ამ დღეებში, როდესაც სახლებში გამოკეტილი ადამიანები ტელევიზორების წინ სხედან და ოცდამეერთე საუკუნის „შავი ჭირის“ შესახებ გაფაციცებით უსმენენ კლინიკებიდან და მთავრობიდან წამოსულ ცნობებს, ელიან კორონას თითოეული ანალიზის პასუხს და დადასტურებული შემთხვევის მიზეზს, ისმენენ მოწოდებას „დარჩი სახლში“, ერთი მთავარი საკითხიც ჩნდება – რამხელა როლი აქვს ეპიდემიის გავრცელებაში თითოეულ ჩვენგანს.
როცა უკვე 50-მდე ადამიანს დაუდასტურდა დიაგნოზი, 3000-მდე კარანტინშია, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადამიანები ხშირად არღვევენ იზოლაციის წესებს და არ ფიქრობენ, რომ სხვას უქმნიან საფრთხეს, არც მაღალი ჯარიმა ჭრის და არც შეგონება.
და აქაც (ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში) მახსენდება, რომ ჩვენ ცუდად, ძალიან ცუდად ვიცნობთ ჩვენს ქვეყანას.
ყოფილხართ პირიქითა ხევსურეთში? თუ ყოფილხარ, აუცილებლად ნახავდით ანატორის აკლდამებს და გიდიც, დღევანდელი სიტყვებით თუ ვიტყვით, სოციალური პასუხისმგელობის საოცარ ამბავს მოგიყვებოდათ.
არ იცით, რა არის და სად არის ანატორის აკლდამები? სწორედ ამიტომ ვამბობ, ბევრი იარეთ საკუთარ ქვეყანაში (ხომ გაივლის ეს დღეები) და კარგად გაიცანით.
სტუდენტებთან თუ ტურისტებთან ერთად ხევსურეთში ყოფნისას თითქმის ყოველთვის ვჩერდები ანატორში და ვყვები ერთი სოფლის გმირობის ამბავს.
მე იქ აკვანიც მინახავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედა აკვნიანი ბავშვით წავიდა სოფლიდან აკლდამაში, თუმცა სჯობს, თავიდან მივყვეთ.
პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან 2-3 კილომეტრში, მუცოსწყლისა და არღუნის შესართავთან, მთაზე, დღევანდელი აკლდამების გაღმა, იქ, სადაც დღეს სასაზღვრო ნაწილია, ოდესღაც სოფელი ყოფილა, სოფელი ანატორი.
საზღვრის სიახლოვეს მეციხოვნეებად იყვნენ ანატორელნი, ცხოვრობდნენ, უყვარდათ, ქორწინდებოდნენ, ზრდიდნენ შვილებს, სარჩოს მოიპოვებდნენ, იბრძოდნენ…
მაგრამ ერთხელაც სახადი გაჩნდა. შავი ჭირი თუ ქოლერა, რთული სათქმელია, დღეს ამაზე პასუხს იქ ვერ გაგცემენ, ლაბორატორიებში კი ძველი მასალის ანალიზისთვის ნაკლებად სცალიათ. მთავარი ის არის, რომ სახადი გაჩნდა და ფეხზე დადგა მთელი სოფელი: თემიდან არც არვინ გადიოდა და არც არავის უშვებდნენ.
ისხდნენ და ელოდნენ, ქალები ქსოვდნენ და კაცები კეჭნაობდნენ ან ფანდურზე უკრავდნენ.
არღუნს გაღმა ააგეს აკლდამები და ადამიანები, რომელთაც ავადმყოფობის სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, თავისი ფეხით მიდიოდნენ სოფლიდან, პატარა სარკმლიდან ძვრებოდნენ აკლდამაში და იქ, სოფელს გარიდებული, სიკვდილს ელოდნენ.
რად მიდიოდნენ? ამად, რომ სოფლისა და კუთხისთვის საშიშროება აერიდებინათ.
როგორც ამბობენ, ანატორელები სახადმა შეიწირა, მაგრამ ამ გზით ახლომახლო სოფლები გადარჩა.
როდის მოხდა? ამაზეც ზუსტ პასუხს ვერ გაგცემენ, შატილიონი მიხა ექიმის, მიხა ჭინჭარაულისგან თუ სხვებისგან სხვადასხვა ვერსია მსმენია, მეჩვიდმეტე საუკუნეში ან ადრეც…
მთავარი ის არის, რომ მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც ტელევიზორი, არც ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება, მაგრამ იყო ღვთის შიში და ერთმანეთის სიყვარული. იმ სოფელში კარგად იცოდნენ, რომ მცირერიცხოვან თემს სხვების გადარჩენასა და მომავალზე უნდა ეზრუნა.
როგორც მსმენია, მერე შატილიონებმა თუშეთში სამუშაოდ მყოფი მწყემსი ბიჭუნა მოიკითხეს, „ხევსური ვარ და ჩემს სოფელში მზე ორჯერ ამოდისო“ – ამით იპოვეს თურმე.
თუ ანატორში ყოფილხართ, ნახავდით, რომ იქ, წინა მთებიდან თითქოს ორჯერ ამოდის მზე.
ის ბიჭი სისაურთა წინაპარი გახდა…
ჰო, ასეთია ხევსურეთი – კუთხე, სადაც ახლაც ჩაკეტილია გზა… იქ გიდი მეგობრობისა და მტრობის, სიკვდილისა და სიცოცხლის სხვა დაუჯერებელ ხევსურულ ამბებსაც მოგიყვებათ, იქაურ ადამიანებსაც გაგაცნობთ – იმ ხევსურებს, რომლებიც რთული პირობების, მძიმე ზამთრის, ჩაკეტილი გზების მიუხედავად არ ტოვებენ თავის კუთხეს და რუსეთის საზღვართან შუა საუკუნეების ციხე-სოფელში მეციხოვნეებად არიან დღესაც ქცეული…
ისინი იმ ხევსურების შთამომავალნი არიან, ჟამიანობისას სხვებისთვის საშიშროება რომ აერიდებინათ, თავიანთი ფეხით რომ მიდიოდნენ სიკვდილის შესახვედრად სოფლიდან აკლდამებში.
ახლა „სიკვდილთან შეხვედრას“ არავინ გთხოვთ, ცხადია. დღეს მხოლოდ იმას გვთხოვენ, „შინ დავრჩეთ“.