მარიამ ვარადაშვილი
შარშან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები [FDI] შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში ინვესტიციები 30%-ით 1.33 მლრდ დოლარამდეა შემცირებული.
ბოლო ექვს წელში ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციები:
2024 წელი – 1 333.8 მლნ დოლარი
2023 წელი – 1 902.2 მლნ დოლარი
2022 წელი – 2 253.4 მლნ დოლარი
2021 წელი – 1 245.9 მლნ დოლარი
2020 წელი – 583.1 მლნ დოლარი
2019 წელი – 1 367.8 მლნ დოლარი
რა ითვლება ინვესტიციად?
ინვესტიციები სულ სამი კომპონენტისგან შედგება:
- სააქციო ან საწესდებო კაპიტალი;
- რეინვესტიცია;
- სავალო ვალდებულებები;
სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშანდელ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 88% რეინვესტიციაზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციებიდან 1.1 მლრდ დოლარზე მეტი რეინვესტიცია იყო. ბოლო ექვს წელში რეინვესტირების წილი ჯამურ FDI-ში 47%-დან 88%-მდე არის გაზრდილი.
რეივესტიციის წილი მთლიან FDI-ში ბოლო ექვს წელში:
- 2019 წელი – 46.5%;
- 2020 წელი – 85.8%;
- 2021 წელი – 61.9%;
- 2022 წელი – 61.2%;
- 2023 წელი – 83.7%;
- 2024 წელი – 87.8%;
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, კლება ორი კომპონენტით სააქციო კაპიტალითა და რეინვესტიციის მაჩვენებლით არის გამოწვეული. 2023 წელთან შედარებით სააქციო კაპიტალი 60%-ით, ხოლო რეივესტიცია 26%-ით არის შემცირებული.
რას ნიშნავს ასეთი მაღალი რეინვესტიცია?
ქვეყანაში ახალი ინვესტიციის შემოსვლა ძირითადად სააქციო ან/და საწესდებო კაპიტალით ხდება და რეინვესტიციის ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ უკვე არსებულ კომპანიებში იდება ინვესტიცია, რაც რეალურად ზრდის ჯამური FDI-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში რეინვესტირება წახალისებულია და მთავრობა ასეთ კომპანიებს მოგების გადასახადით აღარ ბეგრავს.
“ყველაზე კარგი მაჩვენებელი რომ ახალი ინვესტიციები შემოდის სააქციო კაპიტალია, სწორედ ამ გზით შემოსული ინვესტიციები უნდა იზრდებოდეს. აქ არ არის ზრდა. რეინვესტირებას რაც შეეხება, კარგია რომ ბიზნესმა ჩატოვა კომპანიაში ფული, მაგრამ ეს ნიშნავს რომ ახალი ინვესტორი არ არის. თუ მთლიანი ინვესტიციები დიდწილად მოდის რეინვესტირებაზე, ამაზე ცუდია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ გასახარიც არაფერია. ახალი კომპანიები უნდა შემოდიოდნენ”, – გვეუბნება საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები თითქმის აღარ შემოდის და FDI-ის გარკვეულ ნიშნულზე შენარჩუნება რეინვესტიციის დამსახურებაა.
“ახალი ინვესტიცია ქვეყანაში ფაქტობრივად აღარ შემოდის და ძალიან მინიმალურია”, – ამბობს ის.
საქსტატი ინვესტიციებს თვლის იმ საწარმოებში, რომელთა წილის 10%-ზე მეტს უცხო ქვეყნის მოქალაქე ან საწარმო ფლობს. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიცია უცხოურად რომ ჩაითვალოს არარეზიდენტი პირი საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში საწარმოს საწესდებო ან სააქციო კაპიტალის 10% და მეტს უნდა ფლობდეს. თუ საწარმოს საქართველოს მოქალაქესთან ერთად უცხოელი აფუძნებს მისი შენატანი ამ კომპანიაში ჩაითვლება საწესდებო კაპიტალის კომპონენტში ინვესტიციად. ხოლო თუ უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან საწარმომ ქართულ კომპანიას საწესდებო კაპიტალთან ერთად, სესხიც მისცა ეს უკვე სავალო ვალდებულებების კომპონენტი იქნება. როცა ქართული კომპანია ამ თანხას გადაიხდის საქსტატიც ინვესტიციების მაჩვენებელს შესაბამისად დააკორექტირებს. ინვესტიციები კვარტალურად [სამ თვეში ერთხელ] ქვეყნდება. შარშან მხოლოდ მე-2 და მე-4 კვარტალში დაფიქსირდა ზრდა.
1.3 მილიარდი დოლარი ბევრია?
იმის დასადგენად, ბევრია თუ ცოტა ინვესტიცია ეკონომიკის მოცულობასთან მიმართებით უნდა დაითვალოს. საქართველოში ყველაზე მეტი FDI 2022 წელს შემოვიდა თითქმის 2.3 მილიარდი დოლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 9% იყო, 2024 წელს ინვესტიციების წილი 4%-მდეა შემცირებული.
“რაც უფრო დიდია ეკონომიკა უფრო მეტი ინვესტიცია სჭირდება. ჩემთვის უფრო საინტერესოა რა ინვესტიცია შემოდის და რომელ დარგებში. თუ ვნახავთ ინვესტორები არიან თელასი; ენერგო პრო ჯორჯია… სადღაც ელექტროკაბელი რომ გაფუჭდა და ახალი გააკეთეს, ამას მეთოდოლოგიით ინვესტიცია ჰქვია”, – ამბობს ნამჩავაძე.
საიდან და რომელ კომპანიებში შემოვიდა ყველაზე მეტი ინვესტიცია?
შარშან ინვესტიციების 60% დიდი ბრიტანეთიდან; მალტადან და ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
საქსტატის ინფორმაციით ყველაზე მეტი ინვესტიცია ამ კომპანიებში ჩაიდო:
- აიდიეს ბორჯომი საქართველო;შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
- მაგთიკომი
- თბილისი ენერჯი
- ენერგო – პრო ჯორჯია
- ტოიოტა კავკასია
- სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
- აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
- ბიჯეო ჯგუფი
- გლობალ ბიერ ჯორჯია
- სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს – საქართველოს ფილიალი
*საწარმოები რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის
“რომ ვნახულობთ ვინ იყვნენ ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიები, მათი 80-90% ქართული ან დიდი ხნის წინ შემოსული კომპანიები არიან. ქართული მსხვილი ბიზნესი რეგისტირებულია სხვა ქვეყნებში და იქიდან თანხა შემოაქვთ. რაც შემოვიდა დაახლოებით მესამედზე მეტი საფინანსო სექტორშია შემოსული. ჩანს, რომ დიდი ბრიტანეთიდან. ეს არის რეალურად ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებულ კომპანიებში განხორციელებული ინვესტიციები. სინამდვილეში არაფერი დიდი უცხო ინვესტიცია არ შემოდის”,- ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელი.
ამ ეტაპზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე მხოლოდ TBC Bank Group-ის, Georgia Capital-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციები იყიდება. სხვათაშორის შარშან, რუსული კანონის მიღებიდან მეორე დღეს ამ კომპანიების აქციების ფასი დაეცა. სპეციალისტების ნაწილმა მაშინ ვარდნა ინვესტორების გაუარესებულ მოლოდინებს დაუკავშირა.
“თუ გადავხედავთ რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები და ვინ დგანან ამ კომპანიების უკან ვნახავთ რომ ძირითად შემთხვევაში ფაქტობრივად ბრუნავს იგივე ქართული კაპიტალი, რომელიც ჯერ ოფშორულ კომპანიებში გადის ან სხვა ქვეყნებში და შემდეგ საქართველოში ბრუნდება [ინვესტიციის სახით]”, -აცხადებს გოგა თუშურაშვილი და ამატებს, რომ თუ ქვეყანაში მსგავსი პოლიტიკური დაძაბულობა შენარჩუნდება ინვესტიციები კიდევ უფრო დაიკლებს.
“მალტას თუ დავაკვირდებით აქ ტრადიციულად გვხვდებოდა ხოლმე “ალმა”, რომლის 100%-იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები ბიზნესმენები ლევან და სოსო ფხაკაძეები არიან. კარგი მაგალითია ასევე პანამა, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად გვხვდებოდა. პანამაში ივანიშვილის ბიზნესები იყო რეგისტრირებული, მას შემდეგ რაც ეს აქტივები ქართუ ფონდს გადასცა უკვე მინიმუმადე დავიდა პანამიდან ინვესტიციები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია რასაც ჰქვია ნაკლებად შემოდის და ქართულ ან/და ხელსიუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესების მხრიდან გარკვეულ ეკონომიკურ ოპერაციებთან გვაქვს საქმე. ნაკლებადაა კავშირში იმ უცხოურ ინვესტიციასთან, რაც რეალურად უნდა იყოს ქართული ეკონომიკის მასტიმულირებელი”, – გვეუბნება IDFI-ის წარმომადგენელი.
პოლიტიკური ვითარება და “ომის ეფექტის” მილევა?
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ინვესტიციების შემცირების მიზეზად გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას და ომის ეფექტით საქართველოში სხვადასხვა გზით შემოსული რუსული კაპიტალის კლებას ასახელებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მეზობელი ქვეყნების მსგავსად, დიდი მოცულობის რუსული კაპიტალი შემოვიდა სხვადასხვა გზით: ფულადი გზავნილებით; ტურიზმით. ასევე გაიზარდა მანქანების რეექსპორტი, ამან თავის მხრივ ჯამური ექსპორტი რეკორდულ ზრდას შეუწყო ხელი. ქვეყანაში ჩამოსულმა მიგრანტებმა უძრავი ქონების ბაზარიც შეცვალეს – გაიზარდა როგორც გასაყიდი, ისე გასაქირავებელი საცხოვრებლის ფასი.
“[ინვესტიციები კლება] გასაკვირი არ არის. ჯერ ერთი პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული წელი იყო: რუსულ კანონთან დაკავშირებული შფოთვები, შემდეგ არჩევნები, ამის შემდეგ მისი აღიარების პრობლემა, რომელიც ახლა გრძელდება, წლის ბოლოს იყო ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება. ახლაც შუა კრიზსში ვართ ამ თვალსაზრისით. მეორე რამაც ძალიან დადებითად იმოქმედა ეკონომიკურ ზრდასა და პირდაპირ ინვესტიციებზე ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის ფაქტორებიც შენელებულია. აქ ვგულისხმობ რუსების შემოსვლას, მათ მიერ ბიზნესის აქეთ გადმოტანას.. ამას პირდაპირი ინვესტიციების ფორმაც ჰქონდა. შარშან რუსების ფაქტორში ზრდა 2022-2023 წლებთან შედარებით ნამდვილად არ ყოფილა”, – ამბობს ბედნიეშვილი და ამატებს, რომ ინვესტიციები საქართველოს ნამდვილად სჭირდება, რადგან მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ასე მიიღწევა.