ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენი - ღიმილის ხელოვანი როკოკოსა და ნეოკლასიციზმის გზაგასაყარზე

ნიკოლას გელოვანი

ეძღვნება ფერმწერ ლია უკლებას

საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პორტრეტისტად აღიარებულ ამ მხატვარს უთუოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს როგორც ხელოვნების სამყაროში, ასევე საფრანგეთის ისტორიაში.

იმ ეპოქაში ძალზე ცოტა ქალმა შეძლო პატრიარქალურ გარემოში გზის გაკაფვა და დიად მხატვართა შორის ადგილის დამკვიდრება. იმ დროებაში გაბატონებული ცრურწმენებისა და მახინჯი კანონების გამო, არაერთხელ შეეჩეხა გენდერულ დისკრიმინაციასა და ქალის მჩაგვრელ სისტემას. ოდენ მთელი სამეფო კარის, ხელმწიფისა და დედოფლის პირდაპირი ჩარევის წყალობით მოახერხა ამ მიზოგინიურ დაბრკოლებათა გადალახვა.

როგორც თავად წერს საკუთარ მემუარებში, ძალიან გაუჭირდებოდა დიდგვაროვნების, მონარქისა და მარი-ანტუანეტის თანადგომის გარეშე, რამეთუ ქალები ყოვლად წარმოუდგენელი სტერეოტიპების მსხვერპლნი იყვნენ და აბსურდულ აკრძალვებს აწყდებოდნენ.

მისი ხელოვნება იმ თვალსაზრისითაცაა გამორჩეული, რომ საოცარი სიცხადით ასახავს ეპოქის ქარტეხილებს, დიდ ძვრებსა და ძირფესვიან გარდაქმნებს. თავად იყო ამ დიდ ისტორიულ მოვლენათა მომსწრე; საკუთარი თვალით იხილა მეთვრამეტე საუკუნის დამლევის აჯანყებები, დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია, დიდი ტერორი, გილიოტინასა და ეშაფოტზე აყვანილი ხალხი, ბურბონთა დინასტიის ქვეყნის სათავეში დაბრუნება, რესტავრაციის პერიოდი, ივლისის მონარქია, 1830 წლის პოლიტიკური ქარ-ცეცხლი…

თვით ეს ხელოვანი გულანთებული და მგზნებარე როიალისტი გახლდათ; მტკიცედ უჭერდა მხარს მონარქიულ წყობილებას, რადგან მიაჩნდა, რომ ბურჟუაზიულმა რევოლუციამ ქალი კიდევ უფრო შეზღუდა, უსამართლო კანონმდებლობამ კი ქმრის ვასალად აქცია.

ვიჟე-ლებრენს მართლაც რომ სისხლსავსე, თავბრუდამხვევი და მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა. საფრანგეთის სუვერენი, ლუი მეთექვსმეტე და მისი სახელგანთქმული ფავორიტი მფარველობდნენ; ნეაპოლის სამეფო კარზეც მიიწვიეს მხატვრის ტიტულით; შემოიარა რომი, ფლორენცია, ვენეცია, შვეიცარია… შემდეგ ვენის იმპერატორმა მიიპატიჟა; შემდეგ რუსეთის იმპერიაშიც გაატარა რამდენიმე წელი… მუდამ ელიტარულ წრეებში ტრიალებდა და სწორედ ამიტომ სარგებლობდა პრივილეგიებით, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მრავალჯერ გახდა მიზოგინების სამიზნე.

***
ელიზაბეთის მამა, ლუი ვიჟე, მხატვარი, პასტელისტი და სენ-ლუკის აკადემიის წევრი გახლდათ. ამ კაცმა თავისი წრის წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია, როდესაც ცოლად შეირთო გლეხის ოჯახიდან გამოსული ქალიშვილი, ჟანა მესენი. მათს კავშირს მალევე უწოდეს მეზალიანსი.

დაბრკოლებების მიუხედავად, წყვილი 1750 წელს შეუღლდა. მათი დაქორწინების დღიდან ხუთი წლის შემდეგ, 1755 წლის 16 აპრილს, საფრანგეთის დედაქალაქში, კოკილიერის ქუჩაზე, ქვეყნიერებას მოევლინა ელიზაბეთ ვიჟე.

გოგონა მალევე მონათლეს და გამდელს მიაბარეს გასაზრდელად, რადგან მაშინდელი მსხვილი ბურჟუაზია და არისტოკრატია სირცხვილად მიიჩნევდა ბავშვის დედის კალთაზე გამობმას. გამდელმა პაწია ელიზაბეთი ეპერნონში წაიყვანა, რადგან, მისი აზრით, გლეხურ გარემოში გალაღება ბევრად უფრო მარგებელი იქნებოდა მისთვის, ვიდრე პარიზის მდიდრულ საცხოვრებლებში გამოკეტვა.

გოგონამ მთელი ექვსი წელი ისე გაატარა პროვინციაში, მშობლებს ერთხელაც კი არ წაუყვანიათ პარიზში. როცა მეშვიდე წელში გადადგა, მამამ ჩამოაკითხა და ორივენი ერთად გაუდგნენ დედაქალაქისაკენ მიმავალ გზას. ვიჟეების ოჯახი კლერის ქუჩაზე, საგვარეულო სახლში ცხოვრობდა იმხანად. ცოლ-ქმარმა პანსიონატში გაგზავნა ქალიშვილი ჩინებული განათლების მისაღებად. სწორედ იქ, იმ მონასტრულ, მკაცრ გარემოში გამოვლინდა ნორჩი მხატვრის ნიჭი: ელიზაბეთი ნახატებით აჭრელებდა რვეულებს, სასწავლებლისა და საკუთარი საძინებელი ოთახის კედლებს… ლუი ვიჟე ისე აღაფრთოვანა მისმა ნამუშევარმა, ვუნდერკინდი უწოდა ქალიშვილს.

როცა ამ აკადემიკოსმა კაცმა იხილა, როგორ დახატა მან წვეროსანი კაცი, შესძახა, ჩემი ნაშიერი უთუოდ მხატვარი გახდებაო. დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა კიდეც ცეროდენა ხელოვანს, რომელიც ხატავდა ყველა ნივთზე, რომელიც ხელში ჩაუვარდებოდა.

1766 წელს გამოეთხოვა პანსიონატს და მშობლების გვერდით იწყო ცხოვრება. მამის მოულოდნელი გარდაცვალება საავდრო ღრუბლად მოევლინა, როცა დიდებისაკენ მიმავალ გზაზე იყო შემდგარი – ლუი ვიჟეს თევზის ფხა გადასცდა და სეფსისით გარდაიცვალა 1767 წელს. მგლოვიარე ქალიშვილმა ვერა და ვერ გამოიტირა ნაადრევად გარდაცვლილი მშობელი. მწუხარებით გულმოკლული, ნუგეშს ეძიებდა ფერწერაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, პასტელითა და აკვარელით ხატვაში. მისი დედა იმავე წელს გაჰყვა ცოლად ერთ ძალზე მდიდარ, თუმცაღა, საშინლად ძუნწ და ხარბ იუველირს, ჟაკ-ფრანსუა ლესევრს. გოგონა ვერა და ვერ შეეგუა მამინაცვალს; ვერ აიტანა მამის სხვა კაცით ჩანაცვლება. ამიტომაც, ლესევრს ერთობ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავის გერთან.

სწორედ მამა იყო ელიზაბეთის პირველი მასწავლებელი. მისი გარდაცვალების შემდეგ გაბრიელ-ფრანსუა დუაიანის შეგირდი გახდა. ამ უკანასკნელმა, რომელიც მისი ოჯახის ახლობელი იყო, ისტორიული და რელიგიური ნახატებით გაითქვა სახელი. მალევე შეამჩნია ქალიშვილის განსაკუთრებული ნიჭი და ურჩია, შეუპოვრად გაეგრძელებინა შრომა, პასტელითა და ზეთის საღებავით ხატვა. მოწაფემაც ყურად იღო მასწავლებლის რჩევა და დღეს და ღამეს მუშაობაში ასწორებდა.

გამოხდა ხანი და პეიზაჟისტ მხატვარსა და ფერწერის სამეფო აკადემიის წევრს, გაბრიელ ბრიარს, მიებარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცს ჯერ კიდევ არ ჰქონდა პროფესორის წოდება, სიამოვნებით უტარებდა გაკვეთილებს ნორჩ მოსწავლეებს. ბრიარი უხეირო მხატვრად მიიჩნეოდა იმ ეპოქაში, თუმცა, ელიზაბეთმა მალევე მიაღწია დიდ პროგრესს და მხატვართა წრეშიც ალაპარაკდნენ მის შესახებ. ლუვრის მუზეუმში გაიცნო იმხანად ევროპაში სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და მარინისტი, ჟოზეფ ვერნე, რომლის მახვილ თვალსაც არ გამოჰპარვია მოელვარე ტალანტი იმ ახალგაზრდა ფერმწერისა, გახელებულ მწყურვალივით ხარბად რომ ეწაფებოდა ცოდნის უშრეტ წყაროს.

„არასოდეს მყოლია მასწავლებელი, წინამძღოლი, დიდოსტატი… შეიძლებოდა, სწორედ ფუტკრისათვის შევედარებინე კაცს… ისე ვაგროვებდი ცოდნის მარცვლებს, როგორც ფუტკარი – ნექტარს“,_წერს ელიზაბეთი თავის მემუარებში. ქალის ღრმა რწმენით, არც ერთი ფერმწერი ტილოს არ ქმნიდა „ზეციური შთაგონების“, „ღვთისაგან მომადლებული ნიჭის“, „არაამქვეყნიური აღმაფრენის“, „მუზის წვევის“, „ზეგარდმო ბოძებული ტალანტის“ წყალობით. მისი აზრით, ნიჭს გამუდმებული დახვეწა, განატიფება და დაუღალავი შრომა სჭირდებოდა. ამიტომაც, ფიქრობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ესწავლა და დაუფლებოდა მხატვრობის ხელოვნებას. ისე გაითქვა სახელი, პორტრეტები შეუკვეთეს. ახალგაზრდა ხელოვანს თავის სარჩენი ფული გაუჩნდა.

ფუნჯის წყალობით მოიპოვებდა სარჩო-საბადებელს და სულაც არ იყო დამოკიდებული დედასა და გულღრძო მამინაცვალზე, რომელსაც თვალის დასანახად ვერ იტანდა. მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, თავის ერთ-ერთ ტილოზე, 1770 წელს რომ დაასრულა, გამოსახა დედამისი, მადამ ლესევრი, იგივე ჟანა მესენი. ახალგაზრდა ელიზაბეთს მთელი გულით უნდოდა, ფერწერისა და სკულპტურის სამეფო აკადემიის წევრი გამხდარიყო, მაგრამ იცოდა, სქესისა და ასაკის გამო არ გაუღებდნენ ამ პრესტიჟული, თუმცაღა, მეტისმეტად კონსერვატიული დაწესებულების კარს. ამიტომაც, სენ-ლუკის აკადემიას გაუგზავნა თავისი მრავალი ნახატი. 1774 წლის 25 ოქტომბერს ოფიციალურად აირჩიეს იმ აკადემიის წევრად.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ მისი ოჯახი სენტ-ონორეს ქუჩაზე გადავიდა საცხოვრებლად, პალე-რუაიალის მოპირდაპირე მხარეს. მხატვარი ზედიზედ იღებდა შეკვეთებს, მაგრამ ავი მამინაცვალი მთელ შემოსავალს ართმევდა. ელიზაბეთი გულმოდგინედ ადგენდა მთელი წლის განმავლობაში დახატულ პორტრეტთა სიას. ამიტომაც, შეგვიძლია, დავთვალოთ, დაახლოებით, რამდენ ნამუშევარს ასრულებდა თორმეტი თვის მანძილზე. მაგალითად, 1773 წელს ოცდაშვიდი პორტრეტი დაუგროვდა და გარდა ამისა, მისი შეკვეთების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. უნდა ითქვას, რომ ავტოპორტრეტთა ხატვასაც მიჰყო ხელი. 1775 წელს ორი პორტრეტი უსახსოვრა ფერწერისა და სკულპტურის სამეფო აკადემიას. ფრანგმა მათემატიკოსმა, ფიზიკოსმა, ფილოსოფოსმა და ენციკლოპედისტმა, დ’ალამბერმა, საქებარი წერილი გამოუგზავნა და აუწყა, რომ ქალს აკადემიის საჯარო სეანსებზე დასწრების ნებას დართავდნენ.

ელიზაბეთმა გაიცნო მხატვარი, კოლექციონერი და ნახატებით მოვაჭრე, ჟან-ბატისტ-პიერ ლებრენი, რომელიც მისი აგენტი გახდა. ეს უკანასკნელი ჰოლანდიური მხატვრობის უბადლო მცოდნე გახლდათ და ქალს იმ ქვეყნის ფერწერის სიტურფე დაანახა. ვიჟე გაცხოველებული ინტერესით ათვალიერებდა ჟანის გალერეას და უცხო სამყაროს სიამეებს ეზიარებოდა. კაცი მალევე გაუმიჯნურდა; ხელის თხოვნაც კი შეჰბედა ახალგაზრდა ხელოვანს. რაკი აშკარა ჰედონისტი, ეპიკურეს მოძღვრების მიმდევარი გახლდათ და ლიბერტინულ სულისკვეთებას იზიარებდა, სახელი გატეხილი ჰქონდა და აზარტული თამაშების დიდი მოყვარულიც იყო, მათი კავშირი მეზალიანსად შერაცხეს და ბურჟუა ქალიშვილს დაუშალეს საზოაგადოებისაგან გარიყულ ამ კაცზე გათხოვება. მიუხედავად ამისა, ვიჟეს ისე სურდა ოჯახის მარწუხებისაგან თავის დახსნა და მამინაცვლის ტირანიისაგან გათავისუფლება, 1776 წლის იანვარში საიდუმლოდ იქორწინა ჟან-ბატისტზე. აი, ასე იქცა ელიზაბეთ ვიჟე მადამ ვიჟე-ლებრენად.

იმავე წელს მიიღო ოფიციალური შეკვეთა მეფე ლუისაგან. არისტოკრატებმა დიდი პატივით გაუღეს თავიანთი სამფლობელოს კარი და მეფის კარის მხატვრის ტიტულით მიიწვიეს. ქალმა საკუთარი თვალით იხილა დიდგვაროვანთა სამყარო და სამეფო ოჯახის ზღვარგადასული პომპეზურობა. დედოფალი ისე მოიხიბლა მისი გამორჩეული სტილით, დიდოსტატობითა და ხატვის უბადლო ტექნიკით, თავის ფავორიტ მხატვრად აღიარა. მარი-ანტუანეტმა განაცხადა, რომ მხოლოდ ელიზაბეთს შეუკვეთდა თავის პორტრეტებს. ხელოვანი ნატურიდან ხატავდა და ამიტომაც, მეფე ლუის საყვარელი ქალი საათობით იდგა ერთ პოზაში გარინდებული, რათა ვიჟე-ლებრენს ტილოზე უკვდავეყო მისი სახე. სწორედ იმხანად დაასრულა ფრანგი მინიატურისტისა და მხატვრის, ჟან-ანტუან გროს პორტრეტი, რომელმაც დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. შეკვეთას შეკვეთაზე იღებდა, თითო ნამუშევრის სანაცვლოდ 12,000 ფრანკს უხდიდნენ, თუმცა, ქალი მხოლოდ ექვს ფრანკს იღებდა, დანარჩენს კი ხელმოკლე ქმარს სჩუქნიდა. „იმდენად არ მადარდებდა ფული, ისე არად ვაგდებდი, რომ თითქმის არ ვიცოდი მისი ყადრი“,_იხსენებს ელიზაბეთი თავის მემუარებში.

1780 წელს პირველი შვილი შეეძინა – ჟანა-ჟიული-ლუიზი. როგორც ამ ამბის მომსწრენი იხსენებენ, მშობიარობისწინა ტკივილით შეწუხებულმაც კი არ შეწყვიტა ხატვა. ბავშვის შობისას ძლივს გააგდებინეს ფუნჯი ხელიდან. მისმა მომნუსხველმა ნამუშევრებმა თვალი მოსტაცა შარტრის ჰერცოგინიას, მარი-ადელაიდ დე ბურბონს. ამ ქალმა თავისი პორტრეტის დახატვა სთხოვა სამეფო კარის ფავორიტ ფერმწერს. დიდებულები, ელჩები, ჰერცოგები და სხვა ქვეყნების სამეფო კარის წარმომადგენლები ერთმანეთს ეცილებოდნენ და ითხოვდნენ მის ნახატებს. ამიტომაც, ქალს თავისი ნახატების ასლების დამზადებაც უწევდა მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ამ თავბრუდამხვევი წარმატების მიუხედავად, ფერწერისა და სკულპტურის სამეფო აკადემია არ უღებდა კარს ამ ხელოვანს, რახან ქალი იყო. ფრანგი მხატვარი, ჟან-ბატისტ მარი პიერი, განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა ელიზაბეთისა და ადელაიდ ლაბილ-გიარის მიღებას; კაცი ამბობდა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს არაფერი ესაქმებოდათ აკადემიაში. ელიზაბეთი გენდერულ დისკრიმინაციას წააწყდა. ჟან-ბატისტ მარი პიერის გავეშებული ბრძოლა მარცხით დასრულდა, რადგან საქმეში ჩაერივნენ მეფე ლუი და დედოფალი მარი-ანტუანეტი: სამეფო აკადემიის წევრი კაცები აიძულეს, თავიანთ რიგებში მიეღოთ ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენი. რომ არა სამეფო კარის დიდი მხარდაჭერა და მეფე-დედოფლის გულანთებული თანადგომა, ამ ქალებს არავინ გააჭაჭანებდა იმ დაწესებულებაში, რადგან მხოლოდ მამაკაცები სარგებლობდნენ ამ პრივილეგიით და თავდაჯერებული კადნიერებითა და თვითკმაყოფილი უტიფრობით აცხადებდნენ, ქალებს არაფერი გაეგებათ ფერწერისაო.

ვიჟემ თავისი ტილო წარუდგინა აკადემიას, რათა ისტორიული ნახატების ავტორის ტიტულით მიეღოთ (თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისთვის არასოდეს უთხოვიათ ტილოს გაგზავნა, რადგან, როგორც უკვე ითქვა, არც კი აპირებდნენ მისი კანდიდატურის განხილვას). ქალმა მათ გაუგზავნა ნამუშევარი, სახელწოდებით „მშვიდობა, რომელსაც მოჰყავს ბარაქა“. ეს თვალწარმტაცი ნახატი 1783 წელს დაასრულა. მასზე გამოსახულია მკერდმოშიშვლებულ ქალში განსხეულებული ბარაქა და მწვანე შესამოსლითა და ზეთისხილის ტოტით შემკული მშვიდობა.

აღმოჩნდა, რომ ქალმა თავისი სქესისათვის დაწესებული კიდევ ერთი აკრძალვის დარღვევა გაბედა: მოშიშვლებული მკერდის და დედიშობილა სხეულის დახატვა ოდენ კაცების საქმედ მიიჩნეოდა; მდედრობითი სქესის წარმომადგენლის ასეთი ნაბიჯი კი თავხედობად, მეტისმეტ სითამამედ, კადნიერებად, უხამსობად და სიბილწედ შერაცხეს. მეფისა და დედოფლის მხარდაჭერამ გაჭრა და ელიზაბეთმა მიზანს მიაღწია, თუმცა, ისე უხალისოდ და კბილთა ღრჭენით მიიღეს აკადემიკოს მხატვართა რიგებში, ისიც კი არ დაუზუსტეს, რა ტიტულით შეაბიჯა სამეფო დაწესებულებაში. ქალს სურდა, ისტორიული ნახატების ავტორის სტატუსით გამხდარიყო მათი წევრი, თუმცა, მიღებისას არავის დაუკონკრეტებია მისი კატეგორია.

1783 წლის სექტემბერში ქალმა ერთ-ერთ სალონში გამოფინა თავისი ნამუშევრები. სწორედ იქ იხილა საზოგადოებამ ტილო, სახელწოდებით „მარი-ანტუანეტი ვარდით“. ამ სურათმა დიდი სკანდალი და აღშფოთება გამოიწვია. კრიტიკოსებმა თქვეს, რომ ქალმა მეტისმეტი სითამამე და კადნიერება გამოამჟღავნა, რადგან დედოფალი დახატა მუსლინისა და ბამბის პერანგისამარა. მეტისმეტად შინაურულ და ინტიმურ გარემოში შესრულებული ეს ტილო საყოველთაო განხილვისა და გულისწყრომის მიზეზი გახდა. ამიტომაც, ვიჟე-ლებრენი იძულებული გახდა, გამოფენის გახსნიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ ჩამოეხსნა სალონის კედელზე ჩამოკიდებული ნახატი და მსგავსი ტილოთი ჩაენაცვლებინა. ამ უკანასკნელზე გამოსახულ დედოფალს ბევრად უფრო „რიგიანი“ ტანსაცმელი ემოსა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, შარლ-ალექსანდრ დე კალონი ისე მოიხიბლა ვიჟეს ნაღვაწით, თავისი პორტრეტის დახატვა დაუკვეთა და 800,000 ფრანკი გადაუხადა. ქალმა ჩინებულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და კიდევ ერთი ბრწყინვალე პორტრეტი უსახსოვრა კაცობრიობას.

ხელოვნების ისტორიკოსის, კოლინ ჯოუნსის, თქმით, ელიზაბეთის ავტოპორტრეტი, რომელზეც მისი ქალიშვილიცაა გამოსახული, ჭეშმარიტი ღიმილის პირველი გამოხატულებაა მთელ დასავლურ ხელოვნებაში, რამეთუ მოღიმარი ქალის კბილები თვალნათლივ მოჩანს ტილოზე. ამ ნამუშევრის გამოფენა კიდევ ერთი სკანდალის მიზეზი გახდა: სწავლულთა და აკადემიკოსთა თქმით, ანტიკური ხანიდან მოყოლებული მიიჩნეოდა, რომ ტილოზე კბილების დახატვა უგემოვნობისა და სიმდარის ნიშანი იყო და მკვეთრად ნეგატიური ეფექტი ჰქონდა.

მაშინ თითქმის ყველა ექსპერტი ამტკიცებდა, რომ ფერმწერთ მხოლოდ „მდაბიოთა“ კბილები უნდა გამოეჩინათ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ „დაბალი ფენიდან“ გამოსულთ არ ძალუძდათ საკუთარ გრძნობებთან გამკლავება; სიხარულის, წყენის, აღფრთოვანების, გაცოფების, ტკივილის, სიშმაგისა და რისხვის დაფარვა. მათი თქმით, დიდი სირცხვილი იქნებოდა, თუკი მხატვარი დახატავდა თავის პორტრეტს, რომელზეც აშკარად გამოაჩენდა თავის კბილებს. „უკბილო ღიმილის“ კულტი საყოველთაოდ იყო გავრცელებული.

„ხელოვანნი, ხელოვნების მოტრფიალენი და გემოვნებიანი ადამიანები ერთ მუშტად შეიკრნენ და ერთხმად დაგმეს ეს უმსგავსობა. ასეთ რამეს ანტიკურ ხანაში მოღვაწე მხატვართა ნამუშევრებშიც ვერ იპოვით. გაღიმებულ მადამ ვიჟე-ლებრენს კბილები მოუჩანს ტილოზე!“,_წერდნენ აღშფოთებული კონსერვატორები, გავეშებით რომ იცავდნენ ფერწერაში დამკვიდრებულ ნორმებს, დოგმებსა და დაუწერელ კანონებს.
ვიჟე-ლებრენმა ალეგორიულ-სიმბოლური და მითოლოგიური ნახატებითაც გაითქვა სახელი. ასეთი ნამუშევარია, მაგალითად, ემა ჰემილტონში განსხეულებული ქალღმერთი არიადნესა და ბაკქი ქალების პორტრეტები.

სწორედ ლედი ჰემილტონი იქცა ლებრენის ორაკული სიბილების მოდელად. ეს უკანასკნელნი, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, იყვნენ მისანნი, უბედურებას რომ წინასწარმეტყველებდნენ. პირველი სიბილა იყო გრძნეულებით სახელგანთმული ტროელი ქალი და ამიტომაც, სხვა გრძნეულ ქალებსაც მისი სახელი შეარქვეს. ელიზაბეთის ტილოზე გამოსახულია კუმელი სიბილა, რომელსაც ბერძნულ მითოსში აპოლონი გაუმიჯნურდა. ტრფობის ალში გახვეულმა ღმერთკაცმა ხანგრძლივი სიცოცხლე მიჰმადლა გულისსწორს. ლეგენდარულმა და მითოლოგიურმა სიბილამ ათასი წელი იცოცხლა ამქვეყნად. რაკი ლექსებითა და ჰეგზამეტრებით წარმოთქვამდა თავის მისნობას, მითოსის თანახმად, ეს ლექსები პალმის ფურცლებზე ჩაწერეს და სიბილას წიგნები უწოდეს. ვიჟე-ლებრენი თავის საუკეთესო ნამუშევრებად მიიჩნევდა იმ ნახატებს, რომლებზეც სიბილები იყვნენ გამოსახულნი. თავის მემუარებში ყველა ნაშრომზე ხშირად ახსენებს მითოლოგიური არსებებისათვის მიძღვნილ იმ ტილოებს, ვენეციაში, ვენაში, რომსა და სანქტ-პეტერბურგში რომ გამოფინა.

რაკი ასე დაუახლოვდა სამეფო კარის წარმომადგენლებს, მრავალი ჭორი გავრცელდა მის შესახებ. ამბობდნენ იმასაც, რომ სასიყვარულო კავშირი გააბა მინისტრ კალონსა და მხატვარ მენაჟოსთან. ამის დამადასტურებელი არავითარი წყარო არ არსებობს, თუმცა, იმის დანამდვილებით თქმა კი შეიძლება, რომ გრაფ დე ვოდრელთან ნამდვილად ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა, რადგან მათი სასიყვარულო მიმოწერა დღის სინათლეზე გამოიტანეს. ამ ეპისტოლარულმა ქარიშხალმა ნათელი მოჰფინა მათს გულებში აღმოცენებულ ნაზ გრძნობას. მხატვარი თამბაქოს კოლოფში ინახავდა საყვარელი კაცის კულულს. ელიზაბეთის მტრები ყოველნაირად ცდილობდნენ მისთვის ჩირქის მოცხებას, მისი სახელის შებღალვასა და რეპუტაციის შელახვას; ამიტომაც, ქალთმოძულენი გამუდმებით უყრიდნენ ბინძურ ჭორებს, ათას სისულელეს სწამებდნენ, მეფესა და დედოფალთან აბეზღებდნენ; ხელმწიფესა და დედოფალს ეუბნებოდნენ, რომ მხატვარი ქალი (სამეფოს ხარჯზე) პრინცესასავით ცხოვრობდა დე კლერის ქუჩაზე, კვირაში ერთხელ მაღალ საზოგადოებას იღებდა თავის საცხოვრებელში და ბერძნული კერძებით უმასპინძლდებოდა დიდებულთ; რომ სამეფო კარის ქონებას ანიავებდა და ქარს ატანდა სახელმწიფოს სიმდიდრეს; რომ მინისტრი კალონი ჰყავდა საყვარლად და ძვირიანი საჩუქრებით, ტანსაცმლითა და ნაირნაირი სუვენირებით ანებივრებდა თავის რჩეულს. იმასაც კი აბრალებდნენ, რომ სახლის კედლები მარმარილოს ლავგარდნებით ჰქონდა მოპირკეთებული, სალაროს ჩეკებით აჩაღებდა ცეცხლს ბუხარში და აურაცხელ, ძნელად მოსაპოვებელ შეშას წვავდა. ბოროტმა ენებმა ისიც კი მოახსენეს მეფეს, რომ ხელოვანმა 20,000 ფრანკი დახარჯა იმისათვის, რათა დიდებული ნადიმი გაემართა დიდგვაროვანთათვის. ამ ჭორმა ხელმწიფის დიდი გულისწყრომა გამოიწვია.

1789 წლის ზაფხულში, როცა რევოლუციის ქარ-ცეცხლი მძვინვარებდა, ვიჟე ლუვესიენის კომუნაში იყო, მადამ დიუ ბარის სასახლეში, რადგან ამ ქალის პორტრეტის დახატვა ჰქონდა დავალებული. მხატვრის პარიზული სახლი სანკიულოტებმა ააოხრეს, გააჩანაგეს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ, იატაკზე გოგირდი მიმოაბნიეს და ხანძრის გაჩაღება სცადეს. შეშინებულმა ლებრენმა მეგობარი არქიტექტორის სახლს შეაფარა თავი, რათა გავეშებულ ბრბოს არ ჩაექოლა. როცა სამეფო ოჯახი სასახლიდან გამოაძევეს, ელიზაბეთმა ხელი დაავლო თავის ქალიშვილს, ჟიულის, ასევე, გუვერნანტს და უკანმოუხედავად გაიქცა აოხრებული დედაქალაქიდან. თავისი ნახატებიც კი პარიზში დატოვა. წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ერთი მილიონი ფრანკი აჩუქა თავის მეუღლეს, თავად კი, როგორც მემუარებში წერს, მხოლოდ ოცი ფრანკი წაიღო. გლეხურად გადაცმულმა გადაიარა მონ-სენი, მაგრამ ამ ოსტატური შენიღბვის მიუხედავად, ერთმა მეფაიტონემ იცნო და შესძახა, თქვენ ის მადამ ლებრენი ხართ, უზადოდ რომ ხატავსო.
სამშობლოდან განდევნილმა 1789 წლის ნოემბერში ჩააღწია რომში. იტალია დიდი პატივით შეეგება ლტოლვილს. მალევე მიიღეს უფიცის გალერეაში. ქალმა იქ დახატა თავისი ავტოპორტრეტი, რომელმაც ხელოვანთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ახალი სამყაროს მშვენიერებითა და მომნუსხველი სიტურფით თავბრუდახვეული ქალი დიდ მოგზაურობაში გადაეშვა; მოინახულა მრავალი ქალაქი; ხან რომში ცხოვრობდა, ხან – ფლორენციაში, ხან – ნეაპოლში, ხან – ვენეციაში. იმ ქვეყანაში შეხვდა მხატვარ მენაჟოს; გაიცნო ტალეირანი და ლედი ჰემილტონი. პარმის აკადემიისა და რომის წმინდა ლუკას სახელობის აკადემიის წევრადაც აირჩიეს ოთხმოციანი წლების დამლევს. მიუხედავად იმისა, რომ სახელი და დიდება არ მოჰკლებია, ძლიერ ენატრებოდა საფრანგეთი; მთელი გულით სურდა იქ დაბრუნება, თუმცა, რევოლუციურმა მთავრობამ სამშობლოდან გაქცეულთა სიაში ჩაწერა მისი სახელი და სამოქალაქო უფლებები ჩამოართვა. ქალმა ვენას მიაშურა. ავსტრიის მეფის კარი დიდად მფარველობდა, რადგან ელიზაბეთი საფრანგეთის სამეფო ოჯახის წევრებთან დაახლოებული ხელოვანი და მარი-ანტუანეტის ფავორიტი მხატვარი გახლდათ. მისმა ქმარმა ქარს გაატანა ვიჟესგან დატოვებული მთელი სიმდიდრე. 1794 წელს ისინი ოფიციალურად გაეყარნენ ერთმანეთს. მეუღლის დაცემისა და გაკოტრების ფონზე, ელიზაბეთი უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევდა და ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა მწვერვალებს. თითქმის მთელი ევროპა შემოიარა თავისი ნახატების წყალობით. 1795 წელს რუსეთის ელჩმა მიიწვია თავის ქვეყანაში. მიიღო მიპატიჟება და მრავალი წელი გაატარა სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, დიდგვაროვანთა გარემოცვაში. როცა დედოფალი ეკატერინე მეორე გაიცნო, მისი პორტრეტის ხატვას შეუდგა.

მის მზერას ატყვევებდა მდინარე ნევაზე მოცურავე მშვენიერი წითელი ხომალდები. ისე მოხიბლა რუსულმა ყოფამ, ისე მოაჯადოვა ქალაქთა ნარიფერობამ, დარჩენილი სიცოცხლის იმ ქვეყანაში გატარებაც კი ინატრა. გარს ეხვეოდნენ პრინცესები, გრაფები… დიდად დაუახლოვდა ნარიშკინებისა და სალტიკოვების დინასტიას და ამ სახელოვან საგვარეულოთა მრავალი წარმომადგენლის სახე უკვდავყო ტილოზე. დახატა დარია პეტროვნა სალტიკოვა, ვარვარა ივანოვნა ნარიშკინა, კატერინა ვასილიევნა სკავრონსკაია… რუსეთში საერთოდ არ ჰქონია კომუნიკაციის პრობლემა, რადგან იმ ეპოქის დიდებულნი თავისუფლად ლაპარაკობდნენ ფრანგულად.

ახალგაზრდა ლებრენი სანქტ-პეტერბურგის ფერწერის საიმპერატორო აკადემიის წევრად აირჩიეს. გამუდმებით ხატავდა, რადგან არა და არ წყდებოდა შეკვეთების ნაკადი. წარმატებას მწუხარებაც შერეოდა, რადგან მისი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით აიყვანეს გილიოტინაზე „დიდი ტერორის“ ჟამს. იძულებული შეიქნა, სამშობლოში დაბრუნებულიყო დედის გარდაცვალების გამო.

ქალიშვილმაც იმედი გაუცრუა, რამეთუ ცოლად გაჰყვა იმ კაცს, რომელიც ელიზაბეთს ათვალწუნებული ჰყავდა. შვილის სიჯიუტემ გული მოუკლა ისედაც დამწუხრებულ ფერმწერს. საფრანგეთში დაბრუნებულმა ვეღარ იპოვა ადგილი რევოლუციის შემდგომ ქვეყანაში. „არც კი შევეცდები იმის დახატვას, რა მოხდა ჩემს შინაგან სამყაროში, როცა ფეხი დავადგი საფრანგეთის მიწაზე, რომელსაც თორმეტი წლის წინათ განვეშორე: ტკივილი, ძრწოლა, შიშის ზარი და სიხარული ერთმანეთის მიყოლებით მათრთოლებდა… მივტიროდი ჩემს დაკარგულ მეგობრებს, ეშაფოტზე რომ აიყვანეს; კიდევ უფრო მეტად იმან მომიკლა გული, რომ დავინახე, კვლავ ეწერა კედლებზე: „თავისუფლება, ძმობა, ან სიკვდილი“,_იხსენებს თავის მემუარებში.

გაუცხოებისა და მიუსაფრობის შეგრძნება იმდენად მტკივნეული იყო, მის ნახატებზეც კი აისახა: მუქი, ნაღვლიანი, ქუში ფერებით ხატვას მიჰყო ხელი. შეგვიძლია, ორ ეტაპადაც კი დავყოთ მისი შემოქმედება, პრერევოლუციურ და პოსტრევოლუციურ მონაკვეთებად გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან. რევოლუციამდელ პერიოდში ხალასი, ნათელი ტონებით აჭრელებდა ტილოებს, მის ვირტუოზულ ფუნჯს ეტყობოდა ერთგვარი სილაღე და გულმხიარულება, რევოლუციისშემდგომ ხანაში დახატულ პორტრეტებზე კი სევდიანი, შავბნელი, მრუმე ფერები სჭარბობს. ფესვებდაკარგული ხელოვანი კვლავ წავიდა საფრანგეთიდან და ინგლისს შეაფარა თავი; მთელი სამი წელი გაატარა ლონდონში, სადაც გაიცნო ლორდი ბაირონი, მხატვარი ბენჯამინ უესტი და ფერმწერი ჯოშუა რეინოლდსი; კვლავ შეხვდა ლედი ჰემილტონს და მის საყვარელს, ადმირალ ჰორაციო ნელსონს. 1807 წელს, როცა შვეიცარიაში იმოგზაურა, ცნობილი მწერალი, მადამ დე სტალი და მისი საყვარელი, ბენჟამენ კონსტანი გაიცნო. კალმოსანმა ქალმა თავისი ნაწარმოების ეპიზოდურ გმირადაც კი აქცია ვიჟე – „კორინი, ანუ იტალია“ ჟერმენ დე სტალის საყოველთაოდ აღიარებული რომანია, რომელიც ძალიან უყვარდა ფერმწერ ელიზაბეთს. ეს ორი ქალი ძალზე დაუახლოვდა ერთმანეთს და მხატვარმა თავის ტილოზე უკვდავყო დე სტალის სახე. მათი ცხოვრება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რამეთუ ბავშვობიდანვე სურდათ მასკულინურ სამყაროში ადგილის დამკვიდრება; იმის დამტკიცება, რომ ქალს შეეძლო, გამხდარიყო დიდი მწერალი და ხელოვანი; რომ დედობა და ცოლობა არ არის ქალის მოვალეობა; რომ მას აქვს უფლება, არა ოჯახში, არამედ შემოქმედებით წვაში ეძებოს სრულყოფილება. ორივემ მიაღწია ამ სანუკვარ მიზანს. გარდა ამისა, ორივე იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო და უცხო ცის ქვეშ ეძებნა თავშესაფარი. დე სტალს, ისევე, როგორც მის დობილს, ამაზრზენად ეჩვენებოდა ნაპოლეონის პატრიარქალური იდეები და მისი ზეობის ჟამს მიღებული სამოქალაქო კოდექსი. იმედგაცრუებული მწერალი შვეიცარიაში გაიხიზნა და კოპეს სასახლეს შეაფარა თავი. საფრანგეთის იმპერატორს დიდ საფრთხედ ესახებოდა ჟერმენის იდეები და ამიტომ აუკრძალა საფრანგეთის მიწაზე ფეხის დადგმა. სწორედ ამ გარემოებათა გამო დაუახლოვდნენ ერთმანეთს მადამ დე სტალი და ელიზაბეთ ვიჟე. ჟენევაში დასახლების შემდეგ მხატვარი ქალი ნატიფი ხელოვნების საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1809 წელს ელიზაბეთი კვლავ დაბრუნდა საფრანგეთში დაბრუნდა და პროვინციაში დასახლდა. წელიწადის რვა თვეს იქ ატარებდა და მხოლოდ გამოსაზამთრებლად მიდიოდა დედაქალაქს. სიხარულით აღივსო, როცა 1814 წელს ლუი მეთვრამეტემ კვლავ ხელთ იგდო ძალაუფლების სადავენი. ვიჟეს თქმით, ის იყო ერთადერთი მონარქი, რომელიც იმ ეპოქას შეეფერებოდა. ერთმანეთის მიყოლებით გამოეცალა ხელიდან საყვარელი ქალიშვილი, უმცროსი ძმა, ეტიენ ვიჟე და ყოფილი ქმარი. მისმა ახლო მეგობარმა, მხატვარმა ჟან-ანტუან გრომ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამ გაუთავებელი ტრაგედიებით დამწუხრებულმა უკანასკნელად იმოგზაურა – ბორდოში წავიდა და იქ დახატა მრავალი ტილო, რომელზეც ნანგრევები, მწუხრი, მოქურუხებული ზეცა, ნისლიანი მთები, ღრუბლები და მზის ჩასვენება გამოსახა. ეს ნაღვლიანი ნამუშევრები მისი სულიერი მდგომარეობის ნათელი გამოხატულებააა. 1829 წელს დაწერა მოკლე ავტობიოგრაფია, რომელიც პრინცესა ნატალია კურაკინას გაუგზავნა. 1835 წელს სამ ტომად გამოაქვეყნა თავისი მემუარები, სახელწოდებით „მოგონებანი“. რაკი ცხადად გრძნობდა სიკვილის მოახლოებას, ანდერძიც შეადგინა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხელოვანი ქალი დაბრმავდა. 86 წელს მიტანებული მხატვარი 1842 წლის 30 მარტს გარდაიცვალა პარიზში, სენ-ლაზარის ქუჩაზე, თავის სახლში. მეგობრებმა ლუვესიენში გადაასვენეს მისი ცხედარი. მარმარილოს საფლავის ქვაზე ასეთი ეპიტაფიაა ამოკვეთილი: „ბოლოს და ბოლოს, აი, აქ ვპოვე საუკუნო განსასვენებელი“.

***
აი, ასეთი ბობოქარი ცხოვრება ჰქონდა ხელოვან ქალს, რომლის მიღწევებისა და ნიჭის დაჩრდილვასაც მუდამ ცდილობდნენ მიზოგინები. 1845 წელს, საფრანგეთში გამოცემულ ენციკლოპედიაში, „Biographie Universelle de tous les hommes célèbres qui se sont fait remarquer par leurs écrits, leurs actions, leurs talents, leurs vertus ou leurs crimes“, ეს მხატვარი ოდენ ჟან-ბატისტ ლე ბრენის მეუღლის „ტიტულით“ მოიხსენიეს, მიუხედავად იმისა, რომ ქმარზე ბევრად წარმატებული, აღიარებული და ნიჭიერი შემოქმედი იყო.

ვიჟე ამრეზით უყურებდა ბურჟუაზიულ რევოლუციას და გამუდმებით იმეორებდა, რომ ახალი პოლიტიკულ-სოციალური წყობა კიდევ უფრო დაამძიმებდა ქალთა მდგომარეობას და მდედრობით სქესს სამუდამოდ შეაბამდა მონობის უღელში. მართალიც გამოდგა: რევოლუციურმა მთავრობამ გაუუქმა სამეფო აკადემიის წევრის სტატუსი, რადგან ქალებს საერთოდ აეკრძალათ აკადემიებში შესვლა. 1804 წელს დაამტკიცეს ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსი, რომელმაც მკვეთრად შეზღუდა ქალის უფლებები, შეაფერხა მისი ემანსიპაცია, კიდევ უფრო გაამყარა პატრიარქალური, ტრადიციული ოჯახი და ქორწინება ქალის საპყრობილედ აქცია.

კოდექსის 213-ე მუხლის თანახმად, ქალი ვალდებული იყო, დამორჩილებოდა ქმარს. ნაპოლეონის მმართველობისას სამუდამოდ გადაესვა ხაზი ლუმიერების ეპოქაში ჩასახულ იმედებს. ქალებს ეგონათ, რევოლიცური ძალა გაიზიარებდა განმანათლებელთა ერთ-ერთ მთავარ იდეას საყოველთაო თანასწორუფლებიანობის შესახებ. ბურჟუაზიული რევოლუციისას ქალები მამაკაცების მხარდამხარ ებრძოდნენ მონარქიულ წყობას; სჯეროდათ, რომ რესპუბლიკა ნანატრ თავისუფლებას მოუტანდა ჩაგრულთ, რადგან სწამდათ იმ დიადი, ჰუმანისტური, დემოკრატიული იდეალებისა, რომელთაც განმანათლებელთა დიადი აზრებითა და იდეალისტური პრინციპებით გულანთებული მამრები ქადაგებდნენ დიდროს, ვოლტერის, ჰელვეციუსის, დ’ალამბერისა და სხვა მოაზროვნეების სახელით; თუმცა, სამწუხაროდ, იმედი გაუცრუვდათ.

ფილოსოფოსი, ესეისტი, მწერალი, ფემინისტი, საზოგადო მოღვაწე, მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთის ისტორიისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ელიზაბეთ ბადინტერი, თავის ესეში ასე აღწერს რევოლუციისშემდგომ საფრანგეთს: „კაცებმა იბრძოლეს უფლებების მოსაპოვებლად, მაგრამ ქალები დაიმონეს. ამ უკანასკნელთ სურდათ არჩევნებში ხმის მიცემის, განათლების მიღების, განქორწინებისა და შრომის უფლების მოპოვება, მაგრამ ეს ლოზუნგი: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“, მათ არ ეხებოდა. საყოველთაოდ ცნობილი იდეა, ჰუმანისტთა კრედოდ ქცეული თანასწორობა, სქესის საზღვრებთან სრულდებოდა. მამაკაცებს სურდათ პოლიტიკური პატრიარქატისაგან გათავისუფლება, თუმცაღა, ყველაფერი იღონეს პატრიარქალური ოჯახის შესანარჩუნებლად.

ცხადი იყო, არასდიდებით არ შეელეოდნენ თავიანთ გაბატონებულ მდგომარეობას.“ 1816 წელს კანონით აიკრძალა განქორწინება. ქალი ჯერ მამის, შემდეგ კი ქმრის საკუთრებად მიიჩნეოდა. ლებრენის მემუარებიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ სქესთა თანასწორობაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. შესაბამისად, ქალი ვერ სარგებლობდა ვერავითარი სამოქალაქო უფლებით. ეს უსამართლობა და უთანასწორობა ცხოვრების ყველა ასპექტში იგრძნობოდა.

„ქალი მაშინ (რევოლუციამდელ ხანაში) მეფობდა, რევოლუციამ კი ტახტიდან ჩამოაგდო და გვირგვინი მოხსნა“,-წერს თავის ეპოქალურ მემუარებში ფერმწერი ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენი, საუკუნოდ ჩაუქრობელ შუქურად რომ კაშკაშებს, თვალისმომჭრელად ციალებს როკოკოსა და ნეოკლასიციზმის გზაგასაყარზე; უფრო სწორად, ამ ორი მიმდინარეობის შერწყმის ალაგას აღმართულა, და თუ შატობრიანის ეპოქალურ „მოგონებებს“ დავესესხებით, ორ საუკუნეს, ორ ეპოქას, ორ ხანას შორისაა მოქცეული, თითქოს ორი წყალუხვი, ბობოქარი მდინარის შესართავთან დგას.