ეძღვნება თეო აბსანძეს
ელიზაბეთ ელიანორ სიდალი ქვეყნიერებას 1829 წლის 25 ივლისს, ინგლისში მოევლინა. ეს სახელი დედის პატივსაცემად დაარქვეს, თუმცა, შემდგომში ლიზი შეარქვეს და ეს მეტსახელი სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. გოგონა იზრდებოდა ჰატონ-გარდენზე, ჩარლზ-სტრიტის შვიდ ნომერში. მისი მშობლები იყვნენ ჩარლზ ქრუკ სიდალი და ელიზაბეთ ელიანორ ევანსი. ორივე თავს იწონებდა ინგლისური და უელსური ფესვებითა და ჩინებული წინაპრებით. პაწია ლიზის მამა დანა-ჩანგლების, კოვზებისა და სხვა ჭურჭლეულის გაყიდვით იყო დაკავებული. ამით არჩენდა ოჯახს. ელიზაბეთი რიგით მესამე ბავშვი იყო რვაშვილიან ოჯახში.
დაახლოებით, 1831 წელს, სიდალებს ისე ძლიერ გაუმწვავდათ ფინანსური კრიზისი, ოჯახი იძულებული შეიქნა, საცხოვრებლად გადასულიყო დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, თემზის სამხრეთ სანაპიროზე გადაშლილ საუთვარქის რაიონში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სულაც არ იყო ჰატონ-გარდენივით თვალწარმტაცი.
ლიზის მეტად ახლო და თბილი ურთიერთობა აკავშირებდა თავის დასთან, ლიდიასთან. მიყოლებით იშვნენ მისი და-ძმები: მერი, კლარა, ჯეიმსი, ჰენრი და სხვები. მართალია, არ მოიპოვება ცნობა იმის შესახებ, რომ სკოლაში სწავლობდა, თუმცა, აითვისა წერა-კითხვა (სავარაუდოდ, შინ შეასწავლეს მშობლებმა). ყმაწვილქალობაშივე გამოამჟღავნა უსაზღვრო სიყვარული პოეზიისადმი, რამეთუ სწორედ იმხანად აღმოაჩინა ალფრედ ტენისონის პოემა. შედევრის კითხვით აღძრულმა ვნებამ და გზნებამ შთააგონა, თავადაც მიეყო ხელი წერისთვის და ადგილი დაემკვიდრებინა პოეზიის სამყაროში, ამოეკვეთა საკუთარი მარადიული ნიშა. როგორც ცნობილია, კარაქის შესახვევ ქაღალდზე ამოიკითხა იმ პოემის ნაწყვეტი, რადგან მის ხელმოკლე მშობლებს არ ჰქონდათ მხატვრული ლიტერატურის შეძენის საშუალება.
ლიზის ახალგაზრდობაშივე მოუხდა მუშაობის დაწყება, რათა ფინანსურად დახმარებოდა შეჭირვებულ ოჯახს. დაუღალავად, მუხლჩაუხრელად შრომობდა სარჩო-საბადებლის მოსაპოვებლად; შეუსვენებლად კერავდა ქალის თავსაბურავებს, შარფებს, კაბებსა და სხვა სამოსს; ნოქრად იდგა დახლს უკან…
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, 1849 წელს, როცა ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა ქრენბოურნ-ელიზე, სრულიად შემთხვევით გაიცნო პრერაფაელიტთა საძმოს ერთ-ერთი წევრის, უოლტერ დევერელის, მამა. ქალიშვილმა საკუთარი ნახატები აჩვენა კაცს. ეს უკანასკნელი, რომელსაც დედა თან ახლდა, უმალ დაატყვევა ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების მშვენიერებამ, თვით შემოქმედის გარეგნულმა სილამაზემ, სიტურფემ, ჟღალმა თმამ და თხელმა სილუეტმა. შესთავაზა, ჩემი ვაჟიშვილის, უოლტერის, მოდელი გახდითო. ელიზაბეთი დასთანხმდა იმ მხატვრისთვის პოზირებას. თითქმის ერთ ღამეში შეიცვალა ოციოდე წლის ქალიშვილის ცხოვრება.
სავარაუდოდ, დევერელმა იგი პრერაფაელიტთა მოძრაობის დანარჩენ წევრებს გააცნო. იმხანად დევერელი ზეთის საღებავით ხატავდა უზარმაზარ ტილოს. მასზე უნდა გამოესახა ერთ-ერთი სცენა შექსპირის კომედიიდან, რომლის სათაურიცაა „მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“. საკუთარი თავი გამოიყენა ორსინოს მოდელად, ფესტეს პროტოტიპად აქცია თავისი მეგობარი, დანტე გაბრიელ როსეტი, ვიოლას გმირი კი ელიზაბეთზე დააფუძნა. სწორედ ეს იყო პირველი ტილო, რომლის შექმნაშიც წვლილი შეიტანა სიდალმა, როგორც მოდელმა. უოლტერი, მისი თანამოაზრენი და პრერაფაელიტთა წრის წარმომადგენელნი შთაგონებას დაეძებდნენ არა იდეალიზებულ, უზადო, ანტიკურ ფიგურებში, არამედ ყოველდღიურ, სისხლსავსე ცხოვრებაში, რეალურ ადამიანებში.
დევერელთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგ ამ დიდებულმა ნატურამ დაატყვევა ჰანტი და მის მუზადაც იქცა. ახალგაზრდა ქალმა მალევე გაიცნო ჯონ ევერეტ მილე. ამ კაცმა შეიცნო მისი განსხვავებული ბუნება და სთხოვა პოზირება, რათა დაეხატა მონუმენტური ტილო. სიდალი დასთანხმდა მის შეთავაზებას. აი, ასე იქცა ლეგენდარული „ოფელიას“ მოდელად 1852 წელს. ამ გადაწყვეტილებამ, ლამის, იმსხვერპლა მისი სიცოცხლე: ფერმწერმა სთხოვა, წყლით გალიცლიცებულ აბაზანაში ჩაწოლილს ეპოზიორა, რათა რეალისტურად გამოესახა დამხრჩვალი ოფელიას სხეული ნახატზე. იმ წელს ძალზე სუსხიანი ზამთარი მძვინვარებდა ქვეყანაში. მხატვარი თბილ სამოსში ჩაფუთნულიყო, ქალი კი იძულებული იყო, დილიდან საღამომდე გაუნძრევლად წოლილიყო ავსებულ აბაზანაში, რომლის ქვეშაც საცოდავად მბჟუტავი ნავთის ლამპები დაედგათ, რათა როგორმე გაეთბოთ ყინულივით ცივი წყალი. უმტყუნა უხეირო გათბობამ, ლამპები ერთბაშად ჩაქრა და წყალი გაცივდა.
მილე ისე იყო გატაცებული ხატვით, ვერც კი შეამჩნია ეს და უშფოთველად გააგრძელა მუშაობა. ლიზის არ დაუჩივლია, თუმცაღა, საშინლად გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა და ლამის სასიკვდილოდ დასნეულდა. რაკი ისედაც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, იმდენად დააუძლურა ამ გაციებამ, მწვავე პნევმონიამ, სიკვდილს ჩახედა თვალებში. მილე, თავდაპირველად, არ აპირებდა თავისი სათაყვანებელი მუზის მკურნალობის ხარჯების დაფარვას, მაგრამ როცა ლიზის მამა სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, იძულებული შეიქნა, ხელი გაეკრა ჯიბეზე. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ახალგაზრდა ქალმა დიდი წვლილი შეიტანა ფერწერის ამ შედევრის შექმნაში. ოფელიასეული ტანჯვა განიცადა არა მხოლოდ მისი როლის გათავისებითა და თანაგანცდით, არამედ სხეულებრივადაც, დაუამებელი ფიზიკური ტკივილის გაზიარების წყალობით.
ეს ქალი გახდა მრავალი მხატვრის შთაგონების წყარო. მათ შორის იყო დანტე გაბრიელ როსეტიც, რომელიც გაიცნო 1849 წელს, როცა ჯერ კიდევ დევერელისათვის პოზირებდა. ისე დაუახლოვდნენ ერთმანეთს, დანტე თითქმის არც ერთ სხვა მოდელს აღარ იყენებდა ხატვისას. გარდა ამისა, სიდალს სთხოვა, ხელი აეღო სხვა პრერაფაელიტი მხატვრებისთვის პოზირებაზე. როგორც ამბობენ, როსეტიმ ათასობით ნამუშევარი შექმნა ამ ჟღალთმიანი მუზის შთაგონებით.
მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეთ სიდალი ბევრისთვის კარგად ნაცნობი სახელი და გვარია, უმეტესობა ამ ქალს იცნობს და მოიხსენიებს პრერაფაელიტთა საძმოს მხატვართა ნაღვლიან მუზად. ძალზე იშვიათად ამახვილებენ ყურადღებას ამ მხატვრის წვლილსა და ორიგინალურ მანერაზე. ის ფაქტი, რომ იგი სიცოცხლეშივე აღიარა დიდებულ ფერმწერად ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და სახელოვანმა ხელოვნებათმცოდნემ, ავტორიტეტულმა მოაზროვნემ, მხატვარმა, ფილოსოფომა, თეორეტიკოსმა და ხელოვნების კრიტიკოსმა, ჯონ რესკინმა, სიდალის უნიკალურობის, დიდოსტატობის, გამორჩეულობისა და ვირტუოზობის თვალსაჩინო დადასტურებაა.
რესკინმა არა მხოლოდ ცნო მისი გენია და ელვარე ტალანტი, არამედ ფინანსური დახმარებითაც წაახალისა. სურდა, შთაეგონებინა ხელოვანი, რათა ერწმუნა საკუთარი შესაძლებლობებისა და არ მინდობოდა გაბატონებულ საზოგადოებრივ აზრს, რომელიც პერსპექტივას უზღუდავდა, რახან ქალი იყო.
რამდენიმე მხატვრისაგან განსხვავებით, რესკინმა იმიტომ კი არ ჩაიდინა ეს, რომ მისმა სილამაზემ აღაფრთოვანა, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, ამ შემოქმედს უსაზღვრო შესაძლებლობები ჰქონდა. დიდი მხატვრის საპატიო ტიტული უბოძა, რამეთუ ლიზი იყო მჭვრეტელი ბუნების ხელოვანი, საკუთარი პარადიგმა და ხედვა გააჩნდა. სწორედ ეს აღნიშნა ხაზგასმით კრიტიკოსმა, როცა ზემოხსენებული ეპითეტებით შეამკო. მიუხედავად ამისა, ბევრმა მუზის „სტატუსი“ აკმარა ელიზაბეთს. ჩინებული მხატვარი და პოეტი იყო, მაგრამ დღემდე მაინც მილეს, ჰანტისა და როსეტის ნაღვლიან მუზასა და შთაგონების წყაროს უწოდებენ. ეს ძლიერ აკნინებს მის ტალანტს, ჩრდილავს მის წვლილსა და მთელ შემოქმედებას (ფერწერულსაც და პოეტურსაც). მისი ნამუშევრები უთუოდ გამოირჩევა დიდი მხატვრული ღირებულებით და ძალზე შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია მისთვის მუზის მოკრძალებული „როლის“ მინიჭება. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მიზანმიმართულად „აქრობენ“ შემოქმედ ქალებს ხელოვნების სამყაროდან, როგორ გამალებით შლიან მათ ისტორიიდან. აი, ასეთი არქეტიპია გაბატონებული საზოგადოების ცნობიერებაში: ქალს მხოლოდ მუზის როლის შესრულება შეუძლია შემოქმედებით პროცესში. ამგვარი ქვეტექსტი იკითხება ამ (ერთი შეხედვით) საპატიო ეპითეტის მიღმა: ქალს არ აქვს შემოქმედებითი ნიჭი, გზნება, გაქანება, ინტელექტუალური ავტონომია და ხელოვანისათვის გარდაუვლად საჭირო უნარი. მხოლოდ ის ძალუძს, საკუთარი თვალწარმტაცი მშვენიერებითა და დამატყვევებელი სიტურფით შთააგონოს მხატვარი კაცი. ლიზიმ საპირისპირო დაამტკიცა.
მკვლევარი მირანდა გაგუა აღნიშნავს: „შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, როგორ ესმით შემოქმედის მნიშვნელობა შემოქმედების ფილოსოფიასა და ესთეტიკაში. კანტი აღნიშნავს, რომ მხატვრული შემოქმედება თამაშს ჰგავს, რამეთუ გენიოსი თავისუფალია. შემოქმედებითი თავისუფლება კი იგივეა, რაც გალაღება“.
სწორედ შემოქმედებაში ჰპოვებდა სიდალი იმ სილაღეს, ასე ძლიერ რომ აკლდა მატერიალურ ყოფიერებაში. გენიის ცეცხლით გავარვარებული შანთით დადაღულ შემოქმედს ფუნჯი ჰგვრიდა შვებას, უშუშებდა იარებს. ოდენ საკუთარი ხედვის არეში მოქცეულ, საღებავით აჭრელებულ ტილოზე ფუნჯის შეხებისას ახერხებდა, ყოფილიყო არა სამზერი ობიექტი, არამედ თვით მჭვრეტელი, დაენახა და შეექმნა ის, რის ნაკლებობასაც ასე მძაფრად განიცდიდა. მისი ნახატები არტისტის ხმაურიანი მანიფესტია, ბრძოლაა საკუთარი ვნების, გზნების, ნიჭისა და ეგზისტენციის სრულყოფისათვის. სევდა და ბრაზი ის ორი მედიუმია, საკუთარი მსოფლმხედველობის ნათლად არტიკულირების საშუალებას რომ აძლევს. პრერაფაელიტთა საძმოს მუზაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლიზი, როგორც მოდელი, განასახიერებს საკუთარი ხორციელი სილამაზისა და სიტურფის ტყვეობაში მყოფ, მყიფე, უსუსურ, ფატალურ არსებას. ავტოპორტრეტში აქსოვს ცხოველ, ნაღველნარევ რისხვას. მისი თვალების, მისი მეტყველი მზერის ცქერისას იქარგება ამბოხებული სულის, დაკარგული რწმენისა და ცხოვრებისეულ ამაოებასთან ბრძოლით დაღალული ქალის ხატება. პორტრეტი ამხელს, რომ დახშულ ბაგეს არ ძალუძს საიდუმლოს შენახვ. თვალებიდან მოსჩქეფს სათქმელი და სწორედ თვალები ყვირიან: „მე ბევრად მეტი ვიყავი, ვიდრე ჩემი სხეული!“
მკვლევარი მირანდა გაგუა წერს: „ის, რაც საპირისპირო სქესის შემოქმედებითმა გენიამ ვერ დაინახა ელიზაბეთის პერსონაში (მისი გენია) და თვითკმარ ფემინურ სევდად აღიქვა, სიდალის ავტოპორტრეტში მჟღავნდება და საცნაური ხდება ამბოხისა და ბრძოლის სევდად. დიახ, სევდად, იმიტომ, რომ თვითგამოხატვისა და სრულყოფის ნაცვლად, გაყინული წესრიგის მსხვერპლი გახდა, ამან კი უსასოობის განცდისთვის გაწირა, რამეთუ გარიყა ქმნადობის პროცესისაგან და აიძულა, არსებულისადმი წინააღმდეგობის გასაწევად დაეხარჯა მთელი ძალა და ენერგია“.
შემოქმედი ქალის რევანში მისი ის ქმნილებებია, რომლებიც ამხელენ, რომ მისი შინაარსი ფორმაზე მეტია, ისევე, როგორც მისი არსებობაა წესრიგზე აღმატებული, ხოლო მისი ნიჭი მისსავე სილამაზეზე განმაცვიფრებელია. სიდალი ამტკიცებს, რომ ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხატვარი კაცის სევდიანი მუზა. გამჭრიახი გონებით დაჯილდოებული, სენსუალური ნატურით გამორჩეული არტისტი, თავის შემოქმედებით ტალანტს იყენებდა უნიკალური ნამუშევრების შესაქმნელად. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებშიც კი არ გაუგდია ფუნჯი ხელიდან. მისი ბიოგრაფია ვიქტორიანული ინგლისის ნაღვლიანი მელოდრამაა, თუმცა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უდროოდ შეწყდა ამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. მისი გარდაცვალებიდან მალევე დაიწყეს სიდალის, როგორც მოდელისა და ტრაგიკული მუზის, რომანტიკულ საბურველში გახვევა, თუმცა, სულ ახლახან აღიარეს მისი, როგორც ფერმწერისა და პოეტის, მიღწევები.
ეს ქალი სულ უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იქცევს სწავლულთა წრეში, რადგან არა მხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრერაფაელიტთა მოძრაობისა და ესთეტიკის განვითარებაში, არამედ ინტელექტუალური ავტონომიაც გააჩნდა, დამოუკიდებელი შემოქმედი და მნიშვნელოვანი აქტორი იყო, მაგრამ მამაკაცებმა დაჩრდილეს მისი სახელი. ლიზი არა მარტო თავისი შემოქმედებითი ხედვითაა ყველასგან გამორჩეული ხელოვანი, არამედ თვით მუზის ამპლუაშიც კი განსხვავებულია, რამეთუ ინდივიდუალური ხედვის შთამაგონებელია. დამსახურებულად და სრულიად სამართლიანად მოიხსენიება პრერაფაელიტთა წრის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად.
აღსანიშნავნია, რომ იმ ეპოქაში ძალზე იშვიათად თუ იქცოდა წითური ქალი მუზად, რამეთუ ღრმად გაედგათ ფესვი ოდინდელ ცრურწმენებს. ჟღალი თმის სილამაზეს არ აღიარებდნენ ადამიანები, რომელთაც თავი ვერ დაეხსნათ გაბატონებული ესთეტიკური სტანდარტების ტყვეობიდან. მიუხედავად ყველაფრისა, სწორედ ელიზაბეთის თმის ფერმა მიიპყრო დევერელის ყურადღება და გადაწყვიტა, სწორედ ეს დეტალი გამოესახა ძალზე მკაფიოდ თავის ფერწერულ ტილოებზე. პრერაფაელიტთა ესთეტიკაში ჟღალი თმის ასე თვალსაჩინოდ და ხშირად წარმოჩენა ჯანყის, ბუნტარული სულისკვეთების, ამბოხის, ტრადიციულ სამეფო აკადემიზმთან დაპირისპირების ერთ-ერთი გამოხატულებაა.
მიუხედავად იმისა, რომ პრერაფაელიტთა გაერთიანება ეფუძნებოდა საერთო მისწრაფებას – ფერწერის აკადემიის მკაცრი დოგმატიზმისაგან თავის დაღწევას, მის წევრებს უარი არ უთქვამთ მოდელების პოზირების პრაქტიკის გამოყენებაზე. ძირითადად, ოჯახის წევრებს ან მეგობრებს სთხოვდნენ პოზირებას. შესაძლებლობის შემთხვევაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ მოდელის დაქირავებასაც თანხმდებოდნენ ხოლმე. მეტწილად, ლონდონის ქუჩებში დაეხეტებოდნენ და გამალებით დაეძებდნენ შთამაგონებელ ნატურებს.
მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანული ხელოვნება, რბილად რომ ვთქვათ, არ სწყალობდა შემოქმედ ქალებს. ეს უკანასკნელნი გამუდმებით ჩიოდნენ, რომ სამეფო აკადემია სქესის გამო არ იღებდა მათ. მეტიც: დაწესებულება კიდევ უფრო რეტროგრადული და მიზოგინიური გახდა – მიუხედავად იმისა, რომ ერთი საუკუნით ადრე ორი ფერმწერი ქალი ფიგურირებდა დამფუძნებელ წევრთა შორის, ორი მხატვარი ქალი გაირიცხა სამეფო აკადემიის რიგებიდან. ქალები ფინანსურად დამოკიდებულნი იყვნენ მამაკაცებზე. დამწყებ მხატვარ ქალებს, რომელთაც არ ჰყავდათ ელიტარულ წრეებში ცნობილი მამები და შეძლებული ქმრები, მეტად უჭირდათ სათანადოდ მომზადება და აკადემიაში ჩარიცხვა. აღიარების მოსაპოვებლად ბრძოლა ნორმას წარმოადგენდა სიდალის ეპოქის ქალებისთვის.
1850 წელს, ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, ხელოვანთა მცირე ჯგუფმა შექმნა არაფორმალური ასოციაცია, სახელწოდებით „ხელოვანი დები“. პრერაფაელიტ მხატვარ ქალებს ბევრად ნაკლები აღიარება ხვდათ წილად, ვიდრე მათ მამაკაც კოლეგებს. მხოლოდ ბოლო ხანს მიიპყრეს მეცნიერთა და სწავლულთა ყურადღება სიდალმა და სხვა ქალმა ფერმწერებმა. აი, რას წერენ იან მარში და პამელა გერიშ ნიუნი თავიანთ შესანიშნავ წიგნში, რომელსაც ასეთი სათაური შეურჩიეს: „პრერაფელიტი ქალები“:
„ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ქალმა მხატვრებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ამ მოძრაობის ფორმირების, განსაზღვრის, გავრცელებისა და უკვდავყოფის საქმეში… მიუხედავად იმისა, რომ პრერაფაელიტიზმი, როგორც მიმდინარეობა და მოძრაობა, იღებდა ქალებს, მთლიანობაში, ვერ ახერხებდა მათი მძიმე ხვედრის შემსუბუქებას, ხელოვნების სამყაროში ქალისათვის შემოსაზღვრული, მეტად შეზღუდული სივრცის გარღვევას“.
სიდალის ავტოპორტრეტი, მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში რომაა შესრულებული, დიდად განსხვავდება სხვა პრერაფაელიტთა ნამუშევრებისაგან. ნახატზე არსად ჩანს ის იდეალიზებული სილამაზე, რომელსაც დაუღალავად ასხამდნენ ხოტბას ამ მოძრაობის წევრები. 1855 წელს ჯონ რესკინი დაჰპირდა, რომ სამუდამო შემწეობას დაუნიშნავდა და წელიწადში ერთხელ 150 ფუნტს გადაუხდიდა. ეს ფინანსური დახმარება საშუალებას აძლევდა სიდალს, მხატვრობისკენ მიამართა მთელი ძალისხმევა. ქალი ტილოებზე გამოსახავდა მეფე არტურთან დაკავშირებულ ლეგენდებს, სხვადასხვა რომანტიკულ სცენებს. იყენებდა ბიბლიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს. მისი შემოქმედება ძალზე მდიდარია შუასაუკუნეობრივი მოტივებით. ნაშრომები გამოფინა პრერაფაელიტთა გამოფენაზე, რასელ-ფლეისზე, 1857 წლის ზაფხულში.
როსეტიც და ფორდ მადოქს ბრაუნიც დიდად აფასებდნენ მის შემოქმედებას და ქედს იდრეკდნენ მისი ნიჭის წინაშე. მისი ნახატები გამოირჩევა დეტალებისადმი გამძაფრებული ყურადღებით, ფერთა უსაზღვრო სიუხვითა და უკიდურესი სიმკვეთრით, კუთხეების ჩაღრმავებითა და წაგრძელებით. „Lovers Listening to Music“ ელიზაბეთის შემოქმედების ადრეული ეტაპის თვალსაჩინო ნიმუშია. შეზღუდული რესურსების გამო, მეტწილად, საკუთარი წარმოსახვის მოშველიებით უწევდა ხატვა. ცნობილია, რომ მისი ტილო, „Pippa Passes“, როსეტიმ ბრაუნინგს აჩვენა. ეს უკანასკნელი აღფრთოვანებული დარჩა ლიზის ოსტატობით. იგივე ნახატი წარუდგინა როსეტიმ რესკინს. ქალის ტალანტმა უმალ მონუსხა ეს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ხელოვნების კრიტიკოსი და დიდი მოაზროვნე. გადაწყვიტა, ოცდაათ ფუნტად შეეძინა ნამუშევარი. ამ გულუხვმა გასამრჯელომ დიდად გააბედნიერა სიდალი, რადგან მიეცა შესაძლებლობა, ცხოვრებაში პირველად შეეძინა საღებავები და ფუნჯები. რესკინს მოსწონდა მხატვრის ნაივური სტილი, რომელშიც შუა საუკუნეების ხელოვნების გამოძახილს ხედავდა.
სიდალის აკვარელია „Lady Clare“, 1857 წელს რომ დაამთავრა. ნახატზე გამოსახულია ტენისონის პოემის ერთ-ერთი სცენა. ლიზის ნამუშევარი ამ ნაწარმოების პირველი ილუსტრაცია აღმოჩნდა. „Lady Clare“ არის რომანტიკული ბალადა, რომელშიც ავტორი გვიჩვენებს კლასობრივ უთანასწორობას, ქალ-ვაჟის ურთიერთობას, სიყვარულს, მიჯნურის სანიმუშო გულწრფელობას… გმირი ქალი, ლედი კლერი, შეიტყობს, რომ დედამისი არა დიდგვაროვანი და წარჩინებული ბანოვანი, არამედ შინამოსამსახურეა. უმალ შეიპყრობს შიში. ფიქრობს, რომ მიჯნური, ლორდი როლანდი, მიატოვებს და ზურგს შეაქცევს, რახან მდაბიოა. ნამდვილი დედა, მოახლე ელისი, ევედრება, არაფერი უთხრას კაცს საკუთარი მოკრძალებული წარმომავლობის შესახებ, თორემ ქორწილი ჩაიშლება. აი, ასეთია ლედი კლერის პასუხი: „თუკი მათხოვრად ვიშვი, თამამად ავიმაღლებ ხმას, რამეთუ ვერ ვბედავ სიცრუის თქმას“.
ძალზე იოლია პარალელის გავლება სიდალის სულიერ მდგომარეობასთან: ეს უკანასკნელიც მშრომელთა კლასის წარმომდგენელი იყო, ღარიბი მშობლების შვილი და როსეტის არ სურდა, საკუთარი ოჯახისათვის წარედგინა „მდაბიო“ საცოლე. თავად ლიზის დაუნდობლად აკრიტიკებდნენ დები, რადგან გაბედა იმ კაცის შეყვარება, რომელიც „მაღალი წრის“ წარმომადგენელი იყო. რესკინი ხშირად საყვედურობდა როსეტის იმის გამო, რომ მერყეობდა, ორჭოფობდა და რამდენჯერმე გადადო ქორწილი.
ტილოზე გამოსახულ ლედი კლერს მდიდრული სამოსი და სამკაულები შვენის. დედამისი, ელისი, ემუდარება, არ გაუმჟღავნოს საიდუმლო საქმროს. ლედის ხელი თითქმის ფარავს დედის სახეს. ახალგაზრდა ქალი იჩენს სტოიკურ სიმტკიცეს, გაბედულებასა და სიმამაცეს, რადგან ღრმად სწამს, რომ მისი ვალია სიმართლის თქმა. მოჩანს მშვენიერი ვიტრაჟი, რომელზეც მეფე სოლომონის განკითხვაა აღბეჭდილი.
„ლედი კლერი“ არ არის ერთადერთი ნაშრომი, რომლის წყალობითაც ელიზაბეთი შეეხო სოციალური უთანასწორობის საკითხს. კიდევ ორი ტილო შექმნა და ნათლად ასახა ეს პრობლემატიკა. მისი „Clerk Saunders“ უოლტერ სკოტის ერთ-ერთი ბალადითაა შთაგონებული. ლედი კლერის მსგავსად, მეი მარგარეტსაც სტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ კლასობრივი უთანასწორობა გარდაუვალ დაბრკოლებად ეღობება მის სიყვარულს. კიდევ ერთი ნახატი დახატა უოლტერ სკოტის ბალადის სიუჟეტის მიხედვით: „Ladies’ Lament from the Ballad of Sir Patrick Spens“. მასზე გამოსახულნი არიან სანაპიროზე თავშეყრილი შოტლანდიელი ქალები და ბავშვები, ამაოდ რომ ელიან იმ ქმრებისა და მამების დაბრუნებას, რომელთა გემიც ზღვაში ჩაიძირა.
სიდალს ბავშვობაშივე უდიდესი ტკივილი მიაყენა როგორც სიღატაკემ, ასევე, ეპოქაში გაბატონებულმა მრავალმხრივმა უთანასწორობამ და ჩაგვრამ. მას, როგორც ქალს, გაასკეცებით შრომა უწევდა მიზნების მისაღწევად, რადგან გამუდმებით ბარიერებს ეჩეხებოდა. მიუხედავად სენსუალური ბუნებისა, აუჯანყდა არსებულ უსამართლობას.
მკვლევარი მირანდა გაგუა აღნიშნავს: „მისი პირდაპირი რეფლექსიაა მისგან შერჩეული თემატიკა, ფორმა და შინაარსი. არც საკუთარ ავტოპორტრეტში არ მალავს სევდანარევ განრისხებას. მისი მზერა პირდაპირი, გულწრფელი, მკაცრი და მედიდურია“.
მეტად კონტრასტული იყო მისი გარეგნული და შინაგანი შტრიხები. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნატიფი ფიგურა და ჟღალი თმა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ყველაზე, ძალზე ჩაკეტილი და გულჩათხრობილი იყო. ქრონიკულმა ავადმყოფობამ და შერყეულმა ჯანმრთელობამ საუკუნო დამღა დააჩნია. ლიზის ერთი მეგობარი იგონებს, რომ მისი თვალები მბრწყინავი ოქროსფრიდან აქატისფერში გადადიოდა. ჰქონდა მოხდენილი, ელეგანტური ფიგურა. იყო ახოვანი. შვენოდა ნატიფი ტანი. გამოარჩევდა ლამაზი, ხშირი, წითური თმა, იუმორის საოცარი გრძნობა და სინაზე, თუმცაღა, სევდა გამოსჭვიოდა მის ხმაში.
განსხვავებულია როსეტის ძმის მოგონებები: ეს კაცი ყურადღებას ამახვილებს ელიზაბეთის მეტყველების სარკასტულ მანერაზე.
სიდალი და როსეტი, რომელთაც გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი, ზღვისპირა ქალაქში, ჰასტინგსში, გაემგზავრნენ და 1860 წლის 23 მაისს წმინდა კლემენტის სახელობის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. ამ საზეიმო ცერემონიას არ დასწრებია მათი არც ერთი მეგობარი, ოჯახის არც ერთი წევრი. წყვილმა ჰასტინგსის რამდენიმე ბინადარს სთხოვა, გახდით ჩვენი მეჯვარეებიო. მათაც შეუსრულეს თხოვნა.
საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ წამოვიდნენ მამისეული სახლიდან და ძალზე კარჩაკეტილი ცხოვრება დაიწყეს. აი, ამგვარად იჩინა თავი მათმა ანტისოციალურმა მისწრაფებებმა. ტრფობით თავბრუდახვეულებს, აღარაფერი ახსოვდათ სიყვარულის გარდა. კნინობით-ალერსობითი მეტსახელებიც შეარქვეს ერთმანეთს: „მტრედი“, „ქედანი“ და ა.შ.. გაბრიელის დამ, საყოველთაოდ აღიარებულმა და სახელოვანმა პოეტმა, ქრისტინა როსეტიმ, ლექსი უძღვნა ხელოვან რძალს. ელიზაბეთის გვარი იწერებოდა ასე: „Siddall“, მაგრამ კაცმა ამგვარად შეუცვალა: „Siddal“ და ჩამოაკლო ბოლოკიდური „ლ“. როსეტის ლექსი, „უკანასკნელი აღსარება“ რომ ეწოდება, ლიზისადმი სიყვარულის ყველაზე ნათელი დადასტურებაა. ავტორი ხოტბას ასხამს სათაყვანო ქალის ზღვისფერ თვალებს, რომელთაც ადარებს იმ ფირუზისფერ ზეცას, რუხ, ცრიატ და მრუმე დღეს რომ აცისკროვნებს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, 1862 წლამდე გაბრიელმა მისი სამოცზე მეტი პორტრეტის დასრულება მოასწრო.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, გაბრიელი საბედისწერო მამაკაცი გამოდგა მისთვის. ეჭვობდა, რომ მეუღლემ გაცვალა მასზე ბევრად ახალგაზრდა ქალში, რომელიც მის მუზად ქცეულიყო. მართალიც აღმოჩნდა. საყვარელი ადამიანის ესოდენ სულმდაბლურმა ღალატმა საბედისწერო დაღი დაასვა მის ცხოვრებას. ამან დიდად შეუწყო ხელი მისი დეპრესიის გაღვივებასა და ჯანმრთელობის საბოლოოდ შერყევას. უფსკრული გაჩნდა მათ შორის. როსეტის ჰყავდა რამდენიმე საყვარელი: რუთ ჰერბერტი, ანი მილერი, ფანი ქორნფორთი… როგორც ლიზის ახლობლები და მხატვრები იხსენებენ, როსეტიმ იმიტომ კი არ შეირთო ის, რომ ძველებურად სიყვარულით იყო განმსჭვალული, არამედ იმიტომ, რომ დამნაშავედ გრძნობდა თავს ამ დასნეულებული, სასოწარკვეთილი ქალის წინაშე, რომელსაც გამუდმებული ტკივილი აწამებდა.
ლიზის პოეზიაში თავი იჩინა ნაღველმა, გაუქარვებელმა დარდმა, დაუამებელმა ტკივილმა, სევდამ, მრავალმა შავბნელმა მოტივმა… მგოსანი სტროფებში ჩიოდა დაკარგული სიყვარულისა და ურცხვი ღალატის გამო. გულდათუთქული გმინავდა და გოდებდა, ყოვლად შეუძლებელია ჭეშმარიტ სიყვარულთან ზიარებაო. „მისი ლექსების სტროფები ანტიკური ბალადებივით უბრალო და გულისამაჩუყებელია“, – აღნიშნავს ხელოვნების ისტორიკოსი და კრიტიკოსი, უილიამ გონტი.
როგორც ბრიტანელი მხატვარი, ვალენტინ ქემერონ პრინსეპი, წერს, სიდალმა მდინარე თემზაში გადაყარა როსეტის ის ნახატები, რომლებზეც სხვა ქალები იყვნენ გამოსახულნი. რამდენჯერმე გაემგზავრა პარიზსა და ნიცაში, რადგან ჰავის გამოცვლა და მკურნალობა სჭირდებოდა. როცა ოფიციალურად დაქორწინდნენ, ისეთი ღონემიხდილი იყო, იძულებულნი გახდნენ, გორგოლაჭებიანი სავარძლით მიეყვანათ ტაძრამდე, მიუხედავად იმისა, რომ მისი საცხოვრებლიდან სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე იყო ის ღვთის სახლი. ზოგი ცნობის თანახმად, ტუბერკულოზით იტანჯებოდა, თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებდა. ხანგრძლივი ავადმყოფობითა და დეპრესიით დაძაბუნებულს, ანორექსია დაემართა. ლაუდანუმსა და ოპიუმს ეძალებოდა.
1861 წელს იმშობიარა, მაგრამ პაწია გოგონა მკვდარშობილი დაიბადა. შვილის სიკვდილის გამო მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაემართა. როგორც მისი ერთი მეგობარი იხსენებს, ერთხელ შევიდა ლიზის საწოლ ოთახში და დაინახა, რომ ქალი ცარიელ აკვანს არწევდა. მერე მისკენ შემობრუნდა და უთხრა: „ჩუმად! არ იხმაურო! ბავშვს გააღვიძებ!“ იმავე წელს მეორედ დაფეხმძიმდა, თუმცა, არც იმ ბავშვს ეწერა დაბადება. 1862 წლის 11 თებერვალს ლაუდანუმის დიდი დოზა მიიღო და თავი მოიკლა.
როსეტიმ იპოვა მისი უსულო სხეული და ექიმს უხმო საშველად. ამ უკანასკნელმა უთხრა, არ ძალმიძს მისი გადარჩენაო. დანტე არ დანებდა და კიდევ სამი მედიკოსი გამოიძახა. მკურნალები ეცადნენ მისი სხეულიდან წამლის მომაკვდინებელი დოზის გამოდევნას, თუმცა, ამაოდ (აღსანიშნავია, რომ ის სახლი, სადაც მხატვარმა სული დალია, დაანგრიეს და ბლექფრიარის სადგური გააშენეს).
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, როსეტიმ იპოვა გარდაცვლილი ქალის ღამის პერანგზე ქინძისთავით მიმაგრებული წერილი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: „გთხოვ, მიხედე ჰარის“. ჰარი იყო ლიზის ინვალიდი და გონებაშეზღუდული ძმა, რომლის დარდიც ჩაჰყვა საფლავში ახალგაზრდა ხელოვანს. გულმოკლული, მგლოვიარე როსეტი დამნაშავედ გრძნობდა თავს ელიზაბეთის წინაშე. ფორდ მადოქს ბრაუნს უთხრა, თქვენი რჩევა მჭირდება, დამარიგეთ, რადგან არ ვიცი, როგორ მოვიქცეო. სავარაუდოდ, სწორედ იმ კაცმა ურჩია გამოსათხოვარი წერილის დაწვა, რამეთუ სუიციდი დანაშაულად და ამორალურ ქმედებად მიიჩნეოდა. ამიტომაც, თუკი გამოირკვეოდა, რომ ქალმა სიცოცხლე მოისწრაფა, დიდი სკანდალი გაჩაღდებოდა, მათი ოჯახი შერცხვებოდა და როსეტის უარს ეტყოდნენ სიდალის ქრისტიანული წესით დაკრძალვაზე.
დანტემ თავისი ლექსების კრებული ჩააყოლა საფლავში საყვარელ ქალს (მის გრძელ, ლამაზ, ჟღალ თმაში ჩამალა წიგნი). გამოხდა ხანი და შფოთვამ შეიპყრო როსეტი. უცნაური ფიქრები აეკვიატა. მოუნდა იმ წიგნის დაბრუნება, თანამეცხედრის კუბოში რომ ჩადო დასაფლავებამდე ცოტა ხნით ადრე. მან და ჩარლზ ავგუსტუს ჰოუელმა მოიპოვეს ექსჰუმაციის უფლება. უკუნ ღამეს შეასრულეს ეს სამძიმო საქმე, რათა არ მიეპყროთ ხალხის ყურადღება. როსეტი არ დასწრებია ამ შემზარავ პროცესს. ჰოუელი იხსენებს, რომ ცხედარი არ იყო გახრწნილი და მისი ნატიფი სილამაზე ძველებურად შეუბღალავი ეჩვენა (მისი აზრით, ლაუდანუმის დიდმა დოზამ გამოიწვია ეს ეფექტი). დასძინა, სიკვდილის შემდეგაც კი გაზრდილიყო მისი მშვენიერი, ალისფერი თმა, რომელსაც კუბო გაევსოო. როგორც იქნა, როსეტიმ დაიბრუნა თავისი ლექსების კრებული, ძველი და ახალი ლექსები შეკრიბა და ერთ წიგნად გამოსცა, თუმცა, კრიტიკამ არ მოიწონა მისი პოეტური შემოქმედება, რადგან მკვეთრად ეროტიკული ელფერი დაჰკრავდა. სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ ასვენებდა გვამის საფლავიდან ამოთხრის მოგონება. ვერა და ვერ განდევნა ეს საზარელი ხატება. როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, ყოველღამ ხედავდა სიდალის აჩრდილ. სპირიტიზმის მორევში ჩაეფლო და რამდენჯერმე სცადა საყვარელი ქალის სულის გამოძახება შინ გამართული მისტიკური სეანსებისას. რამდენიმე წლის შემდეგ თვითმკვლელობაც სცადა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია როსეტის ტილო, სახელწოდებით „Beata Beatrix“ („ნეტარი ბეატრიჩე“), რომელიც ლიზის სიკვდილის შემდეგ შექმნა მისი ხსოვნის პატივსაცემად. მასზე გამოსახულია დანტე ალიგიერის ლეგენდარული სიყვარული, ბეატრიჩე, გულმხურვალედ რომ ლოცულობს. ამ ნამუშევარს ძალზე დიდი სიმბოლურ-ალეგორიული მნიშვნელობა აქვს. მასზე აღბეჭდილია ერთ-ერთი სცენა დანტეს ნაწარმოებიდან, რომელსაც „La Vita Nuova“ ეწოდება. მწერალი წერს თავის უიმედო, ცალმხრივ სიყვარულზე, მიუწვდომელ სატრფოზე, ბეატრიჩეზე, რომლის ნაადრევმა სიკვდილმაც მოუშუშებელი იარა დაუტოვა მგლოვიარეს. როსეტი საკუთარ თავს ხედავდა ალიგიერიში. თავისი და ლიზის სიყვარულის ხატებას დაეძებდა კალმოსნისა და ბეატრიჩეს იდეალიზებულ სიყვარულში. მასაც ისე სტანჯავა საყვარელი ადამიანის ნაადრევი გარდაცვალება, როგორც მწერალს. ამ ნახატზე ვხედავთ ექსტაზის სიამეგანცდილ ელიზაბეთ-ბეატრიჩეს, რომელსაც თვალები დაუხუჭავს და ისე მიბნედილა, სიცოცხლისა და სიკვდილის მიჯნაზეა. წითელი მტრედი, სიყვარულის სიმბოლოდ და ამავე დროს, სიკვდილის მაუწყებლად რომ გვევლინება, ხელისგულზე უდებს ქალს გათეთრებულ, დამჭკნარ ყაყაჩოს, რომელიც, როსეტის თქმით, სამარადისო ძილისა და ლაუდანუმის გამოხატულებაა. მოჩანს მზის საათი, ბეატრიჩე-ლიზის აღსასრულს რომ მოასწავებს. დანტე დაჟინებით უცქერს სიყვარულის ხორცშესხმულ ზმანებას, წითელი მოსასხამი რომ შვენის და ხელში უჭირავს მოციალე ალი, გულს რომ აცისკროვნებს. ეს სიყვარულისა და სიცოცხლის გამოხატულებაა.
დაქვრივებიდან შვიდი წლის შემდეგ დანტემ გამოაქვეყნა სონეტების კრებული, რომელშიც შეიტანა ლექსი, სახელწოდებით „უმისოდ“. მასში აღწერილია, როგორ გრძელდება ცხოვრება ერთადერთი სიყვარულის დაკარგვის შემდეგ. როგორ დაეძებს ყველგან ლიზის. როგორი სუნი ასდის მის ბალიშს, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობა მისი სახის კვალი. როგორ მიუყვება იმ ბილიკებს, სიდალი რომ თელავდა ოდესღაც…
ეს ახალგაზრდა შემოქმედი ოცდათორმეტიოდე წლისა გამოეთხოვა წუთისოფელს. მეტად ტრაგიკულად დასრულდა მისი ხანმოკლე სიცოცხლე. მიუხედავად ამისა, დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა ხელოვნების სამყაროს. ცნობილია მისი უამრავი ნახატი, რომლის ასლებიც როსეტიმ დაამზადა და ქალის მიცვალების შემდეგ გაასაჯაროვა. დასანანია, რომ ახალგაზრდობის ჟამს, ასე უდროოდ გამქრალმა სიცოცხლემ ბევრი რამ დაუტოვა უთქმელი ამ ხელოვანს, რომელსაც მრავალი შედევრი დარჩა შესაქმნელი, თუმცა, მაინც მოასწრო იმის დამტკიცება, რომ კაცის სევდიანი და ტრაგიკული მუზა კი არა, ამბიციური, გამორჩეული და ბრწყინვალე ხელოვანი იყო.