დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა მუზეუმმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით XX და XXI საუკუნეების ქართული არტი კერძო კოლექციებში დაცული ნიმუშებით გააცოცხლა.
ყველა დროის ხელოვნებას საკუთარი ნიშნებისა და ხატების გამორჩეული ენა აქვს, რომელიც სწორედ გარკვეული დისტანციის შემდეგ იძენს განზოგადებასა და მნიშვნელობას. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების გასაყარზე მომხდარი რთული პოლიტიკური და სოციალური მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, გარკვეული თვალსაზრისით, წამახალისებელიც კი აღმოჩნდა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარებისათვის. გლობალურმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ისე თანამედროვე არტ- ცნობიერებაზეც.
ვიზუალური ხელოვნების ენით და მზერით დანახული ისტორია 27 აპრილიდან 22 მაისამდე გარკვეულად, განფენილი და წარმოდგენილი იქნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. გამოფენა სახელწოდებით “XX და XXI საუკუნეების ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“, თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთგვარ სუბიექტურ და კურატორულ ვერსიას წარმოგვიდგენს.
SOLO-ს და საქართველოს ბანკის ინიციატივა მიზნად ისახავს ქართველი მხატვრების ნაკლებად ცნობილი, უნიკალური ნამუშევრების ერთად თავმოყრასა და მნახველისთვის გაცნობას; XX საუკუნით დაწყებული, დღევანდელი ნამუშევრებით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრები ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა კერძო კოლექციაშია დაცული და მათი დიდი უმრავლესობა პირველადაა გამოფენილი.
კურატორ ლიკა ჭკუასელის თქმით, რომელიც გამოფენის იდეის ავტორია, „გამოფენაზე ქართველი ხელოვანების ის უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სხვადასხვა კერძო კოლექციაში დაიდო ბინა. მათ შორის, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის, ვერა ფაღავას, კარლო კაჭარავას, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, თეა ჯორჯაძის, თეა გვეტაძის, სალომე მაჩაიძის, დათო მესხის თუ სხვა გამორჩეული არტისტების ნამუშევრები“. აღსანიშნია, რომ ფართო საზოგადოება პირველად იხილავს ისეთ არტ – ნამუშევრებს, რომელთა შესყიდვა და ევროპიდან დაბრუნებაც მხოლოდ ახლახან მოხერხდა.
ექსპოზიცია განსხვავებული მედიუმის, იდეოლოგიისა თუ ისტორიული კონტექსტის ნამუშევრებს აერთიანებს. ერთ სივრცეშია თავმოყრილი „არქივარიუსის“, „მეათე სართულის”, „მარჯანიშვილის თეატრის მხატვართა დაჯგუფების” თუ სხვა ადგილობრივი და დასავლური არტ-სცენისთვის ცნობილი ქართველი ხელოვანების ნამუშევრები.
გამოფენა მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას, სამუზეუმო სივრცესთან ურთიერთობის სტიმულირებასა და საზოგადოებაში თანამედროვე ხელოვნების მიმართ ინტერესის გაზრდას.
„მეათე სართულის“ ლამის პირველი შემთხვევა იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა მხატვარი ერთი იდეით გაერთიანდა. ჯგუფი განსხვავებული შემოქმედებითი იმპულსის შეტანას ჯერ კიდევ მშვიდობის პირას მყოფი სოციალიზმის არტისტულ გარემოში შეეცადა, თუმცა ეს უფრო მშფოთვარე ტრანსფორმაციასა და ამბოხს ჰგავდა, ვიდრე მხოლოდ ახალი ფორმებისა და იმპულსების ძიებას. „მეათე სართულის“ ჯგუფის წევრებმა პირველად დაიწყეს აქციები მთელს თბილისში. ისინი ზოგჯერ უჩვეულო ადგილებში მართავდნენ გამოფენებს. მაგალითად, აბანოთუბანში, ან რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც მხატვრებმა კედლები მთლიანად მოხატეს.
გამოფენაზე ამ ჯგუფის რამდენიმე ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც უდავოდ მიიპყრობენ მნახველთა ყურადღებას. მათ შორის, უნდა გამოვყოთ მამუკა ცეცხლაძის მსუყე და ფერწერული ირონიით გამორჩეული „ამერიკა“ და კარლო კაჭარავას ბოლო ნამუშევარი – 1994 წელს შესრულებული „სიბნელის ხელოვნება“, რომელსაც მხატვარი ერთი კვირის განმავლობაში სიბნელეში, სანთლის შუქზე ხატავდა (აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც).
გამორჩეულია გია რიგვავას ტილოზე შესრულებული „დახვრეტილი მაკაროვით“, რომელიც 1989 წელსაა შესრულებული და ცხად, გასაგებ პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავს.
შთამბეჭდავია გიორგი ოქროპირიძის „ქაღალდის თვითმფრინავები“, რომელიც სინამდვილეში ყავისფერ-ჟანგისფერი რკინისგან არის დამზადებული. ლია შველიძე შერეული ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარში „Santa Lousia”, მკაცრი და დაუნდობელი დროის ნიშნებს იკვლევს, ნიკო ცეცხლაძის ნეოექსპრესიონისტული ფერწერით შთაგონებული „უსათაურო“ კი დროის დინებას ირონიული და არტისტული მზერით აღწერს.
ყველაზე შთამბეჭდავი ამ გამოფენაზე მაინც გამორჩეული ქართველი აბსტრაქციონისტის, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძის გიგანტური ზომის შვიდი ფერწერული ტილოა, რომელსაც ცალკე დარბაზი ეთმობა. აღსანიშნავია, რომ ეს ნამუშევრები ერთად პირველად არის გამოფენილი სამუზეუმო სივრცეში. ალექსანდრე ბანძელაძე ასევე იყო წიგნის ილუსტრატორი, გრაფიკოსი და ფერმწერი. სახელოვნებო წრეებში მიიჩნევენ, რომ დავით კაკაბაძის შემდეგ სწორედ მის სახელს უკავშირდება აბსტრაქციონისტული მხატვრობის განვითარება. მხატვარმა არაერთი ილუსტრაცია შექმნა „ვეფხისტყაოსნის“ თემაზეც და მასზე მუშაობას სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა.
70-იან და 80-იან წლებში ალექსანდრე ბანძელაძე ფორმალისტ მხატვრად შერაცხეს, რაც რეალურად განაჩენი უფრო იყო. მხატვრისთვის მთელი საგამოფენო სივრცე ჩაიკეტა, ხოლო ნამუშევრები მიუწვდომელი აღმოჩნდა ხელოვნებით დაინტერესებულთათვის. მაშინდელი იდეოლოგიის ფონზე ალექსანდრე ბანძელაძე ლამის ერთადერთი ხელოვანია, რომელმაც შეინარჩუნა საკუთარი ხელწერა და იდენტობა აბსტრაქტულ ფერწერაშიც კი. ამდენად, სრულიად განსხვავდება ამერიკული და ევროპული აბსტრაქტული ფერწერისგან.
ჩვენი ისტორიის ლამის სიმბოლურ დროს – 1989 წელს შესრულებული ნამუშევარი „მთვრალი ნოეს სიზმარი“ სიმბოლურად გამოხატავს გარდამავალი პოლიტიკური ეპოქის სიმძიმე-სიმყიფეს. ამავე დროს, ეს არის ყველაფრისგან დისტანცირების მცდელობაც… ეს არის გაქცევა ფერად და საგნებისგან დაცლილ აბსტრაქტულ სამყაროში, რომლის საზღვარი უსაზღვროებაა („სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას“).
ვიმედოვნებთ, ეროვნულ გალერეაში 22 მაისამდე გადმოსახლებული და კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრები და მათ შორის, „მთვრალი ნოეს სიზმარი“, ცოტათი მაინც გამოაფხიზლებს აკრძალვისა და არანატიფი ცენზურის მსურველებს.