკაში დაბრუნებული პირდაპირ ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, აუღეს ანალიზი კოვიდინფექციაზე, მეორე დღეს კი, ანალიზზე დადებითი პასუხის მიღებისთანავე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„ამ დროისთვის ჩემს თანამშრომლებს, თურმე, უკვე დადასტურებული ჰქონდათ კოვიდინფექცია. მე ეს არ ვიცოდი. პასუხის მიღების შემდგომ მაცნობეს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადამიყვანდნენ. 28 მარტიდან უკვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვიყავი.“
ქეთი ვაშაკიძე იხსენებს, რომ სიმპტომები ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ თანდათან უფრო მძიმედ გამოუვლინდა – ცხელებას დაერთო ღებინება. დაკარგა გემოსა და ყნოსვის შეგრძნება. ჰქონდა განცდა, რომ მხედველობა გაუუარესდა და მეხსიერება უფრო დაებინდა. ამიტომ პირველ ორ კვირასთან დაკავშირებით დეტალები ბუნდოვნად ახსოვს.
ჰქონდა ფილტვების ორმხრივი პნევმონია და მიიჩნეოდა საშუალო სიმძიმის პაციენტად.
ქეთი 59 წლისაა და თანმხლები ქრონიკული დაავადებაც აქვს – შაქრიანი დიაბეტი. ასევე, რამდენიმე წლის წინ გადაიტანა გულის ინფარქტი. ჰყვება, რომ ინფექციის ფონზე მისი ქრონიკული დაავადება უფრო გამწვავდა. ორი კვირის განმავლობაში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მერე კი ნელ-ნელა შეუმსუბუქდა სიმპტომები. ამბობს, რომ მკურნალობასთან დაკავშირებით კონკრეტულ მედიკამენტებზე ინფორმაცია არ აქვს. ამიტომ, დაზუსტებით ვერ ისაუბრებს. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა მკვეთრად გაუუმჯობესდა, ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა მომდევნო ორი დადებითი. მას მერე კი, რაც ზედიზედ ორმა ტესტმა უარყოფით შედეგი აჩვენა, საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა ერთ-ერთ სასტუმროშია, თვითიზოლაციაში. ამბობს, რომ მუდმივ კონტაქტზეა მკურნალ ექიმთან, სამი კვირის შემდგომ კი კვლავ უნდა მივიდეს გამოკვლევისთვის.
„59 წლის ვარ და თანმხლები დაავადება მაქვს. ექიმებთან ხშირად მიწევდა აქამდეც ურთიერთობა, მაგრამ რაც იქ, ბოქსირებულ განყოფილებაში ხდებოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მადლიერი ვარ მზრუნველი და თბილი სამედიცინო პერსონალის, რომლებიც ყოველდღიურად წარმოუდგენელ შრომაში იყვნენ.
პალატაში მარტო ვიწექი. ჩემს ოთახამდე კიდე ერთი ოთახი იყო, სადაც აღჭურვილობას იცვამდნენ და ისე შემოდიოდნენ ჩემთან, მერე გადიოდნენ და იხდიდნენ. ამ პროცედურას დღეში რამდენჯერმე აკეთებდნენ. შესაძლოა, 5 წუთის შუალედით დაგეძახა იმიტომ, რომ ცუდად იყავი და კვლავ ამ პროცედურის გავლის მერე შემოდიოდნენ. ძალიან ყურადღებიანები იყვნენ. ვთვლი, რომ ნახევარზე მეტი წილი ამ ხალხის თანაგრძნობამ და ზრუნვამ გამომიყვანა მდგომარეობიდან. მათაც ათასი მადლობა ვუთხარი წამოსვლისას, მაგრამ მინდოდა, ეს მადლიერება საჯაროდაც გამომეხატა“.
ქეთი ვაშაკიძე ამბობს, რომ დღემდე არც მან და არც მისმა თანამშრომლებმა არ იციან, რა გახდა მათი ინფიცირების წყარო. აქვთ გარკვეული ვარაუდი, მაგრამ დაზუსტებით ვერ ამბობენ, რა ვითარებაში ან ვისგან გადაედოთ ვირუსი.
„მხოლოდ ვარაუდები გვაქვს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. ან ჩვენს შორის რომელი შეიძლება იყოს პირველი წყარო, არ ვიცი. თანამშრომლებს ერთი გასახდელი ოთახი გვქონდა. ერთმანეთის ნივთებთან, ასე თუ ისე, შეხება მაინც გვიწევდა. გვქონდა წყლის საერთო ჭურჭელი. ყავის მოსადუღებლადაც საერთო ჭურჭელს ვიყენებდით და, სავარაუდოდ, მგონია, რომ იქიდან დავინფიცირდი. ჩემი თანამშრომლებიდან 2 კვლავ საავადმყოფოში რჩება. ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთი მსუბუქადაა, ალბათ, მალე გაწერენ“.
ამბობს, რომ დაინფიცირებამდე ცდილობდა, ფრთხილად ყოფილიყო და რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა. ფიქრობს, რომ სწორედ ამან დაიცვა ოჯახის დანარჩენი წევრები ვირუსისგან. ქალიშვილთან, სიძესა და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ვირუსი დაუდასტურდა, ოჯახის დანარჩენი წევრები ორკვირიან თვითიზოლაციაში იყვნენ, თუმცა ამ დრომდე თავს კარგად გრძნობენ და ვირუსის სიმპტომები არცერთ მათგანს არ გამოვლენია.
„მგონია, რომ ჩემმა სიფრთხილემ დაიცვა ჩემი ოჯახი. იყვნენ ჩვენთან ისეთებიც, რომელთა ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ. ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებდი იმ დროისთვის, რასაც ვისმენდი – ხშირად ვიბანდი ხელებს საპნით, სპირტით ვიმუშავებდი. ტრანსპორტში პირბადით დავდიოდი და ვცდილობდი, ხალხთან ახლოს არ დავმდგარიყავი“.
ქეთი იხსენებს, რომ ფიზიკურზე არანაკლებ რთული მისი ემოციური მდგომარეობა იყო. ძალიან განიცდიდა და განსაკუთრებით ედარდებოდა ოჯახის წევრები, როცა არ იცოდა, მათაც გადაედოთ თუ არა ვირუსი.
„ნევროპათოლოგი კონსულტაციას მიწევდა. დამამშვიდებლებსაც ვსვამდი. ადვილად გასაძლები არაა, მიუხედავად იმისა, რომ თბილად მეპყრობოდნენ და მამხნევებდნენ, მე მაინც განვიცდიდი. საავადმყოფოში ყოფნისას სრულიად მოწყვეტილი ვიყავი, გარეთ რა ხდებოდა. ტელეფონით ოჯახის წევრებს ვეკონტაქტებოდი. ისინიც მიფრთხილდებოდნენ და ზედმეტს არაფერს მეუბნებოდნენ. ახლა თვითიზოლაციაში ბევრად თავისუფლად ვარ, ტელევიზორიც მაქვს და საინფორმაციოებსაც ვუსმენ“.
ქეთი ვაშაკიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ მიზანი, რის გამოც საჯაროდ ჰყვება ინფიცირებისა და გამოჯანმრთელების ამბავს, არის თავისი გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის და გამხნევება – „არ შეშინდნენ, კორონავირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის“, მნიშვნელოვანია, იყვნენ ფრთხილად, ყურადღებით და დროულად მიმართონ ექიმს.