ჟურნალისტები VS „იბერია“ | შრომითი დავის მესამე წელიწადი

„გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, – ამ სიტყვების ავტორი დეპუტატი და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. „იბერიის“ რამდენიმე ყოფილმა ჟურნალისტმა პოლიტიკოსის ამ საფიქრალს გამოსავალი მოუძებნა – მათ Facebook-სტატუსებით შესთავაზეს, რომ ყოფილი დასაქმებულებისთვის სახელფასო დავალიანება და კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაეხადა.

„იბერიის“ ათობით ყოფილი თანამშრომელი უკვე მე-3 წელია კომპენსაციისა და სახელფასო დავალიანების მისაღებად კომპანიას სასამართლოში ედავება. ისინი არხიდან 2018 წლის 22 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

„ერთ-ერთი არხის საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით გავიგეთ, რომ ტელევიზიის დახურვას აპირებდნენ. ისე, რომ ჩვენთვის არაფერი უთქვამთ“, – იხსენებს შოთა ფალავანდიშვილი. ის „იბერიაში“ 4 წლის განმავლობაში ჯერ ახალი ამბების ჟურნალისტი, მოგვიანებით კი პროდიუსერი იყო – „ამ ხალხმა მოინდომა, რომ ხელისუფლებასთან სავაჭრო ვალუტად გამოვეყენებინეთ“.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, სახელფასო დავალიანებას, მათ შორის ბოლო 2 თვის აუნაზღაურებელ შრომას (რომელიც, ჟურნალისტის თქმით, დასაქმებულთა ბრძოლის შედეგად მოგვიანებით ნაწილობრივ დაფარეს) დამფუძნებლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უკავშირდებდნენ.

„სავარაუდოდ, თავიდან ხელისუფლებასთან ყველაფერი რიგზე ჰქონდათ, ასე ვთქვათ, დალაგებული და მერე როგორც გაირკვა, იმის გამო, რომ მილიონობით ვალი ჰქონია კომპანიას და ედავებოდნენ, მოინდომეს, რომ მედიასაშუალება კლასიკური გაგებით გამოეყენებინათ“, – ამბობს ფალავანდიშვილი.

არხის დამფუძნებლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე 2018 წელს საჯაროდაც ალაპარაკდნენ. მათი მტკიცებით, ამის მიზეზი კრიტიკული მედიის გაჩუმება იყო. ფინანსთა სამინისტრო მაშინ განმარტავდა, რომ „იბერიის“ დაფინანსების მთავარ წყაროს – სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ომეგა ჯგუფს“ ყადაღა და ინკასო იმიტომ დაედო, რომ 51-მილიონიანი დავალიანება ჰქონდა. კომპანიამ დავალიანების მცირე ნაწილის გადახდის შემდეგ წარმოების ამუშავება შეძლო, თუმცა „იბერიის“ მაუწყებლობა აღარ აღუდგენიათ.

მოგებული შრომითი დავები და გაჭიანურებული აღსრულება

ყოფილი დასაქმებულების ერთი ნაწილის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ხოლო მეორე ნაწილისას კი – „პროფკავშირების გაერთიანება“ იცავს.

საიას საქმე 18 ჟურნალისტის სარჩელს აერთიანებს. სასამართლოს პირველმა ორმა ინსტანციამ მათი სარჩელი უკვე დააკმაყოფილა.

„მოთხოვნა იყო ზოგიერთ შემთხვევაში სახელფასო დავალიანებისა და გათავისუფლების გამო შესაბამისი კომპენსაციის გაცემა, ნაწილის შემთხვევაში იყო მხოლოდ გათავისუფლების გამო კომპენსაციის გაცემა“, – ამბობს საიას იურისტი ნიკა სიმონიშვილი.

მისივე თქმით, „იბერიამ“ სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, ამ უკანასკნელმა კი ნოემბერში საქმე განხილვაში არ მიიღო. ახლა ჟურნალისტები სასამართლოსგან აღსრულების ფურცელს ელიან.

კანონმდებლობის მიხედვით, თუკი დასაქმებულს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 3 დღით ადრე აცნობებენ (როგორც ეს „იბერიას“ შემთვევაში მოხდა), დამსაქმებელი ვალდებულია 2 თვის კომპენსაცია აანაზღაუროს.

„გაერთიანებული პროფკავშირის“ საქმე 39 ოპერატორის, მემონტაჟისა და  ჟურნალისტის სარჩელს აერთიანებს. როგორც იურისტი ამბობს, საქალაქო სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილა. ხოლო, რადგან 18 მათგანის მიერ მოთხოვნილი თანხა 2 000 ლარს არ აღემატებოდა, დავის გაგრძელება მომდევნო ინსტანციებში, კანონის შესაბამისად, აღარ მოუწევთ და მათ უკვე მიღებული აქვთ აღსრულების ფურცელი. რაც შეეხება დანარჩენებს – კომპანიამ გადაწვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა და ახლა სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან.

„ხელში გვაქვს გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ კომპანიას ამ ადამიანებისთვის გადასახდელი აქვს როგორც სახელფასო დავალიანება, ასევე კომპენსაცია, თუმცა კომპანია თავისი ნებით არ იხდის. ამიტომ მოგვიწია იძულებით აღსრულებაში წასვლა, ველოდებით აღსრულებიდან შესაბამის ქმედებებს, რომ მოიძიონ, რა აქტივი აქვს კომპანიას და თუ ნებით არ იხდიან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იძულებით გადაახდევინოს“, – ამბობს „პროფკავშირების გაერთიანების“ იურისტი თამარ სურმავა.

ორივე ჯგუფის იურისტი კომპანიის მხრიდან ყურადღებას დავის გაჭიანურებაზე ამახვილებს და იმასაც ამბობს, რომ სასამართლო დავებიცა და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესიც გაურკვეველი ვადით იწელება.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქმე ზოგადად სასამართლოს გადატვირთულობის გამო ჭიანურდება. როგორც წესი, დავები მათ შორის შრომითი დავები, კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს, (კანონში გვიწერია, რომ შრომითი დავა ერთ ინსტანციაში 1 თვეზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს). თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზეც ველოდებით სააპელაციო ინსტანციაში პროცესის ჩანიშვნას“, – ამბობს თამარ სურმავა.

„მე არ ვარ უფლებამოსილი“ – დამფუძნებლის პოზიცია

2004 წელს დახურვის შემდეგ „იბერიამ“ მაუწყებლობა 2015 წელს განაახლა. არხის მესაკუთრე შპს BENMONT-ია, რომლის მფლობელებიც ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი იყვნენ. 2016 წლის არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით ნატო ჩხეიძე პარლამენტის დეპუტატი, ზაზა ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა. რადგანაც კანონით პოლიტიკური პარტიის წევრს ეკრძალება მაუწყებლის ფლობა, მათ საკუთარი წილები შვილებზე – რატი და გიორგი ოქუაშვილებზე გადააფორმეს. თუმცა ჩხეიძე და ოქუაშვილი „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ შესახებ საჯარო განცხადებებს თავად აკეთებდნენ. დღეის მდგომარეობით, BENMONT-ის მფლობელი კვლავ ზაზა ოქუაშვილია. ნატო ჩხეიძემ კი უკვე 2020 წლის არჩევნებში დეპუტატის მანდატი ენმ/„ძალა ერთობაშიას“ სიით მოიპოვა.

ჩვენ დავუკავშირდით ნატო ჩხეიძეს, რომ გვეკითხა – თავისი ნებით აპირებდა დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, თუ საქმეს სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე მიიყვანდა?

ჩემი პოზიცია რატომ გაინტერესებთ, არ ვიცი. მე არა ვარ უფლებამოსილი, რომ ჩემი გადასაწყვეტი იყოს მანდ რამე. მაგრამ იმას ვიტყვი, რაც მანამდე ვთქვი: სასამართლო გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „იბერია“ კანონის მიხედვით შეასრულებს“, – გვითხრა მან.

ჩხეიძის თქმით, როგორც დამფუძნებელს არანაირად არ ეხებოდა არხის ფინანსური საკითხები – ამბობს, ამის არც ვალდებულება და არც უფლება არ გამაჩნდაო:

„თუმცა სწორედ იმიტომ, რომ ჟურნალისტები მე მომმართავდნენ, სწორედ იმიტომ, რომ მე დეპუტატი ვიყავი, ყველანაირ შეკითხვას ვალდებული ვარ, რომ პასუხი გავცე და ამიტომაც ვცემდი ხოლმე პასუხს მათ“.

ნატო ჩხეიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კომპანიას სახელფასო დავალიანება არ აქვს და „თუ ეს ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ეს არის სახელფასო დავალიანება, ძალიან დასანანია, რომ ასეთ ჟურნალისტები იყვნენ „იბერიაში“. ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციონერმა ისიც გვითხრა, რომ დეპუტატის ჩარიცხული ხელფასი ქველმოქმედებისთვის გამოიყენა.

კითხვაზე – რამდენად სამართლიანად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას – გვიპასუხა: „საქართველოში მოქმედ სასამართლო გადაწყვეტილებებს, როდესაც ისინი პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, არ ვეთანხმები“.

სასამართლოს გადაწყვეტილებებში შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრისას, პოლიტიკოსს ის კანონიც შევახსენეთ, რომელიც ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში დამსაქმებელს კომპენსაციის გადახდას აკისრებს:

„მე ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ უკანონოდ განთავისუფლებულები, ჩემი აზრით, რასაც მე გარედან ვუყურებდი, არცერთი არ იყო, რადგან თავად დადეს მიკროფონები და კამერები, იმიტომ, რომ 2-კვირიანი ხელფასის ჩარიცხვა 1 დღით დაგვიანდა. ასეთი ამბოხის პირობებში ადამიანებს გაუჩნდებათ ეჭვი, როგორ შეიძლება ასე მოხდეს, და ასეთი მოუთმენელი რატომ უნდა იყოს ხალხი, 1 დღით დაგვიანდა ხელფასების ჩარიცხვა, ამის გამო რატომ უნდა გადადონ კამერები და მიკროფონები. მერე ნელ-ნელა ირკვევა ხოლმე სიმართლე“, – გვითხრა ნატო ჩხეიძემ.

არხის ყოფილმა თანამშრომლებმა განცხადებაც გაავრცელეს, სადაც დამფუძნებლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, რადგან ჩხეიძე მათ ნაწილს ღიად უწოდებდა სუს-ის მიერ მართულს. ჟურნალისტის, შოთა ფალავანდიშვილის თქმით, როდესაც თანამშრომლები შრომის კუთვნილ ანაზღაურებაზე იწყებდნენ საუბარს, დამფუძნებელს ეჭვი შეჰქონდა თანამშრომლების კეთილსინდისიერებაში. ამ საკითხზე ნატო ჩხეიძესაც ვკითხეთ – აპირებდა თუ არა ჟურნალისტებისთვის ბოდიშის მოხდას?

„არ მგონია, რომ მაგ განცხადების გამო ბოდიში მქონდეს მოსახდელი, იმიტომ, რომ აღვნიშნე, რომ იქედან რამდენიმე იყო სწორედ მართული, დანარჩენები კი აყოლილები იყვნენ. ახლაც ასე ვფიქრობ, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს არასწორი განცხადებაა, მათაც შეუძლიათ, ასევე კანონის მიხედვით იმოქმედონ“, – გვითხრა ჩხეიძემ.

შოთა ფალავანდიშვილი „იბერიაში“ მუშაობის პერიოდზე ამბობს, რომ არხის საინფორმაციო სამსახურს სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა ჰქონდა. ამბობს, რომ თუკი დამფუძნებლების მხრიდან არსებულ ვითარებაზე დასაბუთებულ ინფორმაციას მიიღებდა, ბრძოლას ბოლომდე, თუნდაც უხელფასოდაც გააგრძელებდა.

„საინფორმაციო სამსახურის მენეჯმენტის ხათრით იყო, რომ მაინც ვაგრძელებდით მუშაობას, 2-თვიანი უხელფასობის პირობებშიც კი. მაინც ვმუშაობდით, ნატო ჩხეიძე კი მერე გამოდგა და აგენტები ეძახა ყველას, ვინც ტელევიზიას უნახავდა“, – ამბობს ის.

როგორც ფალავანდიშვილი გვიყვება, სამსახურიდან მოულოდნელი გათავისუფლება ბევრ თანამშრომელს მძიმე ტვირთად დააწვა საბანკო ვალდებულებებისა თუ სხვა პასუხისმგებლობების გამო.

„მე, საბედნიეროდ, მქონდა კიდევ შემოსავლის წყარო – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და წამოსვლა ისეთი მტკივნეული როგორც ჩემი თანამშრომლებისთვის იყო, საბედნიეროდ, ჩემთვის არ აღმოჩნდა, თუმცა მეც ძალიან ბევრი სოციალური და საბანკო პასუხისმგებლობა მაკისრია.

მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ელემენტალური საარსებო შემოსავლის გარეშე დარჩნენ. არ არის საუბარი მხოლოდ ბანკის ვალზე, უბრალოდ ცხოვრებისთვის საჭირო თანხის გარეშე დარჩნენ. ასეთ ადამიანებს დაუკეტეს მეორე დღეს იმ ტელევიზიის კარი, რომელიც სწორედ ამ ადამიანებმა ხელახლა შექმნეს და ის მიზერიდან აყვანილი თუნდაც 3%-იანი რეიტინგი სულ ამ ხალხის დამსახურება იყო. ბევრი ადამიანი ზუსტად ვიცი, რომ ელემენტარულად საკვებ პროდუქტს ვერ ყიდულობდა, იმის გამო, რომ 2 თვის ხელფასი არ ჰქონდა აღებული“, – ამბობს შოთა ფალავანდიშვილი.

„პუბლიკა“ შპს „იბერიის“ ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან კომენტარზე უარი განაცხადა.