29 იანვარს 28 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებოდათ. სოცმუშაკების გათავისუფლების მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ – კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე დაატოვებინეს სამსახური.
გათავისუფლებული სოციალური მუშაკები „პუბლიკასთან“ მიმდინარე საქმეებზე, გამოცდილებასა და გათავისუფლების შესახებ საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ.
ციცო გვენეტაძე
„200 საქმეს ვხელმძღვანელობდი. სასწრაფოდ გასაკეთებელი და გადასაწყვეტი 7 საქმე მქონდა. ყველა ეს საქმე დამატოვებინეს და წამოვედი. მაინტერესებს, რა დავაშავეთ, რისთვის მოხდა ეს ყველაფერი?“, – ამბობს გათავისუფლებული სოცმუშაკი ციცო გვენეტაძე.
ის ვაკე-საბურთალოს რაიონის უკვე ყოფილი სოციალური მუშაკია. 2002 წელს ჩვილ ბავშვთა სახლში ექიმად მუშაობდა. როგორც ამბობს, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო და 2009 წლიდან უკვე სოციალურ მუშაკად დაიწყო მუშაობა.
„საუკეთესო, კომპეტენტური სოციალური მუშაკები, რომლებსაც მართლა შეუძლიათ ხმა ამოიღონ და ამ სფეროში ცვლილებები განახორციელონ, სწორედ ისინი გაგვათავისუფლეს სამსახურიდან“.
ამბობს, რომ მისი ხელფასი 600 ლარი იყო, აქედან რეალურად 300 ლარი რჩებოდა, რადგან ოჯახებში ვიზიტი საკუთარი სახსრებით და ოჯახის დახმარებით უწევდა.
„სულ ველოდებოდით, რომ ეს შრომა დაგვიფასდებოდა. აუცილებლად მოიმატებდა ხელფასები და გაუმჯობესდებოდა პირობები. დღის განმავლობაში სულ გასული ვიყავი, ღამეც, შაბათ-კვირას დასვენებები არ გვქონია, სულ ვმუშაობდით. გაფიცვის შედეგად ასე თუ ისე რაღაც თვალსაზრისით პირობები გაუმჯობესდა, დაიწყო ხელფასის მატება. მაგრამ მოულოდნელად გამოგვიცხადეს, რომ 1 თებერვლიდან სამსახური აღარ გვაქვს“.
ციცო გვენეტაძე ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი აქტიურობა და გაფიცვაში მონაწილეობაა. როგორც ამბობს, ხედავდნენ პრობლემებს და ამაზე ლაპარაკობდნენ, რაც, სავარაუდოდ, მათი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
„ახლაც მირეკავენ ბენეფიციარები, მეკითხებიან, როგორ მოიქცნენ, ვერ ვეუბნები, რომ აღარ ვმუშაობ. ისედაც ტრავმირებული არიან. 17- 18 წელი რომ მუშაობ ადამიანთან და როგორც დედას ისე გიყურებს, მისთვის ძალიან ძნელია, უცებ გააცნობიეროს, რომ სხვა ხასიათის და უნარ-ჩვევების სოციალურ მუშაკთან უნდა მოხვდეს“.
ციცო გვენეტაძისთვის გაუგებარია, რა გახდა მისი გათავისუფლების წინაპირობა, რადგან ამბობს, რომ კონტროლის დეპარტამენტს მის საქმიანობაში არასოდეს აღმოუჩენია დარღვევა.
გვანცა შეროზია
გვანცა შეროზია 2008 წლიდან 2012 წლამდე სოცსააგენტოს ძველი თბილისის სერვისცენტრში მუშაობდა. შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა. 2014 წელს კი გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მუშაობა ისან-სამგორის სერვისცენტრში გააგრძელა.
2020 წლის 29 იანვარს შეტყობინება მიიღო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„პირველი, უცებ რაც იყო, მობილიზება გავაკეთე, როგორ შეიძლებოდა სამი დღის განმავლობაში ყველა ოჯახში მივსულიყავი და მათთვის მეთქვა, რომ ასე მოხდა და მე ვერ ვიქნებოდი მათი სოციალური მუშაკი. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში მისვლა ვერ მოვახერხე. ყველა ბავშვს ვერ დავემშვიდობე.
ვერ წარმომიდგენია საქმეების ის რაოდენობა, რომელსაც მე თვის მანძილზე ვაწარმოებდი, ასე მოულოდნელად, სპონტანურად სხვა სოციალურმა მუშაკმა გადაიბაროს“.
გვანცა ამბობს, რომ მისი სამუშაო გრაფიკი იწყებოდა 9 საათზე, მაგრამ არასოდეს მთავრდებოდა 6 საათზე: „იყო შემთხვევები, როცა დღეში 5 ოჯახში მიწევდა მისვლა. ძალიან ბევრი საქმე იყო. სასამართლო პროცესებზე სიარული გვიწევდა, ასევე საპროცესო წარმომადგენლობა არასრულწლოვნების, რომლებიც დღის განმავლობაში მოიცავდა 5 -6 საათს. ბევრ სხვადასხვა ქეისზე მიწევდა გასვლა და მუშაობა“.
გვანცა შეროზია ჰყვება, რომ როდესაც სოცმუშაკი სამსახურიდან მიდის, ერთი თვით ადრე წერს განცხადებას. ამ ერთი თვის განმავლობაში თავის საქმეებს აწესრიგებს და აბარებს სხვას, რომ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის ტრამვული არ იყოს მოულოდნელი ცვლილება.
„საერთოდ ვერაფერს ვერ ვუკავშირებ ჩემს გათავისუფლებას. ეს იმდენად მიულოდნელი იყო, არ მაქვს პასუხი შეკითხვაზე – რატომ გაგვათავისუფლეს?“.
მისი თქმით, კონტროლის დეპარტამენტი ის მექანიზმი იყო, რომელიც სოცმუშაკების სამუშაოს ამოწმებდა, მათ შორის საქმეებს და შესაბამის დასკვნას დებდა.
„არცერთხელ არცერთ გათავისუფლებულ სოცმუშაკს, მათ შორის მე, შენიშვნა ან საყვედური არ მიგვიღია.
ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი არის უბრალოდ მითხრან, ამიხსნან, რის საფუძველზე მოხდა ჩემი გათავისუფლება. თუ იგეგმებოდა, რატომ არ იყო უფრო ადრე ჩვენთვის ცნობილი, რომ გადაბარების, პროცესი უმტკივნეულოდ მომხდარიყო და ბენეფიციარების ინტერესები არ ყოფილიყო შელახული.
ვერ ვიგებ, არ მესმის და მჭირდება ამაზე პასუხი, სხვას არაფერს ვითხოვ დღეს, ამ ეტაპზე. შემდეგ უკვე სამართლებრივად ვაპირებ პროცესის გაგრძელებას“.
თეა მაღრაძე
თეა მაღრაძეს სოცმუშაკად მუშაობის გამოცდილება ორ რაიონში აქვს – გლდანი-ნაძალადევის და ძველი თბილისის. 2011 წლიდან სოციალური მუშაკია.
„9-წლიანი გამოცდილების ფონზე – ვერ წარმოიდგენთ რამდენ წვიმაში, თოვლში, ქარში… მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი რომ მიდიხარ გადაუდებელ შემთხვევაზე და ასეთი უამრავია; უმეტესწილად არ არსებობს უქმე დღეები, ხშირად ღამის პირველის ნახევრამდე ვერ შედიხარ სახლში. ყველა სოციალური მუშაკის უკან დგას შვილები, არასრულწლოვანი შვილები, რომელთაც ასევე მშობლის მზრუნველობა სჭირდებათ.
ამ წლების განმავლობაში გვიმატებდნენ მიმართულებებს, გვემატებოდა საქმეების რაოდენობა და ამას ჩვენი ფიზიკური რესურსი ვერ სწვდებოდა და სრულფასოვნად სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას არ იძლეოდა.
როდესაც არ იყო რეაგირება, არ იცვლებოდა არაფერი, მივხვდით, რომ შეუძლებელი იყო ამ სამუშაოს შესრულება. იძულებული გავხდით შრომითი დავა დაგვეწყო ჩვენს დამსაქმებელთან და მივედით გაფიცვამდე. სიტყვიერი დაპირების შემდეგ ჩვენ მაინც დავუბრუნდით ჩვენს საქმიანობას.
ათასობით ადამიანია ჩვენ უკან, ათასობით ბავშვი, ძალადობაგანცდილი და შეჭირვებული ადამიანი“.
თეა მაღრაძე ამბობს, რომ სწორედ გაფიცვა, აქტიურობა და სიმართლის თქმა გახდა, სავარაუდოდ, მათი გათავისუფლების მიზეზი.
„არცერთი ჩვენგანი არ მოელოდა, რომ გაუშვებდნენ, ისედაც მწირი რესურსის პირობებში. იანვარში იყო შეხვედრა პარლამენტში და საზეიმო ვითარებაში გადმოგვცეს სერტიფიკატები, რომ წარმატებით გავიარეთ ეს ტრენინგკურსი და ტესტირება. საკმაოდ მაღალი ქულები ავიღეთ ამ ტესტირების დროს.
სრულიად გაუგებარი იყო ჩვენთვის ამ წლების შემდეგ, ამ არანორმალური დროის, შრომის, ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად რომ გვიჯდებოდა, სამი დღით ადრე იმის მოწერა, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფლებული ვართ“.
თეა მაღრაძე იხსენებს, რომ გასაუბრება, სადაც რეორგანიზაციის შესახებ იყო საუბარი, ნოემბერში ჩატარდა. მისი თქმით, გასაუბრება, რომელსაც ტრეფიკინგის ფონდის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა, გაცნობითი ხასიათის იყო. როგორც ამბობს, რამდენიმე ზოგადი კითხვით შემოიფარგლნენ – როგორ ხედავდა ის სისტემის განვითარებას.
თეა მაღრაძე იმ დღეს იხსენებს, როდესაც გათავისუფლების შესახებ შეიტყო.
„ვიყავი ვიზიტზე ერთ-ერთ ოჯახში, როცა ჩემმა კოლეგამ დამირეკა და მითხრა, რომ თეა სანამ შენ ნახავ, ძალიან განვიცდით და ჩვენ გეტყვით, შენთან დაკავშირებით არსებობს ეს შეტყობინება და ვამჯობინეთ გვეთქვა, ვიდრე შენს ელექტრონულ კანცელარიაში პირდაპირ ნახავდი. იცოდნენ, რომ ძალიან დიდი სტრესი იქნებოდა ჩემთვის. ეს გავიგე ზუსტად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სატელეფონო ზარით.
ამ მომენტისთვის ფსიქოლოგიურად არ მაქვს ძალა, დავურეკო ოჯახებს და შევატყობინო ამის შესახებ, მაგრამ თვითონ ვინც მელოდება და მირეკავენ, ვეუბნები რომ მე აღარ ვარ სოციალური მუშაკი. არ დამავიწყდება პირველი ბენეფიციარი ქალბატონი, რომელმაც შეიცხადა, რა მეშველებაო. კიდევ ურთულესი მომენტია კონფიდენციალობა, პირადი ცხოვრების მოყოლა და განდობა ადამიანისთვის და ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაციაა, მით უმეტეს, ძალადობასთან დაკავშირებული, რომელთა შესახებაც ადამიანს შეიძლება აღარ მოუნდეს სხვასთან საუბარი“.
როგორც თეა მაღრაძე ამბობს, გათავისუფლებული სოცმუშაკების აზრით, ეს პირდაპირ უკავშირდება გაფიცვას, რადგან გათავისუფლებული სოცმუშაკების უმეტესობა გაფიცვაში იღებდა მონაწილეობას. მისი თქმით, პირველად მოხდა როდესაც საჯარო მოხელეები სისტემას დაუპირისპირდნენ და ხარვეზებზე ხმა ამოიღეს. ამბობს, რომ რადგან მაშინვე ამ ადამიანებს ვერ გაუშვებდნენ, ზუსტად ერთი წლის შემდეგ რეორგანიზაციის სახელით გაუშვეს.
„ჩვენი გათავისუფლება საჩვენებელი ღონისძიებაა სისტემაში დარჩენილი სოციალური მუშაკებისთვის, რომ ხმა არასდროს არ ამოიღონ“.