ევროპისა და რუსეთის განსხვავებულობაზე ქართველი ინტელექტუალების შეხედულებებს ნათლად ასახავს ილია ჭავჭავაძის მოსაზრებები ევროპისა და რუსეთის ლიბერალებისა და კონსერვატორების შესახებ. ილია ჭავჭავაძეს მიაჩნდა, რომ რუსეთში „მამებისა” და „შვილების” სახელით მიმდინარე დაპირისპირება ახლოსაც ვერ მივიდოდა ევროპულ ლიბერალიზმსა და კონსერვატორობასთან.
ილიას აზრით, რუსეთის ლიბერალობა ჩამოჰგავდა ევროპის ლიბერალობას, თუმცა რუსეთის კონსერვატორობა სრულიად განსხვავდებოდა ევროპული კონსერვატორობისგან.
რუსეთში ისე „გაიწიეს „მამებმა”, რომ კარგისა და ცუდის განურჩევლად, ყველაფერ ძველს გამოესარჩლნენ, ხოლო ყველაფერ ახალს დაუწყეს დევნა. მამების წინააღმდეგ განწყობილმა ლიბერალებმა კი ყველაფერი ძველი შეიძულეს. დაიწყო ძველის უარყოფა ისე, რომ ახლის მესვეურობა სულ დაივიწყეს. ილიას მიაჩნდა, რომ ამ მიმდინარეობას ვერც ქართველი ლიბერალები გადაურჩნენ. რუსულმა „მამების” და „შვილების” ბრძოლამ ქართველი ახალგაზრდობაც აიყოლია. ეს ბრძოლა საქართველოშიც გადმოიტანეს, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა გააცნობიერა თავისი შეცდომა. ისინი დააკვირდნენ და ნახეს, რომ საქართველოს სხვა ტკივილები ჰქონდა.
ილიას აზრით, ქართველმა ლიბერალებმა გააცნობიერეს, რომ მათი მიზანი ქვეყნის დაცემული ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და მოულოდნელი საფრთხისგან დაცვა უნდა გამხდარიყო. ამ ჯგუფის წარმომადგენლები გაერთიანდნენ სხვადასხვა პერიოდული გამოცემების – „საქართველოს მოამბის”, „მნათობის”, „დროებისა” და „ივერიის” გარშემო. ილიას შეფასებით, ყველა მამულიშვილი, ვისაც თავი ლიბერალად მიაჩნდა, უნდა გაერთიანებულიყო ერთი მიზნის მისაღწევად, იმისათვის, რომ საქართველოს საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა.
„ეგ მიმართულება იქნება ახალი იმ დრომდე, მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერის და კუთვნილ ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოექცევა. სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი, არა აქვს ეხლანდელ საქართველოს შვილს. ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად ძმურად იმოქმედოს… რეტროგრადი ის უნდა იყოს, ვინც ამ ჩვენის დღევანდელის დღის მღაღადებელს ხმას არ გაუგონებს, ყურს მოუყრუებს და არ აჰყვება”.
ილიას მოჰყავს ჩეხების მაგალითი. მათი ლიბერალების საუკეთესო წარმომადგენლები ერის აღდგენისა და თავის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ. გააცოცხლეს და გამოიკვლიეს წარსული, ყველაფერი, რაც მათ ეროვნებას და ვინაობას შეადგენდა. ერმა, რომელიც სასიკვდილოდ იყო გადადებული, საკუთარი ვინაობა გაიგო. ააღორძინა ეროვნული ენა და გააცოცხლა საამაყო წარსული.
„აი, რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილკაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარ-ხმალით შეჭურვილი, აი, რა გზა უნდა ამოირჩიოს… ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენი ქვეყნის საქმეს. უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოთ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ნაბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წარსდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩნევს”.
1882 წლის ივლის-აგვისტოს „შინაურ მიმოხილვაში” ილია ჭავჭავაძე აღწერს იმას, თუ როგორ ეცნობა ქართველი გლეხი ევროპაში წარმოებულ გუთანს და იყენებს მიწათმოქმედებისთვის. იგი ევროპული ტექნოლოგიისა და ადგილობრივი მიწათმოქმედის შეხვედრის ერთგვარი მაგალითია. ეს შეხვედრა მით უფრო საგულისხმოა, როდესაც ილია ჭავჭავაძე განსაზღვრავს, რომ ქართველების ცხოვრების და იდენტობის ბურჯი მიწა და გუთანია.
ილიამ ჩამოაყალიბა სამი მაგალითი მიწათმოქმედების გაუმჯობესებისთვის: 1. მიწის განოყიერება მოსავლიანობის ზრდისთვის; 2. ხარჯის შემცირება, მოსავლის ოდენობის შენარჩუნება; 3. მიწის განოყიერება და ხარჯის შემცირება მოსავლის გაზრდისთვის. ამ ბოლო ნაბიჯს მისდევენ ამერიკაში, ბელგიასა და ინგლისში.
„აბა მიიხედ-მოიხედეთ და ნახავთ, რომ მთელი განათლებული ევროპა, მთელნი დიდებულნი მესვეურნი კაცობრიობის წარმატებისა – იღწვიან, სისხლსა ღვრიან, რომ მიწა, ეგ მუქთი ბუნებისაგან მონიჭებული კუთვნილება ყოველის ადამიანისა, შეძლებისამებრ – თანასწორად მორიგებული ჰქონდეს ყოველს მკვიდრს მცხოვრებსა. რომელმა ერმაც ეს ვერ მოახერხა, ამ ყუაზედ გასულს ტკივილს ყოველის საზოგადოებისას წამალი ვერ დასდვა, – მიწასთან გასწორდა, გაქარწყლდა და მტვრად აიგავა. დიდს ისრაილს, დიდს საბერძნეთს, დიდს რომს ამითი მოეღო ბოლო”.
1881 წლის ნოემბრის „შინაურ მიმოხილვაში” ილია ჭავჭავაძემ მიმოიხილა სამიწათმოქმედო ცოდნის საქართველოში გავრცელება. აქაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განსხვავებაზე მიუთითა. ევროპული განვითარების საფუძველი მეურნეობაა, რომელიც მკვიდრ საფუძველს ქმნის ერის განვითარებისთვის. ილიას ფორმულით, საქართველო მიწამ და გუთანმა გადაარჩინა.
„წარჩინებულნი ერნი ევროპისანი თითქმის სულ ხმლით მისეულნი ერნი არიან. მაგრამ საცა-კი მივიდნენ, ყველგან გუთანი მიიმხრეს, და აჰა, დღესა ვხედავთ, რომ ყოვლად მტკიცენი და მკვიდრი არიან თავის ადგილებში. იმათი ადგილიდან დაძვრა ვეღარაფერმა ვერ შეძლო. არიან და იქნებიან უკუნისამდე. შორს წასვლა საჭირო არ არის. მაგალითი თვალ-წინ გვიდგას. მაგალითები ჩვენ თითონ ქართველები ვართ. ეს ერთი მუჭა ხალხი რამ შეგვინახა? ხმალმა და გუთანმა. ჩვენ რომ დღეს ბინა გვაქვს, ადგილზედ რომ ფეხ-მოკიდებული ვართ, სხვებსავით არ დავიქსაქსენით, არ გადავცვივდით აქეთ-იქეთ, ჩვენ რომ ამდენს დაუძინებელს მტერს გავუძელით, გავუძელით და გადავრჩით, ჩვენი ერი, რომ დედამიწას შერჩა და დედამიწა ერსა, – ეგ იმიტომ – რომ ერთს ხელში ხმალი გვეჭირა და მეორეში გუთანი დასაბამიდგანვე დღემდე. ესეც ვიქნებით შემდეგშიაც, თუ ეგ ორი უძლეველი ძალ-ღონე ერის სიმკვიდრის ხელთ იქნება”.