ვუძღვნი თიკო კვალიაშვილსა და გვანცა ბუაძეს – ამ ორ მუსიკალურ სტიქიას. დიდ მადლობას ვუხდი პროფესიონალური რჩევებისა და მუსიკალურ სამყაროში წინამძღვრობისათვის
ელიზაბეთ-კლოდ ჟაკე დე ლა გერს უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს მუსიკის ისტორიაში. ბაროკოს ეპოქის მარგალიტი შეარქვეს, საუკუნის სასწაული, მუსიკალური საოცრება, სწორუპოვარი გენია უწოდეს და კლავესინის უებრო ოსტატად შერაცხეს, თუმცა, ანრი ჯოხაძეს არასოდეს უნახავს ეს შეფასებები, არც კი სმენია ელიზაბეთის გენიისა და სიდიადის შესახებ და ამიტომაც, ბუნებრივია, კომპოზიტორი ქალი ვერ ეღირსა აღიარებას მისგან.
წარჩინებული მუსიკოსების ოჯახში დაბადებული ქალიშვილი თავიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა ნოტებისა და საკრავებისადმი. სენ-ლუი-ან-ილის ვუნდერკინდიც კი უწოდეს საოცარი ნიჭისა და შესრულების უჩვეულო, მომაჯადოებელი მანერის გამო. მამამ მისცა დაწყებითი მუსიკალური განათლება. მეორე შვილი იყო კლოდ ჟაკესი და ან დე ლა ტუშისა. ჯერ კიდევ ბავშვობის ხანა ედგა, როცა ლუი მეთოთხმეტის წინაშე შეასრულა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, საამოდ ააჟღერა კლავესინი და სახელი გაითქვა, როგორც ნორჩმა გენიამ. მონუსხული დარჩა აუდიტორია; ხელმწიფე და მისი საყვარელი ქალი მოიხიბლნენ მისით.
გამოხდა ხანი და საფრანგეთის სამეფო კარზე მიიღეს; მეფე-მზის ფავორიტმა, მადამ დე მონტესპანმა ითავა მისი მფარველობა და დაოსტატება. ძირფესვიანად შეიცვალა მისი ცხოვრება; იხილა მონარქის ბრწყინვალე, უზრუნველი ყოფა და ეზიარა სამეფო კარის საიდუმლოებებსა და ინტრიგებს. ელიზაბეთი დიდგვაროვნებთან ერთად ცხოვრობდა ერთ ჭერქვეშ, სანამ არისტოკრატები ვერსალის სასახლეში არ გადაბარგდნენ. შემოქმედებით წვაში გაილია მისი დღენი. დაუღალავად წერდა კომპოზიციებს და საოცარი კონცერტებით ატკბობდა მაყურებელს. დიდი აღიარება და პატივი ხვდა წილად.
მისი დიდოსტატობის წინაშე ქედს იხრიდნენ ცნობილი კომპოზიტორები, მუსიკათმცოდნენი, მეცენატები, სწავლულები, სამეფო კარზე მიღებული მოღვაწენი. ქალი რეპეტიტორადაც მუშაობდა, რათა შემოსავლის დამატებითი წყარო ჰქონოდა. მისი შემოქმედება ჟანრთა მრავალსახოვნებითა და ნარფეროვნებით გამოირჩევა. საბედნიეროდ, საკადრისად დააფასეს მისი ტალანტი და მიღწევები.
1687 წელს გამოცემული მისი ნამუშევრები, ე.წ. „განუსაზღვრელი ზომით“ გამოირჩევა, ანუ ნოტის გაჟღერების ხანგრძლივობა არ არის წინასწარ დადგენილი და მთლიანად დამოკიდებულია შემსრულებელზე. ეს გამოცემა პიონერული აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის საფრანგეთში არ იყო დაბეჭდილი კლავესინისთვის დაწერილი კომპოზიციების კრებული. 1690 წელს ელიზაბეთმა დაწერა ბალეტი, მაგრამ ხელნაწერს არ მოუღწევია ჩვენამდე.
კომპოზიტორს ეკუთვნის ჩინებული ლირიკული ტრაგედია, „კეფალოსი და პროკრიდე“, 1694 წელს რომ დაიდგა საფრანგეთის მუსიკის სამეფო აკადემიის სცენაზე. კეფალოსისა და პროკრიდეს ბერძნული მითი შთაგონების უშრეტ წყაროდ ექცა. აი, ასე გახდა ელიზაბეთი პირველი ფრანგი ქალი, რომლის დაწერილი დიდებული ოპერაც სასცენო წარმოდგენად იქცა. ესაა ხუთმოქმედებიანი ლირიკული ტრაგედია ალეგორიული პროლოგით.
პიონერი გამოდგა იმ თვალსაზრისითაც, რომ არ შემოფარგლულა თავის ქვეყანაში გაბატონებული ტენდენციებით, გასცდა საფრანგეთის შემბოჭველ საზღვრებს, გადასწვდა მეზობელ იტალიაში ფესვგადგმულ ჟანრებს და არაერთი უკვდავი სონატა, სიუიტა და კანტატა უსახსოვრა მსოფლიოს. ელიზაბეთი იმ ასპექტითაც აღმოჩნდა ერთ-ერთი მოწინავე, რომ ტრიო-სონატა, როგორც ჟანრი, დაამკვიდრა ბაროკოს ეპოქის საფრანგეთში.
ეს ნამდვილ ეგზოტიკად ესახებოდათ ფრანგ კომპოზიტორთ. არაერთხელ დაამტკიცა, რომ დროს გაუსწრო. მუდამ ხარბად ესწრაფვოდა ახალ-ახალ აღმოჩენებს. დღემდე უდავოდ დგას ნოვატორთა, გარდამქმნელთა, გარდამტეხი ძვრების მომტანთა რიგებში. პროფესიონალთა თქმით, მისი ნაწარმოებები ჭეშმარიტი გენიის ცეცხლით გავარვარებული შანთითაა დადაღული. მუსიკათმცოდნენი აღნიშნავდნენ, რომ ჟაკე დე ლა გერს თანაბრად შეეძლო ახალი მიმდინარეობების დამკვიდრება, ძველის დაუფლება და დახვეწა, თანამედროვე და ანტიკური ჟანრების „ხმაშეწყობილად“ შერწყმა, ოსტატურად შეხამება.
დე ლა გერის ეპოქაში ცხარე კამათი გაჩაღდა იმის თაობაზე, ფრანგული მუსიკა უფრო დიდებული იყო, თუ იტალიური. ელიზაბეთმა თავი აარიდა ამ ბავშვურ შეკითხვას და ასეთი გამოსავალი იპოვა: გადაჭრით მიემხრო „მოდერნისტებს”, ტრადიციონალისტების წინააღმდეგ გაილაშქრა და „გემოვნებათა ჰარმონიულ შეხამებაზე“ გაამახვილა ყურადღება. მისი ნაწარმოებები გაჟღენთილია იტალიური ჰანგების დამატკბობელი სურნელით. ქალმა ყველა ჟანრში სცადა ბედი: ტრადიციულ ფრანგულ პიესაში, სასულიერო და საერო მუსიკაში, სონატაში, კანტატაში…
აღსანიშნავია ისიც, რომ სებასტიან დე ბროსართან ერთად მუშაობდა. 1707 წელს გამოაქვეყნა ვიოლინოსა და კლავესინისათვის დაწერილი ექვსი სონატა და სხვა კომპოზიციები. „მისი უდიდებულესობა, ლუი მეთოთხმეტე, ძალზე თავაზიანად ესაუბრა მადმუაზელ დე ლა გერს… ხოტბა შეასხა მის სონატებს… უთხრა, რომ მისი ნაწარმოებები ოდნავადაც კი არ ჰგავდა სხვებისას. არ ჰგავდა არაფერს, რაც იქამდე მოესმინა… წარმოუდგენელი იყო ამაზე დიდი ქების მოსმენა, რამეთუ მისმა სიტყვებმა დაგვარწმუნა, რომ მეფეს არა მხოლოდ ძალზე მშვენიერი ეჩვენა მისი მუსიკა, არამედ ორიგინალურადაც მიიჩნია, ეს კი დიდი იშვიათობაა დღეს. ასეთი კომპოზიტორი სანთლითაა საძებარი!“ – იხსენებენ მისი თანამედროვენი „Mercure Galant“-ში დაბეჭდილ სტატიაში.
იმ ეპოქაში (და არა მხოლოდ) ქალებს მხოლოდ დაწყებით მუსიკალურ განათლებას აძლევდნენ. იძულებული იყვნენ, მოყვარულის სტატუსს დასჯერებოდნენ. დიდი სკანდალი ატყდებოდა ხოლმე, როცა ქალი განიზრახავდა დამოუკიდებლად გზის გაკვალვას, დიდების მწვერვალთა დაპყრობასა და უბრალო მოყვარულისა და დილეტანტის პატრიარქალური ხატის დამსხვრევას. ელიზაბეთმა მშვენივრად იცოდა, ქალისთვის შეუფერებელ საქმეს რომ მიჰყო ხელი; გააზრებული ჰქონდა, რა ბარიერებს აწყდებოდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენელნი. ხელმწიფის მფარველობამაც კი ვერ დაიცვა გენდერული დისკრიმინაციისაგან, რამეთუ მოღვაწეობდა იმ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ.
ცხადია, სქესის გამო ვერ მიიღო უმაღლესი განათლება, ვერ შეაღო უნივერისტეტისა და აკადემიის კარი და ვერც სამეფო კარზე ვერ მოიპოვა ფორმალური თანამდებობა. გარდა ამისა, ქალი კომპოზიტორების, მუსიკოსებისა და შემსრულებლების საზღვარგარეთ გამგზავრება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც, ჟაკე დე ლა გერი ისე ხშირად ვერ დადიოდა იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში, როგორც მისი კოლეგა კაცები. კომპოზიციების წერა და მით უმეტეს, გამოქვეყნება, უღირს საქციელად, ამბიციურ ნაბიჯად და კარიერისტობად მიიჩნეოდა (ქალისთვის). ზოგი ცნობის თანახმად, ჟაკე იყო ერთადერთი კომპოზიტორი ქალი, რომელიც გახდა ხელმწიფესთან დაახლოებულ ინტელექტუალთა წრის წევრი.
მის ნაწარმოებებს ხშირად უკრავდნენ ვერსალის სასახლეში და ტკბებოდნენ ჯადოსნური საღამოებით. გარს ეხვეოდნენ გამოჩენილი მწერლები, მოქანდაკენი, მხატვრები, მეცენატები… მეგობრობდა ისეთ სახელოვან კალმოსან ქალებთან, როგორებიც იყვნენ: მადლენ დე სკიუდერი, მადამ დე ლაფაიეტი, მადამ დე სევინიე… 1691 წლის დეკემბერში დიდი პატივით მოიხსენიეს „Mercure Galant“-ში და უძღვნეს ლექსი, რომლის შესავალშიც წერია: „ეძღვნება მადამ ჟაკე დე ლა გერს, მსოფლიოს პირველ მუსიკოსს“. (BNF, Mercure Galant, déc. 1691 : 231-242 ; micr. m. 238).
სულ რაღაც 26 წლის იყო, როცა ცნობილმა მეცენატმა, ერუდიტმა და მწერალმა, ევრარ ტიტონ დიუ ტილემ, დაწერა მის შესახებ: „სასწაულებრივი ნიჭი აქვს… საოცრად ლაღად უკრავს პრელუდიასა და ფანტაზიას“. სწავლულმა ყურადღება გაამახვილა მის დიდოსტატობაზე, შემოქმედების მრავალფეროვნებაზე, დახვეწილ გემოვნებასა და ორიგინალობაზე. 1732 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, “Le Parnasse Français”, ავტორმა ხოტბა შეასხა დიად ფრანგ კომპოზიტორებსა და მწერლებს. ამ სიაში აღმოჩნდა ჟაკეც. ელიზაბეთი იყო პირველი ფრანგი კომპოზიტორი, რომელმაც სასულიერო კანტატა, როგორც ჟანრი, დაამკვიდრა თავის სამშობლოში. გარდა ამისა, სწორედ ის გამოდგა ერთ-ერთი იმ პიონერთა შორის, ოპერა-ბალეტი რომ შექმნეს. მისი ნაწარმოებები ხშირად იდგმებოდა სამეფო აკადემიაში.
დე ლა გერს არასოდეს მოჰკლებია მაქებარი, მადიდებელი და მეხოტბე. რასაკვირველია, მეფისა და მისი ფავორიტის კეთილგანწყობაც მხნეობით ავსებდა. მუსიკათმცოდნეთა შეფასებით, მისი კომოზიციები შარავანდედივით აცისკროვნებდა მონარქის ზეობის წლებს; განსაკუთრებული ადგილი ეჭირა სამეფო კარზე მიღებულ ინტელექტუალთა პლეადაში; უდავოდ იდგა შემოქმედებით ავანგარდში, რამეთუ შექმნა ძალზე ინდივიდუალური, ყველასაგან გამორჩეული, განუმეორებელი სტილი და გამომსახველობითი მრავალფეროვნებით ისახელა თავი.
1707 წელს გამოქვეყნდა მისი კიდევ ერთი კრებული, სახელწოდებით: „Pièces de Clavecin qui peuvent se jouer sur le Violon”. ამას მოჰყვა ექვსი სონატა ვიოლინოსა და კლავესინისათვის. ეს ნამუშევრებია ბრწყინვალე მაგალითი ახალი ჟანრისა. გვნუსხავს „ობლიგატო“ (რომელიმე საკრავის პარტია, რომლის გამოტოვება არ შეიძლება და აუცილებლად უნდა შესრულდეს) და ვიოლინოს საამური კვნესა. კომპოზიტორმა გულითადი მადლობა გადაუხადა მონარქს მხარდაჭერისათვის, რამეთუ მან თავიდანვე შეამჩნია მისი ბრწყინვალე ნიჭი და მიდრეკილებანი. ამიტომაც, კომპოზიტორმა ხელმწიფეს მიუძღვნა ნაშრომი. მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს მიუბრუნდა ვოკალურ ნაწარმოებებს და გამოსცა ორი წიგნი სათაურით: “Cantates françoises“. მისი უკანასკნელი ნამუშევარი იყო საერო კანტატების კრებული, 1715 წელს რომ იხილა მზის სინათლე.
არც თანამედროვე ეპოქაში განელებულა ინტერესი მისი შემოქმედებისადმი. დე ლა გერს სიცოცხლეშივე ეწვია საერთაშორისო აღიარება, დიდება და სახელი, რადგან მისი შემოქმედება მოიცავდა არა მხოლოდ ოპერებს, კანტატებსა და სონეტებს, არამედ „ბასო კონტინუოსაც“ და კლავესინისთვის დაწერილ სიუიტებსაც.
სწორედ ამ მიღწევებისათვის უწოდეს სწორუპოვარი, უბადლო, უებრო, ნაყოფიერი გენია და სასწაული. სერ ჯონ ჰოუკინსი ყურადღებას ამახვილებდა კომპოზიტორის ნაწარმოებთა ჰარმონიულობაზე, ჟანრთა სიუხვესა და სინატიფეზე, რომელიც, მისი თქმით, საუკუნოდ ატყვევებდა მსმენელს. « La merveille de notre siècle » („ჩვენი საუკუნის სასწაული / საოცრება / საკვირველება“). სერ ჯონი მკითხველს მოუთხრობს, რა ბრწყინვალე ნიჭით იყო დაჯილდოებული ელიზაბეთი; რარიგ ოსტატურად ასრულებდა თავის ნაწარმოებებს; რაოდენ შესანიშნავად უხამებდა ერთმანეთს სხვადასხვა სტილსა და მიმდინარეობას, პრელუდიასა და ფანტაზიას.
სწავლულნი გამუდმებით უსვამდნენ ხაზს იმ უხვ, მრავალფეროვან, ნატიფ ჰარმონიას, მის კომპოზიციებში რომ ჟღერს; მის მრავალნაწილიან სონატებს, მაღალი ოსტატობის ნიმუშებს, მკვეთრი მელოდიითა და თამამი ჰარმონიით გამორჩეულთ. მუსიკათმცოდნენი დღესაც შეისწავლიან ელიზაბეთის ნაწარმოებების ფორმას, კომპოზიციურ ტექნიკასა და შინაგან არქიტექტონიკას, მისი საერო კანტატების სტილისტურ თავისებურებებს და ა.შ. მათი თქმით, ხელოვანი უჩვეულოდ იყენებდა ბასს, გრავესა და ობლიგატოს. სწავლულებმა აღნიშნეს, რომ დე ლა გერი იყო პირველი ფრანგი კომპოზიტორი, რომელმაც გამოიყენა ვიოლა ბასის „გასაორმაგებლად“.
მუსიკათმცოდნეებმა გამოაცალკევეს მისი სტილისა და მთელი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მაჟორისა და მინორის უეცარი, მაგრამ ხმაშეწყობილი მოდულაცია, თამამი, ჰარმონიული პროგრესია, დამატყვევებელი სინკოპები და ა.შ. ჟაკე იმ თვალსაზრისითაც გამოირჩეოდა თავის თანამედროვეთაგან (მაგალითად, ფრანსუა კუპერენისა და ლუი-ნიკოლა კლერამბოსაგან), რომ არ იკმარა ერთი ჟანრის კომპოზიციების შექმნა, არ შემოიფარგლა თემატურ-კომპოზიციური მონოტონურობით, სითამამე გამოიჩინა, გასცდა ჟანრის საზღვრებს და მრავალფეროვანი შემოქმედების წყალობით დაიმკვიდრა ადგილი მუსიკის ოქროს ფონდში; სავსებით სამართლიანად გაითქვა სახელი.
რაც მთავარია, სწავლულები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ კომპოზიტორი თანაბარი ოსტატობითა და ორიგინალობით გამოირჩეოდა ყველა ჟანრში და არცერთი ცალკეული „სახესხვაობა“ არ გამხდარა მისი მარცხის მიზეზი. ჟაკე დე ლა გერი თავის ნებაზე ცვლიდა საკუთარი ნაწარმოებების ფორმალურ „ყალიბს“, რათა კიდევ უფრო გაემძაფრებინა ემოცია, უფრო მკვეთრად და მკაფიოდ გამოეხატა ლიბრეტოს ღრმა აზრი და მნიშვნელობა; ამ ექსპრესიისთვის რომ მიეღწია, მუსიკალურ ქარგაში კოხტად და მარჯვედ აქსოვდა ინსტრუმენტულ სიმფონიას, არიოზოს მონაკვეთებს, იყენებდა რეჩიტატივს, ცვლიდა ტემპს არიებში… გარდა ამისა, დროდადრო ჩამოწოლილი პაუზა (ესეც ოსტატურად ჰქონდა წინდაწინ გათვლილი) მეტად ამძაფრებდა დრამატულ ეფექტს.
სამწუხაროდ, დიდი უბედურება დაატყდა თავს; საავდრო ღრუბელმა დაფარა გაცისკროვნებული ზეცა; ერთმანეთის მიყოლებით გამოეცალა ხელიდან საყვარელი ადამიანები და ახლობლები: დედა, ერთადერთი ვაჟი, რომელიც სულ რაღაც ათი წლის იყო, მეუღლე, ძმა… სულიერად გატეხილი და დაძაბუნებული ქალი სიკვდილამდე განაგრძობდა ნაყოფიერად მუშაობას. ბაროკოს ეპოქის ეს ვირტუოზი და საუკუნის სასწაული 1729 წლის 27 ივნისს აღესრულა. დიდი პატივით დაკრძალეს სენტ-ესტაშის სასაფლაოზე და მიაბარეს მშობლიურ მიწას. ნაყოფიერ გენიად შერაცხულმა ამ შემოქმედმა დაგვიტოვა ულევი და უკვდავი მემკვიდრეობა, რომელიც თვალისმომჭრელი შარავანდედივით აცისკროვნებს არა მხოლოდ ბაროკოს ეპოქის, არამედ ყველა დროის ხელოვნებას.