გიორგი თოფურია 2018 წლიდან ხელოვნების მუზეუმში ქართული ხელოვნების განყოფილებაში კურატორის თანამშემწედ მუშაობდა. ის ერთ-ერთია მათგან, ვინც წინა კვირაში შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი პროტესტის ნიშნად დატოვა.
გიორგი თოფურია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი მინისტრად დაინიშნა და შეიცვალა მუზეუმის მართვის სტრუქტურა, შეიქმნა დირექტორატი და ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დაინიშნა ნიკა ახალბედაშვილი, მუზეუმთან მიმართებით ბევრი პრობლემური გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც მუზეუმის თანამშრომლების უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის იმ თანამშრომლების, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან სამუშაო ადგილზე.
გიორგი თოფურიამ „პუბლიკას“ მოუყვა მუზეუმში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რამაც მისი თქმით, იძულებულნი გახადა, დაეტოვებინა სამუშაო ადგილი.
თოფურია აღნიშნავს, რომ მუზეუმში დასაქმებულები მზად იყვნენ ახალ ხელმძღვანელთან თანამშრომლობისთვის. აღებული ჰქონდათ პასუხისმგებლობა და მთელი ამ ხნის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს.
როგორც თოფურია ამბობს, სამსახურიდან წასულ თანამშრომლებსა და მუზეუმის ხელმძღვანელობას ბევრ საკითხზე ჰქონდათ განსხვავებული აზრი, თუმცა მუზეუმიდან წასვლის გადაწყვეტილება ერთ-ერთი თანამშრომლის სამსხურიდან დათხოვნის გამო მიიღეს. ის ამბობს, რომ ეს საკითხი სცდებოდა სამსახურებრივ – საქმიან საკითხს და მორალურ, ეთიკურ ჭრილში გადადიოდა.
„ნინო (სახელი შეცვლილია) მუზეუმში 2018 წლიდან მუშაობდა. ისიც ხელოვნებათმცოდნეა, ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრის წოდება აქვს. ასრულებდა საფონდო სამუშაოს.
მუშაობდა რუსული ფონდის განყოფილებაში კურატორის თანამშემწედ და ასევე იყო კურატორის თანაშემწე ნაქარგობის ფონდში. ყველანაირი პროფესიული ნორმების დაცვით, ყველანაირი თვალსაზრისით, უდიდესი სამუშაო გასწია, კურატორებსა და რესტავრატორებთან ერთად. ყველა ექსპონატი გაციფრულდა. ძალიან დიდი დახმარება გაუწია შეჯერების პროცესს. ახალმა დირექტორმა ნინო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე“, – ამბობს ის.
მისივე თქმით, მოგვიანებით პირად საუბრებში გაირკვა, რომ ახალ დირექტორს ნინოს მუშაობის ტემპი არ მოეწონა.
„შეუძლებელია იქ სწრაფად მოხერხდეს მუშაობა, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი 2 ფონდში მუშაობს. დღის ერთ ნაწილს ის უთმობდა რუსულ ფონდს, მეორე ნაწილს კი –ნაქარგობის ფონდს. როგორც გითხარით, სრულიად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა ახალგაზრდა, პროფესიონალური კადრი, მით უმეტეს საქართველოში და იმ სივრცეში, სადაც ნაკლები შემოსავალია ყოველთვის, ხელფასი დაბალია და ჩვენ ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმის ხარჯზე ვასრულებთ ამ საქმეს, ნებისმიერი ხელმძღვანებლობის პირობებში“, – ამბობს თოფურია.
მისივე თქმით, ნინოს სამსახურიდან გათავისუფლების მეორე დღეს ეცადა, შესულიყო მუზეუმში, მაგრამ ამის ნება არ მისცეს. საბოლოოდ, მაინც მოახერხა დირექტორთან, ნიკა ახალბედაშვილთან შეხვედრა.
„შემდეგ მოხდა ის, რაც ყველანაირ ეთიკურ ფორმას სცილდება. საუბრის ნაცვლად დირექტორის მხრიდან პირდაპირი მნიშვნელობით იყო ყვირილი – „გაეთრიე გარეთ“. ამ ყვირილზე დაცვა შემოვარდა და ნინო გააგდეს ოთახიდან, შემდეგ უკვე მუზეუმიდან… ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ეს იყო უკვე მორალური და ეთიკური საკითხი, რაც დაემატა სხვა მიზეზებს, რის გამოც გადავწყვიტეთ წამოსვლა“, – ამბობს გიორგი თოფურია „პუბლიკასთან“.
თოფურიას თქმით, მუზეუმის თანამშრომლებისთვის მთავარი და ყურადსაღები იყო მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის თემა. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ უგულებელყო ახალმა ხელმძღვანელობამ უკვე არსებული, დამუშავებული გეგმა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციისა და ექსპონატების ევაკუაციის შესახებ, რატომ ჩააჩოჩეს გვერდზე ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ საკითხებზე და გულშემატკივრობდნენ პროექტს.
გიორგი თოფურია იხსენებს ხელმძღვანელობის დახურულ შეხვედრას თანამშრომლებთან. მისი თქმით, შეხვედრაზე თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა უნდა გადაეცეს ეკონომიკის სამინისტროს და უნდა დაინგრეს. მისი თქმით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყეს საუბარი შენობის ნაწილის „არარენტაბელურობაზეც“, რასაც მოჰყვა საზოგადოების მხრიდან პროტესტი.
„საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ეს თემა ყოვლად ბუნდოვანი გახდა ჩვენთვისაც კი, თანამშრომლებისთვის. იყო რაღაც გეგმა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ევაკუაცია და სად, თუმცა შემდეგ ეს გეგმაც არ განხორციელდა. არ ვიცით, რა მიზეზით. დაიხურა ყველაფერი და გაგრძელდა ჩვეულებრივ აღწერა-შეჯერების სამუშაოები“, – აცხადებს ის.
თოფურია ხაზს უსვამს, რომ მათთვის მიუღებელი იყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველის, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძის „ჩამოლაბორანტების“ საკითხი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თანამშრომლების მხრიდან აღქმული იყო, როგორც არაეთიკური და არაკოლეგიალური.
დაბოლოს, თოფურია კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის იმ განცხადებას იხსენებს, როდესაც მინისტრმა მუზეუმი მოიხსენია, როგორც „გამოშიგნული“ და აღნიშნა, რომ მუზეუმიდან ბევრი ნივთი იყო გატანილი.
თოფურიას თქმით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართული ხელოვნების ფონდის ნაწილზე და ეს მისთვის, როგორც უშუალოდ ამ ფონდში დასაქმებული პირისთვის, შეურაცხმყოფელი იყო, თუმცა, მისივე თქმით, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არანაირი დანაკლისი არ ყოფილა.
„შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ არანაირი დანაკლისი არ არის და გამოშიგნული ვერ იქნება ვერანაირად კოლექცია, ხოლო იმ ნივთებზე, რომლებიც 30-40 წლის წინ არის გატანილი, ახლაც არსებობს დოკუმენტები, რომელშიც აღწერილია, თუ სად და რა დროით არის გატანილი და გახანგრძლივება როდის ხდებოდა.
საჭირო არ იყო ასეთი ბრალდებები და არავის ამაზე ბოდიში არ მოუხდია. ეს იყო უსამართლობის განცდა“, – ამბიბს ხელოვნებათმცოდნე გიორგი თოფურია.
„ამ გადაწყვეტილებების მიზანი სამუზეუმო სფეროს კონტროლი და ცენზურაა“, – ასე აფასებენ ორგანიზაციები – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ბოლო დროს მუზეუმთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.
წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულების ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საია დაიცავენ. ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და თანამდებობიდან გათავისუფლების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა და ერთ-ერთის შემთხვევაში, განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვეს.
მათი თქმით, ათიდან რვა დასაქმებული თანამდებობიდან გაფრთხილების გარეშე გაუშვეს ან გადაიყვანეს სხვადასხვა დაბალ პოზიციაზე, ორს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელეს.
„შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, მარტივად რომ ვთქვა, ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა“; „მუზეუმის ნაწილის გამაგრება შესაძლებელია, არ იყოს რენტაბელური“; „ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები“; – ეს მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებია, რაც მიანიშნებდა, რომ მინისტრს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუტთან მიმართებით გარკვეული გეგმები ჰქონდა. მისი კულტურის მინისტრად დანიშვნიდან მალევე დაიწყო ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაცია, თანამშრომლების თანამდებობებიდან მოხსნა და ასევე, სამსახურიდან გაშვება.
„პუბლიკა“ ამ და სხვა საკითხებზე კულტურის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას რამდენიმე კვირაა, ცდილობს, თუმცა უწყების პრესსამსახური ჩვენს ზარსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. გამოცემამ უწყებიდან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა შეკითხვებზე პასუხი არც ამ ფორმით მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მიხედვითა და საქართველოს კონსტიტუციით, უწყება ვალდებულია, ინფორმაცია გასცეს.