21 იანვარი. თბილისი.
„დღეს აქ აუცილებლად უნდა მოვსულიყავი, მაგრამ ალბათ კულტურის მინისტრი ამ აქციაზე დგომას არ მაპატიებს, სამსახურიდან გამიშვებენ, ველოდები“, – ამბობს კულტურის სამინისტროსთან აქციაზე მყოფი მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი.
კულტურის სამინისტროს წინ საპროტესტო აქციაზე მისულ მოქალაქეებს ახალი არტ-ინსტალაციები დახვდათ დამონტაჟებული. არავინ იცის, რას ნიშნავს ეს, ან ამ ინსტალაციით რის თქმა სურს სამინისტროსა და ინსტალაციის ავტორს. მალე ინსტალაციასთან ხალხის ნაკადი იმატებს. გათავისუფლებული თანამშრომლების სოლიდარობისა და სამინისტროს გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად კულტურის სამინისტროს წინ მეცნიერები, მკვლევრები, სამინისტროს სსიპ-ებში დასაქმებული ადამიანები და აქტივისტები იკრიბებიან. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების ათწლეულები კულტურული მემკვიდრეობის კვლევას დაუთმეს, თუმცა ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აქციას მეორე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩვეული ირონიული ტექსტით და მშვიდი ტონით გამოეხმაურა: „ეს აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი“, – თქვა მან. აქციაზე გამოსულ, მის მიერ გათავისუფლებულ ადამიანებს პოლიტიკურად ანგაჟირებული და პროფესიონალიზმისგან შორს მდგომი უწოდა. მინისტრმა მუზეუმის ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ არაერთი ბრალდება წამოაყენა და აღნიშნა, რომ, როცა მუზეუმში ექსპონატების ინვენტარიზაცია დასრულდება, მასალებს სამინისტრო საგამოძიებო უწყებას გადასცემს.
გარკვეულწილად მინისტრის ინტერვიუმ ნათელი მოჰფინა კითხვებს – რატომ დაიწყო მინისტრმა რეორგანიზაციის სახელით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება? რატომ დატოვა სამსახურის გარეთ ისინი, რომელთა კომპეტენციას, წულუკიანის ახალი მენეჯმენტის გარდა, ეჭვქვეშ სხვა არავინ აყენებს? სამსახურიდან გამოშვებული ადამიანები მათ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე აქამდეც საუბრობდნენ. ინტერვიუს მიმდინარეობისას მინისტრმა წულუკიანმა რამდენჯერმე ახსენა გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომ ისინი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ამა თუ იმ თანამდებობაზე იყვნენ დანიშნული, სისტემაში მუშაობდნენ.
„საბჭოთა ტონს მიწუნებდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე… ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილთან მინისტრობა“, – თქვა წულუკიანმა ინტერვიუს დროს.
ვინ არიან სინამდვილეში კულტურის მინისტრის მიერ გათავისუფლებული ადამიანები? რა გაუკეთებიათ და როგორ აფასებენ მათ კვალიფიკაციას მათივე კოლეგები?
ისტორიკოსი ბუბა კუდავა ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მინისტრის მიერ გათავისუფლებულ მეცნიერებს, მუზეუმისა და სააგენტოს თანამშრომლებს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.
„რეორგანიზაციის ნიღბით შეგიძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და ნებისმიერი გამოცდილების ადამიანი გაათავისუფლო. ძალიან ადვილია ეს. დაარქმევ რეორგანიზაციას და დასაბუთებასაც დემაგოგიურს მოაყოლებ“, – თქვა მან.
როგორც ბუბა კუდავა ამბობს, მას უმუშავია ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძესთან, გიორგი გაგოშიძესთან, გიორგი ჭეიშვილთან და ადამიანების იმ ნაწილთან ერთად, რომლებიც ახლა სააგენტოსა და ხელოვნების მუზეუმში აღარ მუშაობენ.
„ნანა ბურჭულაძე, გიორგი გაგოშიძე, გიორგი ჭეიშვილი და სხვებიც – მე არ მეგულება ჩემს სფეროში, განსაკუთრებით კი ისტორია-ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით მეტ-ნაკლებად კვალიფიციური და სინდისიერი სპეციალისტები, რომლებიც ამ ადამიანების კომპეტენციას არ აღიარებდნენ“, – ამბობს ის.
მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ჰუმანიტარულ სფეროში ტაო-კლარჯეთის შესახებ ნაშრომთა ციკლს უმაღლესი პრემია მიანიჭა. ამ ციკლის ავტორები წულუკიანის მიერ სამსახურიდან გაშვებული ზემოხსენებული მეცნიერები არიან – ბურჭულაძე, ჭეიშვილი და გაგოშიძე.
როგორც ბუბა კუდავა გვეუბნება ამ მეცნიერების ცოდნა რეალიზებული და გადმოცემულია სამეცნიერო პუბლიკაციებში და არ არსებობს სამეცნიერო აქტივობის ფორმა, სადაც მათ თავი არ გამოუჩენიათ, იქნება ეს სტატიები, მოხსენებები, საერთაშორისო კონფერენციები, თუ ექსპედიციები და შესაბამისად, მათი კვალიფიკაცია, ცოდნა გაზომვადია.
ბუბა კუდავა ფიქრობს, რომ პრაგმატულად მოაზროვნე ხელმძღვანელი ასეთი კადრების შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოდეს.
მისი აზრით, არაკომპეტენტური ადამიანების მართვა უფრო მარტივია, რაც სამინისტროსთვის ამჟამად უფრო ხელსაყრელია. მინისტრმა სისტემიდან გაათავისუფლა ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ ცოდნა, არიან კომპეტენტურები და რომლებიც, შესაძლოა, პრინციპულები აღმოჩენილიყვნენ გარკვეული საკითხების დაცვისას.
როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, კიდევ ერთი მიზეზი, რაც მიმდინარე მოვლენებმა თვალსაჩინო გახადა, ესაა ახალი მენეჯმენტის პოლიტიკური გემოვნება, რასთან თანხვედრაშიც სამსახურიდან გათავისუფლებულნი ვერ მოდიოდნენ.
„ისტორიაში ვსწავლობთ, რომ ივანე ჯავახიშვილი გამოუშვეს საკუთარი დაარსებული უნივერსიტეტიდან და გვიკვირს მაშინდელი მოწაფეებისა და მეცნიერების დუმილი. დღეს მე აღარ მიკვირს, რადგან 2022 წელს ვერ გაგვიბედავს ეს და მაშინ ტოტალიტარული რეჟიმი იყო. ზუსტად ასე ვერ გაიგებენ ჩვენი შთამომავლები, ე.წ. დემოკრატიულ საზოგადოებაში როგორ ვერ ვიღებდით ხმას“, – თქვა მან.
ხელოვნებათმცოდნე ნათელა ჯაბუა კი ხაზს უსვამს, რომ მუზეუმთან მიმართებაში არსებობს ორი ფასეული რამ. ერთი – ეს არის ექსპონატი და და მეორე – ის პროფესიონალები, რომლებიც მუზეუმში მუშაობენ, თუმცა სამინისტრომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეს არ გაითვალისწინა.
ის აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუზეუმებში აქტიურად დაიწყო სტუდენტების დასაქმება სტაჟირების ფარგლებში და სამსახურიდან გაშვებული ადამიანები სტუდენტების მასწავლებლებიც იყვნენ, ზრდიდნენ ახალ თაობას მუზეუმისთვის და გადასცემდნენ ცოდნას.
„ამ ბოლო პერიოდის მოვლენებით მუზეუმმა დაკარგა არამარტო მთავარი სპეციალისტები, არამედ ახალგაზრდებიც. ისინიც წამოვიდნენ მუზეუმიდან, ფაქტობრივად მომავალს უკარგავენ მუზეუმს“, – გვითხრა მან.
მისი თქმით, ნანა ბურჭულაძემ, ნინო ჩიხლაძემ, დინარა ვაჩნაძემ და სხვებმა, რომლებიც ახლა სამსახურიდან გათავისუფლებული არიან, დიდი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ხელოვნების მუზეუმი ისეთივე მაღალი დონის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინსტიტუციად ჩამოყალიბებულიყო, როგორც სვანეთის, დმანისის და ბოლნისის ახალი მუზეუმებია.
ნათელა ჯაბუა აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების ინტელექტუალურ შრომასთან და გარჯასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტიდან დაიხარჯა დიდი რაოდენობით თანხა, რათა შემდგარიყო ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი, შექმნილიყო ექსპონატების ევაკუაციის გეგმა და გამოყოფილიყო სივრცე ექსპონატების განსათავსებლად, რაზეც ახალმა ხელმძღვანელობამ უარი თქვა და არც განმარტება გააკეთა ფართო საზოგადოებისა თუ სპეციალისტებისათვის.
„ახალმა მენეჯმენტმა დაიწყო პროცესი, ე.წ „დადარება“. ნინო ხუნდაძის, დინარა ვაჩნაძის, ნანა ბურჭულაძის და სხვათა შრომითა და თაოსნობით წლების განმავლობაში საწყობად ქცეული ფონდებში ნამუშევრები აღნუსხეს, გაწმინდეს, მოაწესრიგეს, საგანგებოდ დამზადებულ თაროებზე განალაგეს. უდიდესი ფიზიკური და თეორიული სამუშაო ჩაატარეს. ახალმა ხელმძღვანელობამ გაწეული შრომისთვის მადლობის ნაცვლად მცირე დროში შესრულებული „დადარება“ წლების მანძილზე გაწეული შრომის ტოლფასად წარმოაჩინა. ეს არის სხვისი შრომის უპატივცემულობა და არაკეთილსინდისიერება“, – განაცხადა ჯაბუამ ჩვენთან საუბრისას.
ჯაბუამ ხელოვნების მუზეუმის შენობის ბედზე, მის „არარენტაბელურობაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთი უწყებისგან, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას უნდა იცავდეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რენტაბელურობაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო.
„გაუგონარი რამეა კულტურული მემკვიდრეობის რენტაბელურობის თვალსაზრისით შეფასება. ხელოვნების მუზეუმის შენობის საკითხიდან დაწყებული, სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლებით დასრულებული, სამინისტრომ უდიერი დამოკიდებულება წარმოაჩინა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში და ამ გადაწყვეტილებებით უარი თქვა თანამედროვე ხედვებზე, წინსვლაზე, “, – ამბობს ჯაბუა.
ნათელა ჯაბუას თქმით, უპირველესად საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საჯაროობა უწყებისგან, რის ვალდებულებაც სამინისტროს აქვს.
„არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ინფორმაცია დაუმალონ საზოგადოებას. მათი განზრახულობის, მიზნების და ქმედებების შესახებ არ იძლევიან ინფორმაციას, რომ სპეციალისტებმა პროფესიული აზრი გამოთქვან ამ საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით“, – თქვა მან.
სამინისტროს მიერ გათავისუფლებულია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძეც. გიორგი გაგოშიძის შესახებ „პუბლიკას“ არქიტექტორ-რესტავრატორი, ხელოვნების მაგისტრი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი – კახა ხიმშიაშვილიც ესაუბრა, რომელსაც გაგოშიძესთან სხვადასხვა პროექტზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
მისი თქმით, გაგოშიძეს ღრმა პროფესიული ცოდნა აქვს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ისტორია, არქიტექტურის ისტორია თუ ეპიგრაფიკა; ის არის არმენისტიც და ხანგრძლივად მუშაობდა ქართულ-სომხური არქიტექტურის საკითხებზე.
„მას ძალიან გამორჩეული ღრმა ცოდნა აქვს სირიული არქიტექტურის შესახებ, რომლის გარეშეც ჩვენი არქიტექტურის განვითარებაზე ლაპარაკი ძნელია. მისი ცოდნა არამხოლოდ ეჭვს არ იწვევს, თვალი გადაავლეთ მის პუბლიკაციებს, ის ამ თვალსაზრისით არის სრულიად უნიკალური. ამისთანა კვალიფიციურ კადრს რომ კარგავ, რომელიც ღრმად ერკვევა ქართული ხუროთმოძღვრების საკითხებში, სანაცვლოდ ვინ მოგყავს? ცალკე საკითხია ნანა ბურჭულაძის წიგნები, სტატიები და მისი კურატორობის ქვეშ გამოფენები, კურატორს ერთ და ორ დღეში ვინმე გამოზრდის? ასეთი რამე არ ხდება“, – თქვა კახა ხიმშიაშვილმა „პუბლიკასთან“.
გათავისუფლებული თანამშრომლების პროფესიონალიზმის შესახებ კოლეგების მოსაზრებებს იზიარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი თემო ჯოჯუაც. მან ჩვენთან საუბრისას გიორგი გაგოშიძეზე, როგორც ეპიგრაფიკოსზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ასეთი სპეციალისტის კომპეტენცია დაიწუნო.
„ბოლო პერიოდში ეპიგრაფიკაზე მუშაობა ძალიან პოპულარული გახდა, მუშაობს ბევრი ადამიანი, მე ოცამდე ადამიანს მოვთვლი, მაგრამ ამათ შორის ზოგს ახალდაწყებული აქვს ეს კვლევა, ზოგის კომპეტენცია არ არის მაინცდამაინც მაღალი, მაგრამ არის ერთი მეცნიერი, რომლის კომპეტენციის ეჭვის ქვეშ დაყენება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს არის გიო გაგოშიძე. ის არის საუკეთესო მკვლევარი. ვერ ახსნი ასეთი მეცნიერის კომპეტენციის დაწუნებას. მე ვსაუბრობ ეპიგრაფიკაზე და თქვენ რომ ესაუბროთ ხელოვნებათმცოდნეებს, ისინი ამასვე იტყვიან არქიტექტურის ისტორიაზე“, – გვითხრა მან.
რა მოხდა მანამდე?
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმში და მასთან დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები დაიწყო, რის შემდეგადაც ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება მახვილდებოდა შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზე“, რასაც დარგის სპეციალისტების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა.
სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დასკვნა ნიადაგის მოსინჯვა იყო ხელოვნების მუზეუმის შენობის დემონტაჟისთვის, რასაც კულტურის სამინისტრო სიცრუეს უწოდებდა. მეცნიერები და სპეციალისტები ასევე კრიტიკულად აფასებდნენ შენობაში დაცული ექსპონატების ევაკუაციის ახალ გეგმას, მაშინ, როდესაც წულუკიანის მინისტრად დანიშვნამდე არსებობდა წლების განმავლობაში დამუშავებული ექსპონატების ევაკუაციის გეგმა და ასევე, არსებობდა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტიც.
შენობის „არარენტაბელურობაზე“ დასკვნას წინ უძღოდა მინისტრ თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები და ბრალდებები, რომ „მუზეუმი გამოიშიგნა“ და ექსპონატები დაიკარგა.
ივლისშივე შენობის „რენტაბელურობის“ შესახებ დასკვნა გააკრიტიკა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა და ის ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნეს. მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი გათავისუფლებას მის საჯარო განცხადებებს უკავშირებდა.
ეკა კიკნაძის გათავისუფლების შემდეგ, მუზეუმი პროტესტის ნიშნად რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა, ხოლო ნაწილი კი გაათავისუფლეს, მათ შორის შუა საუკუნეების ფონდის მთავარი კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძე; ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე, რომელიც მუზეუმში ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორია; და ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე, რომელიც მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი იყო.
რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლები გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.
სააგენტოდან გათავისუფლებულებს შორის არიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე, ისტორიკოსი გიორგი ჭეიშვილი, რომელიც ამავდროულად ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია და სხვები. გათავისუფლებული თანამშრომლები გათავისუფლების მიზეზად სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას, მათ საჯარო პოზიციონირებასა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მათ შეხედულებებს უკავშირებენ.
„პუბლიკა“ ამ და სხვა საკითხებზე კულტურის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას თვეების განმავლობაში ცდილობს, თუმცა უწყების პრესსამსახური ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. გამოცემამ უწყებიდან სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, თუმცა შეკითხვებზე პასუხი არც ამ ფორმით მიგვიღია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მიხედვით და საქართველოს კონსტიტუციით, უწყება ვალდებულია, ინფორმაცია გასცეს.