სუხიშვილების ახალი პროექტი, როგორც არქაულისა და თანამედროვეობის მუდმივი კავშირი.
პანდემიის გამო გაზაფხულზე შეწყვეტილი საგასტროლო ტურნესა და რამდენიმეთვიანი იძულებითი კარანტინის შემდეგ, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ღია სივრცეში განახლებული ენერგიითა და იდეებით გაიჭრა. თბილისიდან სულ რაღაც ათიოდე კილომეტრში, ნაფეტვრების გზაზე მათ მიერ აშენებულ ღია სცენაზე, სახელწოდებით „თაკარა“, ანსამბლმა თავიანთი ახალი პროგრამა წარმოადგინა.
„არტეფაქტები“ – ასეთი არქაულ-სამუზეუმო სახელწოდება აქვს პროექტს, რომლითაც სუხიშვილებმა თაკარა ზაფხულის დღეებით მოთენთილი მაყურებელი რამდენიმე საღამოს განმავლობაში გამოაფხიზლეს, დამუხტეს და აღაფრთოვნეს. კონცერტის პირველ ნაწილში წარმოდგენილი, დაახლოებით 30-წუთიანი „არტეფაქტები“ ქართული ხალხური ცეკვის არქეტიპული (უძველესი, არქაული) ილეთების იმპროვიზაციებს და არქეოლოგიურ ძიებას ჰგავს.
მოულოდნელობა და სიახლე ის არის, რომ ექსპერიმენტული და ელექტრონული მუსიკა ამ პროექტისთვის თავად ქორეოგრაფმა, ილიკო სუხიშვილმა გიორგი გვარჯალაძესთან ერთად დაწერა; ხოლო საზაფხულო, ეთნოგრაფიისგან განძარცვული, შედარებით გამარტივებული, მაგრამ აკვარელური გრადაციით გამორჩეული და დახვეწილი კოსტიუმები ნინო სუხიშვილმა შექმნა.
სიმართლე ვთქვათ, ექვსი მამაკაცისა და ოთხი ქალის სხეულით მოთხრობილ “არტეფაქტებს“ ბოლომდე მთლიან ცეკვასაც ვერ ვუწოდებთ. ეს უფრო ქართული ცეკვის ილეთების დანაწევრებული, დაშლილი იმპროვიზაციაა; თითქოს თქვენს თვალწინ უნებლიედ გამდიდრებული და აღმოჩენილი როკვა; ცეკვის არქეოლოგიაში ჩატარებული და დროში შემჭიდროებული სამუშაოები… ნაფეტვრების ღამის იმპროვიზაციებში პანდერმიის დროს დაგუბებული ძალა, შინაგანი თავისუფლება და ლაღი, ჩამოქნილი სხეულების სექსუალობა იკითხება, ვიდრე ჩვეული საკონცერტო ნომრების სიმწყობრე. თუმცა უკვე დიდი ხანია მაყურებელი სუხიშვილების კონცერტებზე ამასაც შეჩვეულია.
„არტეფაქტებიც“ და მეორე განყოფილებაში წარმოდგენილი, უკვე ცნობილი საკონცერტო ნომრებიც (“თამაში”, “ოტობაია”, “ორნამენტი”, „ცდო“, „ილოური“, „ლაზური“) სინამდვილეში ახალი „ქორეოგრაფიული სინტაქსის“ გამდიდრების კიდევ ერთი მცდელობაა. ილიკო სუხიშვილმა „თაკარას“ სცენაზე წარმოდგენილ კომპოზიციებს ჩვენი დროის შესაფერისი რიტმი, ენერგია, სიცხადე, სიახლე და ოდნავ საგრძნობი, მსუბუქი ირონიაც შესძინა.
თუმცა ეს არ მომხდარა არც ქორეოგრაფიის გამარტივებისა და არც ტვირთად ქცეული წარსულის დაკნინების ხარჯზე. პირიქით, “არტეფაქტებში“ და მეორე განყოფილებში წარმოდგენილ ცეკვებში ნახაზი უფრო ხაზგასმული, დატვირთული და ტეხილია; განწყობა – სახალისო, ფეხგასმა – ოსტატური, რიტმი – გამძაფრებული და ტექნიკა – ფილიგრანული.
თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ სუხიშვილების ღამის თაკარა „არქეტიპებში“, იქ უფრო მეტ მნიშვნელობას და კულტურის არქეტიპებს ამოიკითხავთ, ვიდრე მუზეუმებში განთავსებულ საგამოფენო დარბაზებში. ხშირად კი სუხიშვილების „გამოფენა“ წარსულსა და ისტორიას გაცილებით ცხადად და ზუსტად ირეკლავს, ვიდრე დაკონსერვებული კულტურული ობიექტები.
აგვისტოში ნაციონალური ბალეტი ბათუმს ეწვევა, თვის ბოლოს კი ვისაც ახალი პროგრამა არ უნახავს, შეუძლია ნაფეტვრების ღია სცენას ესტუმროს და თაკარა „არქეტიპებს“ მართლაც არქეტიპული განზომილება მოუძებნოს.