საქართველოში მასწავლებლების ანაზღაურების პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მათ ღირსეული ანაზღაურებითა და შრომის პირობებით – ვკითხულობთ „პროგრესული ფორუმის“ მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში, რომელშიც, ერთი მხრივ, აღწერილია მასწავლებლის ანაზღაურების მოქმედი მოდელის გამოწვევები, მეორე მხრივ კი, წარმოდგენილია ის ძირითადი პრინციპები და თვალთახედვა, რომლებსაც უნდა ეყრდნობოდნენ გადაწყვეტილების მიმღებნი მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის შემუშავებისას.
განათლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორია საქართველოში – მასწავლებლის საბაზო ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყანაში დასაქმებულთა საშუალო თვიურ ნომინალურ (2044.5 ლარი) ანაზღაურებას.
გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის ცვლილება დააანონსა. საბოლოო დეტალები სახელფასო ფორმულის გამოთვლის შესახებ მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი, ივლისიდან კი პედაგოგებს ახალი სახელფასო ფორმულით დაანგარიშებული ხელფასი დაერიცხათ.
ახალმა ფორმულამ მასწავლებლების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. პედაგოგები ამბობენ, რომ ახალი სახელფასო პოლიტიკით „იმედგაცრუებულები არიან“, მათი მოლოდინი არ გამართლდა და „თავს მოტყუებულად მიიჩნევენ“.
„ეს არ არის სახელფასო პოლიტიკა – ეს არის უბრალოდ დაანგარიშების ფორმულა“
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის – „მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა საქართველოში“ – ავტორი მეგი ქადაგიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას, ერთი მხრივ, აფასებს ახალ სახელფასო ფორმულას, მეორე მხრივ კი, იმ რეკომენდაციებზე გვესაუბრება, რომლებიც მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ.
„დაპირების მიუხედავად, ის, რაც სამინისტრომ მასწავლებლებს საბოლოოდ შესთავაზა, ეს არ არის სახელფასო პოლიტიკა, ეს არის, უბრალოდ, დაანგარიშების ფორმულა. შემოთავაზებულ ცვლილებებს ვერ დავარქმევთ პოლიტიკას იმიტომ, რომ ის არ ითვალისწინებს პედაგოგების საჭიროებებს“, – ამბობს მკვლევარი და მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის დაგეგმვისას იმ მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც შემოთავაზებული ფორმულით, მისი შეფასებით, უგულებელყოფილია.
პირველი – მკვლევარი ამბობს, რომ შემოთავაზებული ფორმულა არ ითვალისწინებს ანაზღაურების დაგეგმვას გრძელვადიან პერიოდზე. მაგალითისთვის, ახლა ვიცით, რომ მით მეტია ანაზღაურება, რაც მეტ საათს მუშაობს მასწავლებელი, მაგრამ არ ვიცით, მომდევნო წლებში როგორ უნდა გაიზარდოს ის.
მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში პედაგოგისთვის ანაზღაურების მომატების დაგეგმვის ერთადერთი გზა საათების დათვლა და საათობრივი დატვირთვის გაზრდაზე ზრუნვაა, რათა მეტი ანაზღაურება მიიღოს.
„ვიცით, რომ ჩვენნაირი საგანმანათლებლო საზოგადოების პირობებში, სადაც ისედაც მწვავე პოლიტიზებული გარემოა, ნებისმიერი პატარა ბერკეტი, რომელიც გადაწყვეტილების მიმღებს აქვს, ძალიან აზარალებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ეხებათ ეს ცვლილება. საათობრივი ანაზღაურება შესაძლოა ასეთ ბერკეტად იქცეს და ჩვენ ამის მაგალითები აქამდეც გვქონია.
საათობრივი განაწილება მასწავლებლებს შორის სრულად მინდობილია დირექტორს და ამ შემთხვევაში თუ დირექტორი არაკეთილსინდისიერად ანაწილებს ამ საათებს, პოლიტიკური მიზნით ან პირადი ინტერესით, მასწავლებელი რჩება სრულიად დაუცველი, მით უფრო, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებლების ლობისტი ორგანიზაციები, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდგომ, მუდმივად არიან, ხოლმე, თავდასხმის ობიექტები“, – ამბობს ის.
მეორე – მკვლევრის შეფასებით, პრობლემურია ის, თუ რა გახდა ახალი ფორმულით აღიარებული და წახალისებული. როგორც პოლიტიკის დოკუმენტში ვკითხულობთ, სამართლიანობა, დემოკრატიულობა, თანასწორობა, გამჭვირვალობა, კეთილდღეობა, თანმიმდევრულობა – ის ძირითადი პრინციპებია, რომლებსაც უნდა მოიცავდეს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა.
ის მიიჩნევს, რომ ხელფასის დაანგარიშების ახალი ფორმულით, დარღვეულია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი – სამართლიანობის პრინციპი.
ახალი ფორმულით მნიშვნელოვნად შემცირდა მასწავლებელთა სტატუსის დანამატები. მკვლევრის შეფასებით, დანამატის სიმცირიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია უმაღლესი განათლება და სტაჟი.
მაგალითისთვის, კვალიფიკაციის შესაბამისად, დანამატი შემდეგნაირად ნაწილდება:
- ბაკალავრის სტატუსის მქონეს – 20 ლარი;
- მაგისტრის სტატუსის მქონეს – 40 ლარი;
- დოქტორის სტატუსის მქონეს – 100 ლარი.
სამუშაო სტაჟის შესაბამისად კი:
- 0-დან 5 წლის ჩათვლით – 15 ლარი;
- 5-დან 10 წლის ჩათვლით – 30 ლარი;
- 10 წლის ზემოთ – 45 ლარი;
„თუ ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი სისტემისთვის არის შედეგზე, ხარისხზე ორიენტირებულობა, საპირისპიროდ ამისა, შემოთავაზებული პოლიტიკა ამბობს, რომ ის კი არაა მნიშვნელოვანი, მასწავლებელი განგრძობითად აუმჯობესებდეს თავის მიღწევებს, პროფესიული კუთხით თუ სწავლის ხარისხით, არამედ მნიშვნელოვანია, რამდენ საგაკვეთილო საათს ჩაატარებს.
სიახლე არ არის, რომ ჩვენს სასკოლო საზოგადოებაში კოლეგებს ხშირად უწევდათ საათებისთვის დაპირისპირება. ახლა ეს კიდევ უფრო წახალისდება. შიშით ელოდებიან მასწავლებლები სექტემბრის მოსვლას, ფიქრობენ, რომ ვიღაცას დააკლდება სამუშაო საათი, ვიღაცას მოემატება და ა.შ.
ისეთი სასკოლო კულტურა, სადაც მასწავლებლებს დირექტორის შიში აქვთ, კოლეგები ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ, მეტყველებს იმაზე, რომ ხარისხიანი სწავლა, როგორც ღირებულება და პრინციპი, არ არის ამ მოდელისთვის პრიორიტეტი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის მხარდაჭერასაც სამინისტრო ცდილობს“.
მესამე პრობლემური საკითხი, რომელზეც მკვლევარი საუბრობს, ეს არის თავად პროცესი – როგორი შეიქმნა სახელფასო ფორმულა. მისი შეფასებით, ცვლილებები დაჩქარებულად, დაუგეგმავად და არაორგანიზებულად გატარდა – იმ პირების ინტერესებისა და საჭიროებების ნაკლებად გათვალისწინებით, რომელთაც ეს ცვლილებები პირდაპირ ეხებათ.
როგორ დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი ახალი სახელფასო ფორმულით?
ახალი ფორმულით მასწავლებლის ხელფასი დაანგარიშდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა:
- მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
- საათობრივი დატვირთვა;
- სამუშაო სტაჟი;
- დანამატები (კლასის დამრიგებლობა, არაქართულენოვან სკოლაში სწავლება, მთიანი დასახლება და სხვა).
ახალი ფორმულის მიხედვით, გაქრა საბაზო ანაზღაურების აქამდე არსებული ცნება და ნაცვლად ამისა, ანაზღაურება განისაზღვრა საათობრივი პრინციპით, შესაბამისად, რაც მეტია სამუშაო დატვირთვა – მით მეტია ანაზღაურება.
უფრო კონკრეტულად კი საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება სამჯერ გაიზარდა (1 საათი – 94 ლარიდან) და როგორც სამინისტროში განმარტავენ, საერთო ჯამში ამგვარად გაზრდილმა ანაზღაურებამ, ძირითადად, მოიცვა როგორც ძველი დანამატები, ასევე საბაზო ხელფასი.
მნიშვნელოვნად შემცირდა სტატუსის დანამატი. წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატს შორის დიდი სხვაობა აღარაა, უფროსი მასწავლებლის დანამატი კი აღარ არსებობს.
სტატუსის მიხედვით მასწავლებლები იყოფიან უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებად. თითოეული სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგებმა დააკმაყოფილეს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, როგორც მასწავლებლები ამბობენ, სახელმწიფომ აღიარა მათი საქმიანობა და მიანიჭა კვალიფიკაცია, რაც წახალისებული იყო შესაბამისი დანამატით.
როგორც მასწავლებლები ამბობენ, ახალმა სახელფასო ფორმულამ სამივე სტატუსის მქონე მასწავლებლები დააზარალა და მათ მიერ გაწეული შრომა ავტომატურად უგულებელყო, კერძოდ, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დანამატიანად აღარ ფიგურირებს დოკუმენტში. წამყვან-მენტორ მასწავლებელთა სტატუსის დანამატი მესამედამდე შემცირდა. წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი შემცირდა და გახდა 150 ლარი; მენტორი მასწავლებლის – 300 ლარი.
გასულ წელს სტატუსის დანამატი სრული დატვირთვის შემთხვევაში იყო: წამყვანი – 1175 ლარი; მენტორი – 1475 ლარი (გადასახადების ჩათვლით).
განათლების სამინისტროს მონაცემებით, მენტორ მასწავლებელთა რაოდენობა იყო 722, ხოლო წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე – 8 658.
ხელფასის მომატებაზე მასწავლებლების მოლოდინი ეფუძნებოდა მთავრობის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდებოდა.
ციფრებში მთავრობის დანაპირები:
- 500 ლარით ხელფასი ეზრდება 21 000-მდე მასწავლებელს;
- 600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს;
- 700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს;
- 800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს;
- მასწავლებელთა დაახლოებით 25%-ს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ ახალი და ძველი წესებით დაანგარიშებულ ხელფასებს შორის სხვაობა არ იწვევს 200 ლარის ოდენობით ხელფასის ზრდას, მაშინ მასწავლებელს საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, მიეცემა გაზრდილი ანაზღაურება, მინიმუმ, 200 ლარის ოდენობით.
პედაგოგები ამბობენ, რომ მართალია, საერთო ჯამში ხელფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა მატება საათობრივ ხარჯზე მოხდა და „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თითქმის არ შეიცვალა“ ან თუ შეიცვალა, ამის საკომპენსაციოდ საჭირო გახდა ორი წლით 200-ლარიანი დანამატის გაცემა, რამაც „მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთა უმეტეს ნაწილში გულისწყრომა და მოტივაციის დაცემა გამოიწვია.“
რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა
მერი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ მოცემულ რეალობაში, მას შემდეგ, რაც სახელფასო ფორმულამ მასწავლებლების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ მოლაპარაკებებისა და დისკუსიისთვის ფორმატი შექმნას, რომელშიც ჩაერთვებიან პედაგოგები, მასწავლებელთა ლობისტი და უფლებადამცველი ორგანიზაციები.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ დაკარგული ნდობის აღდგენაზეც იმუშაოს.
„სრულიად დაკარგული აქვს საგანმანათლებლო საზოგადოებას ნდობა გადაწყვეტილების მიმღებებისადმი და ნებისმიერი, ეს თუ სხვა, გადაწყვეტილება აღიქმება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად, რომლის შედეგადაც ვიღაცები ხალისდებიან, ვიღაცები ისჯებიან.
გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მოცემულობა შენარჩუნდება არჩევნების პირობებშიც, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პერიოდი დაეთმობა ნდობის აღდგენას და ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომლებიც არ ეხება პირდაპირ მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკას, მაგრამ არის ამასთან კავშირში. მაგალითად – მასწავლებლის დაქირავების პრინციპი, სკოლისთვის უფრო მეტი ავტონომიის დაბრუნება, სკოლის დირექტორთა თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა.
ეს დაგვეხმარება იმაში, რომ თავად საგანმანათლებლო საზოგადოებას ჰქონდეს რწმენა, რომ მათი ფუნქცია არის განათლების სისტემის გაძლიერება და რომ ისინი არიან დაცულები, როგორც მშრომელები, როგორც განათლების მუშაკები.“
როგორც მერი ქადაგიძე ამბობს, შემოთავაზებულმა ფორმულამ საათობრივი დატვირთვის გამო, ფაქტობრივად, მოსპო იმის რესურსი, რომ ახალი კადრები შევიდნენ სკოლაში, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მიზნობრივი ფონდებით დაფინანსების სისტემა შეიქმნება სკოლებისთვის, რომლებიც დეფიციტურ საგნებში (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა) მიიღებენ მასწავლებლებს, ფიქსირებულად უფრო მაღალი ანაზღაურებით და ამგვარად გამოთავისუფლდება სივრცე ახალი კადრებისთვის.
რეკომენდაციების ნაწილში პოლიტიკის დოკუმენტში კიდევ რამდენიმე საკითხზეა გამახვილებული ყურადღება:
- შემუშავდეს მასწავლებლების ანაზღაურების ზრდის საშუალოვადიანი დაგეგმვის მექანიზმი. მასწავლებლების სახელფასო ზრდისა და ზოგადად, ბიუჯეტირების ეფექტიანი საშუალოვადიანი დაგეგმარება უფრო პროგნოზირებადს გახდის პროფესიის განვითარებასა და მასწავლებლებს მატერიალური კეთილდღეობის ზრდის მკაფიო გეგმას შესთავაზებს.
- გადაიხედოს მასწავლებლების მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის წესი. აღნიშნული განიმარტოს არა მასწავლებლების კვალიფიკაციის, არამედ სამუშაო დატვირთვის მიხედვით. მინიმალური ანაზღაურება უნდა დადგინდეს მასწავლებლებისთვის, რომელთა კვირეული დატვირთვაც 5 საათს არ აღემატება, ასევე, მაძიებელი და დღეის მდგომარეობით სტატუსის არმქონე მასწავლებლებისათვის.
- შემუშავდეს მიზნობრივი პროგრამები მაღალი შესაძლებლობების მქონე მასწავლებლების პროფესიაში მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.
- შემუშავდეს მასწავლებლების პროფესიული კეთილდღეობის მხარდაჭერის პროგრამა და მასწავლებლების პროფესიული კეთილდღეობის რეალურ დროში შეფასების მექანიზმი.
რას მოითხოვენ პედაგოგები – საჯარო წერილი პრემიერს
პედაგოგთა კრიტიკის პასუხად სამინისტროში ამბობენ, რომ მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით „მიზანმიმართულად მიმდინარეობს ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის დაზიანება და სახელფასო რეფორმის დაკნინება“. უწყებაში ცრუს უწოდებენ ინფორმაციას, რომ თითქოს მასწავლებლებს ხელფასი აკლდებათ და წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხარჯზე ხდება უფროსი პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდა.
18 ივლისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა წერილით მიმართა.
როგორც წერილშია ნათქვამი, ახალი სახელფასო ფორმულით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ე.წ. საბაზო ხელფასის მატების კუთხით. საათის ღირებულების გაზრდით პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება გახდა მაღალი, რაც მისასალმებელია, თუმცა სახელფასო ანაზღაურების მატების პარალელურად შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები, როგორც ხელფასის მატების კუთხით, ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და მიღწევების გაუფასურებით.
მასწავლებელთა საზოგადოება ფიქრობს, რომ სახელფასო ფორმულის შედგენაში მონაწილე პირებმა, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ გაითვალისწინეს ქართული სკოლების სპეციფიკა და ინდივიდუალური საჭიროებები.
მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრს სთხოვს, სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით გადაიხედოს არსებული ბრძანება და შემუშავდეს ახალი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედაგოგის შრომითი უფლებების დაცვას, მიღწეული პედაგოგიური კვალიფიკაციის, უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის სათანადოდ დაფასებას და სქემით განსაზღვრული დანამატის აღდგენას, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ ანაზღაურებასთან.
ამ დრომდე წერილს მთავრობის ადმინისტრაციაში არავინ გამოხმაურებია.