მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, თანამედროვე ქართველი ერის მშენებლობის პროცესში, ქართველი ინტელექტუალები პროგრესის, თანაბარუფლებიანობისა და განსხვავებულის შემწყნარებლობის ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნენ.
სტატიებში, რომლებიც გაერთიანდა პროექტში „ეროვნული ევროპულია”, განხილულია ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძის, ანტონ ფურცელაძის, გრიგოლ ვოლსკის და სხვა ქართველი ინტელექტუალების 1860-1918 წლებში გამოქვეყნებული წერილები, რომლებშიც ისინი ამკვიდრებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ გარიყვა ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე ქართული კულტურის ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა.
პუბლიცისტურ წერილებში ქართველი ერი წარმოჩენილია, როგორც ბუნებით შემწყნარებელი კოლექტივი, რომელიც იღებს განსხვავებულ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს, ხოლო მეორე მხრივ, განხილულია ევროპელი ერების შემწყნარებლობის, თვითორგანიზების, სამოქალაქო აქტივიზმის, სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვის, პოლიტიკური ავტონომიის მოპოვების, ეროვნული ენის დაცვისა და კოლექტიური მეხსიერების ფორმირების მაგალითები.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართველმა ინტელექტუალებმა შექმნეს ნარატივი ქართველი ერის შემწყნარებლური ბუნების შესახებ, რაც გულისხმობდა საქართველოში სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის თანაბარუფლებიან გარემოში ცხოვრების ისტორიულ გამოცდილებას. ქართველი ერის მშენებლებმა შემწყნარებლობა მიიჩნიეს ქართველი ერის არსებითად დამახასიათებელ თვისებად, რომლის საფუძველზე მათ საქართველო გამიჯნეს რუსეთისგან, მოათავსეს ევროპულ კულტურულ ოჯახში და ხაზი გაუსვეს ევროპულ-ლიბერალური ღირებულებების მნიშვნელობასა და როლს ქართული საზოგადოების განვითარებისათვის.
ევროპა გახდა ის სივრცე, საიდანაც ქართველი ინტელექტუალებმა გადმოიღეს საზოგადოების თვითორგანიზების მაგალითები, შექმნეს სამოქალაქო საზოგადოების ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ყველა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის ინტეგრირება და, ამავდროულად, ეს მოდელი მომართეს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ამდენად, ევროპის იდეამ, ერთი მხრივ, წვლილი შეიტანა მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ერის პროექტის ფორმირებაში, მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული დისკურსი განსაზღვრა.
ინტელექტუალებმა ერის მშენებლობის პროცესში იდენტობის ნარატივები საერთო ისტორიას დააფუძნეს. ამდენად, ის ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, მიიჩნიეს „ჩვენ ჯგუფის” ნაწილად. ამავდროულად, ქართველი ავტორები გამოდიოდნენ გახშირებული ანტისემიტური მღელვარებისა და ქართველი მუსლიმების ოსმალეთში გადასახლების წინააღმდეგ, იცავდნენ ქართულ ენას და ითხოვდნენ პოლიტიკურ ავტონომიას, რითიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის იმპერიული პოლიტიკის შედეგებს.
ამ პროცესში ჩამოყალიბებული შემწყნარებლობის ნარატივი საქართველოს ევროპულ სივრცესთან თანაზიარობას უსვამდა ხაზს. ისტორიული შემწყნარებლობა, რომელიც ფორმირების ეტაპზე მყოფ ქართველ ერს აკავშირებდა წარსულთანაც და ევროპასთან, ეროვნული გარდაქმნისა და აღორძინების, რუსეთის ბატონობისგან თავის დაღწევის საფუძვლად იქცა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, შემწყნარებლობის ნარატივი განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს ავტონომიის მოთხოვნით გამოსულ ჯგუფებში; ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ქართველებს არასოდეს უდევნიათ სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფები და ეს არც მომავალში მოხდებოდა. ამ ნაწილში კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ როგორ იყენებდნენ ქართველი ინტელექტუალები წარსულს პოლიტიკური მომავლის შესაქმნელად.
ცხადია, ზემოთ ნათქვამი არ გულისხმობს იმას, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის და ძალადობის მაგალითები არ მოიპოვება. აღნიშნული პროექტი ინტერესდება ინტელექტუალური დისკურსით, რომლითაც ყალიბდებოდა მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქართველი ერი და რომელიც ქმნიდა კოლექტიური თვითაღქმის თარგებს მომავალი თაობებისთვის.
ეს თარგები დღეს დავიწყებულია. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ მე-19 საუკუნის ქართული ეროვნული მოძრაობა რუსი მწერლების, ალექსანდრე გერცენის, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის, ნიკოლოზ დობროლუბოვისა და სხვების გავლენას დაუკავშირა, რითიც ცდილობდნენ წარმოეჩინათ რუსი და ქართველი ხალხის ისტორიული კავშირი. იმის მიუხედავად, რომ ამ მწერლების წერილები ქვეყნდებოდა ქართულ გაზეთებში, მე-19 საუკუნის ეროვნული მოძრაობა დიდად იყო დაკავშირებული ევროპასთან. ამას ცხადჰყოფს მომდევნო სტატიებში მოყვანილი მაგალითები.
პროექტის „ეროვნული ევროპულია” შედეგად იქმნება კვლევაზე დაფუძნებული მტკიცე მაგალითი ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის მჭიდრო კავშირის შესახებ. მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო არაძალადობრივ, შემყნარებლობის ღირებულებაზე დაფუძნებული ნარატივის გამოყენებით სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაცია.