„ფული არის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობა“ | ინტერვიუ ბავშვთა სიღარიბეზე

პუბლიკა

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

პუბლიკა“ დაინტერესდა, როგორ აფასებს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ბავშვთა სიღარიბესთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რა გამოწვევები არსებობს, რამდენად საკმარისია ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა და როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ბავშვთა სიღარიბე როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

„პუბლიკის“ შეკითხვებს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის და ეკონომიკის სპეციალისტმა, ქეთევან მელიქაძემ უპასუხა.

ბოლო მონაცემებით, როგორია საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი და, ზოგადად, რას ნიშნავს, როდესაც ბავშვი სიღარიბეში იზრდება? რატომ არის ეს პრობლემური საკითხი?

ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში მუშაობს. ჩვენ რეგულარულად ვაწარმოებთ კვლევებს, რათა შევხედოთ, თუ როგორია ბავშვთა კეთილდღეობის მდგომარეობა საქართველოში. აპრილში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ასახავს არა მარტო ფინანსურ ასპექტებს, არამედ ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისზე.

დღეს საქართველოში ბავშვთა 20.4% ცხოვრობს აბსოლუტურ სიღარიბეში. გამოდის, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი ღარიბია, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა.

ბავშვთა სიღარიბე გაცილებით პრობლემური საკითხია, ვიდრე სიღარიბე ზრდასრული ადამიანისა.  ბავშვთა სიღარიბე ნიშნავს, რომ მას, ასევე, ხელი არ მიუწვდება ბევრ იმ სიკეთეზე, რაც მნიშვნელოვანია მისი ჰარმონიული განვითარებისთვის. როდესაც ბავშვის განვითარება რისკის ქვეშაა და როდესაც იგი ვერ იყენებს პოტენციალს, შემდეგ ზრდასრულობის ასაკში ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, რომ ეს ბავშვი, უკვე გაზრდილი ახალგაზრდა, იმის ნაცვლად, რომ თვითონ ქმნიდეს დოვლათს და უზრუნველყოფდეს კეთილდღეობას როგორც თავისთვის, ასევე თავისი ოჯახისა და ქვეყნისთვის, ხშირად ეკიდება სოციალური დაცვის სისტემას და დამატებითი წნეხი ხდება საზოგადოებისთვის.

 თქვენს ბოლო კვლევაში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, საუბარია ბავშვის ე.წ. სოციალური და მატერიალური დანაკლისის შესახებ. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ბავშვების 38%-აქვს გარკვეული ტიპის დანაკლისი. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს და როგორ იზომება ეს დანაკლისები?

 – გარდა მონეტარული სიღარიბისა, ჩვენი კვლევის ფარგლებში უფრო ფართო გაგება შემოვიტანეთ სიღარიბისა და კეთილდღეობის და შევხედეთ არა მარტო ფინანსურ მხარეს, არამედ, რისი ყიდვის საშუალება ეკარგება ოჯახს, რაც ბავშვის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით. აქ საუბარია ტანსაცმელზე, მინიმალურ ჯანსაღ საკვებზე, როგორიცაა ხორცი, ცილოვანი პროდუქტი, ხილ-ბოსტნეული და ასე შემდეგ. აქ არის საუბარი ბავშვის ასაკის შესაბამის წიგნებზე, იმ სოციალურ კავშირებზე, რომლებიც მან უნდა ჩამოიყალიბოს, სათამაშოებზე, გართობის საშუალებებსა და სხვა.

ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ქმნის ე.წ. დანაკლისებს, რომელთა ამოვსებაც ისევ და ისევ ძალიან რთულდება. გაიზომა მრავალგანზომილებიანი ინდექსი „ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული საზომია. ეს ინდექსი იკვლევს ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელ 16 საჭიროებას როგორც ბავშვის, ისე ოჯახის დონეზე.

ჩვენი კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების 38%-ს აქვს გარკვეული ტიპის დანაკლისი. მიიჩნევა, რომ ბავშვს აქვს დანაკლისი, თუ, ფინანსური პრობლემების გამო, ოჯახი ვერ ახერხებს ბავშვის უზრუნველყოფას 16-დან, სულ მცირე, სამი საჭიროებით. ამ ბავშვებს აკლიათ ძალიან ბევრი რამ საიმისოდ, რომ ჰარმონიულად განვითარდნენ და შექმნან დოვლათი.

UNICEF უნივერსალური მიდგომის დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს. რას გულისხმობს ბავშვის უნივერსალური დახმარება და რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ მიდგომის დანერგვას?

 – ძალიან საინტერესო კონცეფციაა ბავშვის უნივერსალური ფულადი დახმარება. ეს, პირველ რიგში, არის ოჯახისთვის ბავშვის გაზრდის წნეხის მოხსნა. ასევე, გაცილებით უფრო ეფექტურია, როდესაც ოჯახის დახმარება იწყება სიღარიბემდე, ვიდრე მაშინ, როცა უკვე სიღარიბეში ცხოვრობს ოჯახი. რაღაცნაირად პრევენციული ღონისძიებაც არის უნივერსალური ფულადი დახმარება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მეორადი დადებითი შედეგებიც აქვს. მაგალითად, ხელს უწყობს ქალების დასაქმებას, შობადობის დონის გაზრდას, გარე მიგრაციას უშლის ხელს და მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი სიკეთე აქვს ამ მიდგომას. გამათანაბრებელი ფუნქციაც აქვს და ბავშვებს შორის უთანასწორობის პრევენციას უწყობს ხელს, როდესაც ყველა ბავშვს ის მინიმალური ეძლევა, რაც სჭირდება.

UNICEF ცდილობს დაამკვიდროს ეს ცნება სოციალურ დაცვაში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, თუმცა ეს უნდა იყოს მიზანი და ნელ-ნელა ამ მიზნისკენ უნდა ისწრაფვოდე. უნდა გაფართოვდეს დახმარების მიმღები ბავშვების წრე. თუ ამას მიზნად დაისახავ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზარდო დახმარების როგორც მოცვა, ასევე ოდენობა.

 – როგორ აფასებთ ხელისუფლების პოლიტიკას ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით? რას აკეთებს მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებისთვის? რამდენად საკმარისია მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები?

 – ბავშვი უდავოდ არის საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის ერთ-ერთი ფოკუსი. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ბავშვთა დახმარება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, როდესაც საუბარია ბავშვების 38%-ზე, რომლებიც დანაკლისს განიცდიან, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსური დახმარება უფრო მეტი უნდა იყოს. ფული არის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობა.

ჩვენმა კვლევამ შეხედა ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ მომსახურებებზე და გვაჩვენა, რომ უშუალოდ მომსახურების ნაკლებობა, განსაკუთრებით, რაიონებსა და მაღალმთიან რეგიონებში, არის ერთ-ერთი პირობა, რომ ბავშვს საკმარისი დახმარება არ აქვს საიმისოდ, რომ განავითაროს თავისი ყველანაირი უნარ-ჩვევა.

ყველგან არ არის ბაღი, ასევე, კლასგარეშე  წრეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ სერვისების განვითარებაზე. ეს უფრო რთული თემაა, ვიდრე დამატებით ფულის მიცემა. აქ საუბარია როგორც ფინანსური რესურსის საჭიროებაზე, ასევე კადრების მომზადებაზე და სხვა ფაქტორებზე.

როგორია თქვენი ხედვა, როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ბავშვთა სიღარიბე? კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში იმისთვის, რომ პრობლემა აღმოიფხვრას?

უნდა გქონდეს სისტემა, რომელიც მუდმივ ზედამხედველობას გაუწევს, რომ ხარისხი არსებობდეს და შემდეგ უკვე არ გაფუჭდეს. დღეს ვიცით ჩვენ, რომ, დაახლოებით, 18%-ია უმუშევრობის დონე. თუ შევხედავთ უთანასწორობის კოეფიციენტს, ვხედავთ, რომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი უთანასწორობაა და ყველას არ აქვს შემოსავალი, მეტ-ნაკლებად არათანაბრადაა გადანაწილებული.

პირველ რიგში, მოსაგვარებელია ეკონომიკური ზრდა, ოღონდ ისე, რომ ყველა ხეირობდეს და მეორე მხრივ, სოციალური დაცვის სისტემა უფრო ინკლუზიური უნდა იყოს, უფრო მეტად უნდა ხედავდეს მოწყვლად ჯგუფებს, ოჯახებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ასე შემდეგ. UNICEF-ის მეორე ფორმულაა ქეში პლუსით. ფული, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ასევე საჭიროა სერვისები.

ეს არის კომპლექსური თემა, რომელიც ერთ კონკრეტულ სისტემას სცილდება. აქ მნიშვნელოვანია განათლების სისტემა, როგორ ახალგაზრდას ვზრდით, როგორი განათლებით, ასევე ჯანდაცვის სისტემა და სხვა ბევრი ფაქტორი, რისი მოშლაც მთლიანობაში, იწვევს პრობლემის წარმოშობასა და გაზრდას.

ბავშვთა დაცვის კოდექსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღეთ, ასეთი სულისკვეთების მატარებელია: ყველგან დაინახე ბავშვი, დაინახე მისი ინტერესი და შეეცადე, რომ ის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხში, რომელსაც შენ მათ სთავაზობ, მის ინტერესებს, მინიმუმ, არ აზიანებდეს და, პირიქით, ახეირებდეს. თუ ეს სულისკვეთება ექნება სახელმწიფოს და კულტურა, სოციალური ნორმა, სისტემები აეწყობა ისე, რომ ბავშვი ყველაფრის ცენტრში იყოს, ეს ბევრ საკითხს მოაგვარებს და, რა თქმა უნდა, უპირველესად ბავშვის კეთილდღეობას, რომელიც სიღარიბის საპირწონეა.