ევრობასკეტი 2022 – რა გამოვიწერეთ და რა ჩამოვიდა 

ეკა ელოშვილი

ბერლინში ევრობასკეტის პლეი ოფის ცეცხლი აინთო. სანამ გერმანულ პარკეტზე მონსტრი დონჩიჩი, იოკიჩი, ფონტეკიო, ანტეტოკუნმპო, ვალანჩუნასი, ფურნიე და რუდი გობერტი, ხუანჩო, ვილი, ბებერი წელმტკივანი რუდი ფერნანდესი და სხვები იფრენენ, ჩვენ თბილისიდან მიწაზე დაშვებულებს მოგვიწევს საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებელ თამაშზე ფიქრი და საუბარი, რადგან დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს; რადგან ნოემბერში ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩები ელის და არავის გვსურს, ჩვენი საკალათბურთო წელი ისე დასრულდეს, როგორც ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი დასრულდაჯგუფში ბოლო ადგილით.  

ევრობასკეტის მოსამზადებელ ეტაპზე ზუროსის გუნდმა ყველა თამაში წააგო, რაც კარგად ნამდვილად არ მენიშნა, თუმცა თავს ვიმშვიდებდით, რომ მწვრთნელი სხვადასხვა სქემას ტესტავდა და ფინალური ეტაპის დაწყებისთვის ნაკრები ოპტიმალურ ფორმაში იქნებოდა. 

ამასობაში, ყველაზე უარესი დაგვემართა, რაც კი ამ ფორმაციის ნაკრებში შეიძლებოდა მომხდარიყო. ნაკრებს კაპიტანი და საკვანძო მოთამაშე, თორნიკე შენგელია გამოაკლდა. მოტეხილ მხარზე თოკოს ოპერაცია არ დასჭირდა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა ნოემბრის მატჩებისთვის კაპიტანი თამაშს. 

ფაქტი ფაქტად

ბოლო ადგილი A ჯგუფში და მხოლოდ ერთი მოგებაასე დაგვამახსოვრდება ევრობასკეტი, რომლის ჯგუფურ ეტაპსაც თბილისმა ისტორიაში პირველად უმასპინძლა. 

ფაქტია, შენგელიას არყოფნით გამოწვეული სიცარიელე ზუროსმა ვერაფრით შეავსო და ალბათ, ეს შეუძლებელიც იყო. გუნდის დაუბალანსებლობა და შემადგენლობის ოპტიმალური ვარიანტის უქონლობა პირველივე მატჩიდან ცხადად გამოჩნდა. ლიდერობა ვერ იტვირთა თად მაკფადენმა, რომელსაც თამაში არ წაუვიდა. გადაღლილი იყო გიო შერმადინი, თითქოს შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა გოგა ბითაძემ…

საბოლოოდ, ერთადერთ ნათელ წერტილად სანდრო მამუკელაშვილი შეგვრჩა, რომელიც ფიბამაც არაერთხელ გამოარჩია და ჯგუფური ეტაპის საუკეთესოებს შორისაც მოხვდაყველაზე მეტი (ოთხი) ორმაგი დუბლი, ბულგარელ სნაიპერ საშა ვეზენკოვთან ერთად. 

მაგარი ბრძოლა და ცუდი თამაში

რასაც საქართველოს ნაკრებს ამ ევრობასკეტზე ვერ დაუკარგავ, ეს გააფთრებული ბრძოლა იყო. გუნდი იბრძოდა ბოლომდე და სწორედ ამ ბრძოლის დამსახურებაა ის ერთადერთი მოგება თურქეთის ნაკრებთან, რომელიც კალათბურთის თამაშზე მეტად, ემოციური თრილერი გამოვიდა. 

ბრძოლა ბრძოლად და ის ქაოტურობა, რაც ყველა თამაშში თვალშისაცემი იყო, თან ახსნადია და თან აუხსნელი. დამუშავებული კომბინაციების არქონა თუ არშესრულება თუ ვერშესრულება, რეკორდულად ბევრის დაკარგვა, ფარის წაგება (!), პერიმეტრზე ცუდი თამაში. 

არადა, შემადგენლობიდან გამომდინარე, როცა აქცენტი ე.მაღლებზედა სამწამიან ზონაზე გვქონდა გაკეთებული, ფარის წაგება მართლა უცნაურად ჩანს. 

და კიდევ ერთი შემჩნევა: ვერც ერთ გადამწყვეტ მომენტში, როცა ჩვენებს თამაშში გარდატეხის შეტანა, „გაქცევაან სულაც მატჩის მოგება შეეძლოთ, გუნდმა მობილურად ვერ იმოქმედა. ხან მსროლელი იყო ცუდად შერჩეული (დიახ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, პერიმეტრიდან ყველა კარგად ისროდეს), ხან ბურთი დავკარგეთ და ხანაც უბრალოდ კომბინაცია ვერ გავათამაშეთ.  

მომენტებში ჩვენი გუნდი ბრწყინავდა და მართლა საუკეთესო ჰაილაითებს ქმნიდა, თუმცა ეს, ძირითადად, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ხდებოდა. ასე დაიბადა ახალი ვარსკვლავისანდრო მამუკელაშვილი, რომელიც მალე ნაკრების უპირობო ლიდერი გახდება. 

ზუროსი

ტირილი არ უნდა დავიწყოთ, საქმე უნდა გავაგრძელოთ. თავი ავწიოთ და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კარგად ვითამაშოთ“ – თქვა ილიას ზუროსმა მონტენეგროსთან გადამწყვეტ შეხვედრაში მარცხის შემდეგ. 

ნოემბერში ჩვენს ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. 11 ნოემბერს რეიკიავიკში ისლანდიასთან და 14 ნოემბერს თბილისში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. L ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად ჩვენი უშუალო კონკურენტი ისლანდიის ნაკრებია, რომელსაც საქართველო ახლა მხოლოდ ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ამ მატჩების მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია.  

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ნაკრების ბერძენ დამრიგებელს წელს ჩაამთავრებინებს და ცვლილებებზე მერე დაფიქრდება, თუ აპირებენ საერთოდ. ცვლილებები კი, ნამდვილად გვჭირდება.