მე-19 საუკუნის ეროვნული მოძრაობა გაერთიანდა მშობლიურ ენაზე განათლების დანერგვის, პრესისა და ლიტერატურული საქმიანობის გავრცელებისა და კოლექტიური მეხსიერების ფორმირებისთვის. ერის მაშენებელი ინტელექტუალებისთვის ევროპა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე, საიდანაც მოჰქონდა თვითმოქმედების მაგალითები. შემთხვევითი არაა, რომ დასავლეთ ევროპას „განათლებულ ქვეყნებს” უწოდებენ.
წერილში „ერთს ახალ საზოგადოებაზედ” გაზეთმა „დროებამ” ამცნო მკითხველებს, რომ საქართველოში შეიქმნა „საისტორიო წიგნთა და მასალათა გამომცემი საზოგადოება”, რომლის მიზანი ყველა ისტორიული ხელნაწერის დაბეჭდვა და წარსულის შესახებ განათლების ამაღლება იყო. საზოგადოება იზრუნებდა იმისთვის, რომ ხელნაწერ ტექსტებს სწავლული რედაქტორები დაამუშავებდნენ, დაურთავდნენ ბიბლიოგრაფიას, შენიშვნებსა და განმარტებებს. საზოგადოებას ჰყავდა 100 წევრი და ფუნქციონირებდა საწევრო გადასახადებით. საგაზეთო ცნობაში პარალელი გავლებულია ჩეხეთში დაფუძნებულ ანალოგიურ საზოგადოებასთან.
„ისე არავითარი საშუალება არა სწვრთნის თანამედროვე თაობის გონებას, ისე არაფერი ავითარებს მოქალაქეობრივს გრძნობას, და დასასრულ, ისე არაფერი არ განამტკიცებს ხალხის ეროვნებითს ცნობიერებას, მის ზნეობითს მხარეს და მამულის სიყვარულს, როგორც შესწავლა სამშობლო ხალხის გონებითი ისტორიისა. ხალხი მაშინ არის მაგარი, როცა წარსულის გაცნობით ფეხ-ქვეშ ნიადაგი უპოვნია. გადაბირებას მაშინ აღუდგება ხალხი წინა, როდესაც სამშობლო ისტორიის განსაკუთრებით მსვლელობა განსაკუთრებით საქმეს და პრობლემას, მის სულსა და გონებისათვის შესაფერის, წინ წამოუყენებს გადასაწყვეტად”.
სერგეი მესხი წერილში „რამდენიმე სიტყვა მდაბიო ხალხის აღზრდაზე და განათლებაზე”, ევროპული მაგალითების ფონზე განიხილა საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესების სასიკეთო გავლენა ქვეყნის განვითარებაზე. მისი მოსაზრებით, ის ქვეყანაა ძლიერი და მდიდარი, იმ ქვეყანაშია რესურსები სამართლიანად გადანაწილებული, სადაც განათლებაზე ხელი ყველას თანასწორად მიუწვდება.
„(დიდ ბრიტანეთში) ყოველ წელიწადს რამდენიმე მილიონი ფული იხარჯება სახალხო შკოლებისთვის. ამ ფულების უმეტესს ნაწილს სწირავს ხოლმე თითონ საზოგადოება. რასაკვირველია, თუ საჭიროა მართებლობაც ძალიან უწყობს ხელს შკოლებსა, მაგრამ საქმეც ის არის, რომ ანგლიელები ჩვენსავით უზრუნველათ არ შეჩერებიან თავიანთ განათლებისა საქმესა. რომელიმე კეთილი საზოგადო საქმისათვის იქაური საზოგადოებაც ისე ზრუნავს – როგორც მართებლობა”.
სერგეი მესხს განათლება მიაჩნდა საქართველოს წარმატების აუცილებელ წინაპირობად. ამ გზაზე კი გლობალური დასავლეთი: აშშ და ევროპის ქვეყნები სამაგალითო იყო.
წერილში „პრესა ჩვენში და სხვა პატარა ერებში” იაკობ გოგებაშვილმა განიხილა ბალტიის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ლატვიელების ბეჯითი შრომა ეროვნული ლიტერატურის აღორძინებისთვის. მათ მცირე დროში 7 პერიოდული გამოცემის დაარსება მოუსწრიათ. ეს ყველაფერი ლატვიელი მოქალაქეების მტკიცე მატერიალური და მორალური მხარდაჭერის ფასად.
ლატვიელების მსგავსად, პრუსიაში მცხოვრები სლავური წარმოშობის ხალხი ლუჟიჩელები, რომელთა რაოდენობა 200 000 ადამიანს აღწევდა, მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ პრუსიის იმპერიის მთავრობას. მთავრობა ყველანაირად ცდილობდა, რომ მათთვის ეროვნული მახასიათებლები, განსაკუთრებით ენა, დაეკარგვინებინა. თუმცა ვერაფერს გახდა. ხალხმა საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა თავისი ეროვნული თვითმყოფადობის დაცვაში. იაკობ გოგებაშვილი აღფრთოვანებული წერდა მცირერიცხოვანი ერის დაუღალავი მცდელობით, რომ თავიანთი ეროვნული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები აეღორძინებინათ.
იაკობ გოგებაშვილი ცდილობდა, რომ წარმოეჩინა კონტრასტი ევროპაში დიდი იმპერიების შემადგენლობაში მცხოვრებ მცირე ერებისა და ქართველების სამოქალაქო ჩართულობას შორის. იგი დანანებით აღნიშნავდა, რომ საქართველოში მნიშვნელოვან ქართულ გაზეთს „ივერიას” მხოლოდ 600 გამომწერი ჰყავდა. საქართველოში კი მწერლობა ვერ გადაიქცა მყარად ფეხზე მდგომ მიმდინარეობად. და რომ გაზეთებმა „საქართველოს მოამბემ”, „მნათობმა”, „კრებულმა”, „შრომამ”, „იმედმა”, „ნობათმა” ძლივს იარსება.
„ყოველ დღე მისდით რაიმე პერიოდული გამოცემა და ამ გზით უკავშირდებიან თავის მწერლებს, და როდესაც იქ ყოველი შეგნებული კაცი თავის წმინდა მოვალეობად სთვლის თავის წრეში გაავრცელოს სიმპათია მის მიერ ამორჩეულის გამოცემისა და უმრავლოს ხელის მომწერნი, ჩვენში ჭკუის საზრდოება, გონებაზედ ზრუნვა სრულიად მივიწყებულია, და სამაგიეროდ სუფევს კუჭ და მეფობენ დაბალი მოთხოვნილებანი”.
თვითმოქმედების – საზოგადოებრივ ინიციატივაზე დაფუძნებული ერთიანი ძალისხმევის თვალსაჩინო მაგალითად „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსება მიაჩნდა ილია ჭავჭავაძეს. თვითმოქმედება უნდა გამხდარიყო ის იარაღი, რითიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გატარებული 78 წლის განმავლობაში ქართველების უმოქმედობასა და მიძინებას ბოლო მოეღებოდა.
ილია ჭავჭავაძე წუხდა, რომ მეცხრამეტე საუკუნემ საქართველოს მეტ-ნაკლებად მოუტანა მშვიდობა, თუმცა მშვიდობამ სწავლა-განათლებას საფუძველი არ ჩაუყარა. გარემოებებმა ქართველები სხვების ხელის შემყურედ აქცია, წაართვა განათლების მიღების სურვილი და თვითმოქმედების რწმენა.
„სხვაზედ მინდობა – ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერობაში. წამოუვლის ნიაღვარი „შემთხვევისა” და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთს უდაბურს ტინზედ გარიყავს, შენს თავს შენვე მოუარეო… ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით, თუ ხორცით. რაც მალე დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, რაც მალე შევითვისებთ, მით მალე გამოვიხსნით თავს იმ გაჭირვებიდამ, რომელშიაც ასე სასოწარკვეთილებით დღეს ვიმყოფებით… ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთობაშია. საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა; საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას”.
ილია ჭავჭავაძე თვითმოქმედების და საზოგადოების გამოღვიძების გამოხატულებად მიიჩნევდა იმას, რომ საზოგადოება თავის თავს მომხდარ ყველა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენას აღნუსხავდა, დააკვირდებოდა, განსჯიდა და შესაფერის მნიშვნელობას ანიჭებდა. საზოგადოების მოწიფულობის ასაკში შესვლის ნიშანი მაშინ უფრო ცხადია, როდესაც ერი ყურადღებას მიაქცევს ისეთ ადამიანებს, ვისაც დიდი ღვაწლი აქვს თავისი ერის წინაშე. ილია საზრდოობდა ევროპული მაგალითებით:
„განათლებულმა ევროპამ დიდი ხანია ჩვეულებად მიიღო ამისთანა კაცების მიმართ პატივისცემის და სიყვარულის გამოცხადება საჯაროდ, საქვეყნოდ… იქ, ევროპაში ერისათვის მოღვაწე კაცი არამც თუ მარტო ქვეყნის სახელი და დიდებაა, არამედ თვითოეულის თანამემამულისაცა ცალკედ. იქ იქნება საკუთარის თავისათვის ისე არ გამოიდოს თავი კაცმა, როგორც მისთვის, ვისაც ერისათვის შრომა გაუწევია, ვინც ქვეყნისათვის მამულისათვის, შეძლებისამებრ გარჯილა, რომელსამე საქვეყნო სარბეილზედ ფეხი მოუკიდებია და თავისის ნიჭით, ღონით, მეცადინეობით უმსახურნია და რაიმე კვალი დაუმჩნევია”.
წერილში „მეცხრამეტე საუკუნე” ილია ჭავჭავაძე აჯამებს იმ ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც იმ საუკუნეში კაცობრიობამ განიცადა.
„ერთი დიდი და სახელოვანი საქმე მეცხრამეტე საუკუნისა, სხვათა შორის, ის არის, რომ მაგარს საფუძველზე დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს მოძღვრებას, რომ ყოველი ადამიანი, რა წოდებათა კიბის საფეხურზედაც გინდ იდგეს, მაინც ადამიანია, და ვითარცა ადამიანი – ყველასთან თანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულ-შესატკივარი”.
იმის მიუხედავად, რომ წინა საუკუნეებთან შედარებით მე-19 საუკუნეში ადამიანმა მიაღწია უკეთესი ცხოვრების პირობებს, კაცობრიობას კიდევ ბევრი აკლდა კეთილდღეობის მიღწევისთვის, რადგან ძალიან დიდი იყო განსხვავება მდიდარსა და ღარიბს, ძლიერსა და უძლურს შორის. უთანასწორობის აღმოფხვრის საშუალებად ილია ჭავჭავაძეს საზოგადოების თვითქმომედება, კერძოდ, ლიტერატურული მუშაობა მიაჩნდა.
„ყოველივე წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედობს მთელი კაცობრიობა, იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამოდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს. ადამიანი ცალკედ ერთი სუსტი და უღონო დანაბადია; მისი სულიერი და ხორციელი ბუნება ისეა აგებული, რომ ცალკე ყოფნით, მარტო ყოფნით, ვერას-გზით ვერ მიაღწევს ბედნიერებას. უკეთესი გაწყობლება ის არის, საცა თითოეულს ამათგანს თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს, საცა თითოეული მათგანი ისეა მოთავსებული, რომ თავის სრული უფლება მიწყული აქვს. ერთი უწმინდესი და უდიდესი მოვალეობა და საგანი ყოველ საზოგადოდ მომქმედ საერთოდ და ლიტერატურისა ცალკედ – ის არის, რომ ამ ყოფამდე მიაღწევინოს სახელმწიფოს, საზოგადოებას და ადამიანს, და ერთმანეთში თითოეული მათგანი სრულის კუთვნილის უფლებით და მოვალეობით მოათავსოს”.
ქართული პრესა ხშირად წერდა საქველმოქმედო საქმიანობის, ღარიბი მოქალაქეების დახმარების შესახებ. რედაქციებს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცალკეული მცდელობები უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ვერ დაიხსნიდა სიღარიბისგან, ამიტომ ცდილობდა, რომ მკითხველისთვის სოლიდარულობის და საზოგადოებრივი აქტიურობის სასიკეთო მაგალითებით შთაეგონებინა.
„ამისთანა მაგალითები ჩვენ მხოლოდ იმისთვის მოგვყავს, რომ უჩვენოთ მკითხველს, რა საშუალებას ხმარობს და როგორ ზრუნავს საზოგადოება იმ ბედისაგან განრისხებული პირების საშველათ, რომელნიც თავის უგანათლებულესს ქვეყნებში აუარებელნი მოიპოვებიან”, – წერდა სერგეი მესხი წერილში „რა მოსპობს სიღარიბეს?”.
ქართული პრესა ძირითადად იშველიებდა სოლიდარულობისა და საზოგადოებრივი თვითორგანიზების მაგალითებს ევროპიდან. მაგალითად, ინგლისის სოფლებში მოქმედებდა მთავრობის მიერ შექმნილი კომიტეტები, რომლებიც ღარიბების საცხოვრებლით უზრუნველყოფდა. მცირე ქალაქებსა და და დაბებში ფუნქციონირებდა სახლები, სადაც უფასო საკვებსა და ღამის გასათევს სთავაზობდნენ. ეს სახლები მთავრობის დოტაციით და კერძო პირების შემოწირული თანხებით საზრდოობდნენ.
წერილი „სალამი” სერგეი მესხის ევროპაში ყოფნის დროსაა დაწერილი. მესხი სტატიაში აღწერს ევროპაში ნანახსა და განცდილს და მკითხველს აცნობს ევროპის „უკეთესის ცხოვრების” მაგალითებს.
„(შვეიცარია და საფრანგეთი) ორივე უსაყვარლესი და უბედნიერესი ხალხია ამ ჟამად მთელს ევროპაში. ორთავესი ცხოვრება და საზოგადოებრივი განწყობილება სამაგალითოა და თვალის ამხილველია განსაკუთრებით იმისთანა ქვეყნიდან მოსული კაცისთვის, როგორიც მე ვარ”, – წერდა სერგეი მესხი საფრანგეთისა და შვეიცარიის შესახებ.
საფრანგეთი ინდივიდის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანად არის წარმოჩენილი, რომელიც იმ მყოფ ყველა ადამიანს ამავე გრძნობებს განუმტკიცებს. შვეიცარიაში მესხს ყველაზე მეტად სტაბილურობა იტაცებდა: ალპების მთებში მცხოვრები ხალხი თავისუფლად და უშიშრად სულდგმულობდა, არ აწუხებდათ პოლიტიკური არასტაბილურობა, მთავრობა არ ავიწროებდა მოქალაქეებს, სოციალური უსამართლობა ამ ქვეყანისთვის უცხო იყო:
„(შვეიცარია) მიჩვენებდა იმის მაგალითს, – თუ როგორ უნდა ცდილობდეს, რამდენ მსხვერპლსა უნდა სწირავდეს ყოველი კერძო პირი და მთელი ხალხი, თუ კი ჰსურს, რომ უბედურის, საზოგადოების დამამცირებელის მცდგომარეობიდამ თავი დაიხსნას და უკეთესს წარმატების გზას დაადგეს”.
მესხი წუხდა, რომ საქართველოში საზოგადო საკითხების ნაცვლად პირადი ინტერესებისთვის ზრუნავენ, სიყვარულის მაგიერ სიძულვილია გამეფებული, შრომისმოყვარეობის ნაცვლად – უზრუნველობა.
„უცხო ქვეყნებისა და ხალხების დანახვამ, ჩემი ქვეყანა და ხალხი უფრო მომეტებულად შემაყვარა. იმათ ცხოვრების გაცნობამ საუკეთესო მომავლის იმედი და მომეტებული ენერგია აღძრა ჩემში… ეს იმედი იქნება ჩემი წინამძღომელი და ენერგია ჩემი საქმის წინ წამწევი. სალამი მკითხველს!..”